მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დაძაბულობა, რომელმაც უკვე კრიმინალურ სამყაროშიც შეაღწია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელ სამხრეთ კავკასიაზე. რუსეთი თანდათან კარგავს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და პარალელურად, მკვეთრად მცირდება მისი გავლენა სომხეთშიც, სადაც ერევნის მზარდი დასავლური კურსი კრემლს თამაშგარე მდგომარეობაში აქცევს. ამ ფონზე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, გაძლიერდეს რუსეთის ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც პოტენციური გავლენის ზონის დარჩენილი ნაწილი. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, თბილისი ვერ გახდება კრემლის სტრატეგიული მოკავშირე, რადგან ქვეყნის პროევროპული მოსახლეობა, ოკუპირებული ტერიტორიების რეალობა და დასავლეთთან ინტეგრაციის სწრაფვა ამ შესაძლებლობას გამორიცხავს. რუსეთის სუსტი პოზიციები ახალ სივრცეს უტოვებს ისეთ აქტორებს, როგორიცაა თურქეთი, რაც რეგიონში ძალთა ბალანსის სრულ გადანაწილებაზე მიანიშნებს.
რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებამ კი კრიმინალურ სამყაროშიც გადაინაცვლა – მოსკოვში ბაქოელ „კანონიერ ქურდებს“ დაერივნენ.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ რუსეთში დაიწყეს გავლენიანი აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება. სამართალდამცავების სამიზნე ორი ცნობილი „კანონიერი ქურდი“ გახდა – ვაგიფ სულეიმანოვი (ბაკინსკი) და ზაურ შიპილოვი (ნახიჩევანსკი), რომელთა დაკავებას ანალიტიკოსები მოსკოვსა და ბაქოს შორის პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირებენ.
3 ივლისს მოსკოვში დაკავებულ ვაგიფ სულეიმანოვზე რუსეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ოფიციალურ პოზიციად სულეიმანოვის მიერ ქვეყანაში ყოფნის წესების დარღვევა დაასახელეს.
დაკავების ამსახველი ვიდეო უკვე გავრცელდა. მასში სამართალდამცავები ეკითხებიან, არის თუ არა ის კრიმინალური ავტორიტეტი, რაზეც სულეიმანოვი პასუხობს: „მე ასეთ კითხვებზე არ ვპასუხობ“.
ამჟამად ის მოსკოვის მახლობლად, სახაროვოს მიგრაციის ცენტრის სპეციალურ იზოლატორშია და, არსებული ცნობებით, სამი თვის შემდეგ მოხდება მისი დეპორტაცია აზერბაიჯანში.
კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, ზაურ შიპილოვი (ნახიჩევანსკი), 4 ივლისს დააკავეს ქალაქ ორენბურგში. მას ბრალად ედება კრიმინალურ იერარქიაში მაღალი პოზიციის დაკავება – ეს მუხლი (210.1) ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად გამოიყენება „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ.
ნახიჩევანსკი ორენბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში დარჩება სულ მცირე 3 სექტემბრამდე.
ექსპერტების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანელ „კანონიერ ქურდებზე“ ძალოვანების ზეწოლა მხოლოდ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის – ეს პროცესები ასახავს რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის მკვეთრ გაფუჭებას. ერთ-ერთ მთავარ გამწვავების მიზეზად განიხილება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების ფაზის დასრულება, რომლის დროსაც რუსეთმა დაკარგა გავლენა როგორც რეგიონში, ასევე უშუალოდ ბაქოზე.
რუსეთი, ფაქტობრივად, კარგავს წარსულში მყარად დაჭერილ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში. განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე გაძლიერებული სანქციები, იზოლაცია და სამხედრო რესურსების ამოწურვა აშკარად ასუსტებს კრემლის როლს რეგიონში.
ამ ფონზე აქტიურად განიხილება, ცდილობს თუ არა რუსეთი საქართველოს „დაბრუნებას“ გავლენის ზონაში. ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი ვასილ პაპავა გამორიცხავს, რომ საქართველო რუსეთისთვის სომხეთის და აზერბაიჯანის ჩამნაცვლებელი სტრატეგიული პარტნიორი გახდეს. პაპავა FOR.GE-თან ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს და ამბობს, რომ რუსეთმა ეს როგორც არ უნდა მოინდომოს, კრემლის მხრიდან რიგი შეცდომების ფონზე, საქართველო რეგიონში მისთვის დასაყრდენი ქვეყანა ვერ იქნება.
ანალიტიკოსი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთის რეგიონული სისუსტის პარალელურად, მკვეთრად იზრდება თურქეთის როლი სამხრეთ კავკასიაში. ბაქოსთან მჭიდრო ალიანსით გაძლიერებული ანკარა, ფაქტობრივად, ახალი ლიდერის პოზიციას იკავებს რეგიონში, იქნება ეს უსაფრთხოების სფერო, ენერგეტიკული პროექტები თუ სატრანსპორტო დერეფნები. თურქეთი ხდება მთავარი მოქმედი მოთამაშე, რომელსაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შუამავლობის უნარი გააჩნია.
„რუსეთში აზერბაიჯანელ კრიმინალურ ავტორიტეტებზე ზეწოლა მხოლოდ სამართალდამცავი ღონისძიება არ არის – ეს არის სიგნალი, რომელიც ასახავს მოსკოვის მზარდ პოლიტიკურ დაპირისპირებას ბაქოსთან. პარალელურად, რუსეთის გეოპოლიტიკური როლი სამხრეთ კავკასიაში შესუსტების გზას ადგას, რაც ახალ სივრცეს უტოვებს თურქეთსა და დასავლეთს. ამ პროცესებში საქართველოც ერთგვარი სტრატეგიული წერტილია, რომლის მიმართ მოსკოვის ინტერესები შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიორიების და ჩვენი მოსახლეობის ანტირუსული განწყობები, რომელიც ძალიან მაღალია, რუსეთს ამის საშუალებას არ მისცემს. წარმოუდგენელია, რომ მოსკოვისთვის ახლა თბილისი რაიმე ახალ რგოლად იქცეს რეგიონში და ჩვენ მათთვის რეგიონში, სადაც გავლენებს კარგავს, მაშველი რგოლის ფუნქცია შევასრულოთ“,-ამბობს პაპავა.
ვასილ პაპავა აცხადებს, რომ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების მიმართ განხორციელებულ რეიდს ბაქოს მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, რადგან ის ეთნიკური ნიშნით მიზანმიმართულ ქმედებად აღიქმება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში კრიმინალურ ჯგუფებში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ფიგურირებენ, მხოლოდ აზერბაიჯანელებზე მიტანილი დარტყმა ბაქოსთვის მიუღებელია.
„ბაქომ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა - შეჩერდა მაღალი რანგის ვიზიტები, ჩატარდა ჩხრეკა „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისში და რამდენიმე ჟურნალისტს ბრალად წაუყენეს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, კრემლის რეაქცია უკიდურესად ლოიალურია - მხოლოდ არაოფიციალური სინანული და არავითარი პასუხისმგებლობა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს ალიევთან ღია კონფლიქტი არ აწყობს, რადგან სამხრეთ კავკასიაში პოზიციები ისედაც შესუსტებული აქვს. დაკარგა გავლენა სომხეთზე და ახლა ცდილობს, თავი შეინარჩუნოს რეგიონში“,-ამბობს ანალიტიკოსი.