შსს-მ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შსს-მ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ლევან ღ. და 1961 წელს დაბადებული ჯუმბერ ლ. წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯუმბერ ლ-მ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა 20130 კგ თხილის გული, რომელიც საკონტეინერო ტერმინალ „ბარვილ ჯორჯია“-ს ტერიტორიაზე ინახებოდა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯუმბერ ლ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის მძღოლ ლევან ღ-ს, რომელიც საკონტეინერო ტერმინალიდან ტვირთების გადაზიდვას ქალაქ ფოთის საზღვაო ნავსადგურში ახორციელებდა.

ჯუმბერ ლ-მ ლევან ღ-ს შესთავაზა, მის სარგებლობაში არსებული სატვირთო ავტომანქანით თხილის გულით დატვირთული კონტეინერი დანიშნულების ადგილის ნაცვლად ფოთში მდებარე ბეტონის ქარხნის ტერიტორიაზე მიეტანა, სადაც თხილს ჩამოცლიდნენ, ხოლო რეალიზაციის შემდგომ იგი მიიღებდა 5000 ლარს, რასაც ის დასთანხმდა. ლევან ღ-მ და ჯუმბერ ლ-მ, რამდენიმე პირთან ერთად, თხილით დატვირთული კონტეინერი ავტომანქანიდან გადმოტვირთეს და ფარულად დაეუფლნენ 20130 კგ თხილის გულს, რითიც ტვირთის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ კომპანიას 210 157 ლარის ზარალი მიაყენეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).