ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას აღარ ვაშენებთ? რა მოუვიდა ამ კურსს, გავაუქმეთ?

ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას აღარ ვაშენებთ? რა მოუვიდა ამ კურსს, გავაუქმეთ?

თი-ვი-ემ-არ საქართველოს” პარტნიორი კომპანია „აი პი ემი“-ის დამფუძნებელი, გოჩა ცქიტიშვილი, სატელევიზიო რეიტინგების გამზომ კომპანიაში  საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პარლამენტარ თინა ხიდაშელსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.

"ეს წერილი არ არის განკუთვნილი მიშისტებისათვის, გრიშისტებისათვის, ივანისტებისათვის, პარტმუშაკებისათვის. ის განკუთვნილია არსებითად ადამიანებისათვის, რომლებსაც ჰგონიათ რომ აქვთ სამშობლო

მონიტორინგის სამსახური შევიდა კომპანია თივი ემ არში, რისი მომსწრეც გავხდი. ორი ჯგუფი ერთადროულად. ყველა ჩვენთაგანმა, ვინ გუშინ ღამის ორ საათამდე იქ იყო, ასეთი რამ ნახა პირველად. თუმცა მახსოვს მოქალაქეთა კავშირის დროს საფინანსო სასახურის ტყავის პიჯაკებიანი „ბიჭების“ შეჭრა რუსთავი 2-ში და ეს კადრები გამახსენდა. არ მეგონა თუ ეს გამახსენდებოდა როდესმე.

მაშ ასე. ცოტაოდენი ხნის წინ, ერთი ტელევიზიის წარმომადგენლებმა სთხოვეს ჩემს ერთ ბიზნეს კოლეგას, მოეწყო პრივატული შეხვედრა ჩემთან. გამიკვირდა, მაგრამ მივედი, ვერ ვხვდებოდი რა იყო საპრივატო ჩემთან ურთიერთობაში. გავიგე, როცა მთხოვეს, იქნებ მეგობრულად მომეპოვებინა იმ ოჯახების სიები, სადაც სატელევიზიო რეიტინგების გამზომ კომპანიას, თი ვი ემ არს აქვს ინსტალირებული ე.წ. ფიფილმეტრები. ახლა მე მოგმართავთ, თქვენ, იმ ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, უპასუხეთ ამ წერილს, თქვით ვინ ხართ, რატომ მთხოვდით ამ სიების ჩემი პირადი არხებით ხელში ჩაგდებას დ თქვენთვის გადმოცემას. თქვით ბატონებო, იმიტომ რომ დღეს ჩემს პარტნიორ ორგანიზაციაში, თი ვე ემ არში უკვე ელოდებიან, რომ სიის ხელში ჩაგდებას მონიტორინგის სამსახური ძალის გამოყენებით შეეცდება. არ ვიცი შიარაღებული პირების დახმარებით, არ ვიცი რა ინსტრუმენტებით, და არც არასოდეს მცოდნია, იმდენად შორს ვარ ამისგან, მაგრამ გეუბნებით, მოყევით რა მოხდა იმ შეხვედრაზე, თქვით რას გიხსნიდით, მოყევით როგორ გიხსნიდით დეტალებში, რომ ქურდობა, თაღლითობა და პრიმიტივიზმი ცუდია, ადამიანს კარგად არ ახასიათებს, მოგიწოდებთ, დეტალებში მოჰყვეთ როგორ გირჩევდით რომ გესწავლათ რა არის რეიტინგი, როგორ ფორმირდება, სად შეიძლება ამის სწავლა, მოყევით ყველაფერი ბატონებო, მოყევით რატომ შემხვდით პრივატულად, რატომ მაინცადამაინც მე, მოყევით, იმიტომ რომ მე მოვყვები, და მსურს გავაკეთო ეს მას შემდეგ, რაც თქვენ ახსნით რა იყო ჩემთან შეხვედრის მიზანი.

ახლა გაფრთხილებთ, ან დამისაბუთეთ, რომ საგადასახადო სამსახურები თქვენი ინიციატივით არ მოსულან კერძო და კეთილსინდისიერ კომპანიაში, ან იცოდეთ, რომ მე პირადად დაგადანაშაულებთ იმაში, თუ როგორ ებრძვით ინვესტორებს, ტელე აუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო პრაქტიკასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორ გსურთ საქართველო იხილოთ კამბოჯას, ჩადის რესპუბლიკის, თურქმენეთისა და სომალის გვერდით, და არ იხილოს შევიცარიის, საფრანგეთის, ავსტრიისა და გერმანიის გვერდით. იმიტომ ბატონებო, რომ საერთაშორისო გამზომები ან არ არიან ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში (იქნებ გამოიცნოთ, ქვეყანათა რომელ ჯგუფს ვგულისხმობ ბატონებო) ან მათ ებრძვიან, ხოლო ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, და საერთოდ უკლებლივ ყველა ქვეყანაში საერთაშორისო გამზომები არიან, და ყველგან ბატონები რესპოდენტ ოჯახთა კონფიდენციალობას იცავენ.

მოგმართავთ იმ პირებს, რომლებიც გუშინ ღამის 2 საათამდე ტელეფონით აძლევდნენ განკარგულებებს მონიტორინგის სამსახურის გამომძიებლებს. მოსაზრებას არ მოგახსენებთ ბატონებო, მოგახსენებთ ფაქტს. ამ კომპანის, რომელსაც თქვენ უტევთ, უკვე შეუტიეს რამდენიმე წლის წინ. და იცით რა მოხდა? რამდენიმე ტელევიზიამ, ერთ მშვნიერ დღეს, გაუწყვიტა თი ვი ემ არს კონტრაქტი, და გაუფორმა თუ იცით ვის ბატონებო? გეტყვით, ლევან თარხნიშვილის კომპანიას, რომელსაც თანხები ტენდერის გზით ჰქონდა მიღებული ეროვნული მარეგულირებელი კომისიისგან, რომელსაც მაშინ ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. და იცით როგორ მოიგო მაშინ ორი მილიონი ბატონმა თარხნიშვილმა? მარტივად ბატონებო, როგორ და ამ ტენდერის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან ტენდერის პირობებო გამოცხადდა რაღაც პერიოდულ გამოცემაში, რომლის შესახებაც არავის არაფერი სმენია. ხომ კარგია ბატონებო? ახლა კი იწყება ყველაზე საინტერესო: თი ვი ემ არს ვერაფერი ვერ უქნეს, ვერ გააკოტრეს, ის ტელევიზიებიც დაუბრუნდნენ მანამდე რომ დემონსტრატიულად გაწყვიტეს კონტრაქტები, და სხვებმაც დაიწყეს თანამშრომლობა. რატომ? იმიტომ რომ ყველას მოუნდა ძლიერ, ტექნოლოგიურ, საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ თი ვი ემ არი ნისლენის ლიცენზორია, ნილსენი კი ისეთია, რომ მის ტექნოლოგიას რთულად თუ გაუწევ კონკურენციას. იმიტომ ბატონებო, რომ აღარავინ ყიდულობს ტელევიზორ რადუგას, ყველას ურჩევნია სონი, ან ელ ჯი, ან რომელიმე საერთაშორისო ბრენდი. იმიტომ ბატონებო, რომ აღარავის აღარ უნდა არც მასკვიჩი, და არც ჯიგული, ყველას ტოიოტა და მერსედესი უნდა. აი ასე ბატონებო. ახლა ორი სიტყვით, რატომ მოგიყევით ეს: იქნებ გაიკითხოთ ბატონებო, სად არიან ის ადამიანები, რომლებიც თი ვი ემ არს ებრძოდნენ ბინძურად? თუ ვერ მიაგენით, მოდით დ მე მოგიყვებით. ლოგიკას ხედავთ? თუ ვერა, აგიხსნით, თქვენც იგივე ბედი გელით, პოლიტიკური ძალადობის მექანიზმის ჯარისკაცებო, კერძო კომპანიების ნების აღმასრულებლებო, პარტიის ინტერესების დამცველებო, იქნებ კერძო კეთილსინდისიერ ინვესტორებთან ბრძოლისათვის თავი დაგენებებინათ, და მიგეხედათ კორუფციისათვის? იქნებ შეგესწავლათ რატომ აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტი ტენდერებს „შემთხვევით“ სხვა საქმიანობის კოდით? იქნებ გაგერკვიათ რატომ ეშლებათ ეკონომიკის სამინისტროში ასე? იქნებ შეგესწავლათ ფაქტები, რომლებიც ჩვენ ეკომონიკის მინისტრს გადავეცით, მან კი გადაწყვიტა, რომ კორუფციას კი არ ებრძოლოს, არამედ იმას, ვინც კორუფციასთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობდა? იქნებ ადამიანურად იმან შეგაწუხოთ, რომ ქალები უკვე შუქნიშნებზე ფრთხილობენ, რომ მანქანის უკანა კარი არავინ გაუღოს და იქიდან ჩანთა არ გაიტაცოს? იქნებ იმან შეგაწუხოთ, რომ პარკებში უკვე დანიანი ახალგაზრდები ფულს სძალავენ სხვა ახალგაზრდებს? იქნებ საერთოდ რამემ შეგაწუხოთ ბატონებო, გარდა პარტიის ინტერესებისა?

ბატონო დავით, (მივართავ დავთ უსუფაშვილს), ჩვენ ხომ ჯერ იმ ასაკში ვართ ორივე, რომ არ შეიძლება არ გვახსოვდეს რას ვაკეთებდით ერთად? ან როგორ ვებრძოდით უსამართლობას? მაშინ, იმ პერიოდში, კერძო სექტორიდნ ვინმე ბედავდა იმის გაკეთებას? მაშინ შიში შენიშნე დათო ჩემს თვალებში? ხომ არა? ჰოდა არც ახლა მეშინია, რომ ვთქვა რასაც ვფიქრობ. აქამდეც ბევრი მოხდა ისეთი, რისთვისაც ღირდა ხმის ამოღება, მაგრამ „ვაცლიდი“ ახალ ხელისუფლებას, კრიჭაში არ ვედექი, ველოდებოდი და აღარ მსურს დალოდება, იმიტომ რომ რაც მე ჩემი თვალით ვნახე, ეს არასოდეს ყოფილა ჩემი ოცნება, არც ჩემი და არც სხვა რომელიმე ადამიანის, რომელსაც მე ვიცნობ. რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ჩვენ აღარ შევხვედრივართ, რამე ისეთი მოხდა რაც მე ვერ შევნიშნე? ხომ მოგწერეს წერილი ამ საერთაშორისო კომპანიიდან, და მერე რა მოხდა, კერძო პარტიულმა ინტერესებმა გაიმარჯვა? კარგი, შსაძლოა, მაგრამ იქნებ ახლაც ერთად ვებრძოლოთ ამ სენს, ამ ავანდყოფობას, ღირებულება დაკარგულ პარტიულებს.

თინა, (თინა ხიდაშელს მივმართავ), ჩვენ ხომ ვთანხმდებოდით, რომ აფხაზეტის ტერიტორია კია არა, აფხაზეთის ხალხის დაბრუნება გვინდა? ჩვე ხომ ვამბობდით რომ სხვაგვარად ცხოვრება არ შეიძლება? ხომ ვამბობდით რომ ადამიანი თავისუფლად უნდა სუნთქავდეს? ეს ყველაფერი ძალაშია? თუ სოციალისტურმა სამშობლომ სხვა კურის აიღო? იქნებ მოიკითხო, იქნებ დაკავდე ამით, რა ხდება, რა საიდუმლოებებითაა მოცული საგადასახადო სამსახურების რომელიღაც თანამშრომლის რაღაც მოხსენება, რის საფუძველზეც თურმე ოთხი კაცი ერთ ქალს კერძო კომპანიაში საათობით უნდა ჰკითხავდნენ, თითქოს ვინმე აქ სუბოტექსით ვაჭრობდეს. რ დანაშაულის კვალი აღმოაჩინეს ასეთი ერთ საშუალო ზომის უწყინარ ორგანიზაციაში? მე რაც ჩემი ყურით მოვისმინე, იმას გეუბნები, რომ თურმე „ეს კომპანია ფქვილით კი არ ვაჭრობს ძმაო“, „სიები რომ არ წავიღო სამსახურიდან გამაგდებენ“, „თქვენ გვაჩვენეთ სად არის სიები, და ჩვენ ამოვიღებთ, და თქვენ იტყვით რომ არ გვაძლევდით“.

გიორგი (გიორგი მარგველაშვილს მივმართავ), იყო დრო, როცა შევხვდით დ რესპოდენტობა გთხოვე, თან ბევრი ვილაპარაკეთ ადამიანის უფლებებზე. სიახლე მაქვს. მე გუშინ მითხრეს, რომ თურმე რესპოდენტობა არის სერვისი, რომელსაც ერთი პირი უწევს მეორეს, და ამიტომ, უნდა გადამოწმდეს ყველა რესპოდენტი, რომელიც „ემსახურება“ ტელევიზიის რეიტინგების მწარმოებელ კომპანიას. ვერ დავმალავ, ამას ღიად ვამბობ, აუცილებლად მოვლენ შენთანაც საგადასახადო სამსახურებიდან, იმიტომ რომ თურმე სერვისი გაგიწევია, და შეამოწმებენ, ხო არ გადაგიხადე ფული. ბატონებო საგადასახადო სამსახურებიდან: ეს ჩემი აღიარეითი ჩვენება, მე პირადად ჩავუტარ ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. ამიტომ, გთხოვთ მიხვიდეთ და შეამოწმოთ, იხდის თუ არა ყველა გადასახადს საქართველოს პრეზიდენტი. მე უკვე შევატყობინე, გელოდებათ ბატონებო.

ასეთი სია გრძელია, კიდევ ბევრია მოქმედი ძაააალიან მაღალი თანამდებობის პირი, ვისაც შემიძლი მივმართო, და ვიკითხო: ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას აღარ ვაშენებთ? რა მოუვიდა ამ კურსს, გავაუქმეთ? თუ კი, მაშინ ხომ უნდა ვიცოდე ბატონებო, ხომ უნდა ვიცოდე", - წერს სოციალურ ქსელში გოჩა ცქიტიშვილი.