კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ორ საკითხზე იმსჯელეს

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ორ საკითხზე იმსჯელეს

დღეს საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ორ საკითხზე იმსჯელეს.

პირველი შეეხებოდა ე.წ. ძველი დავალიანებების გამო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტებს. საკითხის განხილვას დაზარალებული მოსახლეობა  და ასევე სემეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომისიის თავმჯდომარის, კახა კუკავას ინფორმაციით, ნეოლოგიის ინსტიტუტში მცხოვრებ სამას ოჯახს დავალიანების გადახდის შემდეგ თელასმა ძველი დავალიანება კვლავ დააკისრა და მას შემდეგ, რაც მან დავა სასამართლოში წააგო, ამ ადამიანებს ელექტროენერგია გამოურთო.

კახა კუკავამ თელასს ამ ოჯახებისთვის ელექტოენერგიის დროულად აღდგენისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატი რეაგირებისთვის სემეკს თელასის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართავს.

მისივე განცხადებით, დღეს აქ იყვნენ სემეკის წარმომადგენლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დავალიანების კვადრატული მეტრების მიხედვით დარიცხვა მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

სხდომის მეორე ნაწილი კოლხური კოშკის რეაბილიტაციის საკითხს დაეთმო.

კუკავას თქმით, მაშინ როდესაც პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან  75 წლის იუბილე სრულდება, კოლხური კოშკის მდგომარეობა სამარცხვინოა.

მისივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული იქნება და  მერიის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობით 31 მარტისთვის კოლხური კოშკი მოწესრიგდება.