როლანდ ახალაიამ დანაშაული აღიარა?

როლანდ ახალაიამ დანაშაული აღიარა?

"პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი იმ ცვლილების გაუქმებას ითხოვს, რომელიც კანონში 2010 წელს შევიდა და რომლის თანახმადაც, საქართველოს პროკურატურას დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეუძლია. პროკურატურა დღემდე ვერ ახერხებს, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება მისი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის დროს პატიმართა ახლობლებისთვის საპროცესო გარიგების სანაცვლოდ თანხის გამოძალვა. პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე მიმართა პარლამენტის ბიუროს, დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის ინიცირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად. საპროცესო კოდექსის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა კი მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, დაბრკოლებების გარეშე, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე "ალიას" ესაუბრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით როლანდ ახალაიამ დანაშაული აღიარა?

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ამ დარღვევის გამოსწორება უნდა მოხდეს საკანონმდებლო სახით ინიციატივის დონეზე. სავარაუდოდ, ამის ინიციატორი იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ეს დარეგისტრირდება ბიუროზე, როგორც კანონპროექტი, შემდეგ განისაზღვრება სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები და შემდეგ სამი მოსმენით განვიხილავთ, როგორც ჩვეულებრივ საკანონმდებლო ინიციატივას", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

"თავდაპირველად, 2004 წელს შეიტანეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც შეეზღუდათ უფლება დეპუტატებს და მათთვის ბრალის წასაყენებლად აღარ იყო პარლამენტის თანხმობა საჭირო. საზოგადოებას ახსოვს, როგორ გააპიარა სააკაშვილმა ეს ცვლილება და ამბობდა, აი, ახლად არჩეულ პარლამენტს არ სჭირდება ასეთი ფართო იმუნიტეტი და ყველა თანასწორები ვართო. როდესაც ახალი საპროცესო კოდექსი შემუშავდა, 2010 წელს შევიდა იმ ტიპის ცვლილება, რომ დეპუტატის პასუხისგებაში მიცემისთვისაც საჭირო იყო პარლამენტის თანხმობა. ეს ცვლილება არ ასახულა არც რეგლამენტში, არც კონსტიტუციაში, რადგან რომ აესახათ, მაშინ ისევ უნდა შეეცვალათ კონსტიტუცია. გამოდის, კონსტიტუციაში ცვლილება და იმუნიტეტის შეზღუდვა პარლამენტარებისთვის იყო ბლეფი, როგორც ბევრი სხვა რამ სააკაშვილის მიერ გაკეთებული, ამიტომაც არ გაახმაურეს ეს ფაქტი. ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გასწორდეს, ვინაიდან ნებისმიერი კანონი არის დაბალი იურიდიული ძალის მქონე, ვიდრე კონსტიტუცია. ამიტომ მოქმედი კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის მთავარ კანონს. ეს ნორმა აუცილებლად გასწორდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.

"როდესაც როლანდ ახალაიამ თემის კომენტირება მოახდინა, მე ვფიქრობ, რომ იქ გარკვეულწილად მოხდა მისი დანაშაულის აღიარებაც. მან თქვა, საპროცესო შეთანხმების თანხები ირიცხებოდა ბიუჯეტში, მაგრამ პარალელურად ბიზნესმენებს გაუჩნდათ სურვილი, გადაერიცხათ ფული ანაკლიის რეზიდენციისა და ოდა სახლის ასაშენებლადო. ახალაია აღიარებს, რომ ის შევიდა ბიზნესმენებთან გარიგებაში, რაც ჩემი აზრით, არის გადამეტება უფლებამოსილებისა. პროკურორის კომპეტენციაში ნამდვილად არ შედიოდა, რომელ ბიზნესმენს სად ჩაერიცხა ფული, თუნდაც მათივე სურვილით. ეს იყო ის პრაქტიკა, რასაც პროკურატურა ეწეოდა წლების განმავლობაში, როდესაც საპროცესო შეთანხმების დადებას აიძულებდნენ ადამიანებს და სხვა გზას არ უტოვებდნენ. ისინი ხდებოდნენ იძულებული, რომ დაედოთ საპროცესო შეთანხმება და რაც გააჩნდათ ან სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ, ან ფულის სახით შეეტანათ ბიუჯეტში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მაშინ არსებობდა ავადსახსენებელი სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი, სადაც სოლიდურ თანხებს არიცხვინებდნენ ადამიანებს. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ბრალდებულებს ციხეში უჩნდებოდათ სურვილი, ეჩუქებინათ პირადი ქონება სახელმწიფოსთვის. მე არც გამკვირვებია როლანდ ახალაიას აღიარება, რადგან ეს პრაქტიკა იყო და ამას მაშინდელი მოხელეები ყოველდღიურად აკეთებდნენ. ასეთი საქმეები უნდა იყოს გამოძიებული და იმედი მაქვს, რომ იქნება კიდეც. ბრალმდებლად ვერ გამოვდგები, მე ამას ვაფასებ როგორც იურისტი. ჩვენი ფუნქცია არ არის, ვინმეს იმუნიტეტზე ვიმსჯელოთ. როგორც ჩანს, პროკურატურამ ჩათვალა, რომ ის მტკიცებულებები, რაც მას აქვს, საკმარისია როლანდ ახალაიასთვის ბრალის საწაყენებლად და მე არანაირი ეჭვი არ შემაქვს პროკურატურის მუშაობაში. ეს საკანონმდებლო ხარვეზი ფასწორდება და ისინი იმოქმედებენ კანონის მიხედვით. აქ რაიმე პოლიტიკურ დევნაზე საუბარი უბრალოდ არ შეიძლება იყოს", - დაასკვნის მანანა კობახიძე.