[გაზეთი „ახალი თაობა“, შორენა კოწოწაშვილი]
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავა პრეზიდენტის, სოფლის მეურნეობისთვის დამატებით 150 მლნ გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ ამ თანხის ეფექტურად ათვისებისთვის აუცილებელია, სოფლის მეურნეობას პროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ.
ამასთან, ექსპერტი, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს გაჟღერებული დადებითი ინიციატივების ფონზე, სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებასა და მისი ფუნქციების სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილებას. ბურების საქართველოში ჩამოსვლას კი ლადო პაპავა საერთოდ გაუგებრობას უწოდებს, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს მოსახლეობის პრობლემებისა და ინტერესების იგნორირებაზე.
არის თუ არა გამოსავალი სოფლის მეურნეობის მინისტრის შეცვლა, რამდენად სწორად გათვალა პრეზიდენტმა პრიორიტეტული დარგები და რატომ გახდა ბაკურ კვეზერელი მთავრობის „აქილევსის ქუსლი“? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ ლადო პაპავასთან.
ბატონო ლადო, გამოიკვეთა, რომ მთავრობამ და პრეზიდენტმა, ეკონომიკის კუთხით შეცდომები აღიარეს და ორიენტირები შეცვალეს. პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობას მიაქცია ყურადღება და ამ სფეროსთვის ბიუჯეტში 150 მლნ-იც გამოყო. რატომ გადახედა ხელისუფლებამ პრიორიტეტებს?
–თუ თქვენ გულისხმობთ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, აქ მართლაც რამდენიმე სასიკეთო მომენტი გამოიკვეთა, რომელიც ადრე მას არ ჰქონდა. დავუშვათ, 25 იანვარს სააკაშვილი თუ, იმაზე ლაპარაკობდა, რომ საქართველოს მთავრობას არანაირი ინსტრუმენტი არ გააჩნია, რათა საერთაშორისო დონეზე წარმოქმნილ ინფლაციურ პროცესებს გაუმკლავდეს, როცა ის 11 თებერვალს პარლამენტში მივიდა, თქვა, რომ მთავრობის ხელთ არის გარკვეული ინსტრუმენტები.
ანუ, პირობითად, ასე შეიძლება შევაფასოთ მისი დამოკიდებულება ინფლაციასთან დაკავშირებით – 25 იანვარს სააკაშვილის განცხადება უფრო კაპიტულანტური ხასიათის იყო, მაშინ, როდესაც 11 თებერვალს, უფრო მებრძოლი სახით წარმოჩინდა. რა თქმა უნდა, 11 თებერვლის პოზიცია ბევრად უფრო მისაღებია, იმიტომ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის ხელთ მართლაც, რომ არ იყოს არანაირი ინსტრუმენტი, მაინც არ არის გამართლებული, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ის იძახდეს, რომ უძლურები, უსუსურები ვართ.
პარლამენტში გამოსვლისას სააკაშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ ქვეყანას აქვს გარკვეული რესურსი და ინსტრუმენტები, რათა ინფლაციური წნეხი შეამსუბუქოს. ამ თვალსაზრისით, აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე პრეზიდენტი ადრე საუბრობდა სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, კერძოდ, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. 11 თებერვალს კი ამ სამს მეოთხე – ენერგეტიკა დაუმატა, რაც ასევე მისასალმებელია, ვინაიდან ენერგეტიკის განვითარების გარეშე ეკონომიკა საერთოდ ფეხზე ვერ დადგება.
ასეთი პოზიტიური ცვლილებები აშკარად გამოიკვეთა. პრეზიდენტმა სცადა ეჩვენებინა, რომ მან უფრო კომპლექსურად დაინახა, თუ რა პრობლემებია. იმავდროულად, ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა, როცა განაცხადა, რომ სოფლის მურნეობაში უნდა შეიქმნას სპეციალური ლოჯისტიკური ცენტრები. აბსოლუტურად სწორია და კარგი იქნება, ასეთი რამ თუ შეიქმნება. აქ ცუდი იქნება, თუ მონოპოლიებს ვერ ავიცილებთ თავიდან, თუ ჩამოყალიბდება ერთი ან ორი სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს ამ ლოჯისტიკურ სასოფლო-სამეურნეო ცენტრებს. მაგრამ, თუ აქ იქნება კონკურენცია და ეს მხოლოდ ბიზნესის სახეობაა, მაშინ ამაში ცუდი არაფერია.
ასევე დადებითია ის, რომ, პრეზიდენტის თქმით, სოფლის მეურნეობისთვის დამატებით გამოიყოფა 150 მლნ ლარი. ეს ძალიან სერიოზული წინადადებაა, თუმცა ამ 150 მლნ-ზე კონკრეტული საუბარი გაჭირდება მანამ, სანამ კონკრეტულად არ გაიწერება, თუ რაში და როგორ უნდა იქნას ეს თანხა გამოყენებული. აქ მივდივართ კიდევ ერთ პრობლემასთან, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში პროგრამები – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამა და ცალკეული დარგების განვითარების პროგრამები. რა თქმა უნდა, კარგია, თუ ქვეყანას ასეთი პროგრამები იქნება, და მათ შორის – სოფლის მეურნეობაშიც. სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ქვეშ უნდა გაიწეროს, თუ როგორ უნდა მოხდეს 150 მლნ დამატებითი თანხის გამოყენება და გავიგოთ, მთლიანად, როგორი ხედვა აქვს მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ.
იკვეთება, რომ მთავრობა მართლა არის დაინტერესებული სოფლის მეურნეობის აღორძინებით? ფაქტია, 7 წლის მანძილზე ამ სფეროში მხოლოდ უკუსვლაა.
–7 წელს, რომ თავი დავანებოთ, სამწუხაროდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ვფიქრობ, კვეზერელი საქართველოს მთავრობაში „აქილევსის ქუსლია“. არავის მოუსმენია მისი მხრიდან ჩამოყალიბებული კონსტრუქციული ხედვა დარგის განვითარების შესახებ. უკვე გაშარჟებულიც არის და ხალხს ეცინება ბაყაყების თათების ექსპორტზე, ნიანგების ფერმაზე სამეგრელოში.
აბსოლუტურად გაუგებარია ბურების ჩამოსახლების თემა. გეგონება, ჩვენ თვითონ პრობლემა არ გვქონდეს ქართველი მოსახლეობის დასახლების, მათ შორის – სოფლად. სხვა თუ არაფერი, გაზეთის მკითხველს შევახსენებ კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას, სპეციალური სოფლები შექმნილიყო,სადაც იქნებოდა ახალგაზრდა ოჯახები დასახლებული და დასაქმებული. მათთვის უნდა გამოიყოს მიწები, რათა ხალხმა შეძლოს, სულ ცოტა, თვითკმარი მეურნეობის შექმნა, ნამეტი პროდუქცია კი გასაყიდად გაიტანონ.
ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩვენ გვყავს ასეთი გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც, თუ დავეხმარებით, ფეხზე დადგებიან, საკუთარ თავსაც მიხედავენ და ნამატ პროდუქციასაც გაყიდიან. ამ კონტექსტში ბურების ადგილი აბსოლუტურდ გაუგებარია. ამიტომ ვამბობ, რომ თავისთავად პრეზიდენტის ინიციატივა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. მაგრამ, სამწუხაროდ, მე სერიოზული ეჭვი შემაქვს იმაში, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დღევანდელი მისი ხელმძღვანელის პირობებში, რაიმე სასიკეთო ხედვას წარმოადგენდეს.
ანუ პრეზიდენტმა ამ 150 მლნ-ს მინისტრ კვეზერელის გათავისუფლება უნდა მოაყოლოს?
–ასე მარტივი არ არის მინისტრის შეცვლა და დარგის აღორძინება. კარგად გამიგეთ, მე პიროვნულად კვეზერელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ერთ კვეზერელს თუ მეორე ჩაანაცვლებს, ამით სოფლის მეურნეობაში არაფერი შეიცვლება. მთავარია, სამინისტროს ხელმძღვანელობაში ამ დარგის სპეციალისტები იყვნენ, რომელთაც ექნებათ გარკვეული ხედვა ამ დარგის განვითარებისა. თუ კვეზერელისნაირი უნდა მოვიდეს, ასეთ საკადრო ცვლილებას რა მნიშვნელობა აქვს?! ამას ისევ ჯობია, ვინც არის მინისტრი, ისევ ის დარჩეს, თანაც ერთი რამეც გაითვალისწინეთ – რაც უფრო მწარედ გავაკრიტიკებთ კვეზერლებს, მით უფრო დიდი შანსი აქვთ მათ ხელისუფლებაში დარჩენისა – აბა, ჩვენს ნათქვამზე ხომ არ მოხსნიან?
როგორ ფიქრობთ, შეგნებულად ხდებოდა სოფლის მეურნეობის განადგურება?
–არა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. მოდით, ობიექტურები ვიყოთ: სოფლის მეურნეობას ძალიან სერიოზული დარტყმა ჯერ კიდევ, 2006 წელს მიაყენა რუსეთმა, როდესაც ქართულ პროდუქციას რუსული ბაზარი ჩაუკეტა. ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. მაშინ მინისტრი კვეზერელი არ იყო. ყველაფერს კვეზერელზე ნუ ავაგებთ და ნურც იმას ვიტყვით, რომ აქ ხელისუფლების პრობლემაა. ჩვენ რუსეთთან გართულებული ურთიერთობა ჯერ კიდევ იქიდან გვაქვს, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. ეს პრობლემები ხან გამწვავდება, ხან შესუსტდება.
ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის ჩაკეტვამ, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა მიაყენა სოფლის მეურნეობას. მთავრობამ საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა გამოიჩინა იმისათვის, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის სხვა ბაზრები მოეძებნა. ზოგან ეს პროცესი მეტ-ნაკლები წარმატებით განხორციელდა. უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან რუსეთის ბაზარი ძალიან დიდია.
ქართული ღვინო გავიდა სკანდინავიურ ბაზარზე და ეს ძალიან კარგია, მაგრამ სკანდინავიური ბაზარი ვერასოდეს შეცვლის რუსულ ბაზარს. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში გამოიკვეთა სურსათის გაძვირების ტენდენცია, მაშინვე გიჩნდება კითხვა: რა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობაში? რამდენად არის ეს დარგი მართლა პრიორიტეტული ხელისუფლებისთვის? როცა სააკაშვილი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგი უნდა იყოს, ამაში მას არც ერთი ჭკუათმყოფელი არ შეეწინააღმდეგება. მაგრამ ამას სჭირდება ის, რომ სოფლის მეურნეობას პროფესიონალები მართავდნენ.
კარგად გამიგეთ, მე არა ვარ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, თუმცა, იმდენი მაინც ვიცი, რომ მინისტრი ბაყაყების ექსპორტსა და ნიანგებზე არ უნდა ლაპარაკობდეს, ხოლო ბურების ჩამოსახლება, გარკვეულად, შეურაცხმყოფელიც არის თვითონ ჩვენი ქართველებისათვის. ქართველებმა რა დაგვიშავეს? მცირემიწიან ქვეყანაში ჯერ, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაკმაყოფილებული. იმიტომ ვაყენებ ასე საკითხს, თორემ, შეიძლება ისეთი გამოსავალიც მოიძებნოს, რაც გარემოს დაცვის სამინისტროში გააკეთეს.
თქვენთვის მისაღებია იმ ტიპის რეორგანიზაცია, რასაც გარემოს დაცვის სამინისტროში ატარებენ? ეს ხომ ფაქტობრივად ამ სამინისტროს გაუქმებაა?
–რა თქმა უნდა, ეს სერიოზული შეცდომაა. იმედია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახლა არავინ დაშლის.
სხვათა შორის, უკვე კეთდება მინიშნებები, რომ ეს ორი სამინისტრო იშლება.
–ეს ლაპარაკები მართლაც ისმის. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლას, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში, ეს უდიდესი შეცდომაა. თუ არა გაქვს ქვეყანაში ასეთი უწყება, ის უნდა შექმნა. ჩვენ კი, პრაქტიკულად, ამ ფუნქციებს ვანაწილებთ სხვადასხვა სამინისტროზე. ეს აშკარად ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შეგნებულად უქვემდებარებენ ვერა ქობალიას ბუნებრივ სიმდიდრეს, რათა უპრობლემოდ მოხდეს მათი განკარგვა-გასხვისება ამა თუ იმ გავლენიანი პერსონის ინტერესებისამებრ.
–ყველაფერი შესაძლებელია. აქამდე თუ უნდოდათ რაიმეს გასხვისება და, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვის სამინისტრო ამაში ხელს არანაირად არ უშლიდა. გინდა ხაჩიძე იყოს მინისტრი და გინდა მისი ნებისმიერი წინამორბედი, ვინმეს შეუშლია რამეში ხელი? რომელიმე მინისტრისგან მოგისმენიათ პროტესტი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით? მე, პირადად, არ მახსოვს.
ამიტომ, აქ არ არის პიროვნული საკითხი. უბრალოდ, ინსტიტუციური ასეთი რეფორმა (თუკი ამას რეფორმა ჰქვია) – გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა-დაქუცმაცება და ფუნქციების სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილება – ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომაა. გავა დრო და საერთაშორისო გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ზეწოლით ჩვენ იძულებული ვიქნებით, გარემოს დაცვის სამინისტრო აღვადგინოთ. ამიტომ, იმედი მაქვს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმის გამო, რომ მისი ხელმძღვანელი დაკისრებულ საქმეს თავს კარგად ვერ ართმევს, არ გააუქმებენ.
უფრო ადვილი არ იყო, გარემოს დაცვის სამინისტროში ხელმძღვანელი შეცვლილიყო და პროფესიონალი დანიშნულიყო, ვიდრე სამინისტრო დაშლილიყო?! ზუსტად იგივეა სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც.