პოლიტიკური ეპიცენტრი ისევ თურქეთია, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, ჩავა თუ არა ანკარაში რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც არ ცნობს უკრაინის პრეზიდენტს და აცხადებს, რომ უკრაინის კონსტიტუციის გათვალისწინებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არის უკანონო პრეზიდენტი. შესაბამისად, რთული წარმოსადგენია პუტინი-ზელენსკი პირისპირ შეხვედრა მესამე პირის გარეშე.
როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტმა ამ დრომდე ვერ შეძლო რუსი კოლეგის დარწმუნება და სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელ შეხვედრაზე დასასწრებად ჩასვლას ფიქრობს დონალდ ტრამპი.
„იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრის პოტენციალი გვაქვს. ეს შეხვედრა არ შედგებოდა მე რომ დაჟინებით არ მომეთხოვა. შესაძლოა, შეხვედრამ კარგი შედეგი გამოიღოს და მჯერა, რომ ორივე ლიდერი იქ იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პოტენციური შეხვედრის მასპინძელი იქნება თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანმის განცხადებით, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს.
„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მხარეები კომპრომისზე წავლენ და შეთანხმებას მიაღწევენ. ახლა არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, კერძოდ, როგორც იცით, უკრაინელები ჯერ ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ. რუსებს ჯერ მოლაპარაკებები სურთ, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა. ამჟამად სიტუაცია ჩიხშია შესული. სიტუაცია რთულია, მაგრამ პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში ყველას სურს, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ამ შეხვედრაზე, რაც სწორი იდეაა. შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ემანუელ მაკრონის განცხადებით, ყველაფერი ნათელია - რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები დაემუქრება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, სანქციების მომზადებით იმუქრება გერმანია. ნარკოსკანდალში გახვეული ევროპელი ლიდერების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია.
„გაფრთხილებები აქამდეც მოგვისმენია. ისინი ულტიმატუმის ფორმით გაჟღერდა. ულტიმატუმების მსგავსი ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთთან მსგავსი ენით საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ პუტინი ერთი-ერთზე არ დაუჯდება ზელენსკის და ამით არის გამოწვეული ტრამპის განცხადება, რომ შესაძლოა ჩავიდეს თურქეთში.
„ისიეთი განცხადებები გააკეთეს რუსეთის ელიტის წარმომადგენლება, რომ ცხადი იყო, ტრამპის გარეშე პუტინი ზელენსკის წინ არ დაჯდებოდა. ვიფქრობ, რომ ეს იქნება დიალოგის დასაწყისი, რომელსაც ამერიკა უკრაინას აძალებს, ვინაიდან აშშ-მა ამ ომისგან მისაღები უკვე მიიღო. ამიტომ, ეს დიალოგი დაიწყება და ომი დამთავრდება. მაგრამ არ მგონია პუტინი-ზელენსკის პირდაპირი შეხვედრა ერთი-ერთზე შედგეს. ეს ძალიან სურს ზელენსკის, მაგრამ პუტინი და რუსული დიპლომატია იმის ჩიტი არაა დასავლეთის გადმოგდებულ ანკესზე წამოეკიდოს.
ვინც ოდნავ იცის რუსეთის ისტორია, იცის, რომ პუტინი ყირიმს და დანარჩენ იმ ოთხ ოლქს არ დათმობს, გამორიცხულია, რომელიც ასე სურს ზელენსკის, რომელსაც გარანტირებული აქვს პოლიტიკური და, დიდი ალბათობით, ფიზიკური ლიკვიდაცია, ეს ცხადზე ცხადია. ამიტომ, ის ცდლობს პოლიტიკური თამაშების წამოწყებას საკუთარი თავის გადარჩენისთვის, რომელიც, ვფიქრობ, არ გამოუვა. ზელენსკისთან ერთად დაძირულია ბრიუსელის კამარილია, რომელსაც არანაკლები წვლილი მოიუძღვის უკრაინელების ხოცვა-ჟლეტაში, ვიდრე რუსულ რაკეტებს და ორეშნიკებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსის „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, შესაძლოა, უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ.
„კომპრომისები, კერძოდ კი, ფრონტზე მშვიდობის დამყარება პუტინმა თავიდანვე უარყო - არანაირი ერთთვიანი სამშვიდობო ზავი, მოლაპარაკებების დაწყება - კი ბატონოო. გაურკვეველია ვინ იგულისხმება სტამბოლის შეხვედრაში მონაწილე მხარეებად, ანუ ვინ წარმოადგენს ორივე მხარეს 15 მაისს. იმ წინაპირობაში, რაც პუტინისთვის ცალსახაა და დანარჩენ ვარიანტს არც განიხილავს, რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი ოლქი: დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი რუსეთს ეკუთვნის, ევროპელი ლიდერების ნაწილი სათავისო პერსპექტივას ვერ ხედავს.
ეჭვი მაქვს, რომ უკრაინის რომელიმე წარმომადგენელი სტამბოლში ჩავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ზელენსკის ამისკენ მოუწოდებს. ზელენსკის დღეს მართავს არა ტრამპი, არამედ ევრობიუროკრატია და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და, შესაბამისად, მათ ბრძანებებს შეასრულებს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.