ოპოზიის ნაწილი აქტიურად ემზადება 26 მაისის ღონისძიებისთვის და მორიგ აქციას აანონსებს. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ოპოზიციის მცდელობა, ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი შეცვალოს, კვლავ უშედეგოდ ჩაივლის და „აქცია აქციისთვის იქნება“. თუმცა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმუქრებიან, რომ 26 მაისის აღლუმი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გარეშე ჩატარდება. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ეს ერთგვარად აჩენს განცდას, რომ ოპოზიცია ისევ ეცდება ქვეყანაში რევოლუციის მოწყობასა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ „ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება“.
„ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან არავითარი კავშირი არ აქვს, რასაც ისიც მოწმობს, რომ საოკუპაციო ხაზთან ის არასდროს გასულა თანამდებობრივი ვალდებულების მიუხედავად, ისევე როგორც 26 მაისის აღლუმს წლების წინ, პირადი მიზნებისთვის განერიდა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ეს. შესაბამისად, კობახიძის გარეშე შედგება, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი, რადგან ეს არის საერთო, სახალხო ზეიმი და ამ დღესაც ისევე, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, რადგან ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრის“, - განაცხადა აქუბარდიამ.
როგორც ცნობილია, მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა. მთავრობის გეგმის მიხედვით, ღონისძიებები გაიმართება თბილისში - ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბელიანის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან. ამასთან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელები ფიცს დადებენ. იგივე ღონისძიება გაიმართება მუნიციპალიტეტებში.
თავის მხრივ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პროტესტში მონაწილე აქტივისტებთან, პარტიებსა და წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებთან ერთად 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შექმნა, რომელიც აქტიურად ემზადება და დროდადრო განცხადებებიც კეთდება გეგმებთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის თქმით, „ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს“.
ოპოზიციის ნაწილი ღონისძიებაზე მისვლას აპირებს, „ოცნებაში“ კი აცხადებენ, ზურაბიშვილის გეგმები დესტრუქციას ემსახურება და მარცხისთვის არის განწირული. პრემიერი სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“.
„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა ნაციონალების მიმართ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ანალიტიკოსი, ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 26 მაისს ოპოზიციას დესტრუქციის მოწყობის მცდელობა ექნება, რაც, მისი შეფასებით, უშედეგოდ ჩაივლის.
„მკვდარს შეიძლება რაიმე მიზანი ჰქონდეს?! - ასეთივე მკვდარია დღეს საქართველოში არსებული ოპოზიცია, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონა. ოპოზიციამ, ფაქტობრივად, თვითვმკლელობა ჩაიდინა და ამაში დაგვარწმუნა 9 მაისმა, როდესაც ე.წ. ოპოზიცია დიდი ზარ-ზაიმით ფიქრობდა „ევროპის დღის“ აღნიშვნას, ქართველმა ხალხმა 9 მაისი აღნიშნა, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე. „ევროპის დღე“ ევროპის თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნული, გარდა საქართველოში, უბადრუკი ჰერჩინსკის მიერ, რომელსაც საქართველოში ელჩის მანტია აქვს მორგებული, ბრიუსელის დავალებებს ასრულებს და მას უნდა, რომ 26 მაისს ქვეყანაში მოახდინოს რაიმე სახის პროვოკაცია. ეს არის აქცია აქციისთვის - ეცდებიან პროვოკაციებს, მაგრამ საქართველო, როგორც სახელმწიფო ამას არ დაუშვებს“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ოპოზიციის შეფასებები 26 მაისის ღონისძიებებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია.
„მეეჭვება, რომ ორ კვირაში მოსახდენი მოვლენის ნიშნები ისეთი მქრთალი იყოს, რომ მას მხოლოდ ზოგიერთი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ამჩნევდნენ. როგორც წესი, კარდინალური ცვლილებები ადრე ჩნდება. ოპოზიცია ისე საუბრობს, თითქოს მის ხელთ იყოს საქართველოს ბედ-იღბალი ამჟამად. მეჩვენება, რომ ოპოზიცია უფრო ხშირად აჭარბებს საკუთარ შეფასებებში, მათ შორის 26 მაისთან დაკავშირებით“, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.