რა ჩაიფიქრა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? რა გზავნილია თბილისისთვის აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრა?
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და „ოცნება“ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის ემზადება, რაც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ტოლფასი იქნება.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-თან ამბობს, რომ პირიქით, ხელისუფლებას საკმაოდ პრინციპული პოზიცია უკავია - მოსკოვს სურს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, რაზეც თბილისი არ მიდის. არადა რუსეთის მხრიდან კონფედერაციაზე საუბარი ნამდვილად დაწყებული იყო.
ვლადიმერ პუტინი კრემლში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ბადრა გუნბას შეხვდა, რომელიც მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა, გააგრძელოს თანამშრომლობა აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროებში.
თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში დაპატიჟა, რაზეც პუტინისგან მიწვევაზე თანხმობა მიიღო.
„ვისარგებლებ შემთხვევით, ვლადიმირ ვლადიმროვიჩ, მინდა, მოგიწვიოთ ჩემი სახელით, აფხაზი ხალხის სახელით, ჩვენს რესპუბლიკაში თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. ჩვენ გულწრფელად ველით თქვენს ნახვას და ვიმედოვნებთ, რომ მიიღებთ ამ მოწვევას“, - თქვა გუნბამ.
ცნობილია, რომ პუტინი შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის ე.წ. ლიდერსაც. ალან გაგლოევს ის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაში, ჯანდაცვასა და განათლებაში დახმარებას დაჰპირდა.
მამუკა არეშიძე for.ge-თან ამბობს, რომ პუტინის შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრეზიდენტებთან ძალის დემონსტრირება იყო. ამით აფხაზებს უთხრა, რომ გუნბა ცალსახად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ლიდერია.
„პუტინმა გუნბა განსაკუთრებით გამოყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერისგან განსხვავებით. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის ლიდერთან განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა აქვთ ჩამოყალიბებული. ხაზგასმით აღნიშნავს კრემლი, რომ გუნბა არის კრემლისგან მხარდაჭერილი ლიდერი. ეს კი რამდენიმე გარემოების გამო ხდება. პირველი, ეს შესაძლოა შიდა მოხმარების თვალსაზრისით ხდებოდეს და ამის მიზეზი აფხაზური საზოგადოებისთვის მიცემული ნიშანია, რომ გუნბა ბოლომდე მხარდაჭერილი იქნება, ხოლო ის პროექტები, რომელიც კრემლისთვის და რუსეთისთვის აუცილებელია, რეალიზაცია მაინც მოხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ გუნბას წინამორბედი, რომლის გუნდის წევრიც ასევე გუნბა იყო, ამ პროექტებზე თანახმა იყო. რაც შეეხება საგარეო მოხმარებას, ეს არის ვაჭრობის თემაც, რადგან პუტინი წინასწარ თვლის, რომ არ არის გამორიცხული, აფხაზეთი დასავლეთთან სავაჭრო თემაც გახდეს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ აფხაზეთი შავიზღვისპირეთია და რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს თავისი მდგომარეობა შავ ზღვაზე განამტკიცოს. ეს ეხება ყირიმის და აფხაზეთის საკითხს. ამ შემთხვევაში აფხაზეთი შავი ზღვის კონტექსტში უნდა განვიხილოთ და არა როგორც ოკუპირებული ტერიტორია“,-ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, ახლა აფხაზეთს ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რათა რუსეთმა მისი შენახვის და მასში რესურსის ჩადების აზრი დაინახოს.
„სამწუხაროდ, კრემლის გადასახედიდან შევხედოთ, ის თავის საზღვრების პერიმეტრში ნების გატანას, ასე თუ ისე, ახერხებს და თუ სადმე ამას ვერ ახერხებს, აფხაზეთია მათ შორის. ვხედავთ ბელარუსი ფეხქვეშ როგორ ჰყავს ამოდებული. ხოლო ამ პატარა აფხაზეთის საკითხის მოგვარებას ისე, როგორც თავად უნდა, ვერ ახერხებს. ეს მის რენომეზე და პრესტიჟზე ძალიან ცუდად მოქმედებს. რაც შეეხება აფხაზეთის ათვისების პროცესს, ეს სამხედრო თვალსაზრისით, კრემლისთვის მშვენივრად მიდის, ხოლო პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, ბევრ რამეში იჭედება. აფხაზეთი დღეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისე პოზიციონირებს. ეს ე.წ. დამოუკიდებლობის პოზიცია მათ უკავიათ, როგორც მთელს მსოფლიოსთან, ასევე რუსეთთან. მოსკოვში კი აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ითვლება. ქაღალდზე რა წერია ერთია და რეალურად როგორ აღიქვამენ რუსეთში, ეს მეორეა. კრემლში ეს არის მიწის ნაკეთი, სივრცე, რომელსაც მთლიანად რუსულ დოტაციაზე და რუსული ქოლგის ქვეშ იღებენ, ამიტომ მათი გაგებით ის დამოუკიდებელი ვერ იქნება“, - ამბობს არეშიძე.
რაც შეეხება იმას რა სახის გზავნილია ეს თბილისისთვის და როგორ უნდა წაიკითხოს ის საქართველოს ხელისუფლებამ, კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ როცა მან სიტყვა ვაჭრობა ახსენა, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან ვაჭრობაც იგულისხმა.
„მოსკოვს გეგმები აქვს, რომ სამხრეთ კავკასიასთან და მათ შორის თბილისთანაც დამოკიდებულება შეცვალოს. ამ შემთხვევაში მისი გეგმების გადახედვაც შედის. აქ ოკუპირებული ტერიტორიები იგულისხმება. მოსკოვის პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ოკუპანტ ქვეყნად არ ითვლებოდეს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობის საგანი, შესაძლოა, მოსკოვის მხრიდან სერიოზული დათმობები იყოს, რომელიც თანხვედრაში იქნება საქართველოს მხრიდან დათმობებთან. რა ტიპის დათმობებია, ეს შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ცოცხალი თავით არ თმობს, არ იღებს ამ ტიპის გადაწყვეტილებას. „ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა დეოკუპაცია. იქ მეორე თემა ამოტივტივდა, რომელიც აფხაზეთის რკინიგზასთან იყო დაკავშირებული, ეს მოსკოვს ძალიან სჭირდებოდა. მას ეს ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო კორიდორად უნდოდა, მარტო აზერბაიჯანზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული.
ამიტომ საქართველოს სჭირდება სხვა ტიპის ხელმძღვანელები, რომელიც მის ამბიციურ გეგმებს გაითვალისწინებს, თუ მოსკოვს დაუწვება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ კრემლი დათმობაზეც წავიდეს. თუმცა დღეს რუსეთი არ არის მზად, რომ კონფედერაციის იქით წავიდეს. ეს კი თბილისისთვის მიუღებელია. კონფედერაციის თემა, პრაქტიკულად, უკვე დაძრული იყო. საქართველოს ხელისუფლების ერთი გამოსავალი არის ის, რომ დატოვოს ის სტატუს-კვო რაც არის. ჩვენთვის აფხაზეთის კონფედერაციის შემოთავაზება და მიღება აბსოლუტურად დამღუპველია. ეს პრობლემებს შეგვიქმნის და არაფერს არ გვაძლევს“, - ამბობს არეშიძე.