ზაალ ანჯაფარიძე:

ზაალ ანჯაფარიძე: "საზოგადოების სოციალური აპათიით კარგად სარგებლობენ ავანტიურისტი პოლიტიკოსები"

"უპასუხისმგებლო საზოგადოებას მის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება იოლად მოაჯდება თავზე"

"რაც მეტი იქნება საქმიანი და კომპეტენტური კრიტიკა, მით უფრო მეტად დაფიქრდება ხელისუფლება, რომ ხალხის ნდობა უსაზღვრო არ არის"

"პრემიერის" კითხვებს ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემუპასუხა:

- ბატონო ზაალ, ქართველი საზოგადოების პოლარიზაცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან მოდის. ალბათ, ცალკე მსჯელობის საკითხია, რამდენად იყო იმ დროს დაწყებული დაპირისპირების საფუძველი ღირებულებითი თუ ემოციური, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ 20 წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე გზა გამოვიარეთ. ვაღიაროთ ისიც, რომ ნებისმიერი დაპირისპირება პოლიტიკური ცვლილებების დროს პიკს აღწევდა. საზოგადოებაში შურისძიების ძალიან მაღალი მოთხოვნილება იბუდებდა, რომელსაც ნებისმიერი ინდივიდი თუ ჯგუფი სამართლიანობის აღდგენას არქმევდა, ან კანონებზე აპელირებდა. ამ მხრივ, ამჟამადაც რთული ვითარება გვაქვს. რეალურად რას ეფუძნება ქართველი საზოგადოების პოლარიზაცია - ფასეულობებს თუ მერკანტილიზმს?

- ამ მხრივ, რაღაც პარადოქსული სიტუაცია გვაქვს. საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის კუთხით პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით წინ წაიწია. ამავე დროს, ჩვენმა საზოგადოებამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე შეთანხმება ვერ შეძლო. მიმაჩნია, რომ შეუთანხმებლობის მიზეზები ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში, საზოგადოების კულტურულ მემკვიდრეობასა და მენტალურ თავისებურებებში უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, უდიდეს როლს თამაშობს კონფესიური ფაქტორი. ჩემი აზრით, საზოგადოების პოლარიზაცია მერკანტილური ფაქტორებისა და ღირებულებათა სისტემების კონფლიქტის ერთგვარ ნაზავს ეფუძნება. მერკანტილიზმის მომძლავრებამ, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე მომხდარი ომების, პოლიტიკური კატაკლიზმებისა და სოციალურ-ეკონომიკური პროცესის შედეგი იყო, სულიერებისა და შემწყნარებლობის დაკნინება გამოიწვია. მაგალითად, ამ დღეებში ჩემი ყურადღება მიიქცია იმ აგრესიამ, რაც სოციალური ქსელებიდან წამოვიდა კიევში მაიდანზე დაღუპული ახალგაზრდის მიმართ, მხოლოდ იმიტომ რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. რთულია ერთ საგაზეთო ინტერვიუში დეტალურად ახსნა ყველა სიღრმისეული მიზეზი საზოგადოების ახლანდელი პოლარიზაციისა, რომელიც მართლაც უკვე სახიფათო მასშტაბებს იღებს. ვფიქრობ, ამ საკითხზე არა მხოლოდ სპეციალისტებმა და პოლიტიკოსებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. ჩემი აზრით, ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ, თუ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ციხეში გამოკეტავენ, ამით პოლარიზაციაც დასრულდება. არ დასრულდება, რადგანაც ჩვენი საზოგადოების პოლარიზაცია, როგორც გითხარით, ღირებულებათა კონფლიქტზე გადის. შესაბამისად, საზოგადოებაში ყოველთვის გამოიძებნება განსხვავებული ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მქონე ჯგუფი და რა ვუყოთ მათ? არჩევანი კი ასეთია - ან თავად მოვახერხებთ, შევჩერდეთ და ეს პოლარიზაცია ცივილიზებული დისკუსიის კალაპოტში გადავიყვანოთ, ან სხვები შეგვაჩერებენ.

- მერკანტილიზმი ტყუილად არ ვახსენე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ "მე ვარ ყველაზე ჭკვიანი", "მე ვიცი", "მე შემიძლია", "მე ვიმსახურებ", "მე მეკუთვნის"... თუმცა ამ ყველაფრის მიღმა არასოდეს დგას - "მე ვიქნები პასუხისმგებელი". ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაზე აგრესიულები და რადიკალურები ის ადამიანები ან ადამიანთა ის ჯგუფები არიან, რომლებმაც ვერასოდეს და ვერც ერთ ვითარებაში ვერ შეძლეს რეალიზება და არასოდეს, არავის გაკეთებული, არაფერი არ მოსწონთ. სწორედ ეს ადამიანები ხომ არ ამღვრევენ მუდმივად წყალს და უშლიან ხელს გნებავთ ცივილიზებულ ოპონირებას და გნებავთ საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი ნორმების დამკვიდრებას?

- შეიძლება ხელმოცარული ადამიანების რაღაც ნაწილს ახასიათებდეს ეს თვისებები და ცდილობდეს სიტუაციის არევასა და მღვრიე წყალში თევზის იოლად დაჭერას, რაც სრულიად არ არის გასაკვირი. და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით აგრესიულობითა და რადიკალური მიდგომებით გამორჩეული პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი ფიგურები, რომლებსაც ვერ უწოდებ ცხოვრებაში ან პროფესიაში ხელმოცარულს. ეს მათი ცხოვრების წესიდან და მენტალიტეტიდან მოდის. ბოლო ცხრა წელი ხომ ყველანი ვხედავდით, როგორ არ ცნობდა არანაირ ცივილიზებულ ოპონირებას ხელისუფლებაში მყოფი და ძალაუფლების უზურპატორი ერთი პოლიტიკური ძალა, რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ისინი ოპონენტებს და როგორ მიითვისეს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციის მფლობელის უფლება. მათი წასვლის შემდეგაც გამოჩნდა ასპარეზზე ხალხი, ვისაც მსგავსი თვისებები ახასიათებს.

- თავი დავანებოთ ჩვენს პოლიტიკურ სიმპათიებს. თუ რეალურად შევაფასებთ მოვლენებს, გასულ წელს ხელისუფლებას პოლიტიკურ ოპონენტებზე არანაკლები პროვოკაცია საზოგადოების ცალკეულმა ჯგუფებმა მოუწყვეს. თუნდაც ორ ფაქტს - 17 მაისსა და მინარეთის თემებს გაგახსენებთ. ჩვენ მიჩვეულები ვართ "შავი კატის" ძებნას "ბნელ ოთახში", როდესაც ის იქ არ არის, ანუ მიზეზების სხვისთვის გადაბრალებას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არც ერთ შემთხვევაში დასახელებული ფაქტებიდან კონკრეტულმა საზოგადოებრივმა თუ მოქალაქეთა ჯგუფებმა არანაირი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღეს და ხელისუფლება "ბეწვის ხიდზე" გაატარეს. როგორ ფიქრობთ, სად გადის საზოგადოების პასუხისმგებლობის ზღვარი, ანუ სად იწყება და სად მთავრდება ის?

- ბნელ ოთახში იქ არმყოფი შავი კატის ძებნის ფრაზამ კიდევ ერთხელ გამახსენა ეპოქალური მნიშვნელობის ფილმი "მონანიება", რომლის გმირები და ანტიგმირები ბევრ დღევანდელ რეალურ პერსონას მაგონებენ. 17 მაისის მოვლენებმა, სხვათა შორის, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ხარისხითაა პოლარიზებული ჩვენი საზოგადოება, უფრო სწორად მისი ორთოდოქსულ-ტრადიციონალისტური და მოდერნისტული ჯგუფები. მათ შორის და ფრონტის ხაზი სწორედ ღირებულებათა კონფლიქტზე გადის. თუმცა 17 მაისისა და ჭელას მინარეთის მოვლენები სათანადოდ არ არის გამოძიებული და ბევრი რამ არ ვიცით. მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მთავარია, რამდენად პასუხისმგებლობით აღსავსე იყო საზოგადოების რეაქცია. მოქალაქეთა მხოლოდ ძალიან მცირე ჯგუფმა გააპროტესტა 17 მაისი და ამით ერთგვარი პასუხისმგებლობა აიღო. თუმცა გაიხსენეთ, რა პირობებში მოუწიათ ამის გაკეთება - პოლიციის სამმაგი კორდონის ალყაში, რომ ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ. რადგანაც საზოგადოების უმრავლესობამ 17 მაისს მომხდარს გამართლება მოუძებნა ან უბრალოდ წაუყრუა, ხელისუფლებაც შესაბამისად მოიქცა და საჩოთირო ეპიზოდი უბრალოდ ჩაფარცხა.

საზოგადოების პასუხისმგებლობის ზღვარი გადის იქ, სადაც იწყება საკუთარი მოქალაქეობრიობის, უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება, რომელსაც საზოგადოება მიჰყავს იმის რწმენამდე და განცდამდე, რომ სწორედ ის არის სახელმწიფო და ის ქირაობს სახელმწიფოს სამართავად მთავრობასა და პარლამენტს. პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებას ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა კონტროლიდან ვერ გაექცევა. ხოლო საზოგადოებას, რომელსაც არაფერზე არ სურს პასუხისმგებლობის აღება, მისივე დაქირავებული ხელისუფლება იოლად მოაჯდება თავზე.

- თქვენ აცხადებთ, რომ საქართველოში ისევ მკვიდრდება სოციალური აპათია. განმარტეთ, რას გულისხმობთ და რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს აპათია უფრო მეტად თვითგვემაა, საკუთარი "ილუზიური მოლოდინების" გამო?

- დიახ, სამწუხაროდ, ვხედავ ამის ნიშნებს. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აღქმაა და მართლაც ასეა თუ არა საქმე და რამდენად ღრმად წავიდა სოციალური აპათია, ამაზე, ალბათ, ფსიქოლოგებმა, სოციოლოგებმა უნდა მოგვახსენონ თავიანთი კომპეტენტური აზრი. მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ძირითადად უფროსი და საშუალო თაობა, ვერ გამოვიდა იმ ტრავმიდან, რაც მათ კომუნისტური სისტემის მსხვრევის შედეგად მიიღეს. ჩემი აზრით, სოციალური აპათიის ერთ-ერთი მიზეზი გახდა საზოგადოების უუნარობა, მომზადებული შეხვდეს ცვლილებებს და გახდეს მათი აქტიური მონაწილე. როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო არ ძალუძთ ცვლილებების ფერხულში ჩაერთონ, მხოლოდ მცირე ნაწილი პოულობს საკუთარ თავში გარდაქმნის უნარს. უმეტესობა კი აპათიაში ვარდება და ცდილობს არა აქტიური ცხოვრებით, არამედ, უბრალოდ, სულდგმულობით გაათრიოს წუთისოფელი. ყველანი ვიცნობთ ჩვენს გარემოცვაში ასეთ ადამიანებს. რა თქმა უნდა, თვითრეალიზაციის შეუძლებლობამ და ილუზიებისგან განხიბვლამ, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეეხო, ასევე, შეასრულა თავის როლი. სოციალური სიდუხჭირის გარდა, კიდევ ერთი მიზეზი სოციალური აპათიისა, ჩემი აზრით, სამოქალაქო განათლების სიმწირეა. ჩვენთან პრობლემა კიდევ ისაა, რომ საზოგადოების სოციალური აპათიით კარგად სარგებლობენ ავანტიურისტი პოლიტიკოსები.

- გავლილმა ორმა ათეულმა წელმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ხელისუფლებების ცვლილების შემდეგ საზოგადოების ცალკეული ჯგუფები პასიურ მდგომარეობაში გადადიან. ჩემი სუბიექტური შეფასებით ამის მიზეზი ისევ მერკანტილურია, ცალკეული პერსონები თუ საზოგადოებრივი გაერთიანებები გარკვეულ დრომდე გამორჩენის რეჟიმში გადადიან და მათი აღშფოთება იწყება იმ დროს, როდესაც მიხვდებიან, რომ ისინი არავის სჭირდებიან. ამის მერე იწყება ახალი პატრონის ძებნა, მსოფლმხედველობის "შეცვლა". რამდენად სწორია ფორმულირება - მივცეთ დრო ახალ ხელისუფლებას? დრო, რომელიც, ჩვენი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, მერე ისევ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს...

- ჩამოყალიბებული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოში, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ახლად მოსულ ხელისუფლებას ყოველთვის ეძლევა გონივრული დრო, რომლის გასვლის შემდეგაც მისგან უკვე ითხოვენ დაპირებების შესრულებას. ჩვენნაირ პრობლემურ სახელმწიფოში ასეთი გონივრული ვადების დადგენა ცოტა რთულია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ საზოგადოება უტყვი მოლოდინის რეჟიმში უნდა იმყოფებოდეს. ამით ის დათვურ სამსახურს გაუწევს მის მიერვე არჩეულ ხელისუფლებას. ამიტომაც რაც მეტი იქნება საქმიანი და კომპეტენტური კრიტიკა მით უფრო მეტად დაფიქრდება ხელისუფლება, რომ ხალხის ნდობა უსაზღვრო არ არის.