"კრემლი `მიწებს აგროვებს"

"ყირიმი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ერთი ადამიანის პროექტია და შესაბამისად, მოვლენები დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდება. რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა - უკრაინაში რევოლუციის შემდეგ ახალი სახელმწიფო შეიქმნა და ვეღარ იმოქმედებს ის ხელშეკრულება, რომელიც 90-იან წლებში კიევსა და მოსკოვს შორის გაფორმდაო (ამ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ რუსეთი ყირიმზე პრეტენზიას არ განაცხადებდა). ეს სიცრუეა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოსული იყვნენ პუტინთან დაახლოებული რუსი ექსპერტები, რომლებიც შეხვედრისას გვიმტკიცებდნენ - ყირიმში რუსული ჯარი შეყვანილი არ არისო. ესეც მამალი ტყუილია. ზოგადად, ტყუილი კრემლის ცხოვრების წესია. კრემლის ამგვარ მოქმედებას, იმავე უკრაინამ თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა სერიოზული პრევენციული მექანიზმები უნდა დაუპირისპირონ", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "კრემლი `მიწებს აგროვებს" / "უნდა ვაღიაროთ, რომ "ქართული ოცნების" შავი ლაქა სწორედ პროკურატურაა".

"16 მარტს ყირიმში ე.წ. რეფერენდუმი ტარდება რუსეთთან მიერთების შესახებ. ყირიმში მოვლენების განვითარება რთულად პროგნოზირებადია. ვიმედოვნებ, რომ მთელი მსოფლიო აიცილებს კატასტროფულ სცენარს. სამხედრო მოქმედებების დაწყების საფრთხე რომ რეალურია, ამას ყირიმში განვითარებული მოვლენები ადასტურებს. იმაზე მსჯელობა, სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, რომელი მხარისკენ იქნება უპირატესობა, ჩვენი მხრიდან არასერიოზულობაა. თბილისში მყოფმა რუსმა ექსპერტებმა მითხრეს, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლებას ოლიგარქები მართავენ, რომლებიც ჩრდილში არიან. გავიხსენოთ, როდის ჩამოიშალა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება - მაშინ, როდესაც დასავლეთმა ანგარიშების დაყადაღება დაიწყო. რუსმა და უკრაინელმა ოლიგარქებმა იმიტომ კი არ მოიპარეს ამდენი, რომ ეს ქონება დაკარგონ. შესაბამისად, დასავლეთის მხრიდან ფინანსური სანქციები ძალიან ეფექტური იქნებოდა. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი, როგორც ფანატიკოსი, თავისი მიზნის განხორციელებას ნებისმიერი საშუალებით შეეცდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"მხოლოდ ფინანსური სანქციები საკმარისი არ იქნება. სწორედ ამიტომ, აშშ მზად უნდა იყოს, რომ სამხედრო კომპონენტიც აამოქმედოს. როგორც ვიცი, შავი ზღვისკენ უკვე მოემართებიან ამერიკული გემები. არ მივიჩნევ, რომ აშშ-მა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები უნდა დაიწყოს რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა არ ვგულისხმობ, რომ მაინცდამაინც ასე მოხდება, მაგრამ წერტილოვანი დარტყმები გამოაფხიზლებდა რუსეთის ლიდერებს და იქაურ მოსახლეობასაც ბევრ რამეზე დააფიქრებს. ბირთვული იარაღი კი რუსეთის გარდა, კიდევ ბევრ სახელმწიფოს აქვს და შესაბამისად, არა მგონია, მან ატომური ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს. დასავლეთი ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. გული მწყდება, რომ 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომისას, დასავლეთს არ ჰქონდა ისეთი მკაცრი პოზიცია, როგორიც უკრაინის კრიზისისას აქვს. საქართველო თავისი ტერიტორიების დაკარგვისკენ 15 წელი მიდიოდა. ყირიმი კი უკრაინამ, შესაძლოა, 15 დღეში დაკარგოს. შესაბამისად, დასავლეთში სავარაუდოდ, მიხვდნენ, რომ კონფერენციებისა და ყოყმანის დრო არ არის, მოქმედებაა საჭირო.", - განაგრძობს ექსპერტი

"საქართველოში შტეფან ფულეს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მისი გვირგვინი კი გახლდათ ევროკომისრის საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა, რომელზეც უწმინდესმა ფულეს უთხრა, რომ მას არ სჭირდება დარწმუნება, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირს უკავშირდება. რაც შეეხება ლონდონის ნატოს სამიტს - წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, ყველაფერი მოვლენების შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული. ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ", დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციის რა მოგახსენოთ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის იდეის დისკრედიტაცია კი ნამდვილად ხდება. მართალია, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალებს" ტყუილად უხარიათ დავით კეზერაშვილის ციხიდან გათავისუფლება და სამართალი მაინც იზეიმებს..." - პასუხობს;

"ნაციონალებს" იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ათასჯერ რომ გაამართლოს სასამართლომ, ადრე თუ გვიან სამართალი მათ მიმართ მაინც აღსრულდება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ "ქართული ოცნების" შავი ლაქა სწორედ პროკურატურაა. როდესაც მტკიცებულებები მხოლოდ ჩვენებებს ემყარება, ძნელია, საქმის ბოლომდე მიყვანის იმედი გქონდეს. ამასობაში საზოგადოება ღიზიანდება და ნელ-ნელა მოთმინების ფიალაც ევსება. იქნებ მართლაც ჩამოვიყვანოთ უცხოელი პროკურორები, ვუქირაოთ თარჯიმანი და ვთხოვოთ საქმეების გამოძიება?! იქნებ ასე მაინც დაიძრას პროცესი?! ისე, კეზერაშვილზე ერთი ამბავი გამახსენდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ვიყავი და ფინანსური პოლიციის მაშინდელმა უფროსმა დავით კეზერაშვილმა მოისურვა, თვითონ გაენაწილებინა ნავთობი. ეს უნდა გაეკეთებინა ვითომდა ინგლისურ კომპანიას, რომელიც სინამდვილეში მოსკოვის ერთ-ერთ შოსეზე იყო რეგისტრირებული და მეპატრონედ ვიღაც ჩეჩენი იყო მითითებული. ეს კეზერაშვილს არ გაუვიდა. მაშინ ვუთხარი, რომ პრესკონფერენციაზე ყველაფერზე ვისაუბრებდი და მასაც დავასახელებდი. კეზერაშვილმა მთხოვა, არ დამესახელებინა მისი გვარი და შემომითვალა - მე მხოლოდ სამ ადამიანს ვემორჩილებიო. ალბათ, დადგება დრო და იტყვის, კონკრეტულად ვის მითითებებს და ნება-სურვილს ასრულებდა. ისე კი აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერის დანაშაულის გამოძიება".