„პრემიერი ქვეყნის მართვას საკუთარ გუნდთან ერთად, რომელიც ასევე პარტიის ლიდერიც იქნება, ბევრად ეფექტურად შეძლებს“

„პრემიერი ქვეყნის მართვას საკუთარ გუნდთან ერთად, რომელიც ასევე პარტიის ლიდერიც იქნება, ბევრად ეფექტურად შეძლებს“

ძალაუფლების სრული კარტბლანში - ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობასთან ერთად, ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს. „ქართული ოცნების“ მეცხრე ყრილობაზე მეშვიდე თავმჯდომარედ, ირაკლი კობახიძე, მეორე ვადით აირჩიეს. პრემიერ-მინისტრს, რომელიც მანამდე პარტიას 3 წლის განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა, დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. სწორედ ამის შემდეგ დაიკავა ახალმა თავმჯდომარემ ტრიბუნა, საიდანაც გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ხოლო მის წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ისაუბრა პარტიის დაფუძნებიდან გასულ 13 წელიწადზე, როგორც დამოუკიდებლობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის ბრძოლაზე და ამ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის როლზე.

რა გზა გაიარა ქვეყანამ სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ბრძოლაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სახელმწიფო - ირაკლი კობახიძე თავის გამოსვლაში მსოფლიოში არსებულ გლობალურ პრობლემებს და კონკრეტული ძალების ინტერესებსაც შეეხო. ასევე, დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა. ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება მან 25 აპრილს გააკეთა. სასტუმრო „პარაგრაფში“ ყრილობას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევა კი ოპოზიციისთვის არაფერს ცვლის. „ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ ვერტიკალის თავში უწინდებურად ივანიშვილი რჩება, ამიტომ ხელისუფლების პოლიტიკაში სიახლეებს არ ელიან.

პრემიერმა კობახიძემ კი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად, ორი ეროვნული მიზანი აქვს: „გზასაცდენილი თანამოქალაქეების“ დაბრუნება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება.

„ორი ეროვნული, ქართული ოცნება: ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის - მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულით და საკუთარი სამშობლოს მიმართ. მეორე მხრივ, გამთლიანებაში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მსგავსი მმართველობის სტილი ადრეც ყოფილა. ბოჟაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ ეს არის სწორედ მმართველობის ევროპული სტილი, როდესაც საპარლამენტო მმართველობის პირობებში პარტიის თავმჯდომარე ხდება პრემიერი, ან პირიქით, პრემიერი ხდება შემდეგ პარტიის თავმჯდომარე.

„კობახიძე აქამდეც იყო პარტიის თავმჯდომარე, სანამ პრემიერი გახდებოდა და ის პარტიას საკმაოდ წარმატებულად ხელმძღვანელობდა. არჩევნების პერიოდში მისმა ეფექტურმა მუშაობამ და პოლიტიკამ, პარტია არაერთ გამარჯვებამდე მიიყვანა. ამიტომ ეს იყო ლოგიკური და მე ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. კობახიძე იყო ძალიან ეფექტური მმართველი საარჩევნო შტაბის და მან ეს 2024 წლის არჩევნების დროსაც დაამტკიცა. ამიტომ მისი მეთაურობით პარტია, მთავრობა ყველა ხერხს და რესურს გამოიყენებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოვიგოთ. ისეთივე ეფექტურად და ყველანაირი ხარვეზების გარეშე ჩაიაროს არჩევნებმა, როგორც აქამდე ხდებოდა. ბატონი ირაკლი კობახიძის დამსახურებაა ქვეყნის წინსვლა, ეკონომიკური განვითარება და სიმშვიდე, რომელსაც ამ უმძიმეს სიტუაციაში ინარჩუნებს. როცა ყველა მხრიდან ქვეყანა არნახულ წნეხს განიცდის, კობახიძემ შეძლო და გუნდთან ერთად ქვეყანაში სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა შეძლო“, - ამბობს ბოჟაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებს და „ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნას მარტივ გათვლად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული მიზეზით არის განპირობებული.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში ის პარტია, რომელიც იმარჯვებს, მთავრობასაც აკომპლექტებს და მთავრობის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი პარტიასაც სათავეში უდგება. პარტიული და აღმასრულებელი ხელისუფლებების შერწყმა ევროპული ტრადიციაა. პრემიერი, რომელიც გამარჯვებული პარტიის მიერ არის არჩეული და დანიშნული, რატომ არ შეიძლება პარტიის მეთაურიც იყოს. ეს პრემიერს ქვეყნის მართვის უფრო ეფექტურ საშუალებას მისცემს. ის, რომ მთავრობაშიც მოხდა ცვლილებები და გადაადგილება, ამაშიც გასაკვირი არაფერია. პირიქით, ეს არის ლოგიკური ქმედება, როდესაც პრემიერს სათავეში საკუთარი გუნდის მოყვანა სურს. რატომ გაეცალა პოლიტიკას ირაკლი ღარიბაშვილი და თუნდაც ლილუაშვილი, ეს კიდევ უფრო რთული საკითხია.

თავის დროზე, როდესაც ღარიბაშვილი თავმჯდომარედ დაინიშნა, მაშინაც კი იყო საუბარი იმაზე, რომ ხომ არ ჯობდა პარტიის თავმჯდომარეც პრემიერი ყოფილიყო. მუდმივად მიდიოდა იმაზე ლაპარაკი, რომ ევროპული სტანდარტით თავმჯდომარე და პრემიერი არ უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა პირები. რა მოხდება ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რთული სათქმელია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი გახდება. მე, მაგალითად, ამ გადაწყვეტილებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ყველას წაადგება. პრემიერი ქვეყნის მართვას საკუთარ გუნდთან ერთად, რომელიც ასევე პარტიის ლიდერიც იქნება, ბევრად ეფექტურად შეძლებს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამ გადაადგილებებში რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება არასწორია, რადგან თუ გავყვებით ლოგიკას, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეა, პრემიერს საკუთარი გუნდი მოჰყავს.

„არ მგონია ლილუაშვილი ირაკლი კობახიძისთვის სირთულე ყოფილიყო, მაგრამ დავუშვათ, არ მოსწონდა პრემიერს ლილუაშვილი, მაშინ მან ვის უნდა დაუჯეროს, როდესაც პირველი პირი ქვეყანაში ის არის? ის მართავს და პასუხისმგებელია ყველა სტრუქტურაზე, რომელიც მას ექვემდებარება. ამიტომ პრემიერი საკუთარი შეხედულებისამებრ ცვლის კადრებს. ეს არ არის არც იმის ნიშანი, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში დაპირისპირებაა და რაიმე გავლენებისთვის ბრძოლა მიდის და არც სხვა რაიმე შეთქმულების თეორიები უნდა ვეძებოთ. ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნის მართვის სისტემა მოითხოვდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ცვლილებები, პირიქით, კარგია, რადგან ქვეყნის მართვა პრემიერს გაუადვილდება და კიდევ უფრო მოქნილს გახდის. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს კობახიძემ ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, არასწორია. პირიქით, ეს პოლიტიკის დაბალანსებას შეუწყობს ხელს და გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება უფრო ადვილი იქნება“, - ამბობს საყვარელიძე.