მოუწევს თუ არა „ოცნებას“ „მეგობარი აქტის“ მიღების შემთხვევაში უკან დახევა და რა სახის გავლენას მოახდენს მიღების შემთხვევაში ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე? - ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას უკან დახევის უფლება არა აქვს, რადგან ისინი ანგარიშვალდებულები საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან არიან. შესაბამისად, იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს“ წინააღმდეგობას გაუწევს და ამ ე.წ. მეგობრობის აქტს ხელს არ მოაწერს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დოკუმენტი არგუმენტების გარეშე, არაერთ მცდარ ინფორმაციას მოიცავს და მასზე ხელმოწერა დონალდ ტრამპისთვის იქნება ტესტი.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ „მეგობარი აქტი“ სახელწოდებასთან ერთად, წინააღმდეგობაში მოდის როგორც ქართველი ხალხის ინტერესებთან, ისე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გაცხადებულ მიდგომებთან.
ოპოზიციაში კი არ მალავენ, რომ დოკუმენტის შემუშავებაზე თავადაც მუშაობდნენ და იმედოვნებენ, რომ დაწყებული პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
სენატმა „მეგობარი აქტი“ განსახილველად 6 მაისს უკვე მიიღო - ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ უკვე ჩასმულია სენატის კალენდარში.
კონგრესმა კი „მეგობარი აქტი“ 5 მაისს 349 ხმით მიიღო. 42 კონგრესმენი წინააღმდეგ წავიდა, კიდევ 42-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
პროექტი, რომლის სრული სახელწოდებაც „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტია“, რამდენიმე კონკრეტულ პუნქტს მოიცავს. დოკუმენტი ერთი მხრივ აწესებს სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას.
პროექტი კონგრესში ჯო უილსონმა, ხოლო სენატში ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა წარადგინეს. როდის ჩატარდება ზედა პალატაში კენჭისყრა ჯერ დაზუსტებული არ არის. თუ „მეგობარი აქტი“ სენატშიც შესწორების გარეშე, იმავე სახით მიიღეს, ის უკვე პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი მას 10-დღიან ვადაში ხელს არ მოაწერს, აქტი ძალაში ავტომატურად შევა, თუმცა ამ პერიოდში კონგრესში სესია შეწყვეტილი არ უნდა იყოს. პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების შემთხვევაში კი, მის დასაძლევად კონგრესის ორივე პალატაში ხმების ორი მესამედი იქნება საჭირო.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს სინამდვილეში აბსოლუტურად მტრული აქტია და ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა.
„არ შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული. ეს არის, რა თქმა უნდა, მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში „დიფ სთეითმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ჩვენ ამ ორიოდე დღის წინ“, - თქვა კობახიძემ.
საუბრის ბოლოს „ოცნების“ თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითს“ დაამარცხებს.
„მე მინდა გამოვთქვა ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითზე“. თუ ტრამპი დამარცხდება „დიფ სთეითთან“, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ბრძოლას.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითზე“. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, მთავარია, რომ ჩვენ წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში.
ეს იქნება კონკრეტული ლოკალური მარცხი „დიფ სთეითთან“ მიმართებით, მაგრამ მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ სხვანაირად წარიმართება პროცესი“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
მაშ, რისთვის ისჯება „ქართული ოცნება“ და რას უნდა ელოდოს ხელისუფლება დონალდ ტრამპისგან? - ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე for.ge-თან ამბობს, რომ მმართველი გუნდის და ბიძინა ივანიშვილის დასავლეთთან დაპირისპირება არ ეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას, როგორც ამის შემოსაღებას ოპოზიცია ცდილობს. მისი თქმით, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი ქვეყნის სუვერენიტეტზე და მის გადარჩენაზე გააკეთა.
„მომავალი აჩვენებს ვინ არის და ვინ იყო მართალი იმ არჩევანში, რომელიც „ოცნებამ“ და მისმა ლიდერშიპმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გააკეთა. ეს პოლიტიკა, რომელსაც ახლა ხელისუფლება ატარებს, დასავლურ დიქტატთან არ შეპუებაა, დასავლური ხედვების მექანიკური როლის შესრულებაზე უარის თქმა და აქცენტის ქვეყნის სუვერენიტეტზე გაკეთებაა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პატარა ბავშვი არ არის, მას კარგად ჰქონდა გააზრებული და იცოდა ამას დასავლეთიდან რა რეაქციაც მოჰყვებოდა. მშვენივრად ათვიცნობიერებს დღემდე, რომ ამას მოჰყვებოდა სათანადო ნაბიჯები, ქმედებები, განცხადებები დასავლეთიდან. ივანიშვილი, ვფიქრობ, ამ ყველაფრისთვის მზად იყო. მას და ხელისუფლებას, ვფიქრობ, სხვაგვარად მოქცევის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ფაქტორები რომელთა ერთობლიობაც პოლიტიკურ გეზს განაპირობებს, ქვეყნის პერსპექტივაზე გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ხელისუფლებას ეს სიტუაცია სრულიად გააზრებული ჰქონდა. „ოცნებას“ უკან დახევა არა, მაგრამ შესაძლოა, რაღაცა ფორმით რიტორიკის ცოტა შერბილება მოუწიოს. თუმცა არ ველი, რომ უკან დახევა იქნება. როგორც აღვნიშნე უკვე, ივანიშვილი ამ ყველაფერზე გააზრებული წავიდა და ბოლომდე პრინციპული იქნება. ეს მისი მხრიდან წაგების აღიარება იქნება, რაც საფრთხეს ქვეყანას და მასაც შეუქმნის“, - ამბობს ბერიძე.
მისივე თქმით, სიტუაცია ცალსახა და მარტივად აღსაქმელი არაა. ბერიძე ამბობს, რომ მდგომარეობა იმაზე რთული და ვრცლად გასააზრებელია, ვიდრე ამას ჩვენს ქვეყანაში ფიქრობენ.
„მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში უნდა მოხდეს საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთის ახლანდელი დამოკიდებულების გააზრება. ჩვენ ამ ყველაფერს ქართული დიდგულობიდან ვუყურებთ და გვგონია, რომ ამას სენატორები და კონგრესმენები ჩვენს გადასარჩენად აკეთებენ. არადა აქ დიდი ბიჭების პოლიტიკის თამაში მიდის, სადაც პატარა ქვეყანას, საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის და ღირებულებებისთვის ბრძოლა უწევს. საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წელს ქვეყნის სათავეში ქართველი პატრიოტი ადამიანი მოვიდა, რამაც დასავლეთში გარკვეული სახის გაუგებრობები გამოიწვია. ივანიშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ეს ზეწოლა უკვე დიდი ხანია რაც დაწყებულია. ის ამბობს, რომ ეს პროცესი უკვე 2008 წლიდან დაიწყო და მას სხვადასხვა აქტივებზე წვდომა შეუზღუდეს. ეს არის დიდი გლობალური თამაში, სადაც ივანიშვილის როლი დასავლეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპი სწორედ ამ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაშია. აქ უცნაურს ხელისუფლება არაფერს ამბობს. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტიც, რომ ტრამპმა დაიწყო გავლენიანი ადამიანების „დიფ სთეითიდან“ გადმობირება. ტრამპმა თავის მხარეს გადმოიბირა მარკ ცუკერბერგი, ჯონ ბეზოსი, ილონ მასკი, რითაც „დიფ სთეითი“ გარკვეულწილად დაასუსტა და პირველი დარტყმა მიაყენა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის ჯერ მომაკვდინებელი დარტყმა, რაც „დიფ სთეითს“ ბოლომდე დაასუსტებს.
„კითხვაზე - მოაწერს თუ არა ტრამპი ამ აქტს ხელს, რთულია საუბარი. არ მგონია, ის საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ერკვეოდეს. კაცმა არ იცის რას იზამს, მისი პროგნოზირება რთულია. ამიტომ მოვლენები ძალიან რთულად ვითარდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ივანიშვილს და მის გუნდს, უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა. მე ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ კავკასია პაკისტანსა და ინდოეთის მსგავს ქვეყნებად არ გადაიქცეს, სადაც მუდმივი კონფლიქტური სიტუაციები იქნება. ამიტომ საქართველოში სიმშვიდე და სტაბილურობა, სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ ეს დაპირისპირება სრულიად კავკასიაზე არ გადავიდეს“, - ამბობს ბერიძე.