დოკუმენტი, რომელსაც ხელს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აწერს და რომელიც “ქართულ სიტყვას” უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკმა, სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა, უსაფრთხოების ექსპერტმა კონსტანტინე ფორჩხიძემ გადმოსცა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და, საერთოდ, არაერთი “ნაციონალური” მაღალჩინოსნის, მათ შორის, გია ბარამიძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგა ბოკერიასა და, რაღა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობას ღიად ადასტურებს. მეტიც, როგორც კონსტანტინე ფორჩხიძე ამბობს, საქმე საერთაშორისო დანაშაულებრივ სინდიკატთან გვაქვს, რომლის შესახებაც მასალები მხოლოდ მთავარ პროკურატურას კი არა, ერთი თვის წინ, საქართველოში ნატო-ს მისიის ხელმძღვანელსა და რამდენიმე ნატოელ მაღალჩინოსანსაც მიაწოდეს. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებს ფორჩხიძისა და მისი მეგობრების მიერ მოპოვებულ მასალებზე მოკვლევა არ დაუწყიათ... მაშ ასე, ექსკლუზიურად “ქართული სიტყვისთვის” უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე იარაღის უკანონო ბიზნესისა და ოფშორული კომპანიების მიერ ფულის გათეთრების სკანდალურ სქემებს შიფრავს:
- საუბარია 2007-2008 წლებში, პრაქტიკულად, რუსეთ-საქართველოს ომის დასაწყისში იარაღით უკანონოდ ვაჭრობის სქემებზე, რომლებიც ჩვენს მიერაა აღმოჩენილი.
- “ჩვენში” ვის გულისხმობთ?
- სამხედრო სპეციალისტების 5-6-კაციან ჯგუფს, სადაც ყველა პროფესიონალი ვართ. ეს დოკუმენტაცია, უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით, უკრაინიდან ამოვიღეთ. სხვათა შორის, დოკუმენტები საქართველოშიც ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ...
- ბატონო კოტე, თუ საქმე იარაღით უკანონო ვაჭრობას ეხება, თუნდაც უკრაინაში დოკუმენტები ვინ და რატომ შექმნა?
- საერთოდ, იარაღის სახელმწიფო შესყიდვა მკაცრად გასაიდუმლოებულია, რასაც შესაბამისი სამსახური პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელშეწყობით ანხორციელებს. ჩვენი მონაცემებით, ყველაფერი 2004 წელს, “ვარდების რევლუციის” შემდეგ დაიწყო. “ნაციონალურმა” ხელისუფლებამ კონტაქტი პირველად უკრაინულ კომპანია “უკრსპეცექსპორტთან” დაამყარა, რომლის გენერალური დირექტორიც სერგეი ბანდარჩუკი გახლდათ. სხვათა შორის, ეს ის ბონდარჩუკია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მოწოდების საქმეში აღმოჩენილი დახმარებისთვის მედალი ჩამოჰკიდა.
- ესე იგი, იარაღის შეძენა ქართულმა მხარემ 2004 წლიდან დაიწყო?
- 2004 წელს ქართულმა სახელმწიფომ უკრაინისგან იარაღის გარკვეული ჩამონათვალის, მათ შორის, ტანკებისა და ტყვია-წამლის შესყიდვა დაიწყო.
- ეს უკანონოდ ხდებოდა?
- არა... პრობლემა მაშინ გაჩნდა, როცა აღმოჩენილი იქნა ის უკანონო სქემები, რომლებითაც ფულის გადაქაჩვა ოფშორულ ზონებში ხდებოდა. ამ თანხის ნაწილი “უკრსპეცექსპორტში” ხვდებოდა, ნაწილი კი, ოფშორში ილექებოდა.
- კონკრეტულად, რომელ ოფშორულ ზონაზე, უფრო სწორად, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაზეა ლაპარაკი?
- ეს კომპანია “ბელ ტრეიდინგ და კონსალტინგია”, რომელიც ცოლ-ქმარ ბრაუნების მიერაა დაფუძნებული. ასევე, არსებობს სეიშელის კუნძულებზე დაფუძნებული უკრაინული კომპანია... საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ იარაღის შესყიდვაზე ხელშეკრულებები პირდაპირ “უკრსპეცექსპორტთან” კი არა, “ბელ ტრეიტინგთანაა” გაფორმებული, რაც საყურადღებოა.
- რატომ?
- იარაღის შესყიდვა გასაიდუმლოებულია და კავშირი, როგორც წესი, შუამავალ კი არა, პირდაპირ იმ კომპანიასთან მყარდება, რომლისგანაც იარაღის შესყიდვა ხდება, ანუ თანხები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იარაღის შესყიდვაზე იყო გამოყოფილი, “უკრსპეცექსპორტში” უნდა გადარიცხულიყო და არა - “ბელ ტრეიდინგში”.
- ოფშორული “ბელ ტრეიდინგის” დამფუძნებელი ცოლ-ქმარი ბრაუნები სადაურები არიან, ან ამ კომპანიაზე ქართული მხარე როგორ გავიდა?
- ყველაფერი ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც “ვიკილიქსმა” სკანდალური დოკუმენტი - საქართველოში აშშ-ის ელჩის, ტეფტის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი ე.წ. რაპორტები გამოაქვეყნა. ტეფტი თავის ხელმძღვანელობას, კერძოდ, აშშ-ის იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს სწერს, რომ “ბელტრეიდინგის” შესახებ ინფორმაცია მოიძიოს. სხვათა შორის, ტეფტი ინფორმაციის მოპოვებას საქართველოშიც ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამასთან, ტეფტი ჰილარი კლინტონს სთხოვს, შესაბამისმა სამსახურებმა გაარკვიონ, “ბელტრეიდინგი”, როგორც შუამავალი კომპანია, იარაღის ვაჭრობაში საკომისიოს იღებდა თუ არა და, საერთოდ, ჰქონდა თუ არა შესაბამისი ლიცენზია. ხელში ჩაგვივარდა ჰილარი კლინტონის პასუხიც, რომელიც უშუალოდ ტეფტის კი არა, არამედ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის სახელზეა დაწერილი. ჩვენი ინფორმაციით, ეს თანამშრომელი, პრაქტიკულად, აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენელია. ჰილარი კლინტონი მას “ბელტრეიდინგთან” გაფორმებული კონტრაქტების შესახებ ინფორმაციას აწვდის და პირდაპირ ამბობს, რომ ეს საეჭვო რეპუტაციის კომპანიაა, რომელიც იარაღის უკანონო ვაჭრობასა და ორგანიზებულ დანაშაულშია შემჩნეული.
- ბატონო კოტე, თქვენი ინფორმაციით, ტეფტი “ბელტრეიდინგით” რატომ დაინტერესდა?
- იმიტომ დაინტერესდა, რომ თავდაცვის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ბერძენიშვილს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს კურირებდა, საელჩოს სამხედრო ატაშესთან ჰქონდა შეხება.
- ამ დროს თავდაცვის მინისტრი ვინ იყო?
- დავით კეზერაშვილი... “ბელტრეიდინგის” აქტიური მოღვაწეობა 2007-2008 წლებს, ანუ კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობას ემთხვევა. აღმოჩნდა, რომ “ბელტრეიდინგზე” გაცემულ 30-დღიან ლიცენზიებზე ხელს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა მუჯირი აწერდა. ასევე, დოკუმენტებში დასახელებულია გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი ზაზა გოგავაც. ლიცენზიები ეხება იარაღის გარკვეულ ჩამონათვალს, საუბარია “ემ 4”-სა და ამერიკულ ავტომატებზე. ასევე, ნახსენებია ბულგარული კომპანია “ბი-ეი-ემ”-ი და, სხვათა შორის, ჰილარი კლინტონი საქართველოში “ცე-რე-უ”-ს წარმომადგენელს აწვდის ინფორმაციას, რომ ეს ბულგარული კომპანია არალიცენზირებულია და არ აქვს უფლება, რომ იარაღით ვაჭრობას აწარმოებდეს, ანუ ქართული მხარის მიერ ხელშეკრულება არალიცენზირებულ კომპანიასთან იქნა დადებული.
- “ბელტრეიდინგთან” ურთიერთობა ვინ დაამყარა?
- თავდაცვის სამინისტრომ.
- თავდაცვის სამინისტრო დიდია. კონკრეტული ადამიანის დასახელება არ შეგიძლიათ?
- ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ხელშეკრულებას ხელს დავით კეზერაშვილი აწერს. სხვათა შორის, ჰილარი კლინტონი ზემოხსენებულ წერილში საქართველოში აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენელს სთხოვს, გაარკვიოს, “ბელტრეიდინგთან” კონტაქტი 2009 და შემდეგ წლებშიც გრძელდებოდა თუ არა. როგორც ჩვენ დავადგინეთ, ეს კონტაქტი 2011 წლამდე გრძელდებოდა.
- ბატონო კოტე, თქვენი მონათხრობის მიხედვით, მთავარი უკანონობა ის იყო, რომ ქართულმა მხარემ იარაღის შესყიდვაზე ხელშეკრულება არალიცენზირებულ კომპანიასთან გააფორმა. ასევე, ნიშანდობლივია, რომ ფული უშუალოდ იმ კომპანიას კი არ ერიცხებოდა, რომლისგანაც იარაღს ვყიდულობდით, არამედ, - საეჭვო რეპუტაციის მქონე ოფშორულ “ბელტრეიდინგს”. მოდით, უფრო დეტალურად გაშიფრეთ, ფული როგორ კეთდებოდა?
- ფულის მოძრაობის სქემა ასეთი იყო: საქართველოს ბიუჯეტიდან თანხა ოფშორში ჯერ “ბელტრეიდინგს” ერიცხებოდა, მერე, იქიდან - უკრაინაში, “უკრსპეცექსპორტს”. აღსანიშნავია, რომ “ბელტრეიდინგი” “უკრსპეცექსპორტისგან” იარაღს, საუბარია რამდენიმემილიონად ღირებულ ჯავშანტექნიკაზე, 150 ათას დოლარად, ანუ ლიმუზინის ფასად ყიდულობდა. მოკლედ, საქართველოს ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის 80 პროცენტი “ბელტრეიდინგის” ანგარიშზე რჩებოდა და ჩვენც სწორედ ამ შეკითხვას ვსვამთ, თუ სად მიდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. ასევე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, კანონიერი იყო თუ არა ოფშორში ფულის გადარიცხვა.
2008 წელს, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, იულია ტიმოშენკოს ინიციატივით, “უკრსპეცექსპორტის” თემატიკის შესწავლა დაიწყო - უკრაინის რადაში სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც დოკუმენტაცია მოიკვლია და სწორედ აქ ამოვარდა “ბელტრეიდინგი”.
- ტიმოშენკო ამ თემით რატომ დაინტერესდა?
- იმიტომ დაინტერესდა, რომ არსებობს წერილი, რომელშიც იუშჩენკო “უკრსპეცექსპორტის” გენერალურ დირექტორს, ბანდარჩუკს სთხოვს, რომ იმ 15 დივიზიონიდან, რომელიც უკრაინის საჰაერო სივრცეს იცავს, 7 დივიზიონი საქართველოს დაუთმოს. სერგეი ბანდარჩუკი იუშჩენკოს პასუხობს, რომ თხუთმეტივე დივიზიონს ექსპლუატაციის ვადა 2001 წელს გაუვიდა და გადაიარაღებას საჭიროებს. გადაიარაღება, ანუ განახლება კი მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილი მასალითაა შესაძლებელი. საუბარია “ბუკებზე”, “კრუგებსა” და “ეს 200-ზე”. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი გზა იყო, ანუ რუსეთიდან ახალი ტექნიკა, საქართველოს გავლით, მესამე ქვეყნებში ხვდებოდა.
- ანუ, საქართველო იარაღის ვაჭრობაში ტრანზიტი იყო?
- დიახ.
- ამაში ფულს კონკრეტულად ვინ აკეთებდა?
- ყველა მხარე.
- საქართველოში?
- ხელშეკრულებაზე ყველა ხელისმომწერი: დავით კეზერაშვილი, მამუკა მუჯირი, ზაზა გოგავა...
- და ამ სქემის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაფერი იცოდა?
- უნდა სცოდნოდა. ამის შესახებ, ასევე, უნდა სცოდნოდა შსს-ს სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ მომსახურებას აწარმოებს. ასევე სამხედრო პოლიციას, საგარეო დაზვერვის სამსახურსა და უშიშროების საბჭოს.
- ესე იგი, საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ მერაბიშვილი, ბეჟუაშვილი, ბოკერია...
- და კიდევ ოქრუაშვილი.
- ოქრუაშვილი რაღა შუაშია?
- “უკრსპეცექსპორტთან” თანამშრომლობა ოქრუაშვილის კი არა, ჯერ კიდევ გია ბარამიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, 2004 წელს დაიწყო. იმასაც გეტყვით, თუ ვინ იყვნენ გადამზიდავი კომპანიები. საერთოდ, იარაღით ვაჭრობაში გადამზიდავი კომპანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ვიდრე გადამზიდავ კომპანიებზე ვისაუბრებ, უკრაინელების მიერ ჩატარებულ გამოძიებას დავუბრუნდები...
- ბატონო კოტე, თქვენი ნაამბობით ისე გამოდის, რომ მთელი ეს “დიდი ბიზნესი” იულია ტიმოშენკომ ჩაუშვა...
- დიახ, ასეა - მან მთელი ამ სქემის გასაჯაროება მოახერხა.
- ეს ტიმოშენკომ დამოუკიდებლად გააკეთა თუ ვინმეს დავალება შეასრულა?
- ტიმოშენკო, უბრალოდ, დაინტერესდა, თუ რატომ ვერ გამოიყენა საქართველომ უკრაინისგან მიცემული 7 დივიზიონი აგვისტოს ომში, მაგრამ როგორ გამოიყენებდა, როცა ეს 7 დივიზიონი საქართველოში საერთოდ არ ჩამოსულა? მხოლოდ ერთი დივიზიონი ჩამოვიდა და ისიც - გაფუჭებული. წარმოდგენა რომ გქონდეთ, თითო დივიზიონში 9 “ბუკია”, ესე იგი, სულ შვიდ დივიზიონში 63.
- “ბუკი” რა არის?
- “ბუკი” ის ჯავშანტექნიკაა, რომელიც მფრინავ ობიექტს აღმოაჩენს და ანადგურებს. სხვათა შორის, უკრაინული მხარის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოს, ასევე, შეძენილი აქვს 200 “იგლა”. იცით, 200 “იგლა” რამდენია? - საქართველოს საჰაერო სივრცეში ერთი საფრენი აპარატიც რომ ვერ გაიჭაჭანებს...
- ბატონო კოტე, სააკაშვილისა და ტიმოშენკოს შორის “შავმა კატამ” ზემოხსენებული “ჩაშვების” გამო გაირბინა?
- პრაქტიკულად, ასეა. ალბათ, გახსოვთ: უკრაინის არჩევნებში სააკაშვილის მიერ “ზონდერების” გაგზავნამ ტიმოშენკოსთვის ძალიან ცუდი როლი შეასრულა... სხვათა შორის, “უკრსპეცექსპორტთან” დაკავშირებით უკრაინის რადამ განცხადება გენერალურ პროკურატურასაც გაუგზავნა, მაგრამ მას ეს საქმე არ გამოუძიებია და ეს ბუნებრივია, რადგან ამ საქმეში იანუკოვიჩიც იყო გარეული, რომელიც მაშინ პრემიერი გახლდათ, მერე კი, პრეზიდენტი გახდა.
ამ ჩახლართული სქემის შესახებ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სარჩელი მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ. მასალების ნაწილი დღევანდელი პრემიერის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ მინდია ჯანელიძესაც გადავეცით. ამასთან, ირაკლი კაკაბაძის მხარდაჭერით, 28 იანვარს კონფერენციაც ჩავატარეთ, რომელსაც საქართველოში ნატო-ს მისიის ხელმძღვანელი და ნატო-ს სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანიც ესწრებოდა და ეს დოკუმენტაცია მათაც გადავეცით...
- თუკი ყველაფერ ამის შესახებ მხოლოდ ქართველმა სამართალდამცავებმა კი არა, ჰილარი კლინტონმა და ნატოელმა მაღალჩინოსნებმაც იცოდნენ, აბა, საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილი რატომღა გაამართლა? მაშასადამე, გამოდის, რომ ამ სინდიკატში საფრანგეთიც იყო ჩართული?
- ეს შეკითხვა ჩვენც გვაქვს... არადა, ყველაფრის გამოძიება ძალიან ადვილია - ეს დოკუმენტაცია თავდაცვის სამინისტროში უნდა იყოს დალექილი...
- ხომ შეიძლება, “ნაციონალებმა”, წასვლის წინ, ყველაფერი გააქრეს?
- გამოძიება სწორედ ამიტომ უნდა ჩატარდეს. შეიძლება, დოკუმენტები აქ გაანადგურეს, მაგრამ უკრაინაში ხომ არსებობს? მთავარ პროკურატურას შეუძლია, უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართოს და “უკრსპეცექსპორტიდან” ხარჯთაღრიცხვა ამოიღოს...
- უკრაინის ბოლოდროინდელ მოვლენებში სააკაშვილის აქტიური ჩართვა სწორედ იარაღის უკანონო ბიზნესის კვალის გაქრობას ხომ არ ემსახურება?
- შესაძლებელია... სხვათა შორის, დიდხანს ვიფიქრეთ, ამ თემის წამოწევა ღირდა თუ არა, რადგან საუბარი ჩვენს სიცოცხლეზე იყო - ჩანდა, რომ საქმე დანაშაულებრივ სინდიკატთან გვქონდა...
- ისე, ბატონო კოტე, “ნაციონალებმა” თავის დროზე რატომ არ გაგანეიტრალეს?
- ეს თემა ანგაჟირებული არ იყო...
- შეიძლება, მაგრამ ხომ იცოდნენ, რომ ინფორმაციის მატარებელი იყავით?
- სწორედ ეს არ იცოდნენ... ამ თემის პედალირება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ. სააკაშვილმა შეცდომა სწორედ ამ დროს დაუშვა - სერგეი ბანდარჩუკი დააჯილდოვა...
- ბატონო კოტე, პირდაპირ გკითხავთ: თქვენს უკან ვინ დგას?
- ვინ უნდა იდგეს? ერთადერთი, ცხონებული მამაჩემი იდგა და ისიც სასაფლაოზე წევს!
- თქვენი სიცოცხლე და უსაფრთხოება, ალბათ, არც ახლაა დაცული...
- რა თქმა უნდა, არაა დაცული, მაგრამ თუ დამნაშავე არ დაისაჯა, ამით ქვეყნის იმიჯი შეილახება.
- ბატონო კოტე, იარაღით ვაჭრობით რატომ დაინტერესდით?
- 2008 წლის აგვისტოში საქართველო, პრაქტიკულად, დაუცველი აღმოჩნდა. არადა, თავდაცვაში უამრავი თანხა იყო დახარჯული. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გაგახსენებთ, პუტინმა პირდაპირ მითხრა, ომის დაწყებას 2007 წლის დასაწყისში აპირებდაო. ამ განცხადების შემდეგ, თავდაცვის ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ გაიზარდა და მილიარდამდე ავიდა, საიდანაც 500 მილიონი იარაღის სახელმწიფო შესყიდვებზე დაიხარჯა. კი ბატონო, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უნდა იზრუნო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს სამხედრო ტექნიკა და იარაღი საქართველოში, პრაქტიკულად, არ შემოსულა და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სად გაქრა და გადაიყიდა...
- ესე იგი, აგვისტოს ომით ფინანსური მოგება რუსეთმაც ნახა?
- რუსეთი ყოველთვის თავის სქემას ამუშავებდა - იარაღს იმ ქვეყნებს აწვდიდა, რომლებსაც ემბარგო ედოთ.
რაც შეეხება გადამზიდავ კომპანიებს, მათ სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ სულ ოთხი კომპანიაა და ერთ-ერთის მეპატრონე ვანო მერაბიშვილის მოგვარეა. ამ სქემაში შსს-ს ჩართულობაც იკვეთება, რადგან 2009 წლის თებერვალში ამ გადამზიდავ კომპანიებს, “ბელტრეიდინგის” მეშვეობით, შსს-სთვის ისეთი შეიარაღება აქვთ შემოტანილი, რაც შსს-ს, პრაქტიკულად, არ უნდა ჰქონოდა.
კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით: ეს გადამზიდავი კომპანიები უკრაინაში შექმნილი რუსული კომპანიის, “უკრფერის” შვილობილი კომპანიებია.
- წეღან თქვით, იარაღით ვაჭრობაში საქართველო ტრანზიტი იყოო, ჩვენი ქვეყნის გავლით კონტრაბანდული იარაღი რომელ ქვეყნებს მიეწოდებოდათ?
- სირიას ან ირანს... 2004 თუ 2005 წელს ირანში თვითმფრინავების გაყიდვაც დაფიქსირდა. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ის პირები, ვინც გამოძიებაში იყვნენ ჩართულნი, შსს-დან გაუშვეს. მოკლედ, ეს სქემა 2004-დან 2011 წლის ჩათვლით მუშაობდა...
- ბატონო კოტე, შეიძლება, დილეტანტური შეკითხვაა, მაგრამ ის მოვლენები, რაც საქართველოში 2007 წლის შემოდგომაზე განვითარდა, ანუ ირაკლი ოქრუაშვილის ოპოზიციაში გადასვლა, შემდეგ, მისი დაჭერა და ბოლოს, “ნაციონალების” მიერ საფრანგეთში გაცილება იარაღით ვაჭრობას ხომ არ უკავშირდება?
- გახსოვთ, უკრაინიდან უხარისხო ტექნიკის შემოყვანაზე სკანდალი რომ ატყდა? ამაზე გამოძიება დაიწყო და თავდაცვის სამინისტროს ის წარმომადგენლები დააპატიმრეს, ვინც იარაღის შესასყიდად უკრაინაში ოფიციალურად იყვნენ ჩასულები, მაგრამ ისინი, ვინც შესყიდვას აწარმოებდნენ, არ დაუკავებიათ და ყველამ კარგად იცის, რომ ეს ოქრუაშვილის გარეშე არ მოხდებოდა...
- 2007 წლის ნოემბრის მოვლენები დადგმული ხომ არ იყო, რომ “ნაციონალებს” ოქრუაშვილი საქართველოდან გაეყვანათ?
- დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არსებობს დიდი ეჭვი, რომ ყველაფერი ეს სწორედ იარაღით უკანონოდ ვაჭრობის სქემებს უკავშირდება. დააკვირდით, ეს ხალხი რა ქონების პატრონი იყო, დღეს კი, მილიონები და მილიარდები აქვთ. მე კი, უშიშროების ისეთივე პოლკოვნიკი ვარ, როგორიც ვიყავი - ჩემი ქონება ისაა, რაც იყო...
სხვათა შორის, 2009 წელს, საქართველომ, უკრაინელების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით, 57 მილიონი უკრაინული გრინვა 12 ტანკის - “ტ 84”-ის, ანუ “ობლოტის” შესაძენად გადაიხადა, მაგრამ ეს ტანკები საქართველოში არ შემოსულა. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ტანკები სად არის. ისე, “ბელტრეიდინგთან” ისეთი ხელშეკრულება იყო გაფორმებული, რომ ამერიკელ კოლეგებთან თვითონ მინისტრის მოადგილე ბერძენიშვილიც წუხდა, ისეთი ხელშეკრულება გვაქვს, რომ შუამავალი ფირმა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ვალდებული არააო. მოკლედ, გამოდის, რომ ეს მილიონები ვიღაცების ჯიბეში დაილექა!
- ბატონო კოტე, ამბობთ, რომ ეს მასალები მთავარ პროკურატურას გადაეცით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ქართულმა მხარემ საფრანგეთს ერთობ უსუსური მტკიცებულებები გადასცა. ამასთან, მედიაში საუბარია “საქმის მოგვარებაში” გადახდილ 20 მილიონზე... როგორ ფიქრობთ, იმაში, რომ საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილი, პრაქტიკულად, გაამართლა, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის ხელი ხომ არ ურევია?
- არ ვიცი, ამ საქმესთან ლაშა ნაცვლიშვილი რა კავშირშია, მაგრამ ეშმაკები ყოველთვის დეტალებში სხედან. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილსა და მამუკა მუჯირს ერთმანეთთან დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ: ორივე თავის დროზე ვალერი ხაბურძანიას მოადგილე იყო და ერთმანეთთან შეიძლება, რაღაც ვალდებულებებიც ჰქონდათ!
რაც შეეხება საფრანგეთის სასამართლოს, მოსამართლემ კეზერაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმ მასალებით მიიღო, რომლებიც საქართველოდან იყო გაგზავნილი. ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე კი, მთავარ პროკურატურაში, მგონი, მოკვლევაც არ დაწყებულა...
- აშშ-მ სააკაშვილზე გული მას შემდეგ აიცრუა, რაც იარაღით ვაჭრობის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა?
- ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთს დროში ბევრი რამ ემთხვევა...
- თქვენი აზრით, “ნაციონალებს” იარაღის ბიზნესში ჩართვა უკრაინელებმა შესთავაზეს, ანუ სააკაშვილის უკრაინულმა წარსულმა იმუშავა?
- აქ მხოლოდ სააკაშვილის კი არა, იუშენკოს წარსულმაც იმუშავა - იცით, მათ რაც აქვთ დამთავრებული.
- რა?
- სპეცსამსახურის კიევის სკოლა, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ხვდებოდნენ...
მიდის თუ არა ზურაბ ჟვანიას, ადმირალ ზურაბ ირემაძისა და გია კრიალაშვილის მკვლელობის კვალი იარაღით უკანონო ვაჭრობასთან და მოაწყო თუ არა სპეცსამსახურმა მუხროვანის ამბოხის ინსცენირება? - ამ და სხვა სკანდალურ თემებზე უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართული სიტყვის” შემდეგ ნომერში ისაუბრებს.