საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მორიგ საპროტესო აქციას აანონსებს და საზოგადოებას ერთად დგომისკენ მოუწოდებს. „მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც ევროპის დღეა და ამასთან, პასუხია ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ ჩვენს ქუჩებში - უნდა გამოვიდეთ და ევროპა ამ რუსიფიკაციას დავუპირისპიროთ“, - სწორედ ასე მიმართა ზურაბიშვილმა მოსახლეობას მის მიერ გამართულ ბრიფინგზე. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, „რუსები ხეირობენ“.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შეხვედრაზე განხილულ თემებზეც.
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც ქვეყანაშია. ეს თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა „ვივამედის“ ოფიციალურ დოკუმენტში. ეს არის ჩვენი დღევანდელი ქვეყნის სურათი. კიდევ უფრო მძიმე ამ სურათიდან გამომდინარე ისაა, რომ არ შეიძლება დღეს გვქონდეს რამე მოლოდინი ან იმედი ან გამოძიების, ან სასამართლოსი. ეს არის სწორედ ის, რაც ამ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება. მთავარი - დავიბრუნოთ სასამართლო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ დაანონსებული აქციებით ცდილობს საზოგადოებას და დასავლეთს თავი შეახსენოს. ანჯაფარიძის შეფასებით, ზურაბიშვილის პოზიციები დღეს საკმაოდ სუსტია, რადგან მის მიერ შექმნილ „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ არ მონაწილეობენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიები და ლიდერები.
„სალომე ზურაბიშვილი დაანონსებული აქციებით ცდილობს საკუთარი თავის პოლიტიკურ აქტუალიზაციას მას შემდეგ, რაც მას რამდენიმე საჯარო გამოსვლა ჩაუვარდა, განსაკუთრებით 31 მარტის - ის ახლა მორიგ წრეზე მიდის, რომ რაღაცნაირად მოახდინოს მისი ლიდერობის დემონსტრირება. სარგებლობს იმით, რომ ის ჯერ კიდევ აღიქმება საზოგადოების ერთ ნაწილში, როგორც დასავლეთის წრეების მხრიდან ნდობით მოსარგებლე და გარკვეული გავლენების მქონე პიროვნება. ის ცდილობს ამაზე კაპიტალიზაცია მოახდინოს ადგილზე, შეკრიბოს გარკვეული ჯგუფები და საპროტესტო აქციებით შეახსენოს თავი დასავლეთს და აჩვენოს, რომ საქართველოში გარკვეული გავლენებით სარგებლობს.
ასევე, ადგილობრივ, პოლიტიკურ ველზეც დაიმკვიდროს ადგილი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ შესუსტდა - მისი პოზიციები არის საკმაოდ მოწყვლადი იქიდან გამომდინარე, რომ მის მიერ დაარსებული „წინააღმდეგობის პლატფორმიდან“ გავიდა „ნაციონალური მოძრაობა“, გახარიას პარტიამ განაცხადა, რომ ის ორგანიზაციულად, 26 მაისის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, სხვა პარტიებიც დიდი ხალისით არ მონაწილეობენ ამაში - ეს არის ზურაბიშვილის ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, რომ რაღაცნაირად შეეცადოს საქართველოში პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს. ვფიქრობ, რომ პრობლემა სწორედ მის პერსონაშია“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული საპროტესო აქციები არის უბრალოდ აქცია აქციისთვის.
„ზურაბიშვილს ავალებენ მისი პატრონები, ვინც მას აფინანსებს და ზურაბიშვილიც გაორებულ სიტუაციაშია, რადგან ძალიან ბევრი ფული აქვს მიღებული იქიდან და „შეჭმული“. სალომე ზურაბიშვილი არის სათამაშო პაიკი მისი „დიფსთეითელი“ პატრონების ხელში. „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“ - ეს არის სალომე ზურაბიშვილი, ხოლო, მისი ეს განცხადებები - წყლის ნაყვა.
ჩვენ გვახსოვს 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, როგორ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. სალომე ზურაბიშვილი და მისი თანამეინახენი ყრიან ქუჩაში, რომელთაც თავად მისი მომხრეებიც კი არ იკარებენ, რადგან მათ თვალშიც ისინი დისკრედიტირებულნი არიან. სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებული აქცია არის აქციისთვის“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.