EPP ევროკავშირის დასაცავად ენჯეოების საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვს, საქართველოსგან კი მსგავს მოთხოვნას, ეტყობა, ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნევს

EPP ევროკავშირის დასაცავად ენჯეოების საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვს, საქართველოსგან კი მსგავს მოთხოვნას, ეტყობა, ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნევს

ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალობის კანონის მიღებისთვის მწვავედ აკრიტიკებს, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობაზე ალაპარაკდა. ევროპარლამენტის მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ და ევროკომისიას გამოძიებას სთხოვენ.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას საქმიანობს არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი დაფინანსების წყარო და მიზნები დეკლარირებული უნდა იყოს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპულმა სტრუქტურებმა არასამთავრობოებისთვის და სამოქალაქო ჯგუფებისთვის რვა მილიარდზე მეტი გამოყვეს. თავად ევროპული სტრუქტურები აღიარებენ, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი არამიზნობრივად დაიხარჯა.

ევროპის სახალხო პარტიის ბრძოლა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროპის პოლიტიკურ ჯგუფში განხეთქილების მიზეზი ხდება.

ევროპის ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალებს შორის არის უხერხული განცდა, რადგან ისინი თვლიან, რომ ევროპის სახალხო პარტია, მათ რიგებს ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ ტოვებს. ინფორმაციას politico ავრცელებს.

მემარჯვენე ცენტრის ჯგუფი - ევროპის უდიდესი პოლიტიკური ოჯახი და ცენტრისტული კოალიციის ნაწილია, რომელიც პოლიტიკაში ევროკავშირის ბლოკის შექმნის დღიდან დომინირებს - აწარმოებს პოლიტიკურ კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ ევროკავშირის გრანტებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სამიზნე ევროპის სახალხო პარტია შეუდგა საქმეს, რომელიც პოლიტიკის ულტრამემარჯვენე ძალებს უკავშირდება და ეს ნაბიჯი ევროკავშირის პოლიტიკას ცვლის, რადგან ულტრამემარჯვენე პარტიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროპის სახალხო პარტია მსგავს ბრალდებებს უარყოფს და ამბობენ, რომ უბრალოდ, ითხოვენ მეტ გამჭვირვალობას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ არაკომერციული ორგანიზაციები ევროკავშირის გადამხდელთა ფულს, ადანაშაულებენ ევროკომისიას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში, რათა მათ ლობირება გაუწიონ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს მისი სახელით, რათა დაიცვან გარემოსდაცვითი კანონები. მაგრამ სხვები ამას არ ეთანხმებიან, მათ შორის, ევროპარლამენტის ორი უმსხვილესი ცენტრისტული ჯგუფი - ლიბერალური ჯგუფი „განვაახლოთ ევროპა“ და მემარცხენე-ცენტრისტული ჯგუფი „სოციალისტები და დემოკრატები“, რომლებიც თვლიან, რომ კამპანია ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის შეზღუდვის მცდელობაა, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობის ნაწილია.

„რაც ნამდვილად შეგვიძლია ვისურვოთ, არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ევროკავშირი შეძლებს გამჭვირვალობის სამაგალითო სტანდარტების დანერგვას და ფარდას ახდის იმ ევროპულ ქსელს, რისი იდენტური ნაწილიც ვიხილეთ ამერიკის USAID-ის და NED-ის ქსელთან დაკავშირებით“, - ასე აფასებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აღნიშნულ ფაქტს.

„ზუსტად ის არის, რასაც ვამბობდით, რომ ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ფული ისეთ საქმიანობაში იხარჯება, რომ „ენჯეოების“ დახმარებით გააჩუმონ და ჩაახშონ მოსახლეობის ხმები და გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე. ე.წ. ჩრდილოვანი ლობიზმით, რასაც უწოდებს ეს ადამიანი [ტრამპი] ამ პროცეს და სწორედ ამიტომ ითხოვს ეს ადამიანი ევროკომისიისგან და ევროკავშირისგან მეტ გამჭვირვალობას.

ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვისურვოთ, არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ევროკავშირი შეძლებს გამჭვირვალობის სამაგალითო სტანდარტების დანერგვას და ფარდას ახდის იმ ევროპულ ქსელს, რისი იდენტური ნაწილიც ვიხილეთ ამერიკის USAID-ის და NED-ის ქსელთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან ამბობს, რომ იმას რასაც საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელიდან უშლიდნენ და ამის გამო აკრიტიკებდნენ, ახლა იძულებულები არიან ასეთი კანონი თავადაც მიიღონ. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბედის ირონიაა, როცა სწორედ ეს საკითხი ევროკავშირში დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„ევროკავშირში არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალობა, კორუფცია, ფინანსური მაქინაციები, ლობიზმი, სერიოზულ პრობლემად იქცა. უკვე ყველასთვის ცხადია და ეს ამერიკის ფონზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა თანხების და ფინანსების გაუმჭვირვალობა პრობლემად არის ქცეული, პოლიტიკაში აქტიურად ერევიან. ეს ორგანიზაციები შავი ფულის გათეთრების დიდ ქსელებად იქცნენ. ამიტომაც გააუქმა ტრამპმა დაფინანსების ეს წყაროები და ახლა ამ პრობლემას უკვე თვალი ევროკავშირშიც გაუსწორეს. თუმცა ეს თუ სხვა, საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში ხდება, რომელსაც თავის ვასალად და ყმად აღიქვამენ, მაშინ მათ უფლება არა აქვთ ამ თანხების გამჭვირვალობაზე კანონი მიიღონ. მოიკითხონ საიდან მოაქვს ამ ხალხს ეს ფული და რაში იყენებენ. ხომ ყველასთვის ნათელია და ეს უკვე კითხვებსაც აღარ აჩენს, რომ ამას საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ. არადა ბრიუსელიდან მაღალჩინოსნები ამას ხელსაც უწყობდნენ და ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ახლაც იმავეს აკეთებენ, რომ ეს კანონი მიღებული არ უნდა ყოფილიყო. ამის გამო ქალაქში რა ამბები დაიწყეს და რა დღეში იყვნენ, ყველას კარგად ახსოვს. როგორ მობილიზებულები ჰყავდათ ახალგაზრდების ჯგუფები და რამხელა ფული იხარჯებოდა იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალათ. თუმცა ეს მცდელობა ჯერ კიდევ შეჩერებული არ არის და გადატრიალების საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას“,-ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, როდესაც უკვე ეს მათ ღობეს ეხება და მათი პრობლემა ხდება, ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვენ. ახვლედიანი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში უკვე ხვდებიან მათი ძალაუფლებისთვის რამხელა პრობლემა შესაძლოა ამ თანხების გაუმჭვირვალობა გახდეს.

„არასამთავრობოების გაუმჭვირვალობასთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების სტაბილურობას შესაძლოა აღმოსავლეთიდან წამოსულმა თანხებმა შეუქმნას პრობლემები, რომელიც გაუმჭვირვალეა. ამიტომ, როდესაც ევროკავშირში, ბრიუსელში იგრძნეს რამხელა პრობლემის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბარი არ უნდოდათ, ახლა სხვა გზა არა აქვთ. ეს საკითხი უკვე დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

როგორი ცინიზმია, როცა საქართველოში „გამჭვირვალობის“ კანონის გამო ლამის, გადატრიალებას და რევოლუციას აწყობდნენ, ამ კანონის მიღებას დღის წესრიგში თავად აყენებენ, რადგან დაინახეს, რომ საფრთხე რეალურად ემუქრებათ. ასეთი ორმაგი სტანდარტის მატარებელია ბრიუსელი და მათი ბიუროკრატია. ეს ფინანსური ნაკადები, რომელიც ევროკავშირში არ კონტროლდება, ისეთ პრობლემებს უქმნის, რომ მერე ხვდებიან, ვერ გაუმკლავდებიან. ამიტომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ამაზე ღიად დაიწყეს საუბარი. თუმცა ამაში ჩაფლულები თავად ბრიუსელის ჩინოვნიკები არიან. ხომ ვხედავთ რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება ლობირებისთვის და ქრთამის აღებისთვის. ამიტომ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო შორს წავა და ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეს ვიხილავთ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ამ გამჭვირვალობის კონტექსტში გაჩნდა ჩვენი ოპოზიციისთვის დაპირებული 120 მილიონის გადმორიცხვის პრობლემაც. არადა ევროკავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას ჰპირდებოდა, რომ ამერიკიდან შეწყვეტილი დაფინანსების სანაცვლოდ ევროკავშირიდან მიიღებდნენ ფულს და ამ პრობლემას ამით აღმოფხვრიდნენ. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოსთვის აღარ სცალიათ და ეს დაპირებული ფულიც არ ჩანს.