მას შემდეგ, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 2003 -2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულების შესახებ გამოძიება დაიწყო და დღის სინათლეზე მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის წევრების ენით აღუწერელი დანაშაულები საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რატომ რჩება სააკაშვილი ისევ „ვივამედში“, მით უმეტეს მისი ჯანმრთელობის და დაავადებების შესახებ ყველა ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს კითხვები „ოცნებაში“ აქვთ და არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში მისი ციხეში გადაყვანა გადაწყდეს. ამის შესახებ ღიად საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ისაუბრა.
„ყველას გვაქვს კითხვა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილი საავადმყოფოში, პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, ესეც მალე გამოსწორდება“, – ამბობს წულუკიანი.
მან ეს კითხვა კომისიის წევრებთან დასვა, სადაც უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ყოფილ დეპუტატს, ვალერი გელაშვილს უსმენდნენ.
თეა წულუკიანის თქმით, ფოტო-ვიდეომასალას, რომელსაც საგამოძიებო კომისია დასკვნას დაურთავს, ჩახედავს მომავალი თაობა და ახალგაზრდები ნახავენ, რომ სააკაშვილი ერის მამა კი არა, არამედ იყო მავნებელი და ბოროტი ძალა.
„ჩვენს დასკვნას დანართებად ექნება თითოეული ფოტო და ვიდეო, რომელსაც მომავალი თაობის წარმომადგენლები ჩახედავენ და ნახავენ, რომ ეს ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის, არამედ იყო მავნებელი, ბოროტი ძალა. როგორც სოზარ სუბარმა თქვა – ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. ყველას გვაქვს კითხვა, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ასევე, არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილის საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად დაკითხვა გახდეს საჭირო.
საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ოთხი პირი გამოჰკითხა, რომლებიც მათ საქმესთან დაკავშირებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას ხედავენ და ამბობენ, რომ მათთან დაკავშირებით უშუალოდ ბრძანებას სააკაშვილი გასცემდა.
ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული საქმე ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემა და მასზე არნახული ანგარიშსწორებაა. მან ისაუბრა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობასა და რეზიდენციის გვერდით მის საკუთრებაში არსებული სახლის გაყიდვის დეტალებზე.
მისი თქმით, კონფლიქტი მასსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მან პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისათვის მისი კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურება მოითხოვა.
როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, 2005 წელს, აღნიშნული კონფლიქტის შესახებ მწვავე ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ გაზეთს, რის შემდეგაც, დაახლოებით ორ კვირაში, 14 ივლისს, თბილისში, საკუთარი ავტომობილით მოძრაობისას, თავს სპეცრაზმელები დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ფუძის ძვლის მოტეხილობა.
მისივე თქმით, თავდასხმის ოპერაციას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანება შეასრულა, ხოლო თავად მერაბიშვილს დავალება მიხეილ სააკაშვილმა მისცა.
ვალერი გელაშვილის განცხადებით, თავდასხმის დროს, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი დაცვის წევრს და მანქანიდან გაიტაცეს კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთები.
მისი თქმით, ხელისუფლებას გამიზნული ჰქონდა, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მიზნით, აღნიშნული თავდასხმა „ბიზნეს-გარჩევად მოენათლა“.
როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, თავდასხმის შემდეგ, მას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ექიმების ჩარევის შემდეგ მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება და შემდეგი მკურნალობისთვის უცხოეთში გადაყვანა, რამაც სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ვალერი გელაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2006 წელს მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უკანონოდ შეუჩერეს.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ „ოცნების“ ამომრჩევლის მზარდი უკმაყოფილება მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ ყოფნის გამო გასაგები და ლოგიკურია, მით უმეტეს ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ასეთი დანაშაულების ჩამდენი ადამიანი რატომ იმყოფება კეთილმოწყობილ საავადმყოფოში.
„ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი, მაგრამ ახალგაზრდა თაობისთვის უცნობი ფაქტების ღიად გამოტანა და იმ ადამიანების უშუალოდ მოსმენა, რომლებიც საგამოძიებო კომისიაზე სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის შესახებ ყვებიან, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დიდ ნაწილში აჩენს პროტესტის გრძნობას, რატომ იმყოფება სააკაშვილი ისევ „ვივამედში“? ძალიან ავადმყოფი და რაღაცა უბედურებისკენ მიდრეკილი უნდა იყო ადამიანი, რომელიც ამ საშინელებებს ისმენდე და მაინც სააკაშვილის მომხრე და იმ რეჟიმის მხარდამჭერი იყო. მე კიდევ გავიგებდი „ოცნების“ ამ მოზომილ პოლიტიკას სააკაშვილის „ვივამედში“ ყოფნასთან დაკავშირებით, რომ არ უნდათ დასავლეთში ხმაურის გამოწვევა, ახალი თავის ტკივილი და ა.შ. მაგრამ როცა უკვე საქართველოსთან დაკავშირებით არაფერზე ეს ხალხი უკან აღარ იხევს და წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ იმყოფება მათგან ხელისუფლება, სააკაშვილის საკითხი აღარ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი. თუკი ამერიკიდანაც „მეგობარი აქტის“ საბოლოო სახით მიღება მოხდება და ამას პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს, მაშინ „ოცნებამ“ ანგარიში ვიღას და რაღას უნდა გაუწიოს? მით უმეტეს, როცა ამ ადამიანის აფერისტობის და ტყუილების შესახებ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი გამოაშკარავდა. ერთი ბოდიში არავის მოუხდია ამის გამო დასავლეთში. ხოლო მისი ლობისტები ევროპარლამენტში რეზოლუციებს იღებენ, სადაც ერთ-ერთ პუნქტად ამ დამნაშავე რეჟიმის შემოქმედ სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. მე ვფიქრობ, აქ ანგარიშგასაწევი უკვე არაფერი და არავინ აღარ დარჩა. პირიქით, ამით „ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს აზიანებს და მის ამომრჩეველში ამის გამო პროტესტის გრძნობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, როდესაც საქართველოს და „ქართულ ოცნებას“. არაფერი დაუფასდა, როცა არაერთ მისიაში ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ და ასეულობით ჯარისკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო, საქართველოსთან დაკავშირებით ეს უმადურობა გრძელდება. ამ შემთხვევაში ანგარიშგასაწევი ქართველი ხალხის გარდა არავინ არის. ამიტომ ხალხის მოთხოვნაა, რომ ის ციხეში იჯდეს და სასჯელი შესაბამის პირობებში მოიხადოს.
„ვფიქრობ „ოცნება“ საკუთარი ამომრჩევლის ნებას უნდა გაჰყვეს. ყველანაირი დითირამბები და უხერხულობა, სააკაშვილის ამბებთან დაკავშირებით, უნდა დავივიწყოთ. ამ ხალხმა ხელისუფლებას შემოდგომის არჩევნებშიც უნდა მისცეს ხმა და ესეც გასათვალისწინებელია. ამიტომ ის, რაც ხალხის მოთხოვნაა, უნდა გაკეთდეს, მორჩა, ის დრო დასრულდა, როცა დასავლეთში ვიღაცას რაღაცა ანგარიშს უწევდნენ. „ოცნების“ ამომრჩეველმა ორიდან ერთი უნდა დაიჯეროს, ან ამ კომისიის მუშაობა და შედეგი უნდა ირწმუნოს, ან კიდევ ამ ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი ისევ ამ კომფორტულ პირობებში სასჯელის მოხდას აგრძელებდეს. ის იმყოფება „ვივამედის“ ძალიან კომფორტულ და ფეშენებელურ ლუქსში, სადაც ექიმებიდან დაწყებული, დაცვის თანამშრომლობიდან დასრულებული, თავს ევლებიან. ეს არის ძალიან სერიოზული და სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხი, რასაც, უბრალოდ, ვერც ერთი ამომრჩეველი ვერ მიიღებს და ვეღარ გაიგებს“, - ამბობს ქართველიშვილი.