ბუნებრივი რესურსებზე შეთანხმებას ხელი მოეწერა და უკრაინა ტერიტორიების დე ფაქტო დათმობისთვისაც მზადაა

ბუნებრივი რესურსებზე შეთანხმებას ხელი მოეწერა და უკრაინა ტერიტორიების დე ფაქტო დათმობისთვისაც მზადაა

გენერალმა კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელები მზად არიან, დათმონ ტერიტორიები, რომლებიც რუსების მიერ არის ოკუპირებული, არა დე იურე, ანუ სამუდამოდ, არამედ დე ფაქტო, რადგან ეს მიწები, ფაქტობრივად, რუსების მიერ არის ოკუპირებული. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში აცხადებს, რომ უკრაინელები ამას დათანხმდნენ, რაც გასულ კვირას უთხრეს.

„ჩვენ 22 კონკრეტული პირობა გვქონდა, რომელსაც ისინი დათანხმდნენ. პირველ რიგში, რაც მათ სურთ, არის ყოვლისმომცველი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა, რაც სამშვიდობო შეთანხმებამდე მიგვიყვანს. ვგულისხმობ ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში“, - აღნიშნა კიტ კელოგმა.

ამ განცხადების პარალელურად, აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ კიევი და ვაშინგტონი შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს. სვირიდენკოს ინფორმაციით, შეთანხმების ძირითადი დებულებების თანახმად, წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში რჩება და სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს აშშ-სა და უკრაინას შორის თანაბარ პარტნიორობას - ფონდი 50/50 პროპორციით იქმნება და არც ერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება. ეროვნული ქონება დაცული იქნება. სვირდენკო აცხადებს, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს არანაირ ვალს - ხელმოწერილ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების მიმართ უკრაინის ვალზე, შეთანხმების განხორციელება ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს, თანაბარი თანამშრომლობისა და ინვესტიციების გზით, გაზარდონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი.

„შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროპული ინტეგრაციის კურსს. ეს ასევე იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ უკრაინის სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა. ფონდი შეივსება ექსკლუზიურად ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლით. საკანონმდებლო ცვლილებები, მხოლოდ წერტილოვანი იქნება“, - აცხადებს იულია სვირიდენკო.

ფონდის ფუნქციონირებისთვის მხოლოდ ბიუჯეტის კოდექსში ცვლილებების შეტანაა საჭირო. ამ შემთხვევაში, შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს უმაღლესმა რადამ. შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვას. შეთანხმება საგადასახადო გარანტიებს იძლევა. ფონდის შემოსავალი და შენატანები არ იბეგრება არც აშშ-ში და არც უკრაინაში.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს იღებენ.

„ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ, მაგრამ მე მინდოდა დაცული ყოფნა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად 350 მილიარდი დოლარი დახარჯა, ევროპამ კი გაცილებით მცირე თანხა. კითხვაზე, შეეძლო თუ არა შეთანხმებას რაიმე ფორმით შეეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა“.

ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ხელს მოაწერდა შეთანხმებას, რადგან რუსეთი გაცილებით დიდი და ძლიერია.

შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, რომლის განცხადებით, შეთანხმება იშვიათი წიაღისეულის შესახებ ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

„აშშ-ის პრეზიდენტის ლიდერობის წყალობით, დღეს აშშ-მა და უკრაინამ რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რაც ჩვენი საერთო განვითარების ქვაკუთხედს და ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, - დაწერა მარკო რუბიომ.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, კიევსა და ვაშინგტონს შორის ბუნებრივ რესურსებზე მიღწეული შეთანხმების პირობები იმ ვერსიაზე გაცილებით უარესია, რომელიც უკრაინას თეთრ სახლში 28 თებერვალს შესთავაზეს. როგორც ჟელეზნიაკი აღნიშნავს, ამჟამინდელი ვერსია უკრაინისთვის ბევრ რისკს შეიცავს და ესენია - საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილის დაკარგვა, ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის შეზღუდვა, ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვა, არსებითი იურიდიული შეზღუდვები და აშშ-ის პირობების დომინირება. აქედან გამომდინარე, რადის დეპუტატი ასკვნის, რომ ამჟამინდელი ვერსია ტრაგიკული არ არის, თუმცა არც გამარჯვების მომტანია.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბუნებრივი რესურსების 40%-ს ამჟამად რუსეთი აკონტროლებს. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 34 მინერალიდან, რომელიც ევროკავშირის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვნად ითვლება, 22 მოიძებნება. სააგენტო უკრაინის გეოლოგიის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში არსებობს ისეთი ელემენტების მარაგები, როგორებიცაა ლანთანი და ცერიუმი (გამოიყენება ტელევიზორებსა და განათებაში), ნეოდიმი (გამოიყენება ქარის ტურბინებსა და ელექტრომობილების აკუმულატორებში), ერბიუმი და იტრიუმი (გამოიყენება ბირთვულ ენერგეტიკასა და ლაზერებში). ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევა კი სკანდიუმის არსებობაზე მიუთითებს.

ახლა მნიშვნელოვანია, რა არის ის მაქსიმუმი და რას დათმობს უკრაინა, ისევე როგორც რუსეთი.

პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ იშვიათ მეტალებსა და მინერალებზე გაფორმებული შეთანხმება აშშ-სა და უკრაინას შორის არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და მასშტაბის აქტი, რომლითაც იზრდება აშშ-ს გავლენა ევროპაში.

„აღნიშნული შეთანხმება დასასრულის დასაწყისია რუსულ-უკრაინული კონფლიქტის და აშშ-ს ახალი მეგა-გეოეკონომიკური სტრატეგიის ნაწილია დიდ ევრაზიასთან, როგორც ძალის ახალ მაკრო ცენტრთან აშშ-ს ურთიერთობების გარკვევისა, რომელშიც აპრიორი იგულისხმება აშშ-რუსეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა და პარტნიორობა მთელ რიგ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიც არის ბირთვული ენერგეტიკა, არქტიკა და კოსმოსი! უკრაინა ან უფრო სწორად ის, რაც უკრაინისგან რჩება გიგანტური გარიგების შედეგად, ამ პროცესში თამაშგარე მდგომარეობაში რჩება! სანიტარული-ბუფერული ზონის ბუნებრივი წყალგამყოფი მდინარე დნეპრზე გაივლის და აშშ-რუსეთის მონიტორინგის ქვეშ მოექცევა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, გუშინ იწურებოდა პრეზიდენტ ტრამპის გაპრეზიდენტობის მეასე დღე და ტრადიცულად, ამ თარიღისთვის ყველა ახლად არჩეული ამერიკელი პრეზიდენტი ცდილობს რაღაცა განსაკუთრებული გზავნილი გააჟღეროს თავისი ამომრჩევლის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, ეს ე.წ. მინერალური შეთანხმება, სწორედ ასეთ გზავნილს წარმოადგენს. ის, ორიენტირებულია არა ომის გაგრძელებაზე, არამედ უკრაინაში ომის დასრულებაზე.

„ძირითადი პათოსი და შინაარსი ამ ხელშეკრულებით ეფუძნება ომის შემდგომი უკრაინის აღმშენებლობას, აღორძინებას, საინვერსტიცო პროექტების განხორციელებას და რაც მთვარია, არანაირ ისეთი ტიპის კაბალურ შეთანხმებას არ მოიცავს, რომლითაც სახელმწიფო კუთვნილება აღარ იქნებოდა ის წიაღისეული, რომლის უბრალოდ განკარგვას განახორციელებს სპეციალურად შექმნილი ფონდი, სადაც ამ განკარგვით მოპოვებული მოგება 50-50-ზე პრინციპით იქნება გადანაწილებული ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის. რაც მთვარია, ეს ხელშეკრულება არ არის აქამდე აშშ-ის მიერ უკრაინაში ჩადებული თანხის თუ ფულის საკრედიტო ვალდებულება. ეს არის სულ სხვა ახალი დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებულია ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ომის დასრულებას ნიშნავს და არა ომის გაგრძელებას“, - აცხადებს ქართველიშვილი.

რაც შეეხება იმას, რამდენად დაიყოლიეს უკრაინა იმაზე, რომ გარკვეულწილად რუსეთის პოზიცია იქნა გათვალისწინებული ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსის განცხადებით, რუსეთისთვის წითელი ხაზი არის ის ოთხი ახალი რეგიონი, რომელიც მან კონსტიტუციურ დონეზე დაიბევა და შეიყვანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ფარგლებში.

„არ ვიცი, საბოლო ჯამში, ამას რა ფორმულირებით გააჟღერებენ, მაგრამ ეს ხელშეკრულება და მისი შინაარსი იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ სულ მალე, უკრაინული მხარეც იძულებეული იქნება საჯაროდ განაცხადოს ამ ხელშეკრულების მიღმა ომის გაჩერების რა პირობებს თანხმდება ამ ეტაპზე. არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს, ჩვენ საქართველოში გვიწევს ამ ვითრების კომენტირება, რომელსაც 100 წლის მეტი ისტორია აქვს ისტორიული ტაო-კლარჯეთის დაკარგვის, უფრო მეტის - ისტორიული ჰერეთის და ისტორიული ლორეს ნაწილის დაკარგვის. გვაქვს უახლოესი ისტორია ჩვენი სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, როდესაც პატარა ქვეყანა ხდება დიდი ზესახელმწიფოების განტევების ვაცი, იქ შესაძლებელია, დიახ, ტერიტორიულ დანაკარგებსაც, ოკუპაციასაც და ანექსიასაც ჰქონდეს ადგილი. მაგრამ, დრონი მეფობენ და არა მეფენი. ჩვენ, ქართველებს არასდროს დაგვიკარგია იმედი ჩვენს ისტორიული საქართველოს ნაწილზე, თუმცა ჩვენგან განსხვავებით,  უკრაინას, რომელსაც დღეს მისტირიან ტერიტორიულ და საზღვრების კონტექსტში, არ ჰქონია მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ის, მართლაც რომ შექმნილი იყო ყოფილი საბჭოთა ბელადების - ლენინის, სტალინის და ხრუშოვის ძალისხმევით. ამიტომ, ყოველდღე, ათასობით ახალგაზრდა ადამიანის და უკრაინელის ჩახოცვას, დემოგრაფიული კრიზისის, კატასტროფის გამოწვევას და კარგ ომს, ამ ეტაპზე, ალბათ, ცუდი მშვიდობა ჯობია, რასაც ვუსურვებ უკრაინელ ხალხს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.