„ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობამ საქართველოს შესახებ, ტრადიციულად, კრიტიკული რეზოლუციაც მიიღო. EPP, რომლის წევრია „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციური ფრონტის გასაძლიერებლად, პერსონალური სანქციების სიის გაფართოებას, სვიფტიდან „ქართუ ბანკის“ ჩახსნას და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს.
ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, არის მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქცირებაზე.
რასა იუკნევიჩიანემ კი, ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ქართველი ხალხიც გააკრიტიკა. მან თქვა, რომ სანქციები და ქვეყნის დასჯა საქართველოში მისთვის მისაღები სცენარის აუცილებელი წინაპირობა იქნება.
EPP-ის კონფერენციაზე, რომელსაც დელეგატის სტატუსით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ესწრებოდა, იუკნევიჩიანეს გამოსვლას ფაშისტური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. „ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების ლექსიკა და მიდგომები სრულიად დაშორებულია რეალურ ევროპულ ფასეულობებს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ ტენდენციას შეაჩერებს.
„ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. „დამნაშავეა ხალხი…“, „ინფექცია უნდა შევაჩეროთ…“ თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს „მონა“ ან „ბიომასა“ უნდა გვიწოდოს… დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს. რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი: არ შეიძლება სტალინის ზიზღით მთელი ერი შეიზიზღო“, - წერს პაპუაშვილი.
ქართული ოპოზიცია და რასა იუკნევიჩიანე საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოქმედ პოლიტიკურ აქტორებად მიაჩნიათ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის დონის მატება, სწორედ, მსგავსი ევროდეპუტატების წახალისებით არის გაზრდილი.
იუკნევიჩიანეს რიტორიკა კი მოსწონთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის „ქართული ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინები პოლიტიკური ზეწოლის შემადგენელი ნაწილია.
„ჩვენ სრული სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ და მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ამ რეზოლუციას, რათა ვაჩვენოთ ქართველებს, რომ მათი ხმა კარგად ისმის და მათი პროტესტი კარგად ჩანს. ეს იქნება პასუხი იმ სასტიკ რეპრესიებზე, დაპატიმრებებზე, იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ დღეს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს, იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოველდღიური თავდასხმების ქვეშაა. ჩვენ ევროპის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ეს ევროპული ლიდერშიფის მომენტია და ჩვენ ვიცით, ევროპის სახალხო პარტია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ევროპის წამყვანი პოლიტიკური ოჯახი“. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს კი არც რეზოლუცია უკვირს და არც იუკნევიჩიანეს რიტორიკა. როგორც ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, ენმ-ი დღემდე ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებულ წევრად რჩება და შესაბამისად, მათი მხარდაჭერა ამ პარტიის მიმართ უცხო არ არის.
„სააკაშვილის პარტია - ნაცმოძრაობა, რომელიც შესაძლოა, აიკრძალოს, მიუხედავად ამისა, დღემდე რჩება ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებულ წევრად. ამიტომ ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველი ფაქტია და კომენტარიც ზედმეტია. წარმოიდგინეთ, იგივე ადამიანები იყვნენ ზუსტად სააკაშვილის მმართველობის დროსაც, თუნდაც ეს ქალბატონი, რომელიც ასევე ქართველების დასჯას, „ოცნების“ მხარდამჭერების პასუხისგებას ითხოვს. ხმას არ იღებდა სააკაშვილის არაადამიანური რეჟიმის მოქმედებებზე. არადა ადამიანის უფლებების დამცველები წერდნენ სრულ სიმართლეს ყველაფერზე, რასაც ჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი. საერთოდ, არავინ დასანქცირებულა, ერთხელაც კი არ შეუმჩნევიათ ქართველი ხალხის დაყაჩაღება, მკვლელობა, დაშინება, დაპატიმრება. ამიტომ სახალხო პარტიის ეს ქცევა არც მიკვირს და მოსალოდნელიც იყო. მივესალმები და ვუწონებ ჩვენ ხელისუფლებას, რომ ზედმეტი დიპლომატიის გარეშე, ადეკვატურად რეაგირებს ამაზე. „ოცნება“ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზედმიწევნით პრინციპულად იცავენ, ამხელენ სააკაშვილის ყველა მეგობარს და ისეთ პასუხს სცემენ, როგორსაც იმსახურებენ“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, არ არის გასაკვირი ევროკავშირმა სახალხო პარტიის მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს, რადგან მათგან უკვე ყველაფერი მოსალოდნელია.
„სიმართლე გითხრათ, ნაწილობრივ რომ დააკმაყოფილონ, არც გამიკვირდება - ჩვენ ხომ ვნახეთ, რა ხდება ამ წლების განმავლობაში ევროკავშირში და რამდენად გაისმა სრულიად აბსურდული მოთხოვნა. მაგალითად, სააკაშვილის გამოშვებას გვთხოვდნენ - თუ გინდათ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგცეთო. თუმცა, ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე, მაინც არ ველი, რომ ევროკავშირი ასეთ ვა ბანკზე წავა. ნაკლებად ველოდები, რომ რაღაც რეალური წნეხი იყოს ისეთი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეეხება.
იქაც ხედავენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიციამ ვერაფერი გააკეთა. ხელისუფლების პოზიციები კი არ დასუსტდა, პირიქით, გამყარდა, ხოლო ე.წ. ოპოზიცია დასუსტდა. ამის ანალიზსს მშვენივრად აკეთებენ. ამიტომ ასეთი წნეხი, რომ ხალხს რაღაცა სასწაული სიტუაცია შეუქმნან არ იქნება. ამის მოლოდინი ახლა მით უმეტეს არ მაქვს“, - განაცხადა მამრაძემ.