უგულავასა და სააკაშვილის პარტიული კლანების დაპირისპირება

უგულავასა და სააკაშვილის პარტიული კლანების დაპირისპირება

რატომ დაიბარა ლელა კილაძე სააკაშვილმა კიევში და რატომ იჩხუბეს უგულავამ და ვაშაძემ

ნაციონალურ სალხინეთში დიდი აურზაურია. როგორც მოსალოდენი იყო, გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევისას კიდევ ერთხელ დაეჯახა ერთმანეთს და, ამბობენ, პარტიაც თითქმის ორად გაიყო. მაინც რა ხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კულუარებში, რომელიც უკვე აღარც ერთიანია და აღარც იმის იმედი აქვს, რომ თბილისის მერის პოსტს შეინარჩუნებს, რატომ დასჭირდათ პრაიმერის გამოცხადება და დასახელებული კანდიდატებიდან, რომელს უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილი?
გიგი უგულავა რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრიდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკოსი უგულავას მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოხატა - მართალია, გიგი კეკლუცობდა, მე არჩეული მერი ვარ და ჩემს ქალაქს ვერ შეველევიო, სინამდვილეში ძალიანაც უნდოდა, საკუთარ პარტიას სააკაშვილი- მერაბიშვილის შემდეგ ერთპიროვნულ ლიდერად ეღიარებინა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე, უთხრეს, რომ არათუ პრეზიდენტის, თბილისის მერის პოსტსაც უნდა გამოემშვიდობოს და გადაყენებული, მაგრამ მაინც ,,მეურნე მერის’‘ იმიჯს დასჯერდეს. მაშინ ბედს შეეგუა, თუმცა დროებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ნაციონალების მიერ გამოცხადებული პრაიმერი სწორედ იმის დასტურია, რომ ნაცები ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიგი უგულავა მერის არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს, პარტიის მერობის კანდიდატს კი პრაიმერი გამოავლენს. პრაიმერში ორი კანდიდატი – გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია არიან დარეგისტრირებული. მართალია, უგულავამ განაცხადა, რომ ორივეს ენდობა და მზად არის, მათთან ერთად იბრძოლოს გამარჯვებისთვის, მაგრამ პარტიის კულუარებში ღიად საუბრობენ, რომ გიგი უგულავა ნიკა მელიას უჭერს მხარს. თუ მელიას ბეგრაუნდს გავიხსენებთ, ვერ ვიტყვით, რომ ეს ნაციონალების მხრიდან გონივრული გადაწყვეტილებაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მას მხარს უჭერს გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ირმა ნადირაშვილი, გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ვანო მერაბიშვილი და პავლე კუბლაშვილი, რომლებიც პარტიაში არჩევნების ,,დამრტყმელ’‘ ძალად მოიაზრება და, როგორც ჩანს, უგულავას სწორედ ამის იმედი აქვს.

,,ვერსიის’‘ კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ორიოდე კვირის წინ, უკრაინის კრიზისამდე რამდენიმე დღით ადრე, ნაცმოძრაობის რამდენიმე ლიდერი აშშ-ში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მიუხედავად გიორგი ვაშაძის დიდი სურვილისა, იგი მათ შორის ვერ მოხვდა, რამაც ძალიან გაანაწყენა. ზოგადად, ვაშაძის მიმართ პარტიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და, შეიძლება ითქვას, შიშითაც განიხილავენ მის კანდიდატურას, რადგან მასში მიხეილ სააკაშვილის კლონს ხედავენ. ვერ გეტყვით, თავად მიხეილ სააკაშვილი რამდენად ეთანხმება ამ მოსაზრებას, მაგრამ, როგორც ამბობენ, თბილისის მერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წამოყენება სწორედ მისი ინიციატივა იყო. მას მხარი დაუჭირეს დავით საყვარელიძემ, აკაკი ბობოხიძემ, გია თევდორაძემ, დავით კირკიტაძემ, გიორგი კარბელაშვილმა და გიორგი ღვინიაშვილმა. რა თქმა უნდა, მისი კანდიდატურა მოიწონა დევნილობაში მყოფმა ზურაბ ადეიშვილმაც, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის იუსტიციის სახლების პროექტის ავტორის კარიერულ წინსვლაში. პრაიმერში გამარჯვების ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება ისიც იქცეს, რომ გიორგი ვაშაძეს ბაჩო ახალაიას დაჯგუფებაც ენდობა, მათ შორის ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და დავით დარჩიაშვილი, თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ მერის კანდიდატურა გახდება სააკაშვილი- უგულავას დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი. ეს რომ ასეა, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსიც ადასტურებს, სადაც ღიად გამოხატავს სააკაშვილისადმი საკუთარ უკმაყოფილებას. იგი ,,ეკონომისტში’‘ მიხეილ სააკაშვილის სტატიას ეხმაურება და სტატიის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც სააკაშვილის პოზიციების ევროპაში გაძლიერებაზეა საუბარი: ,,ამ სტატიის მთავარი აქცენტი ისაა, თუ რატომაა კონტრპროდუქტიული საქართველოსთვის ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური ოპონენტების, უფრო კონკრეტულად, ნაციონალური მოძრაობის დევნა. რატომაა პრობლემატური ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, რომ ნაციონალურ მოძრაობას ოპონენტებად არ აღიქვამს. მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც ჩანს, ამ სტატიაში მთავარი არა მისი პარტიის წევრების დევნის რამდენიმეაბზაციანი კრიტიკა, არამედ ერთი წინადადებაა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის საერთაშორისო პოზიციები ძლიერდება. მე არ მომწონს ეს’‘. რა თქმა უნდა, თამარ ჩერგოლეიშვილს, გიგა ბოკერიასა და შესაბამისად უგულავას დაჯგუფებას, ნამდვილად არ მოსწონს, არ აწყობს და აშინებს კიდეც მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, ამიტომაც უგულავას ხელით ცდილობენ, მას ზურგი გამოაცალონ და პარტიაში მისი პოზიციები შეასუსტონ.

ამიტომაც იქცა მათი შეტევის ობიექტად გიორგი ვაშაძე. ამ ვერსიის გასამყარებლად ნაციონალებთან დაახლოებული წყარო ორიოდე დღის წინ მომხდარ ფაქტს გვიამბობს: როდესაც სააკაშვილს კიევში უთხრეს არჩევნებში უგულავას განზრახვის შესახებ, მან ლელა კილაძე _ გიგი უგულავას მეუღლე _ შეხვედრაზე დაიბარა. ოფიციალური მოტივი პიარში მიხმარება იყო, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა ეს პარტიაში სასაცილოდ არ ეყოთ. კილაძე- სააკაშვილის მეგობრობა ძველი ამბავია, მაგრამ, როგორც ამბობენ, ლელა საკმაოდ ჭკვიანი ქალია და გიგიზე უაღრესად დიდი გავლენა აქვს, როგორც ჩანს, მიშას სწორედ ამის იმედი ჰქონდა და მისი ხელით აპირებდა სიტუაციის დალაგებას. ამბობენ, რომ ლელა მართლაც აპირებდა კიევში ჩასვლას, მაგრამ გიგიმ აეროპორტიდან დააბრუნა, რასაც მიშას განრისხება და გინება მოჰყვაო. საპასუხოდ გიგიმ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც მიშა კიევიდან სკაიპით ჩაერთო, სააკაშვილს ,,ხურდა’‘ დაუბრუნა და შეკრება ურთიერთლანძღვაში გადაიზარდა. ,,ვერსიის’‘ წყარო გვიამბობს, რომ უგულავამ ამ შეკრებაზე ღრიალით შეახსენა ვაშაძეს, თუ რა პრობლემები შეექმნა მის ცოლს საბაჟოზე, რაც პრესაში დაიბეჭდა კიდეც და ამის შემდეგ ვაშაძემ უგულავასკენ დასარტყმელად გაიწია. პოლიტიკა ბინძური საქმეა (ასე დააკანონეს თავად ნაციონალებმა) და საზოგადოებას დიდად არ ადარდებს, ვინ რა კომპრომატებს დაუდებს თანაგუნდელის ცოლს, მაგრამ აქ მთავარია, ვის ექნება ქართულ პოლიტიკაში დარჩენის შანსი, ვინ განსაზღვრავს ჯერ კიდევ ფინანსურად საკმაოდ ძლიერი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას. თორემ გულუბრყვილობა იქნება ან ბოკერიას, ან უგულავას და ანდა სააკაშვილს სჯეროდეს, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხალხი მათ რომელიმე კანდიდატს დაუჭერს მხარს და თბილისი მერი კვლავ ნაციონალი გახდება.