„მართალია ივანიშვილი, კობახიძეს პრობლემები რომ არ შეექმნას, სრული კარტ-ბლანში უნდა ჰქონდეს“ - გახდება თუ არა პრემიერი პარტიის თავმჯდომარეც?

„მართალია ივანიშვილი, კობახიძეს პრობლემები რომ არ შეექმნას, სრული კარტ-ბლანში უნდა ჰქონდეს“ - გახდება თუ არა პრემიერი პარტიის თავმჯდომარეც?

მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებაში ძალაუფლების სრული კარტ-ბლანში აიღო, ახლა მოლოდინია, რომ ის ამგვარად ძალაუფლების გამყარებას პარტიაშიც შეძლებს. ვისზე დაიდება ფსონი, კობახიძე თუ კალაძე? - ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოვლენებს თუკი ლოგიკურად გავყვებით, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება. ის როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასევე პარტიაზეც სრულ კონტროლს მოიპოვებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი გეგმავს, შაბათს პარტიის ყრილობა გამართოს, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. სწორედ აქ გახდება ცნობილი ვისზე გაკეთდება არჩევანი.

თუმცა for.ge-ს სანდო წყარო უდასტურებს, რომ არჩევანი უკვე პრემიერ ირაკლი კობახიძეზე გაკეთდა და ის პარალელურად, პარტიის თავმჯდომარეც გახდება. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან გასვლა, რათა კობახიძემ პარტიის მართვაც შეძლოს. თუმცა არ არის გამორიცხული ირაკლი ღარიბაშვილი სამომავლოდ სრულიად ახალი პარტიით ისევ პოლიტიკაში მოგვევლინოს.

აპრილში ერთმანეთს სწრაფად მიჰყვა საკადრო ცვლილებები როგორც საპოლიციო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში. სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ანრი ოხანაშვილით ჩაანაცვლეს. ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ასევე ცვლილება შეეხო ინფრასტრუქტურის მინისტრსაც და ირაკლი ქარსელაძე რევაზ სოხაძემ შეცვალა.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე for.ge-თან ამბობს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, სახელისუფლებო ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს. შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონოლითური გუნდის ყოფნა უფრო ეფექტური იქნება.

„მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი სწორად მიიჩნევს, რომ კობახიძეს მმართველობის კუთხით პრობლემები რომ არ შეექმნას, სრული კარტ-ბლანში უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, პრემიერ კობახიძეს, რომელიც ამ ეტაპზე, ივანიშვილის აბსოლუტური ნდობით სარგებლობს, ცდილობს ხელისუფლება მისთვის სასურველი პერსონებით დააკომპლექტოს. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ ჩვენ მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების პრობლემებს შევხედავთ. იმისთვის, რომ ქვეყნის მართვა უფრო ეფექტური და მოქნილი იყოს, კობახიძეს საკუთარი გუნდი სჭირდება და ის ხალხი, ვისაც ის ნდობას ბოლომდე უცხადებს. პრემიერია ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი და მას უნდა ჰქონდეს საშუალება იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ამიტომ ყველა საკვანძო თანამდებობაზე საკუთარი ხალხი სჭირდება. ივანიშვილი ამას სწორად ხვდება და მისი მხრიდან ეს ნაბიჯი ძალიანაც დასაფასებელია. მან საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირები გაიყვანა. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი ცოტახნით ჩამოაშორა ხელისუფლებას. ამით კი სრული თავისუფლება კობახიძეს მისცა. ამაში არაფერი ცუდი და გასაკვირი არ არის. მე მაინც მგონია, რომ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს, თუკი საჭირო გახდა, უკან შემოაბრუნებს. ჯერ ივანიშვილი აძლევს კობახიძეს მაქსიმალურ საშუალებას, რომ მან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავისუფლად და შეფერხების გარეშე გაატაროს“, - ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც უკვე აღარ ასრულებდა არანაირ როლს პარტიის და ქვეყნის მართვაში, სჯობდა პროცესებს ჩამოსცილებოდა. ანალიტიკოსის აზრით, ღარიბაშვილმა სწორედ ივანიშვილის თხოვნით მიიღო ეს გადაწყვეტილება და ის პოლიტიკურ პროცესებს დროებით გამოეთიშა.

„ღარიბაშვილის დაბრუნება, ალბათ, უფრო იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუკი კონსერვატორული ფრთის გაძლიერება ივანიშვილისთვის პრობლემური გახდა. მაშინ ღარიბაშვილს პოლიტიკაში შემოაბრუნებს და შესაძლოა, მან ახალი პარტიაც კი დააფუძნოს და არჩევნებზე ამ ფორმით მოგვევლინოს. ეს მოხდება თუკი ახალი არჩევნების ჩანიშვნა გახდა საჭირო, ან 2028 წლისთვის.

ივანიშვილი საკმაოდ გამჭრიახი კაცია, მართალია, ის პოლიტიკაში პოლიტიკური გამოცდილების გარეშე მოვიდა, მაგრამ ამ პერიოდში ჯერ კარგი გამოცდილება მიიღო და მეორეც, ცხოვრებისეული გამოცდილება კარნახობს, რომ თუკი ეფექტიანად გინდა აღმასრულებელი ხელისუფლება ფუნქციონირებდეს, პირველ პირს მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი შებოჭილი იყოს მართვის კუთხით და მას არ ჰყავდეს საკუთარი გარემოცვა. კობახიძეს მეტი არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეს და საკუთარ გუნდს უნდა დაეყრდნოს. საკვანძო თანამდებობებზე მას სჭირდება ისეთი კადრები, რომელთანაც ჯერ ერთი, არ ექნება ურთიერთობის პრობლემა, მეორე - ისინი, პირველ რიგში, მასთან იქნებიან ანგარიშვალდებულები. ასე სჯობია ივანიშვილისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

კობახიძე ამით პოლიტიკურ რეანიმირებას უფრო სწრაფად შეძლებს, რაც ასევე აუცილებელია ამ კრიზისული ეტაპისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ფაქტია, რომ იცვლება, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკა, ასევე საგარეო პოლიტიკაც და ახალი ხალხია ამისთვის საჭირო“, - ამბობს ბერიძე.

რაც შეეხება კობახიძის მიმართ ოპოზიციის კრიტიკას საგარეო პოლიტიკის კუთხით და მის განცხადებას 28 ნოემბერს ევროკავშირთან დაკავშირებით, ბერიძე ამბობს, რომ ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რადგან მათ იჩქარეს და ოპოზიციას საშუალება მისცეს დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით „ოცნებას“ პრობლემები შეჰქმნოდა.

„კობახიძემ 28 ნოემბერს რა განცხადებაც გააკეთა, შეცდომა იყო. მაგრამ აქ პასუხისმგებლობა მხოლოდ კობახიძეს არ უნდა დაეკისროს, ეს იყო ივანიშვილის პრინციპული ნაბიჯი, რაც ოპოზიციამ, თავდაპირველად, ეცადა, რომ საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოეყენებინა. შეცდომების გარეშე დიდი პოლიტიკა არ კეთდება, თუმცა ყველა ნაბიჯიდან სარგებელი უნდა მიიღო. ფაქტია, რომ ევროკავშირიც მიხვდა გარკვეულ შეცდომებს და არ სურთ საქართველოს დაკარგვა. ამიტომ ხელისუფლებამ ეს უნდა გამოიყენოს და შემხვედრი ნაბიჯი გადადგას. ძალიან აჭრილია ასევე დასავლეთში მთელი პოლიტიკური სპექტრი. ურთიერთობები საერთოდ კალაპოტიდან არის ამოვარდნილი. 30 წლის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა იყო, რომ თანდათან დასავლეთისკენ უნდა გვემოძრავა, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა.

ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი არ არის მარადიული ფენომენი და შესაძლოა, სანამ ჩვენ „აღთქმულ მიწამდე“ მივაღწევთ, როგორც აქ საქართველოში ხალხს აჯერებენ, შესაძლოა, ევროკავშირ აღარც იყოს. ამიტომ საქართველომ დაიწყო საკუთარი პოლიტიკის წარმოება და ვხედავთ ამის გამო რა ზეწოლა წამოვიდა დასავლეთიდან. თუმცა იქაც უნდა შეეჩვიონ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ჩვენი ინტერესები გვაქვს. საბჭოთა კავშირს არ უნდა დაემსგავსონ. ვნახოთ, ბევრი ცვლილება იქნება და ფაქტია, კობახიძეს სჭირდება გუნდი იმისთვის, რომ ქვეყნის მართვა უფრო ეფექტურად შეძლოს, რაშიც სრულიად ვეთანხმები“,-ამბობს ბერიძე.

DDDzia ავტორო!
ისწავლეთ ქართული!
სათაური სამჯერ გადავიკითხე, რომ გამეგო რატომ არის მართალი.
ქართულში სასვენ ნიშნებში მძიმეებთან ერთად ტირეებიც არის, რომელიც გამოიყენება გამოტოვებული სიტყვის მაგივრად.
უნდა იყოს:
„მართალია ივანიშვილი - კობახიძეს პრობლემები რომ არ შეექმნას, სრული კარტ-ბლანში უნდა ჰქონდეს“
2 საათის უკან
Gami ალბათ 28 ნოემბერი; კობახიძეს მაგ განცხადების გამო მოეკითხება.
1 საათის უკან