ქართველი ფოტოგრაფების საქმე - რეჟიმის სახე

ქართველი ფოტოგრაფების საქმე - რეჟიმის სახე

საგამოძიებო კომისიის სხდომა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ საქმის დეტალები ცნობილი იყო, ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს დეტალებზე ისაუბრეს ფოტოგრაფებმა. ცემა, წამება, ზეწოლა, მუქარა ოჯახის წევრების განადგურება - ეს ქართველი ფოტოგრაფების ყოველდღიურობა იყო იმ ჯოჯოხეთში, რომელიც მათთვის მიზანმიმართულად იყო შერჩეული. „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების დანაშაული ის იყო, რომ სააკაშვილის რეჟმის მიერ 26 მაისის დარბევის სისასტიკე ასახეს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა N19 სხდომა ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ გახსნა. რომელმაც ზურაბ ქურციკიძესთან ერთად მსოფლიოს აჩვენა, რა მოხდა 26 მაისის ღამეს რუსთაველზე. 2011 წლის 26 მაისის აქციის ფოტოები საერთაშორისო მედიაში რომ დაიბეჭდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს აჩვენეს, რომ ასეთი ფოტოები გამოქვეყნდა. სწორედ, ამ დღეს დაიგეგმა ფოტოგრაფების საქმე. როგორც გიორგი აბდალაძემ აღნიშნა, იმ დღესვე სააკაშვილმა გასცა ბრძანება ყველა იმ ფოტოგრაფის დაკავების შესახებ, ვინც იმ ღამეს იყო რუსთაველის გამზირზე.

როგორც აბდალაძემ აღნიშნა, უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეს, აწამეს, აღიარებინეს ის, რაც არ ჩაუდენიათ, მით უმეტეს, სამშობლოს ღალატი. როგორც გიორგი აბდალაძემ აღნიშნა, გლდანის საპყრობილეში ხშირად შემოდიოდა „წითელი ჯვარი“ და როდესაც შედიოდა მათთან შესახვედრად ოთახში, ჯიბეში რაღაც ჩაუგდეს და უთხრეს, რომ საუბარი ისმინებოდა. ამასთან, აბდალაძემ კომისიის სხდომაზე ისაუბრა მისი დაკავების შემდეგ ციხეში განვითარებულ სხვა მოვლენებზეც. მისი თქმით, მას იძულებით დააწერინეს წერილი, თითქოს შიმშილობა შეწყვიტა.

„მოსაცდელ ოთახში დაახლოებით 50 კაცი ვიყავით. ბანაობის საშუალება არ იყო. ადვოკატებს ბოდიშს ვუხდიდი ხოლმე. ჩემს საქმეში შემდგომში ჩაერთო ეკა ბესელია და მისი თანაშემწე, ასევე იყო ის ორი ადვოკატი, რომლებიც თავიდანვე მყავდა. სულ ვეკითხებოდი, რა დევს საქმეში, რაში გვდებენ ბრალს-მეთქი. მგონი, მესამე-მეოთხე დღეს ჩაერთო ქალბატონი ეკაც საქმეში. ამ დროს აღიარება არ მაქვს, ვშიმშილობ. ამავე დროს უკვე ჟურნალისტების შეხვედრა არის ვანო მერაბიშვილთან. მან უთხრა ჟურნალისტებს, აბდალაძის განცხადებას მოგიტანთ, შიმშილობა შეწყვიტაო.

წინა დღეს მე გამიყვანა საკნიდან ვიქტორ ყაჭეიშვილმა და მითხრა, განცხადება უნდა დამიწერო, რომ შიმშილობა შეწყვიტე და ისე, რაც გინდა, ის გიქნიაო. ვითომ, მამაომ გირჩია შეწყვეტაო. მე უარი ვუთხარი. შემდეგ ჩართო რაცია, ვიღაცებს დაუძახა და მითხრა, გაჩვენებ სეირსო. შემდეგ მოითხოვა, საკნიდან გამოიყვანეთ, ვინც ამასთან ერთად არისო, ახლა ამათ ვაწამებ, შემდეგ შენ ჩაგსვამ მაგათთან და ვინ ვის რას უზამს, მაგას გაჩვენებო. რომ გამოჰყავდათ უკვე პატიმრები, ვუთხარი, დაანებე თავი, შევწყვეტ შიმშილობას-მეთქი. დავუწერე, რომ ადმინისტრაციის რჩევის საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება. ეს გაუგზავნეს ვანოს“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

როგორც ფოტოგრაფმა აღნიშნა, საკანში ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი შვილის და ძმების მკვლელობის მუქარით. გაიხსენა ის ფაქტი, რომ გლდანის ციხეში პატიმრებს საჭმელში უფურთხებდნენ, რომ არ ეჭამათ.

„ფუქსში რომ ვიყავით, იატაკზე რომ ვიწექით, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი წინ იყო, ირაკლი აქეთ მხარეს, ირაკლის მოპირდაპირე მხარეს პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო და იყო ნაცემი, დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ჩვენ საუბრის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ ერთმანეთთან. შუაში დადიოდა ერთ-ერთი ზედამხედველი, გვაგინებდა თქვენ გიჩვენებთ ახლა სეირს, ხომ არ გგონიათ რამე გიშველითო.

გრიგოლ ვაშაძემ უდანაშაულო ადამიანი გამიშვა ციხეში, ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდანო. პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, ეს მართლა ჯაშუშიაო, ჩვეულებრივად გაგვწირა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემდეგ მითხრა, გრიგოლ ვაშაძეს ვანომ დაურეკა და დაახურა თავზეო, რადგან გრიგოლ ვაშაძის პირველი განაცხადი იყო იმის თაობაზე, რომ ამ ბიჭს წვდომა არ ჰქონდა არცერთ დოკუმენტზეო. ეს იყო მისი პირველი განცხადება. შემდეგ გააკეთა მეორე განცხადება, პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, რომ რაღაც დოკუმენტები არის, ეს მართლა ჯაშუშია და ამასთან დაკავშირებით უამრავი მტკიცებულება არსებობსო. გაგვწირა ჩვეულებრივად, უდანაშაულო ხალხი გაგვწირა“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

პრეზიდენტის რეზიდენციის დამლაგებლების სიის გატანა მოუგონეს ბრალად ირაკლი გედენიძეს, რომელიც დაკავების შემდე ჯიქიას სასაფლაოზე აიყვანეს. ახალგათხრილ საფლავთან დააგდეს და იარაღით სცემეს, შემდეგ მიიყვანეს „მოდულის“ შენობაში, გაატარეს დერეფანში, სადაც კედლებზე მისი გადაღებული ფოტოები იყო და უთხრეს, დაჩოქილიყო. ამასთან, გედენიძემ აღნიშნა, რომ გლდანის ციხეში უკვე მას მოსთხოვეს, ეღიარებინა ჯარის ღალატი, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა, ცუდად გახდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ მომენტში გულის მიკროიშემიური ინსულტი მიიღო.

„გლდანის ციხეში ვიყავით, არ ვიცი, იმ ადგილს რა ჰქვია, გადაღებაზე მანამდე არ ვყოფილვარ, არც მის შემდეგ. შემიძლია აღვწერო - ვითომ ოთახი, რომელსაც მთელ სიგრძეზე ჰქონდა რკინის ცხაური, თავისი რკინის კარით. არც ჩამოსაჯდომი, არაფერი, ბეტონი იყო თუ მეტლახის იატაკი, იქ პირდაპირ უნდა დაწოლილიყავი, დამჯდარიყავი. ვერ დავწექი, ფეხზე დგომის თავიც არ მქონდა. ჩემთან ვიღაც იყო. მეკითხება, რაზე დაგიჭირესო, პასუხის გაცემის თავი არ მქონდა, თავი მისკდებოდა, ისეთ დღეში ვიყავი. რომ არ იცი, რა გელოდება კი არა, რატომ ხარ იქ, ეგ რომ არ იცი, მაგან შემშალა. ასე ვიყავით რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა და გადაგვიყვანეს საკნებში.

გვირაბზე მოგვიყევი ყველაფერი, გაიხსენე გვირაბის ამბავი, რა ხდებაო. მართლა არ ვიცოდი, რა გვირაბი იყო, არ მახსენდებოდა. მითხრეს, გექნება დრო მოსაფიქრებლად, გვაინტერესებს გვირაბიცო. მთელი ღამე ვიფიქრე და გამახსენდა, რომ წინა პერიოდში, ღამის სამ საათზე, ოთხი იყო დაწყებული, ტელეფონი რეკავს, ვუპასუხე და პრეზიდენტი იყო. სახელით მომმართა, ხვალ ჩადი გვირაბში, დაათვალიერე, კედლებს შეხედე და შენ რომ გაქვს ლამაზი ფოტოები საქართველოს ხედებით, მთელ გვირაბზე გავაკეთოთ ჩქარაო და გამითიშა. ეს ხდება 26 მაისის შემდეგ.

იქ ვმუშაობ და უნდა გავარკვიო, ეს გვირაბი რა არის. ვეკითხები დაცვის ბიჭებს, რომლებმაც მითხრეს, კი, არის რაღაც, მაგრამ რამდენად არის გვირაბი, არ ვიცითო. შემდეგ თემურ ჯანაშიას ვუთხარი, წუხელ დამირეკა პრეზიდენტმა და რა გვირაბია, როგორ უნდა გავაფორმო, სურათები უნდა ჩამოვკიდოთ, ასეთი დავალებაა-მეთქი. სასახლიდან მოსასვენებელ სახლამდე გადასახედი იყო, ჩამიყვანა, იქ არის აგურის კედლებიანი დერეფანი, რომელიც მიწაშია. ტექნიკური სამსახური ჩამოვიყვანე, გადავზომეთ, რამდენი ფოტო დაეტეოდა. ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში უკვე მისმენდნენ, რადგან გვირაბის ამბავი ვიცოდით მე, სააკაშვილმა და ჯანაშიამ“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

მეუღლის გასატეხად გამოიყენეს და ფსიქოლოგიურად იძალადეს ნათია გედენიძეზე, რომელსაც დაკითხვის დროს აჩვენეს ფოტო, რომელიც სახლში მეუღლემ გადაუღო და აშანტაჟებდნენ. უთხრეს, რომ წინასწარ დაწერილი ტექსტი დაეზეპირებინა და კამერასთან უნდა ესაუბრა, წინააღმდეგ შემთხვევში, ფოტოს არამარტო შვილები ნახავენ, არამედ ყველა ნახავდა.

„ბნელი ოთახი იყო და მაგიდაზე ამობრუნებული ფაილები ელაგათ. შენ კარგად უნდა დაფიქრდე, რომ მარტო ცოლი კი არა, დედაც ხარ და ორი შვილი გარეთ გელოდება, რომ არც იციან, სად ხარო. საუბარი მიდიოდა იმაზე, როგორ მენატრებოდა შვილები და როგორი დედა და მეუღლე ვიყავი. შენ ბიჭიც და გოგოც გყავსო, ახლა ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილი, ამას რომ ნახავ, შენი შვილებიც ნახავენო, არამარტო შვილებიო, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვასო და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო. ამისთვის, იცი, რა უნდა გააკეთოო?

რვეულის ფურცელზე იყო ხელით ნაწერი და აქ რაც წერია, უნდა დაიზეპიროო და აუცილებლად უნდა ისაუბრო კამერასთან ამაზეო. ამის შემდეგ ჩვენ შევთანხმდებით ამის გზა-კვალზეო. არც ის ვიცი, რა წერია, არც ის ვიცი, აქ რა არის. უკვე მამზადებენ რაღაცისთვის. გასაგებია-მეთქი. ველოდები მეორე ეტაპს და აბრუნებენ პრინტერზე ამობეჭდილ ფაილს. ამ ფაილზე ვხედავ ჩემს საკუთარ ფოტოს, ჩემი მეუღლის გადაღებულს ჩვენსავე სტუდიაში.

უკვე წარმოვიდგინე, რომ ვიდრე ამას ამობეჭდავდნენ, ამას რამდენი ადამიანი და რამდენი მამაკაცი განიხილავდა. შემდეგ ყურებში მქონდა დახშული ხმები და მერე დავკარგე გონება. დამჭირდა ექიმის ჩარევა, რაღაც პერიოდი მე აღარ ვიყავი ვარგისი შემდგომი საუბრებისთვის. თუმცა ამ საკითხს დაუბრუნდნენ ძალიან მალე იგივე ადამიანები. გვერდში ეჯდათ ვიღაც ადვოკატი, რომელიც ხელს აწერდა, სავარაუდოდ, დოკუმენტებს ადვოკატის სტატუსით“, - განაცხადა ნათია გედენიძემ.

ასეთი ჯოჯოხეთი იყო მოწყობილი ქართველი ფოტოგრაფებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასახეს 26 მაისის სადისტური დარბევა. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილი ადამიანებს სწირავდა საკუთარი პიარისთვის.

„შემდეგ ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ ადამიანებს სწირავდა სააკაშვილი საკუთარი პიარისთვის. ეს მთის ეპიზოდი მისი ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, ვიდრე ის, რაც მან დაგმართათ ციხეში. ყველა ზღვარს სცილდება მსხვერპლისადმი ეს ამორალური ქმედება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

დოი ქურციკიძე ხომ ამ საქმეს შეეწირა ...
1 საათის უკან