რუსეთ-უკრაინის ომი მწვავე ფაზაში შევიდა

რუსეთ-უკრაინის ომი მწვავე ფაზაში შევიდა

თეთრი სახლიდან გაძევების შემდეგ, ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე აშშ-ის და უკრაინის პრეზინტების შეხვედრა შედგა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასწრების სურვილი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც შეხვედრის ოთახში ვოლოდიმერ ზელენსკისთან ერთად შემოვიდა, თუმცა დონალდ ტრამპმა ჩვეული სტილით ემანუელ მაკრონს კარისკენ მიუთითა.

ტრამპი-ზელენსკის აუდიენცია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ითქვა, რომ ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრას წინ უსწრებდა ვლადიმერ პუტინის და სტივ უიტკოფის შეხვედრა. როგორც კრემლში აცხადებენ, აშშ-თან პოზიციები დააახლოეს და უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია პოზიციების დაახლოებაზე, რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას, რატომაც ტრამპის კრიტიკა დაიმსახურა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა, რაც აფიქრებინებს, რომ შესაძლოა, პუტინს ომის დასრულება არ სურს, რის გამოც რუსეთისთვის საბანკო ან მეორადი სანქციების დაწესება გახდება საჭირო.

„პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვიქცეთ საბანკო თუ მეორადი სანქციების მეშვეობით. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!“, - წერს დონალდ ტრამპი.

ამერიკის მხარდაჭერა რომ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე საუბრობს ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელიც აღიარებს, რომ დღეს არსებული შეიარაღებით, ომში მყოფი ქვეყნისთვის ყირიმის დაბრუნება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ყირიმი არის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი.

„ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას. ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ.

უკრაინა აგრძელებს თავისი დამოუკიდებლობისა და მიწის ბრძოლით დაცვას. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და რუსული არმიის რეალური აქტივობა ადასტურებს, რომ რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის დასასრულებლად.

მალე ორმოცდაათი დღე გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უგულებელყო შეერთებული შტატების წინადადება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - წინადადება, რომელიც უკრაინამ 11 მარტს მიიღო. რეალური დიპლომატიისთვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად რუსეთზე უფრო ხელშესახები ზეწოლაა საჭირო. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, - წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.

შეხვედრიდან გაგდებული საფრანგეთის პრეზიდენტი წერს, რომ ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა. ემანუელ მაკრონი წერს, რომ უკრაინაში ომის დასრულება - ეს არის მიზანი, რომელიც საერთო აქვს პრეზიდენტ ტრამპთან.

„უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ეს გამიმეორა დღეს. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად მუშაობა მისი იმპლემენტაციისთვის. ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა. გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევებს გასულ მარტს პარიზში მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ამ ცეცხლის შეწყვეტასაც და სრულ და მყარ მშვიდობას უკრაინაში“, - წერს ემანუელ მაკრონი.

რუსეთის მთავარ მოთხოვნას ახმოვანებს ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი: „რუსეთი ითხოვს: არავითარი ნატო უკრაინისთვის. არა იმიტომ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს შეტევის შიში აქვთ, არამედ იმიტომ, რომ შიშობენ, რომ ნატო უკრაინას რუსეთის მომავალი აგრესიისგან დაიცავს. არავითარი ნატო უკრაინისთვის რუსეთს მომავალი აგრესიის დაგეგმვას უადვილებს“.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე აწარმოოს.

„ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.