საქართველოში იმპორტირებული უკრაინული ზეთი, სიგარეტი ,,ვინსტონი’‘ და არმატურა გაძვირდება

საქართველოში იმპორტირებული უკრაინული ზეთი, სიგარეტი ,,ვინსტონი’‘ და არმატურა გაძვირდება

როგორ აისახება უკრაინა-რუსეთის პოლიტიკურეკონომიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე?

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის ბანკთაშორისო სავალუტო ბირჟა და ღთშ-ის ინდექსი 5%-ითა და 4.8%-ით დაეცა. ტელეკომპანია ,,დოჟდის’‘ ინფორმაციით, VTB ბანკის აქციები 9.5%-ით გაიაფდა, ,,გაზპრომის’‘ – 6.4%-ით, ,,გაზპრომ ნავთობის’‘ – 5.03%-ით, ,,ლუკოილის’‘ – 4.7%-ით, ,,როსტელკომის’‘ – 9%-ით, ,,როსნეფტის’‘ – 4.1%-ით. მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსი 86 კაპიკით გაიზარდა და 36.75 რუბლი შეადგინა, რითაც ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა, ევრო კი 1.24 რუბლით გაძვირდა და 50.82 რუბლზე დაფიქსირდა. ინვესტორების შეშფოთებამ, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობისა და გაზის ფასის მატებაც გამოიწვია. ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის კრიზისის გამო, 1 ბარელი ნავთობის ფასი 5 აშშ დოლარით გაძვირდება. როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის კრიზისი საქართველოზე? რა პროდუქციის იმპორტექსპორტი შემცირდება ან რა სახის პროდუქტი გაძვირდება? ,,ვერსიას’‘ ,,ახალი მემარჯვენეების’‘ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ესაუბრება.    

 

ბატონო ლევან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ, მაგრამ რუსულ აგრესიას ეკონომიკური შედეგი უკვე მოჰყვა - მსხვილი კომპანიების აქციების ფასი დაეცა და რუსული რუბლის გაუფასურებაც დაიწყო, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკაზე? 

- რუსეთი, როგორც ეკონომიკური პარტნიორი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, არასაიმედო გახდა. რუსეთის პოლიტიზირებულ ეკონომიკაში ინვესტიცია აღარავის სურს და 3 მარტს გამართული საბირჟო ვაჭრობაც ამის ნათელი მაგალითია. მსოფლიომ კარგად დაინახა, რომ რუსული ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური იარაღია, სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად. შესაბამისად, არც ერთი ინვესტორისთვის რუსეთის ეკონომიკა და რუსული ბიზნესი მიმზიდველი არ არის. რეალურად, ესაა ბიზნესის პროტესტი პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ. საფონდო და სავალუტო ბირჟების ანალიზმა გვიჩვენა, რომ უცხოელ და თავად რუს ინვესტორებსაც მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, რადგან რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს თავად რუსები აღარ ენდობიან. მეტიც, რუსეთის ეკონომიკის მიმართ თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების დამოკიდებულებაც აშკარად ნეგატიურია, რასაც აშშ-ს, გერმანიის, კანადის პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების მიერ გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს, რომლებიც აცხადებენ, რომ ,,დიდი რვიანი’‘, შესაძლოა, ,,დიდ ერთიანად’‘ გადაიქცეს. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რუსეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცეს. ეს სიგნალები ინვესტორებისთვის იმის მანიშნებელია, რომ ყველა რუსულ აქტივს დაჩქარებული ტემპებით მოიშორებენ, რადგან რუსული აქტივები მათთვის უკვე არასტაბილურობასთან ასოცირდება. ცუდად მენიშნა ნავთობსა და გაზზე ფასების ცვლილებაც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ნავთობსა და გაზზე ფასის ზრდა, ყოველთვის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. თანამედროვე მსოფლიოში რუსეთი, მხოლოდ და მხოლოდ, ნავთობისა და გაზის მაღალი ფასებით ლიდერობს და როგორც კი ნავთობი ან გაზი გაძვირდება, რუსეთის აქტივში ჩაიწერება, ოღონდ დროებით. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ეკონომიკა კრიზისს ვერ გაუძლებს, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკა თავისუფალ საბაზრო პრინციპებს კი არა, ოლიგარქიულ ბიზნესურთიერთობებს ეყრდნობა, რაც საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, დიდხანს ვერ გაძლებს. 

- არსებობს მოსაზრება, რომ პუტინმა რუსი ოლიგარქები, მათივე ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთ-უკრაინის ომში ჩაითრია. სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქები საკუთარი კაპიტალის გადარჩენას შეეცდებიან, მაგრამ ევროკავშირის სანქციით, შესაძლოა, მათი ანგარიშები გაიყინოს, ამას რა შედეგი მოჰყვება საქართველოში? 

- არ მგონია, რუსეთში განვითარებული პროცესი, თუნდაც, ვალუტის კურსის ვარდნა, მნიშვნელოვნად აისახოს საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორია, მისი ხვედრითი წილი საქართველოს სავაჭრო ბალანსში, მცირეა. რა თქმა უნდა, როდესაც რომელიმე ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ვალუტა დევალვაციას განიცდის, ეს ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება, მაგრამ საფრთხეს მაინც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში ვხედავ. როდესაც ქვეყანაში კრიზისია, მოსახლეობა ეკონომიას ისეთი ტიპის პროდუქტებზე აკეთებს, როგორიც ალკოჰოლური სასმელია. საქართველოს რუსეთის ბაზარზე დომინანტი პოზიცია ალკოჰოლური სასმელის ექსპორტით უჭირავს. თუ რუსეთი კრიზისულ რეჟიმში გადავა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთში ქართული სასმელის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება და 2014 წელს, ყურძნის მოსავლის რეალიზაციას საფრთხე შეექმნება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რუსეთის კრიზისს უკავშირდება, პირდაპირი ფულადი გზავნილების ნაკადის სავარაუდო შემცირებაა. კრიზისის დროს, რუსეთში მცხოვრები ქართველი მოქალაქეებიც ხარჯვის ეკონომიურ რეჟიმში გადავლენ და 2014 წელს, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდება. ამას ისიც ემატება, რომ უკრაინაშიც ეკონომიკური კრიზისია და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი უკრაინიდანაც მოიკლებს, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში - გრივნა, მეორე ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, თურქეთში - ლირა, ხოლო რუსეთში, რომელიც დომინანტი სავაჭრო პარტნიორი არა, მაგრამ მაინც ჩვენი პარტნიორია - რუბლი უფასურდება, რაც ლარის კურსზეც მოახდენს გავლენას. ამას რუსეთ-უკრაინის კრიზისი და ის ფაქტორებიც ემატება, რაც უკვე ჩამოგითვალეთ, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვან რისკად უნდა აღიქვას და პოლიტიკა ამ რისკების მართვაზე უნდა მოარგოს. ჯერჯერობით, საქართველოში სრულფასოვანი საბიუჯეტო ხარჯვითი პოლიტიკა არ გვაქვს ანუ, რეალურად, ,,ქამრების შემოჭერა’‘ გატარებული არ არის. კიდევ ერთი, ცუდი მოლოდინი, რაც რუსეთ-უკრაინის კრიზისს მოჰყვება, ტურისტული ნაკადების შემცირებაა, განსაკუთრებით უკრაინიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთიდან და უკრაინიდან სავალუტო შემოსავლებსაც დაკარგავს, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხეა. 

- რა ტიპის საქონლის იმპორტი ხორციელდება უკრაინიდან, ან რა ტიპის პროდუქციის ექსპორტს ვაწარმოებთ და როგორ აისახება უკრაინის კრიზისი ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე? 

- 2013 წელს, უკრაინა-საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ბალანსში, უკრაინიდან იმპორტი - 7.6%, ხოლო ექსპორტი - 6.6% იყო. ბოლო დროს, კრიზისამდე პერიოდში, უკრაინასთან ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა და 6.6%-ის ნაცვლად, 10% გახდა, შესაბამისად, შემცირდა იმპორტი. 2012 წლიდან, 2013 წლის ბოლომდე, უკრაინასთან მიმართებაში, ექსპორტ-იმპორტის სალდოს გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნებოდა, რაც, ძირითადად, სპირტიანი სასმელის, ღვინისა და ღვინომასალების, მინერალური წყლის ექსპორტის ხარჯზე განხორციელდა. ახლა, როდესაც უკრაინაში კრიზისი დაიწყო, სწორედ ამ მიმართულებით შეგვექმნება სერიოზული პრობლემა.  მოსალოდნელია ექსპორტ-იმპორტის გარკვეული კორექტირება, რადგან უკრაინული კრიზისი სენსიტიურად აისახება ალკოჰოლური ბაზრის სტრუქტურაზე. 2014 წელს, ღვინის, ღვინომასალებისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის იმედი არც უკრაინისა და არც რუსეთის ბაზარზე არ უნდა გვქონდეს. რაც შეეხება იმპორტს, უკრაინაში განვითარებული კრიზისი ადგილობრივ წარმოებასა და მის მასშტაბებზეც უარყოფითად აისახება. უკრაინიდან საქართველოში სიგარეტი, არმატურა, მზესუმზირის ზეთი და ქვანახშირის კოქსი შემოდის, ამიტომ უკრაინიდან შემოტანილი სიგარეტი ,,ვინსტონი’‘, რომელიც ერთ-ერთი დომინანტი ბრენდია საქართველოს ბაზარზე, გაძვირდება. მეტიც, მოიმატებს მზესუმზირის ზეთის ფასიც, რომელიც სამომხმარებლო კალათის ნომერი პირველი პროდუქტია, გაძვირდება არმატურა, რასაც ზოგადად, მშენებლობის დარგში, ფასების კორექტირება მოჰყვება. 

- ამას ნავთობისა და გაზის გაძვირებაც დაემატება და გამოდის, ნებისმიერი პროდუქტის გაძვირება გარდაუვალია? 

- საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხი, დაახლოებით, 75%-ია ენერგეტიკულ ბალანსში და აქ ელექტროენერგია არ იგულესხმება, რადგან რუსულ დენზე ნაკლებად დამოკიდებულები ვართ. თუმცა თბოსადგურების 100% გაზზე მუშაობს და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის თვალსაზრისით, ბაზისური სიმძლავრეების შენარჩუნება გაგვიჭირდება, თუ ეს კრიზისი დიდხანს გაგრძელდება. მოკლევადიან პერიოდში, არ ვპროგნოზირებ, რომ გაზზე ფასები დაკორექტირდება, რადგან აზერბაიჯანული ,,სოკარი’‘, რომელიც საქართველოს ბაზრის მონოპოლისტია და 100%-ით უზრუნველყოფს გაზის მოწოდებას, გაზის ფასის ცვლილებას არ დაუშვებს. თუ კრიზისი გაღრმავდება და მით უმეტეს, უფრო მასშტაბური სამხედრო ოპერაციების სახეს მიიღებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. ჩვენი ალტერნატივა მხოლოდ ელექტროენერგიაა და კარგია, რომ ეს პროცესი ზაფხულის დადგომას დაემთხვა, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მატულობს და საექსპორტო პოტენციალიც იზრდება. როდესაც ვამბობ, რომ 2013 წელთან შედარებით, 2014 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება, სწორედ ამ ფაქტორებს ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული პოლიტიკა გაატაროს ერთი მხრივ, საბიუჯეტო მიმართულებით, რათა შედეგზე ორიენტირებული ხარჯვითი პოლიტიკა შევიმუშაოთ და მეორე მხრივ, წმინდა მონეტარული ინსტრუმენტებიც გამოიყენოს. როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა, რეალურად აღიარა, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციური რისკი მნიშვნელოვანია. მართალია, ქვეყანაში ფული გააძვირა, მაგრამ ფასების მოსალოდნელი ზრდის შეჩერების მხრივ, პრევენციული ღონისძიებებიც გაატარა. ყველაფერი მაინც ხელისუფლების გონიერებაზეა დამოკიდებული, რომელმაც ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო რესურსები უნდა მოიზიდოს. ვშიშობ, ჩვენი ხელისუფლება დეკლარირების დონეზე უფრო აქტიურია ინვესტიციებთან მიმართებაში, ხოლო რეალური მოქმედების მხრივ კი აშკარად პასიურობს. საჭიროა ჰიპერაქტიური საინვესტიციო პოლიტიკა, კონკრეტული საინვესტიციო ქეისიების ლობირება და მათი დამტკიცება.  საქართველოს გადარჩენის შანსი, გონივრული საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებასა და ჰიპერაქტიურ საინვესტიციო პოლიტიკაშია, რათა ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს. საქართველოს, დაახლოებით, 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია სჭირდება წლის განმავლობაში, რათა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), მინიმუმ 6%-იანი ზრდა უზრუნველვყოთ. 

- ბატონო ლევან, უკრაინაში, იანუკოვიჩის მხარდამჭერი პრორუსული ორიენტაციის ოლიგარქები რა ნაბიჯებს დგამენ ამ კრიზისის ფონზე, ან რა რეალური საფრთხე მოჰყვება მათ ქმედებებს? 

- უკრაინაში ბიზნესის ორი ოლიგარქიული ნაწილია, უკრაინელი ოლიგარქები და წმინდა წყლის, პრორუსული ორიენტაციის ოლიგარქები. უკრაინელი ოლიგარქები აშკარად გამოხატავენ ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას, რადგან ამ შემთხვევაში, წმინდა პატრიოტულ გრძნობებზე მიდის თამაში. მეორე მხრივ, ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც უნდა მოვიდეს უკრაინაში, ბიზნესის ეს ოლიგარქიული ნაწილი მხარს აუცილებლად დაუჭერს. ისევე, როგორც რუსეთში, უკრაინაშიც ფულის გადინების საფრთხეა, რადგან საკუთარი კაპიტალის გადარჩენას, უკრაინელი ოლიგარქებიც ევროპის ბანკებში შეეცდებიან, რაც უკრაინული გრივნის კურსზე ნეგატიურად აისახება. უკრაინელი ოლიგარქების მეორე, წმინდა რუსული ორიენტაციის ნაწილი კი სერიოზული საფრთხეა ქვეყნისთვის. თუ დააკვირდებით, უკრაინული ბანკების აბსოლუტური უმრავლესობა რუსული ბანკების კაპიტალითაა დაფუძნებული, რაც უკრაინის ეკონომიკაში ჩადებული ნაღმია და თუ რუსეთს ძალიან გაუჭირდება, ამ ნაღმს პოლიტიკური იარაღის სახითაც გამოიყენებს! უკრაინის ფინანსური ბაზარი მთლიანად რუსულია, ბანკების აბსოლუტურ უმრავლესობას რუსული ბანკები წარმოადგენენ, მაგალითად, ,,სბერბანკი’‘, ,,ვნეშტორგბანკი’‘, ,,ალფა ბანკი’‘. მზა რეცეპტი არ არსებობს, როგორ უნდა გამოვიდეს უკრაინა ჩიხიდან, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ვერ გადარჩება, თუ თანამედროვე მსოფლიო, როგორც სამხედრო და ასევე ეკონომიკურ მხარდაჭერას არ გამოუცხადებს. საუბარია, ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ, 30 მილიარდი აშშ დოლარის ინექციაზე უკრაინის ეკონომიკაში, ასეთი ინექციების გარეშე კი უკრაინა დეფოლტის საფრთხის წინაშე დადგება და უკრაინული ეკონომიკა, როგორც ასეთი, აღარ იარსებებს!