„შეიძლება იყოს ცვლილებები, ოღონდ ფრაგმენტული, მაგრამ კადრინალური ცვლილებები, რომლებიც შეიძლება კრიტიკის საგანი გახდეს, მეეჭვება, რომ მოხდეს“

„შეიძლება იყოს ცვლილებები, ოღონდ ფრაგმენტული, მაგრამ კადრინალური ცვლილებები, რომლებიც შეიძლება კრიტიკის საგანი გახდეს, მეეჭვება, რომ მოხდეს“

ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ხოლო მას თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე შეცვლის. უნდა ველოდოთ თუ არა ქართულ ოცნებაში ძირეულ ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი აფასებს, შესაძლოა, მოხდეს მცირე მასშტაბის გადაადგილებები და არა რაიმე მკვეთრი ცვლილებები.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ თხოვნით გუშინ მიმართა. ირაკლი კობახიძემ მინისტრის თანამდებობაზე ქარსელაძის საქმიანობა შეაფასა, როგორც წარმატებული და მას მადლობა გადაუხადა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებელია გარკვეული შუალედის პოვნა: უარყოფითად იმუშავებს როგორც ხშირი საკადრო ცვლილებები, ასევე ის ფაქტი, რომ კონკრეტული პირები თანამდებებზე საერთოდ არ იცვლებოდნენ. ანალიტიკოსის განმარტებით, დღეს ქართული ოცნება ისეთ მდგომარეობაში არ არის, რომ მას რადიკალური საკადრო ცვლილებები სჭირდებოდეს.

ამ ცვლილების ლოგიკა ჩემთვის უცნობია, მაგრამ თავისთავად, არ მგონია ქართულმა ოცნებამ ცვლილებებზე პედალირება მოახდინოს. თუკი სულ არ მოახდენ ცვლილებას, იტყვიან, ჩამორჩენილი ხარ და რეფორმას არ აპირებო, თუმცა, თუკი ძალიან ბევრ ცვლილებას მოახდენ, დაგიძახებენ, აქამდე არ ვარგოდი და ახლა გინდა კანი გამოიცვალოო?! შესაბამისად, არც ერთი ვარგა და არც მეორე. შეიძლება იყოს ცვლილებები, ოღონდ ფრაგმენტული, მაგრამ კადრინალური ცვლილებები, რომლებიც შეიძლება კრიტიკის საგანი გახდეს, მეეჭვება, რომ მოხდეს.

თუკი ქართული ოცნება დააპირებს, რომ გადაუხვიოს ამ გზიდან, რაც აქამდე გამოიარა და გამოიარა საკმაოდ მძიმე გზა, მაშინ ამ სიმძიმის ძირითადი მატარებელი და ამწევი ვინც იყო, პრემიერ-მინისტრი, იმას შეცვლიან, რომ შემდეგ ახალი სახით, ახალი პოლიტიკის კეთება შეძლონ. მაგრამ, თუ არ აპირებს ამ გზის შეცვლას, მაშინ სრულიად გაუგებარი იქნება პრემიერის შეცვლა, რადგან მთელი მსოფლიო ჩათვლის, რომ პოლიტიკა იცვლება და ისევ არაპროგნოზირებადი ქვეყნის შთაბეჭდილებას დატოვებს საქართველო.

რადგან ახლანდელი არჩევნები არ არის საიმისო, რომ ოცნებას რამე უჭირდეს, მმართველმა ხელისუფლებამ შესაძლოა უფრო მეტი შედეგი მიიღოს ახლა, ვიდრე წინა არჩევნებზე, რადგან ოპოზოციის მიმართ იმედგაცრუების ხარისხი საკმაოდ მაღალია. რუსთაველის გამზირზე მიტინგებზე ოპოზიციას არ იკარებენ და ამ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები კიდევ უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ადრე იყო. ამის ფონზე, რაში უნდა დასჭირდეს ოცნებას კარდინალური ცვლილებები, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილის სიმპათია ოცნებისკენაა და ოპოზიციას ანგარიშს არავინ უწევს, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი მომიტინგეებიც კი, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ოცნებაში საკადრო ცვლილებები ზოგად პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის.

იმისდა მიხედვით თუ ვისი კადრია, შეიძლება ივარაუდო, რომ რომელიღაც გუნდი ძლიერდება, რომელიღაცა გუნდი კი კარგავს ძალაუფლებას. ზოგად პოლიტიკაზე ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს, რამდენიც არ უნდა ცვალონ და როგორც არ უნდა ცვალონ - შიგნით კი ბიზნესი და ფინანსები გადანაწილდება, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, რევაზ სოხაძემ პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:

კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ქარსელაძეს, მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა. კიდევ ერთხელ მადლობა პრემიერო, მთელ გუნდს ნდობისთვის. იმედია, ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება“, - განაცხადა სოხაძემ.

Gami აზროვნების ტიტანი ძაბირაძე!
5 საათის უკან