„სამართლებირივ რეაგირებას თავისი პოლიტიკური შედეგები აქვს, ზურაბიშვილი-ნანუაშვილის გასამართლება არ იძლევა იმხელა დადებით შედეგს, რამხელასაც უარყოფითს“

„სამართლებირივ რეაგირებას თავისი პოლიტიკური შედეგები აქვს, ზურაბიშვილი-ნანუაშვილის გასამართლება არ იძლევა იმხელა დადებით შედეგს, რამხელასაც უარყოფითს“

სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი რუს პრანკერებთან აღიარებენ, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ დაფინანსების უცხოეთიდან მიღება გართულებელია, თუმცა ადასტურებენ, რომ ემზადებიან ხელისუფლების შესაცვლელად. ამ აღიარების მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი მთავარ კითხვას არ პასუხობს და აცხადებს, რომ იწყებს მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე.

„იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება უჩა ნანუაშვილს, ამბობს, რომ სიუჟეტი ფალსიფიცირებული და დამონტაჟებულია. მისი თქმით, საუბრობდა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ე.წ. ტიტუშკების, არაფორმალური, შეიარაღებული დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს ყველაფერი რუსული პროპაგანდაა და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს აღნიშნულ მესიჯებს.

„ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რასაც მოჰყვა პუტინის, დუგინის და გავრილოვის ფანების ჟრიამული რუსულ სივრცეებში. თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობ მაიდანს საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს სიუჟეტი, რომელიც მოსკოვში, პუტინის მთავარ არხზე გავიდა, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას სრულიად საწინააღმდეგოზეც კი.

ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რუსული პროპაგანდაა და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს აღნიშნულ მესიჯებს. ამაში ასევე, მათ ეხმარება პროპაგანდისტული მედია და მარტივად იმეორებენ რუსულ პროპაგანდას. სრულად ენდვნენ პუტინის ტელევიზიის ნარატივს. წარმოიდგინეთ, ოკუპანტის მთავარი არხი ავრცელებს მასალას, დაჩეხილ-დამონტაჟებულ, ფალსიფიცირებულ მასალას, არავის გასჩენია კითხვა, იქნებ, ეს არის მონტაჟი? სამწუხაროა, რომ ქართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ასევე იმეორებენ რუსულ პროპაგანდას“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, რატომ ჩავიდა ე.წ. ხარჯთაღრიცვით აშშ-ში კასპაროვთან და რისთვის ითხოვდა დაფინანსებას.

მიუხედავად ამ სკანდალური ჩანაწერისა, სადაც აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი სტრუქტურები ამ დრომდე დუმან და კეთდება პოლიტკური შეფასებები. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში.

„ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი, რომ ის პროცესები, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, ყველაფერი გარედან და უცხოეთიდან იმართებოდა. თანხები, რომელიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დეკლარირების გარეშე, ე.წ. შავი ფული, რა თქმა უნდა, მიემართებოდა პოლიტიკაში, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია.

ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს. გუშინდელი ვიდეოჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში, პირდაპირ ასრულებენ გარედან ბრძანებებს, დავალებებს. მათ არც სამშობლო გააჩნიათ, არც საკუთარი ოჯახი. ისინი პირდაპირ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ და გარედან იმართებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, რუს პრანკერებთან ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის საუბრით დადასტურდა, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში არეულობით, რადიკალები კი ამისთვის ნოყიერ ნიადაგს უქმნიან.

„ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი მოაწყო რუსეთის მხარემ. როგორც ჩანს, რუსეთის მხარეს დიდი ინტერესი აქვს, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობები გააღვივოს და დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს, რასაც [რადიკალური ოპოზიციისგან] ისეთი წამოცდენები და პირდაპირ ეთერში აღიარებები, [როგორიც სალომე ზურაბიშვილსა და უჩა ნანუაშვილის ჩანაწერებში მოვისმინეთ], ძალიან ნოყიერ ნიადაგს უქმნის“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ჩვენ უნდა მოვისმინოთ კომენტარი პროკურატურის მხრიდან, რომელიც ვალდებულია, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და თუკი გამოძიების პერიოდში ვერ გამოავლენს კონკრეტული 315-ე, 317-ე და 318-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, მაშინ დაიხურება ეს საქმე. ხოლო თუ დამტკიცდა ბრალეულობა, მაშინ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს პროკურატურამ.

„საზოგადოება და მათ შორის,  მეც, ცოტა არ იყოს, გადაღლილები ვართ. თითქოსდა ჩვენგან ითხოვენ კომენტარს, რას ვფიქრობთ ამაზე. ამ შემთხვევაში ზურაბიშვილს და ნანაუაშვილს სთხოვენ გააკეთონ განმარტება ამასთან დაკავშირებით. სულ არ მაინტერესებს არც ნანუაშვილის და არც ზურაბიშვილის განმარტება. მე მაინტერესებს კანონის განმარტება. სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, რომელსაც ჩემამდე მოიტანას კონკრეტული სამართალდამცავი უწყების კონკრეტული პირი, რომელსაც მე მივიღებ ცნობად და შემდეგ დაველოდები საქმის განვითარებას. განვითარებას ექნება ორი მიმართულება: პირველი, დადგინდება დანაშაული, იმოქმედონ კანონის შესაბამისად! არ დადგინდება დანაშაული, მაშინ იმოქმედონ კანონის შესაბამისად და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე დაიხუროს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, არავის გაგიჩნდათ კითხვა - რატომ შეარჩიეს სამიზნედ რუსმა პრანკერებმა მაინცადამაინც სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი? არადა, სამიზნეები ძალიან ზუსტად იყო შერჩეული და აქ ძალიან კარგად ჩანს რუსული სპეცსამსახურების სტილი, ხელწერა და როგორც უწოდებენ ოპერატიული კომბინაცია. ერთი სამიზნე - ლიდერი, მეორე სამიზნე - რიგითი საველე.

„ყველაფერი ისე დაიგეგმა, რომ ერთიც და მეორეც ადვილად წამოეგებოდნენ ანკესს და ასეც მოხდა. იგივე შეუძლიათ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართაც მოიმოქმედონ, თუ საჭიროდ ჩათვლიან. შედეგი მიღწეულია: ამ პრანკინგით სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური რეპუტაცია და მისდამი ნდობა შეუქცევადად დაზიანდა, თან სერიოზულად. ასარგებლა თუ არა სალომეს და უჩას „გაპრანკერებამ“ „ქართული ოცნება?“ გარკვეულწილად კი, რადგანაც სალომემაც და ნანუაშვილმაც არათუ გულწრფელად აღიარეს, რომ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობაზე არიან ორიენტირებული, არამედ გაამხილეს მათი ძალადობრივი რესურსებიც.

რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თანაც რომ იტყვიან, პირველი ხელიდან, რომ დესტრუქციული აქციები ჩვენთან ფინანსდებოდა მეგობრებად და პარტნიორებად მიჩნეული ქვეყნებიდან და ოპოზიციას ახლაც მათი ფინანსების იმედი აქვს. რა თქმა უნდა, ამის ფონზე რთული იქნება ამ ქვეყნებთან ურთიერთობების ძველებურად გაგრძელება, გადატვირთვის გარეშე. მოკლედ, რუსულმა სპეცსამსახურებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ თუ მოინდომებენ, საქართველოში უფრო ძლიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური რყევების გამოწვევაც შეუძლიათ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

კითხვაზე, რატომ არ რეგირებს ამ დრომდე პროკურატურა, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს: „დავუშვათ, პროკურატურამ დააკავა ზურაბიშვილი და ნანუაშვილი, წარმოვიდგინეთ რა ტექსტები იქნება იგივე დასავლეთიდან“, - ამბობს საყვარელიძე, რომლის განცხადებით, სამართლებირივი რეაგირება უკვე ისეთი აქტია, რომელსაც თავისი პოლიტიკური შედეგები აქვს.

„დღეს, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველო ძალიან რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაშია და უკვე უკანაც ვერ დაიხევს. რატომაც დაპირისპირება მოხდა დასავლეთთან, ეს ფაქტორი ძალაშია, ვგულისხმობ ჩინეთის ფაქტორს და არა რუსეთს, რადგან რუსეთს და დასავლეთს აქვთ შესანიშნავი ურთიერთობა. ეს ფაქტორი რახან ჯერ კიდევ არის და ჯერ კიდევ დასავლეთის გარკვეულ წრეებს სურთ ყველა იმათი მოშორება, ვინც ლიბერალურ პოზიციას არ იზიარებს და ებრძვიან რითაც შეუძლიათ, როგორ ნიჭერადაც შეუძლიათ. ასეთი არის ჩინეთის ტრანზიტზე მყოფი საქართველო. ამიტომ  მე ვთვლი, რომ უნიჭოდ გვებრძვიან, მაგრამ ძალას არ იშურებენ. ამ ფონზე ზურაბიშვილი-ნანუაშვილის გასამართლება არ იძლევა იმხელა დადებით შედეგს, რამხელასაც უარყოფითს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ლევკოთეა ოცნებაზეც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს რუსეთს და ოპოზიციაზეც. პირდაპირი ინება ეს გავლენა, თუ ირიბი. ეს დავით ქართველიშვილი საერთოდ არ იწვევს ჩემს ნდობას. არ ვთვლი, რომ სუფთა ადამიანია და გარე ძალის საქმეს არ აკეთებს.
ისე, თუ ეხლა მიდის მსოფლიო გადანაწილება და ფაქტია, მიდის. როგორ დავიჯერო, რომ რუსეთი, რომლისთვისაც საქართველო ზედ ,,ყურის ძირშია", ვის დაუთმობს ბოლომდე აქ გავლენას?
6 საათის უკან
Gami სალომე ბაბო სპლეროზის აქტიურ ფაზაში შედის. რამდენი "კამიტეტი", "პლატფორმა", "ინიციატივა" უნდა შექმნას ამ სულელმა? საქმე ისაა, რომ წინა დღის შექმნილი, მეორე დღეს აღარ ახსოვს. ჰოდა, ამიტომ ქმნის და იქმნის...
3 საათის უკან
ლაზი ნანუაშვილმა იცის, პრანკერების გამოქვეყნებულ მასალებს ექსპერტიზას ვერავინ ჩაუტარებს და გამოაცხადა დამონტაჟებულიაო.
რა საჭიროა დამონტაჟება, ვინმესთვის საიდუმლოა მაიდანს რომ აწყობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ? არც შეიარაღებული ჯგუფების თემაა ახალი ამბავი, ნახეთ პარლამეტზე პიროტექნიკით შეტევის კადრები და მიხვდებით, ის ხალხი დიდი ხნის ნავარჯიშები არიან თორემ, ვისაც ეჭვი გეპარებათ, სცადეთ განმეორება და ნახავთ რასაც დაგმართებთ ისეთი მაშხალები.
ასეთ ხალხს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, წავიდოდნენ და რამე სასარგებლო საქმით დაკავდებოდნენ, ამდენ თავის დამამცირებელი ანგარიშების წერას და უცხოელების ღრიტინს - არიქა ფინანსური პრობლემები გვაქვს და თქვენ დავალებებს ვეღარ ვასრულებთო.
გამოაცხადა ტრამპმა - აღარ გვჭირდება ეს გაშიფრული აგენტურაო და დახურა მათი დაფინანსების არხები.
3 საათის უკან