ვინ გასცა 2019 წლის 20 ივნისს ე.წ. დათვის, ნარინჯისფერი რეზინის ტყვიების მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენების ბრძანება, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღემდე არ იცის და არც დაინტერესებულა ვინ დაუშვა აქციის დარბევის დროს ამ ტყვიების გამოყენების ნებართვა. ვისი ბრძანებით მოქმედებდა სპეცრაზმი, რომელთაც ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენების შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო 200-მდე ადამიანის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
გიორგი გახარიამ წულუკიანის საგამოძიებო კომისიასთან საუბრის დროს თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიები მისი ბრძანებით არ გამოუყენებიათ, თუმცა მისივე მტკიცებით, მისთვის უცნობია, ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ეს.
გახარია ამტკიცებს, რომ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ.
თეა წულუკიანის კითხვაზე, „ცნობილია თუ არა, ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილი?“ გახარიამ აღნიშნა: „მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. მე რომ მცოდნოდა, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებდი“.
თეა წულუკიანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა თანმიმდევრობით იქნა გამოყენებული სხვადასხვა საშუალებები, გიორგი გახარიამ განაცხადა: „ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში – ჯერ არის ცრემლსადენი გაზი, შემდგომ – წყლის ჭავლი. როგორც მახსოვს, ტყვიები გამოყენებული იყო სადღაც შუაში, ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის“.
რას ედავებიან გახარიას და რა არის 20 ივნისის აქციის დაშლის დროს ჩადენილი დანაშაულები, რომელზეც შესაძლოა გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაც დაიწყოს?
20 ივნისს სპეცრაზმმა გარდა სტანდარტული შავი ტყვიებისა, ნარინჯისფერი, ე.წ. რაკეტისებრი ტყვიებიც გამოიყენა, ხოლო ნარინჯისფერ ტყვიებზე ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მას გარდა სამიზნის დაზიანებისა, მისი სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია. „შექმნილია პირდაპირ სასროლად. შეუძლია გამოიწვიოს სამიზნის დაზიანება ან სიკვდილი. ნარინჯისფერი ტყვია ანალოგებს შორის ყველაზე ძლიერია“ - წერია ტყვიის შესახებ მოცემულ ინფორმაციაში.
20-21 ივნისის ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებულ იქნა: 12 მმ კალიბრიანი თოფები, რომელიც მხოლოდ რეზინის ტყვიებისთვის იყო განკუთვნილი;
38 მმ კალიბრიანი თოფები, რომლითაც რეზინისა და გაზის ტყვიების სროლა იყო შესაძლებელი;
40 მმ კალიბრიანი თოფები, რომლითაც მხოლოდ გაზის ჭურვების სროლა იყო შესაძლებელი.
აქციის დაშლისას, რამდენიმე საათის განმავლობაში (დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე), განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია.
შსს-მ, ძირითადად, არამართლზომიერი და არაპროპორციული ძალა გამოიყენა: ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ ისროლა რეზინის ტყვიები, მათ შორის, აქციის იმ მონაწილეების მიმართულებით, რომელთა მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე, რიგ შემთხვევაში, სამართალდამცავებმა ტყვიები ისროლეს ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოებზე დამიზნებით“.
სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ არსებობს ლეტალური და არალეტალური იარაღი, შესაბამისად, მსოფლიო პრაქტიკაში არის მიღებული, რომ დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლის დროს, არალეტალურ იარაღს იყენებენ. თუმცა გამოყენების წესები მასაც გააჩნია.
„საქართველოში არსებობს პოლიციის კანონი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, რომელი იარაღი, რა დისტანციიდან უნდა იქნას გამოყენებული და რა შემთხვევაში. რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, რომელსაც ე.წ. ნარინჯისფერ ტყვიას უწოდებენ და ის 20 ივნისს იქნა გამოყენებული, მისი გასროლა ჩვეულებრივ, ძირითადად, 12 კალიბრის სანადირო თოფიდან ხდება. ოღონდ რკინის საფანტის მაგივრად გამოიყენება რეზინის მრგვალი ბურთულას ტყვიები. ეს არის ერთი კონკრეტული სახეობის, სადაც მხოლოდ ერთი რეზინის ტყვია იდება. ეს არის სწორედ ე.წ. ნარინჯისფერი ტყვია. აქ განსხვავება არის იმაში, რომ როდესაც ერთი რეზინის ბურთი გამოვარდება, უფრო მეტი შანსია, რომ სამიზნეს მოარტყამს.
ამ რეზინის ტყვიას დარტყმის ძალა უფრო დიდი აქვს. მისი გამოყენების მიზანია, რომ ადამიანის შეჩერება და დროებით მწყობრიდან გამოყვანა მოხდეს. თუმცა მისი გამოყენება ხდება გარკვეული დისტანციიდან და მას კონკრეტული ინსტრუქცია გააჩნია. მისი გამოყენება 30 და 40 მეტრამდე უნდა მოხდეს, რათა ადამიანის დაზიანების რისკები შემცირებული იყოს. ასევე, არ უნდა მოხდეს სასიცოცხლო ორგანოებზე დამიზნებით სროლა, მაგალითად, თავის არეში, სახის არეში“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, 20 ივნისის კადრებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი სპეცრაზმელი აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესვრის, სავარაუდოდ, თავის არეში. როდესაც თითო ტყვია დევს და სპეცრაზმელი მას დამიზნებით ისვრის, აქ უკვე მისი პასუხისმგებლობის საკითხი ჩნდება.
„პოლიციელმა ეს იარაღი, შესაძლოა, ისროლოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ჩანს, რომ აქციის მონაწილისგან სერიოზული საფრთხე მოდის - თუ იარაღი უჭირავს ხელში, ან რამე საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება. დანარჩენი უკვე აქციის მონაწილეებზე ნადირობის ეფექტს იღებს“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, სპეცოპერაცია ნორმალურ ქვეყანაში იგეგმება. თუმცა ასპროცენტიანად ყველა გეგმა ვერ შესრულდება. ასევე სპეცრაზმელი როდესაც გადის სპეცოპერაციისთვის, მას ყველა აღჭურვილობა, რაც აქციის დასაშლელად საჭიროა, თან მიაქვს. შემდეგ ეტაპობრივად, საჭიროებიდან გამომდინარე ან ბრძანების მიღების შედეგად, მის გამოყენებას იწყებს.
„საწყობიდან იარაღის გამოტანა, ბრძანების გარეშე შეუძლებელია, მაშინ ეს უკვე დანაშაულია. იქ ითვლება თითოეული ნომერი, რომელი იარაღი გამოაქვთ ან ხომ არ გამოაქვთ არალეგალური მასალა, რომლის გამოყენებაც ნაბრძანები არ არის. ყველას თავისი შიფრი და სახელი აქვს, რა რაოდენობის არის გამოტანილი და რა სახეობის. შემდეგ, როცა მისი უკან ჩაბარება ხდება, ესეც დეტალურად ითვლება. აქტი დგება, რამდენი გაიხარჯა, ეს ყველაფერი ოფიციალურად დეტალურად იწერება. 20 ივნისს დიდი შეცდომა იყო, როცა სპეცრაზმელები მომიტინგეების წინ დააყენეს. პოლიცია მომიტინგეებსა და ჯებირს შორის, შუაშია არ უნდა ჩაეყენებინათ. სპეცრაზმელებს უკან გზა ჰქონდათ მოჭრილი ვერ გადიოდნენ, წინიდან კი მათზე სერიოზული შეტევა მიდიოდა“, - ამბობს ალადაშვილი.
იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის პრეროგატივა არ არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა მათ შეუძლიათ საქმის მასალების პროკურატურისთვის გადაცემა, რის საფუძველზეც მათ გამოძიების დაწყების შესაძლებლობა აქვთ. მუხაშავრია for.ge-თან ამბობს, რომ თუ გახარიას არ გაუცია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაშინ მან უნდა იცოდეს იმ პირების ვინაობა, რომლებმაც ეს ბრძანება გასცეს.
„რამდენად გადაწყვეტს პროკურატურა გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. პროკურატურას შეუძლია მოიკითხოს ბრძანების გაცემის დოკუმენტები, რაციის ჩანაწერები და ასევე გამოიკითხოს სპეცრაზმის დანაყოფების ხელმძღვანელები, რომლებიც ადგილზე ამ ბრძანებებს იღებდნენ და ვისგან იღებდნენ ან მაშინ უნდა დადგინდეს, რომ ისინი ბრძანებას თვითნებურად გასცემდნენ. ასევე საინტერესოა სპეცრაზმელების ჩვენებებიც, ვისგან იღებდნენ ისინი ბრძანებას ამ იარაღის გამოყენების თაობაზე.
ეს ყველაფერი საქმის მასალებში აქამდეც უნდა იდოს და გამოკვლეულიც უნდა იყოს. ასევე, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გახარია ბოლომდე რაღაცებზე არ საუბრობს. მაშინ გამოდის, რომ თუ თავად არ გასცა ეს ბრძანება, გასცა პრემიერმა, ან სხვა პირმა, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. აქ, ასევე, ექსპერტიზებია ჩასატარებელი, შესაბამისად, რამდენად ეს შესაძლებელი იქნება დროის ფაქტორიდან გამომდინარე, რთული სათქმელია. საკმაოდ დიდი დროა გასული მას შემდეგ და გამოძიება ამას რამდენად შეძლებს, საკითხავი ეს არის“, - ამბობს მუხაშავრია.
აქაც პასუხს ვერ ეღირსება ქართველი ერი.
ყოვლისმომცველ აბსურდში ვართ.