პაატა ზაქარეიშვილი - ვინაიდან საქართველოს მიმართ არ ყოფილა საჭირო რეაქცია, რუსეთი დღეს თამამად ახორციელებს თავის პოლიტიკას უკრაინაში

პაატა ზაქარეიშვილი - ვინაიდან საქართველოს მიმართ არ ყოფილა საჭირო რეაქცია, რუსეთი დღეს თამამად ახორციელებს თავის პოლიტიკას უკრაინაში

უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან მის პარალელებზე "ინტერპრესნიუსი" შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
- ბატონო პაატა, როგორ შეაფასებდით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. სულ უფრო მეტი ადამიანი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, პარალელს ავლებს 2008 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან. თქვენ თუ იზიარებთ მოსაზრებას, რომ რუსეთი ყირიმში იმავე სცენარით მოქმედებს?
- ბუნებრივია, ბევრი საერთო არის, რუსულ ხელწერას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, თორემ უკრაინაში სულ სხვა ვითარებაა. 2008 წელს საქართველოში სხვა ვითარება იყო. მიუხედავად ამისა, რუსეთი მოქმედებს ერთი სტილით, ეს არის ბრუტალური ძალის გამოყენება. პოლიტოლოგიაში ამას "რეალ პოლიტიკს" ეძახიან, ანუ მე რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, ყველამ კეთილი ინებოს და ანგარიში გაუწიოს ამას. რუსეთი ამ ბრუტალური ძალის გამოყენებით მოქმედებს და, როგორც წესი, ყველაფერი დამოკიდებულია მის მოწინააღმდეგეზე - რამდენად გონივრულად იქცევა და თამაშობს თუ არა რუსულ თამაშს.
ჩვენდა სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება მიენდო რუსეთს. მე მახსოვს, იაკობაშვილი და პოპოვი როგორ დადიოდნენ ცხინვალის Qქუჩებში ხელიხელჩაკიდებული, როგორც შეყვარებულები, ეძებდნენ კოკოითს და ვიშვიშებდნენ. ეს იყო დაახლოებით 5-6 აგვისტოს. ანუ ათამაშებდნენ სცენარს, ვითომ რუსეთი საქართველოს გვერდში იდგა და ოსები იყვნენ ჩვენი წინააღმდეგნი; კულახმეტოვის ციტატები მოჰყავდა ხოლმე იაკობაშვილს, რომ აი, კულახმეტოვი ჩვენს მხარესაა, ის ოსური მხარის მიერ იარაღის გამოყენებას გმობს. ანუ, რუსეთმა კარგად ჩაგვითრია მაშინ თავის თამაშში და გადაგვადგმევინა ისეთი ნაბიჯები, ისეთი შეცდომები დაგვაშვებინა, რამაც მერე გაუადვილა, თავისი აგრესია და ოკუპაცია გაემართლებინა. ამისგან განსხვავებით, დღევანდელი უკრაინის დემოკრატიული ხელისუფლება უაღრესად გონივრულად იქცევა და იმედია, ჩვენ გამოცდილებას და შეცდომებს იყენებს (თუმცა რატომ ჰყავთ სააკაშვილი იქ, მე არ მესმის. სწორედ სააკაშვილი უშვებდა ამ შეცდომებს), მაგრამ აშკარაა, რომ რუსულ თამაშს არ თამაშობენ და არ იქცევიან ისე ყირიმში, როგორც სააკაშვილი ცხინვალში იქცეოდა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ პარალელი არის ის, რომ რუსეთი მოქმედებს ძალისმიერი მეთოდებით და უნდა, პრობლემები შეუქმნას უკრაინას, ხოლო განსხვავება არის ის, რომ უკრაინა უფრო გონივრულად იქცევა, რუსული სცენარით არ მოქმედებს. ახლა ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შექმნილი მომენტი და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, როგორ მოიქცა რუსეთი საქართველოში, რას აკეთებდა, რას მიაღწია. ვინაიდან რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მსოფლიოს უნდა მოვუწოდოთ, მოახდინოს ზემოქმედება რუსეთზე, რომ მან აუცილებლად გააფორმოს საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება. ის, რომ რუსეთი ყველაფრის გამკეთებელი და მკადრებელია, რომ არ იყო ფრთიანი ანგელოზი 2008 წელს, ახლა მაინც უნდა დაინახოს იმ ხალხმა, ვინც ვერ დაინახა 2008 წელს. ჩვენი შეცდომები ცალკე, შიდა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მაგრამ რუსეთის აგრესიის თემა მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ თავის დროზე რომ მხარში ამოდგომოდნენ უფრო პრინციპულად საქართველოს, უკრაინა დღეს შეიძლება არ განმეორებულიყო. ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ამბობს, თითქოს უკრაინის შემდეგ საქართველოა რიგში. სინამდვილეში პირიქითაა, საქართველოს შემდეგ მოუწია უკრაინას რიგმა. ვინაიდან საქართველოს მიმართ არ ყოფილა ისეთი რეაქცია, როგორიც საჭირო იყო, რუსეთი დღეს თამამად ახორციელებს თავის პოლიტიკას უკრაინაში. ჩვენ უნდა განვიხილოთ უკრაინის მოვლენები საქართველოს, ანუ აფხაზურ-ოსურ დისკურსში და მოვუწოდოთ მსოფლიოს, დააჯერონ რუსეთი საქართველოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე.
- თქვენ თქვით, რომ შეცდომები შიდა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მხოლოდ შიდა კონტექსტში ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ, რაც სხვადასხვა დროს საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ხომ არ ჯობდა, თავიდანვე ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ ასეთია რუსული პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, ვინაა ხელისუფლებაში და, რომ საქართველოს არ შეეძლო ომის თავიდან აცილება. . . 
- საქართველოს თავისუფლად შეეძლო, თავიდან აეცილებინა ომი, ისევე, როგორც უკრაინა იცილებს დღეს საომარ მოქმედებებს თავისი გონივრული პოლიტიკით. სიმართლეს ვერ გავექცევით და თავის მოტყუებას კი აზრი არ აქვს. 
- თუმცა უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ კიდევ არ ვიცით. . . 
- არა, მაგრამ ჩვენ დღევანდელ დღეზე ვლაპარაკობთ. დღეს აშკარაა შიშველი აგრესია რუსეთის მხრიდან, ასევე უნდა მოვქცეულიყავით ჩვენ. სააკაშვილს არ უნდა ეპასუხა რუსული აგრესიისთვის იმ ფრომით, რა ფორმითაც უპასუხა, შეენარჩუნებინა მოსახლეობა ადგილზე და ჩაერთო მთელი მსოფლიო. მართალია, მსოფლიო ჩაერთო, მაგრამ როცა სისხლი უკვე დაღვრილი იყო. ამიტომ ვინ დაიწყო ომი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სააკაშვილის კითხვაა. როგორ მივედით ომამდე - ამას აქვს მნიშვნელობა, თორემ ომი არ იწყება პირველი გასროლით, ომი მზადდება. ჩვენ რაღაც იშვიათად გვესმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი. სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ცხინვალს გვითმობდა, ამას ავლენდა რეგულარულად. ბევრი კითხვა გვაქვს სააკაშვილის მიმართაც, მაგრამ ახლა, ამ წუთში ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მთავარია, რომ უკრაინა იქცევა უფრო გონივრულად, ვიდრე იქცეოდა სააკაშვილის ხელისუფლება აგვისტოში. ამით საშუალებას აძლევს ევროპას უფრო დროული, გაწონასწორებული ნაბიჯები გადადგას და არა პოსტ ფაქტუმ, ფორს-მაჟორის რეჟიმის ნაბიჯები.
- რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, რამდენად ადეკვატურია იგი? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დასავლეთის მხრიდან უკრაინის კრიზისის გადასაწყვეტად და განსაკუთრებით მინდა გკითხოთ იმ როლზე, რომელიც გერმანიამ შეიძლება ითამაშოს. როგორც იცით, ანგელა მერკელმა რუსეთს შესთავაზა ეუთო-ს ეგიდით ფაქტების დამდგენი მისიისა და საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის შექმნა და მასში მონაწილეობა; ვალტერ შტაინმაიერმა კი განაცხადა, რომ წინააღმდეგია "დიდი რვიანიდან" რუსეთის გარიცხვის. თქვენი აზრით, გერმანიის ასეთი რბილი მიდგომები უფრო სწორია, თუ საჭიროა რადიკალური ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც იგივე, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, ეკონომიკური იზოლაციისა და სხვა სანქციების შესახებ?
- ემოციები რაც არ უნდა გვკარნახობდეს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, ყოველთვის უნდა გამოვიდეთ საბოლოო შედეგის განსაზღვრიდან. რუსეთი - გარიცხული "დიდი რვიანიდან", პოლიტიკურად იზორილებული (რადგან ეკონომიკურად მისი იზოლაცია შეუძლებელია, ვინაიდან დიდი სახელმწიფოა, თვითკმარი ეკონომიკით), რა, უკეთესი გახდება, თუ უფრო მეტად გამწარდება?! დაჭრილ დათვს დაემსგავსება, ამიტომ მე ვიზიარებ შტაინმაიერის პოზიციას. რუსეთის "დიდი რვიანიდან" გარიცხვა არა თუ შედეგს ვერ მოიტანს, კიდევ უფრო უკონტროლო და აგრესიული გახდება. ამიტომ სჯობს, მსოფლიო პროცესებში იყოს ჩართული. მისასალმებელია მერკელის ინიციატივა, რომ ეუთო-ს საშუალებით გაანეიტრალოს სიტუაცია უკრაინაში. ამდენ ხანს რომ მოეთმინა საქართველოს მთავრობას 2008 წელს, სისხლისღვრის გარეშე მომხდარიყო სხვა საერთაშორისო სტრუქტურების ჩართვა, უფრო უკეთესი იქნებოდა. ჩვენთან მხოლოდ 12 აგვისტოს მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი. ამიტომ, ახლა მე მგონია, რომ მერკელის მოსაზრებები არის უფრო გაწონასწორებული. რუსეთი შეიძლება, "დიდი რვიანიდან" გარიცხვაზე მეტის ღირსია, ემოციურად, შეიძლება ყველაფრისთვის გაიმეტო, მაგრამ რეალურად ეს რა შედეგს მოიტანს?! - უფრო მართვადი გახდება და დამთმობი თუ უფრო უკონტროლო?! მე ვფიქრობ - მეორე. 
- როგორც აღნიშნეთ, ახლა უკრაინის ჯერი დადგა, მაგრამ უკრაინის შემდეგ ისევ საქართველოს შეუქმნის თუ არა რუსეთი პრობლემებს, იმის გათვალისწინებით, რომ წინ არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ზაფხულში?
- რუსეთი საქართველოზე გარკვეულ ზეწოლას რა თქმა უნდა, განახორციელებს, მაგრამ ხომ ხედავთ, მავთულხლართებს იქით ჯერჯერობით არ მიდის და ვერ მიდის. რუსეთი სად მუშაობს? - სადაც საყრდენი აქვს. საყრდენი ჰქონდა აფხაზეთში, საყრდენი ჰქონდა სამხრეთ ოსეთში და ახლა საყრდენი აქვს ყირიმში. საქართველოში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, რუსეთს საყრდენი არსად აღარ აქვს. რუსეთის რესურსი საქართველოს ტერიტორიაზე შესუსტებულია, ამიტომ ისტერიკაში ნუ ჩავვარდებით. საჭიროა მხარში ამოვუდგეთ უკრაინას, მოვუწოდოთ არ დაუშვას შეცდომები, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ დაუშვა. სააკაშვილმა ერთადერთი სწორი რამ თქვა ამ ბოლო დროს, რომ პუტინი იქ უტევს, სადაც სილაჩრეს ხედავსო. ამით დაადასტურა თავისი პოლიტიკა, მისი სილაჩრის გამო შემოუტია პუტინმა საქართველოს 2008-ში. აშკარაა, რომ უკრაინა ასე არ იქცევა და მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინის ხელისუფლებით, რომელიც ასე ადეკვატურად უმკლავდება მის წინაშე არსებულ პრობლემებს. 
- და ბოლოს, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას რაც შეეხება, გარდა იმ ოფიციალური განცხადებებისა, რომლებიც გაკეთდა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ხომ არ დგას დღის წესრიგში რომელიმე ლიდერის უკრაინაში ჩასვლა, უკრაინის მხარდამჭერი მორიგი რეზოლუციის მიღება ან მსგავსი ნაბიჯები?
- უკრაინის მიმართ პარლამენტმა, შესაძლოა, განცხადება კიდევ მიიღოს ან სხვადასხვა განცხადებები გაკეთდეს. მთავარია, რომ დაიწყო ვითარების განმუხტვა, ეს გამოიწვია დასავლეთის, კერძოდ, გერმანიის აქტიურობამ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არასდროს აგვიანებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას. ამიტომ თუ იქნება საერთაშორისო პროექტი, მაგალითად, როგორიც იყო 2008 წლის 12 აგვისტროს 5 პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში, ასეთ მხარდაჭერაში შეიძლება, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს. მთავარია, ასეთი ნაბიჯები ევროკავშირთან იყოს შეთანხმებული. 

"ინტერპრესნიუსი"
ნინო ჩიჩუა