რუსეთი უკრაინას ომითა და პირდაპირი ანექსიით ემუქრება. პირველ რიგში ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან ახლა ის დასავლელი ანალიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც 2008 წელს ყევლაფერში საქართველოს ადანაშაულებდნენ. მაგალითად ამერიკელი დიმიტრი საიმსი და გერმენელი ალექსნადრე რარი.
გლობალური ტელეკომპანიები, რომლებიც, როგორც ვლადიმერ პუტინი ამტკიცებდა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე, „საერთო ცენტრიდან იმართებიან", ამჟამად საინფორმაციო გადაცემებს უკრაინაში, კერძოდ ყირიმში მიმდინარე მოვლენებით იწყებენ.
იქ ომის მოახლოება უკვე აშკარად იგრძნობა. ამიტომ, ინტერესიც განსაკუთრებულია. ძალაუნებურად დაგენანება და „კითხვაც" გაგიჩნდება: ასე აქტიურად რომ გაეშუქებინათ 2008 წლის აგვისტომდე ცხინვალის და აფხაზეთის გარშემო მიმდინარე მოვლენები (არადა, იქ სისხლი რამდენიმე თვის განმავლობაში უხვად იღვრებოდა) აგვისტოს ომი შეიძლება არც ყოფილიყო. იმდროინდელი გულგრილობისა და ინდიფერენტობის მრავალ მიზეზთაგან მთავარი მაინც ისაა, რომ ევროპიდან საქართველო ბევრად „შორს" აღიქმება (არა მხოლოდ და არა იმდენად გეოგრაფიულად), ვიდრე უკრაინა.
ყირიმში სიტუაციის ესკალაცია გარდაუვალი გახდა მას შემდეგ, რაც პუტინმა მწარე მარცხი იწვნია კიევში. აქ მას იმდენად საერთაშორისო ავტორიტეტი და რუსეთის ყოვლისშემძლეობის გლობალური მითი არ აღელვებს, რამდენადაც პრესტიჟი ქვეყნის შიგნით: რუსულ საზოგადოებას უკვე ეტყობა დაღლა ხანგრძლივი მმართველობით, რომელიც კიდევ 10 წელს უნდა გაგრძელდეს - 2024 წლამდე!
ზოგადად, ამ ყაიდის რეჟიმებს, ლეგიტიმურობის შესანარჩუნებლად (იგულისხმება არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმურობა ელიტისა და მასის თვალში), აუცილებლად ესაჭიროებათ მუდმივი გამარჯვებები: საქართველოს წინააღმდეგ მცირე ომში, ევროვიზიაზე, ოლიმპიადაზე . . . ერთი სიტყვით ყველგან, სადაც კი შეუძლია თავისი „მაგრობა" დაამტკიცოს და აჩვენოს. ნებისმიერი მარცხი ავტორიტარული რეჟიმის შეუქცევად ეროზიას იწვევს. თანაც, რაც ძალზე არსებითია, არა მხოლოდ მასის, არამედ „საყრდენი" ელიტის თვალში. ამის დაშვება კი პუტინს არ შეეძლო, ამიტომ, კიევში დამარცხების შემდეგ აამოქმედა ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რომელიც გააჩნია უკრაინის წინააღმდეგ: ყირიმელი რუსების სეპარატიზმი.
და რაკი დაიწყო ამ ბერკეტის გამოყენება, მოქმედებს თავხედურად, „უკანმოუხედავად", თითქოს მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ვერავინ შეაჩერებს და ყველაფერზე წავა: ყირიმის ორივე აეროპორტი (სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში) უცნობმა ფორმირებებმა დაიკავეს, რათა არ დაეშვათ ნახევარკუნძულზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლა, რომელსაც შეეძლო ყირიმის ტერიტორიაზე დისლოცირებული უკრაინული არმიის დანაყოფთა მობილიზება. სინამდვილეში, „გაურკვეველი ფორმირებები" შედგება ერთის მხრივ შავი ზღვის ფლოტის დანაყოფთა, მეორეს მხრივ, კი ადგილობრივი სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის" მებრძოლებისგან. ეს სწორედ ის ბერკუტია, რომელიც კიევში უკრაინელ სეპარატისტებს ხოცავდა.
ექს-პრეზიდენტი იანუკოვიჩიც ამიტომ შეიფარეს რუსეთში. პირველი განცხადება, რაც ამ უბადრუკმა პოლიტიკანმა გააკეთა შემდეგი იყო: „მოქმედი პრეზიდენტი ვარ და ჩემი ბრძანების გარეშე უკრაინული არმიის ან შინაგან ჯართა ვერც ერთი ქვედანაყოფი ადგილიდან ვერ დაიძვრებაო". რა თქმა უნდა, თვით უკრაინაში ამას არ შეისმენენ, მაგრამ მოსკოვს ხომ ექნება დემაგოგიური „სათქმელი": „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები უკანონოდ იყენებენ არმიას ან სხვა ძალოვან სტრუქტურებს, რათა ჩაახშონ უკრაინის რუსი ეროვნების მოქალაქეთა სწრაფვა თვითგამორკვევისკენო".
დემაგოგიაა, მაგრამ რას ვიზამთ: როცა დემაგოგიას ძალა ახლავს, იგი ხშირად ჭრის.
ყირიმის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, 25 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ჩაატაროს რეფერენდუმი აი ასეთი ეშმაკური ფორმულირებით: „ხართ თუ არა თანახმა, „რესპუბლიკა ყირიმს" ჰქონდეს სახელმწიფოებრიობა უკრაინის შემადგენლობაში და ააგოს ურთიერთობა უკრაინასთან შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე?"
ფორმალურად ვერ შეედავები, რადგან თითქოს სეპარატიზმი არ არის, მაგრამ შინაარსობრივად გამოყოფის დასაწყისია. დავაკვირდეთ: ლამის სიტყვა-სიტყვით ასეთი დადგენილება მიიღო აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 1992 წლის ივლისში! მაშინ თითქოს საქართველოსგან გამოყოფა კი არ დაადგინა, არამედ მხოლოდ „მოლაპარაკებების დაწყება მომავალი ურთიერთობების თაობაზე". ანუ, სეპარატისტული ტექნოლოგია უცვლელია და იდენტურ სვლებს მოითხოვს. ფაქტიურად, ყირიმი დააყენეს იმ გზაზე, რომელზეც აფხაზეთი (მანამდე სამხრეთ ოსეთი) დადგა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე.
რუსეთი ხვდება, რომ უკრაინის ევროასოცირებას უკვე ვეღარ შეაფერხებს, ხოლო შეთანხმება, რომლის პარაფირებაზე პრზიდენტმა იანუკოვიჩმა ვილნიუსის სამიტამდე თქვა უარი, უახლოეს მომავალში აუცილებლად გაფორმდება. შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი, ვინაიდან ევროპას უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ტურჩინოვი რადას არჩეულია. ამიტომ, მოსკოვის მიზანი უკვე ისაა, დააეჭვოს ევროპაში ტრადიციულად მრავალრიცხოვანი „მთხლეებისა და სასარგებლო იდიოტების ლეგიონი", რომელსაც მანამ ენდომება „მშვიდი ცხოვრება", სანამ უშუალოდ მათ არ შეუვარდებიან საძილე ოთახში მოშიებული რუსი მედესანტეები.
ეს კატეგორია (არადა, ძალზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი) ყოველთვის პუტინის მხარეს იქნება, რაც არ უნდა ჩაიდინოს. არა იმიტომ, რომ უყვართ. პირიქით, ძალიანაც სძულთ, მაგრამ ეშინიათ და „აუტკივარი თავის ატკივება არ სურთ". მით უმეტეს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ არის: იანუკოვიჩმა თავის დროზე კიდევ ერთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და განცხადება ნატო-ს წევრობის შესახებ უკან გამოიწვია ბრიუსელიდან. მას ეგონა (ბევრი ქართველი პოლიტიკოსის მსგავსად) თითქოს რუსეთს უკრაინის ან საქართველოს დასავლურ სამხედრო ბლოკში გაწევრება აღელვებდა, თორემ ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, თავისუფალ სავაჭრო ზონასა და სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ხელს არ შეუშლიდა.
ახლა ხომ ვნახეთ, როგორ „არ შეუშლიდა ხელს".
ბოლოს, დავაკვირდეთ, რა ჭკვიანურად მოქმედებს უკრაინის ახალი ხელისუფლება: ყველა ამ პროვოკაციის პასუხად სევასტოპოლის დაბომბვა კი არ დაიწყო დაუყოვნებლივ (როგორც გამსახურდიას რეჟიმმა 1990 წელს), არამედ სხვა ბერკეტები აამოქმედა. მაგალითად, დახურა საჰაერო სივრცე ყირიმის თავზე! ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ იქედან რუსული ფორმირებები არ გავლენ, ვერც ერთი თვითმფრინავი ვერც აფრინდება და ვერც მოფრინდება იმავე სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში კიევის თანხმობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს სამგზავრო ავიატრანსპორტის გაერთიანება (იკაო) რუსეთს ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებს. პირველ რიგში სწორედ ამ მიზეზით არ შეუძლიათ დღემდე სოხუმის აეროპორტის ამოქმედება.
არადა, ყირიმის აეროპორტების ჩაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მწვავე თემაა: ისინი ხომ ძირითადად ტურიზმით ცხოვრობენ? „გადამხდელ" ტურისტთა დიდი უმრავლესობა კი თვითმფრინავით ჩადის იალტასა და სხვა კურორტებზე დასასვენებლად. ანუ, ყირიმელი რუსებიც დარწმუნდებიან, რომ სეპარატიზმი მათ მთავარ საზრდოს ართმევს.
თუმცა, მოსკოვში ამას უკვე ითვალისწინებენ: რუსულმა გოსდუმამ მიიღო კანონები ადგილობრივი რუსებისათვის მოქალაქეობის (მაშასადამე რუსული პენსიების) გაიოლებულად გაცემისა და ნებისმიერი მსურველი ტერიტორიის რუსეთთან იილად შეერთების თაობაზე.
ანუ, ყირიმში ძალისმიერი კომპონენტი ფრთხილი და რთული საჭადრაკო პარტიის შემადგენელია და უკრაინელები ჯერ ჯერობით ოსტატურად თამაშობენ. მიუხედავად ამისა, თუ დასავლეთმა პუტინს, როგორც იქ ამბობენ ხოლმე, „მკაფიო მესიჯი" არ გაუგზავნა, რუსული ჯარების გააქტიურება და ამ ტერიტორიის გამოყოფა, შესაბამისად რეგიონული ომი, გარდაუვალი იქნება!