"ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეპიზოდური დაკავებები სამართლიანობის აღდგენაა?"

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბარაქ ობამა ღარიბაშვილ-ბაიდენის შეხვედრას შეუერთდა. მისი დასწრება პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო. ობამას ჟესტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ჯერ ერთი, მან მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ვაშინგტონი თბილად არის განწყობილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი - ობამამ ღარიბაშვილს ამით ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა; მეორე - ეს იყო მკაფიო გზავნილი რუსეთისა და საქართველოს სხვა მეზობლებისთვის: ამერიკას საქართველო არ დავიწყებია და კვლავაც მხარს უჭერს. ღარიბაშვილის ვიზიტის წარმატებაში წვლილი შეიტანა უკრაინის მოვლენებმაც იმით, რომ ვაშინგტონი თავის პარტნიორებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. მოკლედ, ეს ვიზიტი საქართველოს მნიშვნელოვან დივიდენდებს მოუტანს", - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ობამას ჟესტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს" / "ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეპიზოდური დაკავებები სამართლიანობის აღდგენაა?"

"კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხის განხილვისას სასამართლოსთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო იმის განსაზღვრა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ძებნა პოლიტიკური მოტივით ხომ არ იყო გამოცხადებული. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან არასერიოზულად მიუდგა მიხეილ სააკაშვილის წერილს საფრანგეთის სასამართლოსადმი, სადაც ის წერდა, რომ კეზერაშვილი ბიზნესმენია და მისი ძებნა იმიტომ გამოცხადდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დამფინანსებელია. როგორც ჩანს, ამ წერილმა მიზანს მიაღწია და კეზერაშვილის პირველივე პროცესზე ფრანგი პროკურორი არ დაეთანხმა საქართველოში მისი ექსტრადიციის მოთხოვნას. კეზერაშვილი მაშინ ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებით გამოუშვეს და ქართული მხარე ამტკიცებდა, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად გადმოგვცემენო. თუმცა უკვე მაშინვე ნათელი იყო, რომ 27 თებერვლის სასამართლოს სხდომა მხოლოდ ფორმალობა იყო და კეზერაშვილს აუცილებლად გაათავისუფლებდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.

"იუსტიციის სამინისტრომ და პროკურატურამ პრობლემა თავიანთი კადრების არაკვალიფიციურობაში ეძებონ.  სხვათა შორის, შესასწავლია, მართლა კონკრეტული პირების არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ საბოტაჟთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროკურატურაში ის კადრები მუშაობენ, რომლებიც თავის დროზე ექვემდებარებოდნენ იმ ხალხს, რომელთა მიმართ დღეს სამართლებრივი ღონისძიებების გატარება უწევთ. თითოეული საქმე თუ მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, სასამართლოში არ უნდა გადაიგზავნოს. მაქვს ეჭვი, რომ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე სასამართლოში მასალები შეგნებულად გადაიგზავნა სუსტი მტკიცებულებებით, რათა გამამართლებელი განაჩენი გამოეტანათ. ამიტომ შესასწავლია ასეთი საქმეების მტკიცებულებები, თუნდაც ის, რა არგუმენტებით წარდგა პროკურატურა ფრანგული სასამართლოს წინაშე", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ერთი რამ ფაქტია: არ შეიძლება პროკურორს დაავალო მეგობრის ან იმ პირის საქმის გამოძიება, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ერთ კაბინეტში იჯდა. გაუგებარია, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის "ნაციონალების" დროინდელი კადრები. სხვათა შორის, ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ ახალი ხელმძღვანელები, რომ რასაც ადრე აკეთებდნენ, გამართლებული იყო და ყველაფერი ცუდი საზოგადოებრივი პიარის ბრალი გახლდათ. ისიც ვიცით, რომ პროკურატურაში ძალიან ბევრი საქმე თაროზეა შემოდებული. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეპიზოდური დაკავებები სამართლიანობის აღდგენაა? ავიღოთ თუნდაც გოგა ონიანის მაგალითი, რომელსაც მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მოქალაქისთვის ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ. გოგა ონიანი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო და რატომ არ დგება პოლიციის მაშინდელი უფროსის ან იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ონიანის უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ?" - ამბობს ექსპერტი.

"როდესაც პოლიციის თანამშრომლები გოგა ონიანის უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ, როგორც ეს გამოძიების მასალებშია აღნიშნული, მათ იცოდნენ, რომ ეს ბრძანება ონიანის თავში კი არა, უფრო ზემოთ "მოიხარშა". ისევე როგორც ციხეში პატიმართა წამების საქმეებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ციხის უფროსებს კი არ ეკისრებათ, ან მხოლოდ მეგის ქარდავას კი არ მიუძღვის ბრალი, რომ შსს-ში 27 ათასზე მეტი ფარული ჩანაწერი იპოვეს. ისიც ვიცით, რომ მხოლოდ ფინანსური პოლიციის უფროსის დონეზე არ წყდებოდა, მოქალაქეები ღამის სამ საათზე სახელმწიფოს ქონებას რომ "ჩუქნიდნენ" ხოლმე. წელიწად-ნახევრის განმავლობაში პროკურატურამ ვერ გამოკვეთა ვერც ერთი ორგანიზებული დანაშაული, რის შედეგადაც სამართლიანობის აღდგენა დაიწყებოდა სრული მასშტაბით - ზემოდან ქვევით ან ქვემოდან ზევით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეპიზოდური დაკავებები სამართლიანობის აღდგენა არ არის", - მიიჩნევს კახი კახიშვილი. 

"დღეს მოქალაქეებს ჯერ კიდევ სჯერათ სახელმწიფო ინსტიტუტებისა, თუმცა ეს დაუსრულებელი არ არის. როდესაც კაცი ხედავს, რომ ვინც ქონება წაართვა, ისევ ის პირი განკარგავს მის ქონებას, ან ვინც უკანონო პატიმრად აქცია, ისევ ზემოდან დაჰყურებს, რა თქმა უნდა, გაღიზიანდება. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასაც კი არ დაადგა საშველი. იმედგაცრუებას კი ის მოჰყვება, რომ ჩვენი მოქალაქეები, სავარაუდოდ, შეეცდებიან თავად აღადგინონ სამართლიანობა. სხვათა შორის, უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც პროკურორებს დაზარალებულები მისივე კაბინეტში გაუსწორდნენ. როგორი იქნება თვითნებური სამართლის ფორმები, არ ვიცი. ყველაზე ცუდი ის იქნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი უწყებები, დაკარგავენ ხალხის ნდობას. გვახსოვს ის დრო, როდესაც პოლიციის მაგივრად, მოქალაქეები სამართლის საპოვნელად მაყურებლებსა და ე.წ. კანონიერ ქურდებთან მიდიოდნენ. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს დრო დაბრუნდეს", - დასძენს კახიშვილი.

"ვანო მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. თუმცა საინტერესოა, არის თუ არა სრულად გამოძიებული 26 მაისის მოვლენები? მერაბიშვილი სპეცრაზმელებს პირადად ხომ არ ეტყოდა, შენ ამდენჯერ დაარტყამ ხალხს, შენ კი იმდენჯერო. ის დავალებას მისცემდა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ისინი სამმართველოების უფროსებს, რომლებიც, თავის მხრივ, ინსტრუქციებს მისცემდნენ პირად შემადგენლობას. ამ ხალხმა აგო პასუხი? გარდა ამისა, თუ არ ვცდები, მოქალაქეებს სცემდნენ არა მხოლოდ პოლიციის, არამედ სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროების სპეცრაზმებიც. სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის მაშინდელი მინისტრების გარეშე მერაბიშვილი სხვა უწყების სპეცრაზმებს რუსთაველის პროსპექტზე ვერ გაიყვანდა. რატომ არ ფიგურირებენ ისინი 26 მაისის საქმეში? რატომ არ აგეს პასუხი იმ პროკურორებმაც და მოსამართლეებმაც, რომლებიც დარბეულ და ნაწამებ ხალხს ციხეებში უშვებდნენ. მერაბიშვილთან ერთად უნდა დამდგარიყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც - დაწყებული ზურაბ ადეიშვილით და  დამთავრებული სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებით", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა კახი კალაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიაზე "პიარის აგორებას" ცდილობს. ამას `ნაციონალების~ მძაფრი რეაქცია მოჰყვა და მათ აქეთ დაადანაშაულეს ხელისუფლება "იანუკოვიჩობაში" - პასუხობს:

"ყველაზე საინტერესო "ნაციონალების" ლოგიკაა. უკრაინაში ძალიან სწრაფად გადააყენეს პრეზიდენტი და აღძრეს მასზე სისხლის სამართლის საქმე; გადააყენეს გუბერნატორები და მოსამართლეები, დაიწყეს ტიმოშენკოსა და სხვა გახმაურებული საქმეების თავიდან გამოძიება და ამ საქმეების პროკურორები პასუხისგებაში მისცეს. აი, ამას "ნაციონალური მოძრაობა" დემოკრატიას უწოდებს, საქართველოში კი თურმე მოწმის სტატუსით დაბარება პოლიტიკური დევნაა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ არც ზედმეტი უსუსურობა და უუნარობა ვარგა.