მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთის “თავის ტკივილი” უკრაინაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრემლს საქართველო დაავიწყდა და მისგან გარკვეულ პროვოკაციებს არ უნდა ველოდოთ. როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ბესო ალადაშვილი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას აცხადებს, საქართველოს თავზე, რუსეთის სახით, მუდმივად ღრუბელია და მისგან ჭექა-ქუხილი წამოვა თუ ჟუჟუნა წვიმა, ეს იმ უწყებებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ქართული სპეცსამსახურები ჰქვიათ. სპეცსამსახურებს თავი რომ დავანებოთ, რუსეთს ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაწყებული, დამთავრებული ადგილობრივი თვითმმართველობებით - თურმე, ერთი-ორი თავისი კაცი ჰყავს და როდის გამოიყენებს, არავინ იცის... მაინც, რა საფრთხეები შეუქმნა უკრაინის მოვლენებმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას? - “ქართული სიტყვა” არასამთავრობო ორგანიზაცია “სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის -საქართველოს ცენტრის” ხელმძღვანელ ბესო ალადაშვილს ესაუბრა:
- უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოზე შეიძლება, დადებითადაც იმოქმედოს და უარყოფითადაც. დადებითი, ალბათ, ისაა, რომ ამის შემდეგ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ნათლად გააცნობიერებენ, მხოლოდ დაპირებები და დემოკრატიაზე მოწოდებები საკმარისი არ არის და აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს უფრო რეალური დახმარება სჭირდებათ. სამწუხაროდ, ესაა ერთადერთი დადებითი, რაც უკრაინის მოვლენებმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის შეძლო, თუმცა ძალიან მენიშნა ღარიბაშვილის დაჩქარებული, მარტის დასაწყისში კი, მოლდოვას პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში.
- რატომ გეშინიათ?
- ეს, ჩემი აზრით, სწორედ უკრაინას უკავშირდება. როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშიაო და იმისიც ძალიან მენიშნა, რომ ღარიბაშვილი ობამას არ ხვდება...
რაც შეეხება უკრაინის მოვლენების უარყოფით მხარეს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებაზე იმოქმედებს, დავიწყოთ ეკონომიკით: უკრაინა ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ქართველ ბიზნესმენებს კარგი კავშირები აქვთ. ახლა კი, ეს დალაგებული კავშირები აირევა და შეიძლება, გარკვეული დროით, შეჩერდეს კიდეც, რაც თვით უკრაინის ეკონომიკაზეც, ალბათ, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და რადას სპიკერი აღიარებს, რომ უკრაინის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა. ახალი რეალობიდან გამომდინარე, უკრაინაში აუცილებლად დაიწყება კაპიტალის გადანაწილება. იანუკოვიჩის მხარდამჭერი ბევრი ბიზნესმენი დატოვებს ქვეყანას, რაც საქართველოზე აუცილებლად აისახება.
- ეკონომიკა გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რა მოხდება პოლიტიკური თვალსაზრისით?
- უკრაინის მდგომარეობა ნათელი თვით უკრაინელი პოლიტიკოსებისთვისაც არაა. იმაზე საუბარი კი, თუ როგორაა დანაწილებული უკრაინა ენობრივად, პოლიტიკურად და ეკლესიურადაც, შორს წაგვიყვანს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში ორი ეკლესია მოქმედებს, ერთის მეთაური რუსული ეკლესიაა, მეორის კი, - ფილარეტი. ასევე, გასათვალისწინებელია ყირიმის ფაქტორიც. ერთი სიტყვით, იმაზე მივანიშნებ, რომ თუ ყველაფერი მოგვარდა და უკრაინა დალაგდა, ეს საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება.
- კრემლი უკრაინას დათმობს?
- სწორედ ამას ვამბობ. თუნდაც ის, რომ აღმოსავლეთ უკრაინამ განაცხადა, საკუთარ მმართველობას შევქმნიო, რეალურად, პოლიტიკური დაპირისპირებაა, რომელიც შეიძლება, ისევ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
თუკი უკრაინის პრობლემა დროზე არ გადაიჭრა, ეს საქართველოსთვის მუდამ გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება, რადგან უკრაინის სტაბილურობა საქართველოს სტაბილურობაცაა.
თუ დააკვირდებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო საექსპერიმენტო ადგილია - ყველაზე რთული სიტუაციები საქართველოში იქმნება და შემდეგ, სხვა რესპუბლიკებზე ვრცელდება. უკრაინამ, 25 წლის დაგვიანებით, რაღაც საქართველოს მსგავსი გაიარა. საფიქრალია, თუ როგორ დააღწევენ ამ სიტუაციას თავს უკრაინელი პოლიტიკოსები - იმას ხომ არ გაიმეორებენ, რაც თავის დროზე საქართველოში მოხდა?! უკრაინის ყოფილ და ახლადგამოსულ პოლიტელიტაში დაპირისპირებაა. ამ ადამიანების უკან ტიმოშენკოს, კლიჩკოს და სხვების დიდი პოლიტიკური ამბიციები დგას. არც მემერჯვენე ფრთა უნდა დაგვავიწყდეს. მოკლედ, უკრაინის მოვლენები საქართველოსთვის ლაკმუსის ქაღალდია - ის, თუ რამდენად შეძლებენ ევროპა და აშშ უკრაინაში სიტუაციის დაწყნარებას, საქართველოზეც იმოქმედებს.
არც იმის თქმას უნდა მოვერიდოთ, რომ უკრაინის ნახევარი რუსულენოვანი მოსახლეობაა, რომელიც ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობის წინააღმდეგია.
- სწორედ ეს ფაქტორი ხომ არ დაშლის უკრაინას?
- თუკი ევროპა და აშშ ძალიან სწრაფად არ იმოქმედებენ, მაშინ რუსეთი უკრაინის დაშლას შეძლებს. რუსეთისთვის უკრაინის მოვლენები შოკი იყო - თუ რუსულ არხებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ იანუკოვიჩის მიმართ საოცარი გაღიზიანებაა. მედვედევმა იანუკოვიჩს ჩვარი უწოდა. არადა, რუსები იანუკოვიჩზე ფსონს დებდნენ. საერთოდ, პუტინის პოლიტიკა ბიზანტიური პოლიტიკაა - ჯერ კომპრომეტირება და შემდეგ, მათი საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება. ასე გააკეთა ლუკაშენკოსთან დაკავშირებითაც - გადაკიდა მთელი მსოფლიო და ასე უნდოდა, მისგან მიეღო ყურმოჭრილი მონა-მოკავშირე. ზუსტად ეს გაუკეთა იანუკოვიჩსაც - მან ვერ შეძლო ევროპასა და რუსეთთან თამაში... თუ ევროპამ გადაწყვიტა და უკრაინას ევროკავშირისკენ გზა მისცა, რუსეთი ყველანაირად ეცდება, ამას ხელი შეუშალოს. რუსეთმაUუკვე დაიწყო მოქმედება და რეფერენდუმი მოითხოვა. რუსეთი გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რაც უკრაინაზე აქვს - ეს იქნება სამხედრო, ეკონომიკური თუ სპეცსამსახურები. რუსეთისთვის ეს ძალიან ადვილია, რადგან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის მომხრეები არიან, თავს რუსეთის აგენტებად არ თვლიან. პირიქით, ამბობენ, პატრიოტები ვართო.
- რა შეიძლება მოიმოქმედოს უკრაინის მოვლენებით წონასწორობადაკარგულმა რუსეთმა საქართველოში?
- უკრაინის სიტუაციამ საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რადგან კრემლი მთელ თავის რესურსებს უკრაინისკენ გადაისვრის. რუსეთი ისე ცენტრალიზებულად ჩამოყალიბებული არაა, რომ სწრაფად რეაგირება შეძლოს, თუმცა საქართველოში ბერკეტები მაინც აქვს. აგენტებსა და სპეცსამსახურს თავი რომ დავანებოთ, ყველა სამოქალაქო სამსახურში - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაწყებული, ადგილობრივი თვითმმართველობებით დამთავრებული - არის ერთი, ან ორი ადამიანი, რომელიც რუსეთზე მუშაობს. საქართველოში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ისეთი არაა, რომ სოციალურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. თუ რუსეთმა ხალხის ქუჩაში გამოყვანა მოახერხა, მაშინ მასთან გამკლავება გაჭირდება. არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთმა ადგილობრივ არჩევნებამდე სცადოს რაღაცის პროვოცირება. რუსებს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ვითარება კი არა, ისტორია და მენტალობაც შესწავლილი აქვთ და მათგან ყველაფერს უნდა ველოდოთ.
- ანუ, რუსეთი საქართველოზე ყურადღებას არ მოადუნებს?
- რა თქმა უნდა, არა. თუ რუსეთმა შეძლო და ყველა იმ რესურსს, რაც საქართველოში აქვს, მობილიზება გაუკეთა, პროვოკაციები მოხდება. ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემას არ უნდა დავემსგავსოთ, ანუ საფრთხე რეალურია და საინტერესოა, მის თავიდან აცილებაზე მუშაობენ თუ არა.
- ტრადიციულად, სპეცსამსახურების უუნარობაზე მიანიშნებთ?
- დასავლეთის იმედი კი უნდა გვქონდეს, მაგრამ ხშირად ვხედავთ, რომ დასავლეთი “ზანტია”. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და მხოლოდ ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ, ჩვენი სტრატეგიული ობიექტები საფრთხის შემცველია. საქართველოს ერთი გზატკეცილი და ერთი რკინიგზა აქვს. 2008 წლის 8 აგვისტომ დაგვანახა, რომ თუ გზატკეცილს გადაჭრი, ყველაფერი დამთავრებულია. ამიტომ, საინტერესოა, თუ რამდენადაა ქვეყანა მზად, რომ აფეთქების, ან სხვა საფრთხის შემთხვევაში, ავტონომიურ რეჟიმში, თუნდაც ორი კვირა გაძლოს?
მოკლედ, ჩვენი ეკონომიკა დიდი ხიფათის შემცველია, ეკონომიკიდან სოციალურ აფეთქებამდე კი, ერთი ნაბიჯია. კარგად საქმე არც პოლიტიკაში გვაქვს. ორი წელია, ჭიანურდება ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთმა მოინდომა, განაწყენებული ხალხის მასას მოძებნის და თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
ერთი სიტყვით, უნდა გავარკვიოთ, ჩვენი სპეცსამსახურები ასეთი საფრთხეების გასანეიტრალებლად რამდენად ეფექტურად მუშაობენ. ხომ არ არიან მხოლოდ სკამებს, ჯიპებსა და რესტორნებს გადაყოლილნი?
რუსეთიდან მომავალი საფრთხე ღრუბელია, საიდანაც არავინ იცის, ჭექა-ქუხილი წამოვა თუ, როგორც ქართველები იტყვიან, ჟუჟუნა წვიმა. ყველაფერი ეს იმ ხალხმა უნდა მოაგვაროს, ვისაც მეხამრიდის ფუნქცია აქვს და ამაში ხელფასს ვუხდით.