მეძავის აღსარება

მეძავის აღსარება

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელინაციონალებისშავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილისმარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვააგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

მან დანაშაული გაცნობიერებულად, სრული შეგნებით ჩაიდინა...

სხეულით ვაჭრობდა - ეს იყო ის ერთადერთი ხელობა, რაც იცოდა...

თბილისის ზღვაზე კლიენტი წაიყვანა. ჯერ საკუთარი სხეულით გაუმასპინძლდა, შემდეგ, ლუდის ქილაში “კლოფერინის” აბები ჩაუყარა. გაბრუებული მამაკაცი გააშიშვლა, არ ვიცი რაზე, მაგრამ რაღაცაზე მიაბა, ცოტა ხანი იჯდა და უყურებდა მძევალს, თუ როგორ ჩაეძინა. მერე, ჯიბეები გაუფხიკა - ფული, ტელეფონი მოპარა და მშვიდად წამოვიდა...

იცოდა, რომ ტელეფონით მიაგნებდნენ, მაგრამ არ გადაუგდია.

უბრალოდ, უნდოდა, რომ დაეჭირათ...

როცა ეს ამბავი მიამბო, გაშტერებული შევყურებდი, თან რომ ამიხსნა, ეს ფულის გამო არ გამიკეთებიაო, სულ გადავირიე. ვერ გავიგე, რა უნდოდა...

ბოლოს, ამიხსნა:

- წარმოგიდგენია, 13 წლის ასაკიდან უსახლკაროდ ისე იცხოვრო, რომ წყლის მიმწოდებელიც არ გყავდეს?.. წყნეთის ბავშვთა სახლში ჩავუბარებივარ დედას და მას მერე სურვილი აღარ გასჩენია, რომ ვენახე... მამა არ ვიცი, ვინ იყო და ბოლოს, როცა დედაჩემი ვნახე, ვერც მან გაიხსენა, ვინ იყო მამაჩემი... მე კი, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მამა მეპოვა და მეთქვა: “მინდა, რომ გიყვარდე! მინდა, რომ მიმიღო და მიპატრონო!“

13 წლის ვიყავი, როცა ერთმა დამსვენებელმა ბიჭმა სიყვარული ამიხსნა. ღამე ბავშვთა სახლიდან გამოვიპარე და სიამოვნებით დავნებდი. შემპირდა, რომ მოვიდოდა და წამიყვანდა. იმასაც დამპირდა, რომ დედას და მამას მაპოვნინებდა... მიხსნიდა, რომ ცხოვრებაში დედისა და მამის ფასი არაფერია და როცა მათ ვიპოვიდი, მადლობა უნდა მეთქვა, რომ ამქვეყნად მომავლინეს... ეს ბიჭი თბილისელი იყო... ზაფხული რომ დამთავრდა, წავიდა და აღარ მოვიდა, რამდენი თვე ველოდე, რამდენი... ბოლოს, ავდექი და გამოვიპარე. ვიცოდი მისი მისამართი - ვერაზე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, დაც ჰყავდა, უნივერსიტეტში, იურიდიულზე სწავლობდა, მესამე კურსზე იყო...

გზის ფული არ მქონდა, აღმზრდელს მოვპარე ჩანთიდან და იმ იმედით მოვდიოდი თბილისში, რომ მხსნელი უნდა მეპოვნა... ვერაზე, სახლი ვერ ვიპოვე... შემომაღამდა და სიცივეში დარჩენის შიშით, სადღაც, მიწისქვეშა გადასასვლელს მივაშურე. იქაც შემცივდა... სადღაც, რომელიღაცა სადარბაზოში, კიბის ქვეშ გამოვიძინე...

დილით უნივერსიტეტს კითხვა-კითხვით მივადექი, მოვძებნე ის კორპუსი, სადაც იურიდიულის მესამეკურსელები სწავლობდნენ... ბედმა გამიმართლა: ვიპოვე... რომ დამინახა, გაოცდა, თვალი თვალში გამიყარა და მკითხა:

- გამოიპარე, რომ მე გეპოვნე, ხო?

- კი, - მივუგე ამაყად.

- კაი, წავიდეთ, - და წავედით. სადღაც, საერთო ბინის წინ დამაყენა, მაღლა ავიდა და მითხრა, რომ დავლოდებოდი. მერე, სპორტული ჩანთით ჩამოვიდა და ხელი მომკიდა... მიხაროდა - მხსნელი ვიპოვე...

აბანოში წამიყვანა, სპორტული ჩანთიდან თავისი დის ტანსაცმელი ამოალაგა და მითხრა, რომ უნდა ჩამეცვა... აბანოდან გამოსვლის შემდეგ, ამიხსნა, რომ მისი ახლობლის ოჯახში მივდიოდით. არც მიკითხავს, ვისთან... გავყევი...

იმ ბინაში ერთი გოგო და 7 ბიჭი იყო, ქეიფობდნენ...

შევუერთდით... პირველად მაშინ დავლიე კონიაკი... მომეკიდა... მახსოვს: პირველად ჩემს “მხსნელთან” ვიწექი, მერე, - ყველასთან...

დილით, როცა გამეღვიძა, შინ მხოლოდ ის გოგო დამხვდა. ვიკითხე, დანარჩენები სად არიან-მეთქი.

წავიდნენო...

- შენ როდის წახვალ? - ისე მკითხა, რომ არც კი შემომხედა.

- სად?

- საიდანაც მოხვედი.

- იქ ვეღარ დავბრუნდები, - ვუთხარი ალალად. მერე, მკითხა საიდან ვიყავი, ვინ ვიყავი, რას ვეძებდი. ბოლოს, შემომთავაზა, რომ მასთან დავრჩენილიყავი.

- წუხელ გაგიჭირდა?

- რაა? - ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა

- რვა კაცთან სექსი!

- არააა...

- აქ დარჩი. ქირას თანაბრად გადავიხდით, ტელეფონით გამოგვიძახებენ, ხან აქაც მოვლენ და დაიწყე ახალი დამოუკიდებელი ცხოვრება...

- კი, მაგრამ, გიო?.. მან ხომ მითხრა, რომ დედას მაპოვნინებდა, მამას, ის არ გაბრაზდება?

გაეცინა და მოკლედ ამიხსნა:

- ხან გიოც მოვა... ისე კი, გიო დაივიწყე, ახლა შენ ხარ შენი თავის პატრონი, ფული გინდა, ბევრი ფული, უფულოდ ვერავის იპოვნი!

მქონდა სხვა გზა?

არა.

ამიტომაც დავრჩი...

სამი დღე არავის დაურეკავს. შინ ვიყავით და ტელევიზორს ვუყურებდით, ძირითადად, - პორნოს და ვკვდებოდით სიცილით...

სამი დღის მერე, პირველი გამოძახება მქონდა და ფულიც მომცეს...

ასე ვიცხოვრე სამი წელი... ამ სამ წელიწადში, ოთხჯერ მოვიდა გიო, მეოთხე მოსვლაზე უკვე ფული მოვთხოვე...

გაიცინა და მითხრა: - ყოჩაღ, გაზრდილხარ!

მას მერე აღარ მოსულა...

სამი წლის მერე, ჩემმა პარტნიორმა დაიჩემა, თურქეთში უნდა წავიდეთ, მაგარ ფულს შოულობენ კახპები და ჩვენ, რა, მათზე ნაკლები ვართო... შემეშინდა და ვუთხარი, ჯერ შენ წადი და მერე, მეც ჩამოვალ, ასე უცებ ვერ შევძლებ, თან არც პასპორტი მაქვს, მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი ვიცი, ასევე, ვიცი დედაჩემის გვარი და სახელი, მეტი არაფერი-მეთქი...

ბავშვობაში, წყნეთის ბავშვთა სახლში, ძიძამ ერთი ფოტო მომცა. იმ ფოტოზე მე და დედაჩემი ვიყავით, იმ ფოტოს მეტი არაფერი მქონდა, რაც ჩემს ვინაობას დაამტკიცებდა. ის იყო ჩემი პასპორტიც, კანონიც და კონსტიტუციაც...

4 თვე გავიდა... ჩემი “დაქალი” აღარ მირეკავდა, აღარ მკითხულობდა... ორი თუ სამი კვირის მერე, გავიგე, რომ თურქეთში ვიღაცას მოეკლა... ბებერი კახპების “სასტავიდან” ვიღაცა დამიკავშირდა და გამაგებინა, ფულს ვაგროვებთ, რომ ჩამოვასვენოთო. სადღაც ნავთლუხის დასახლებაში დამიბარეს, მივედი, ფული დავდე. მერე, თითო ჭიქა შესანდობარი წავუქციეთ... უცებ, კარი გაიღო და ვიღაცის, ძალიან შორი წარსულიდან, ნაცნობმა თვალებმა შემომანათეს.

მასპინძელმა მოიწვია... მერე, ერთმა უთხრა:

- ვაა, “ძერა” როგორ ხარ? ვერ დაბერდი, ხომ იცი...

“ძერამ” ირონიულად ჩაიცინა და უპასუხა:

- რა დამაბერებს, როცა სხვების დაბერებაზე ვმუშაობ...

ვიჯექი და ვიხსენებდი, ვინ იყო, სად მენახა. ალბათ, ისე მივაშტერდი, რომ შემამჩნია:

- რამეს იხსენებ? 

- არა, უბრალოდ, მეცნობით...

ბევრი დავლიეთ, ძალიან ბევრი... მთვრალს ჩამესმა, რომ “ძერას”  ზოია ერქვა. ზოია დედაჩემის სახელი იყო, უნებურად ვკითხე, ამ და ამ გვარის ხომ არ ხართ-მეთქი. მომიბრუნდა და მიპასუხა

- ვაა, გცნობებივარ? საიდან ამდენი ინფო?

ალბათ, ისე ჩვეულებრივ ვუპასუხე, რომ ყველას გაუკვირდა:

- შენი შვილი ვარ. აი, ის, წყნეთში რომ დატოვე...

“ძერა” დაიბნა... აირია...

- შვილი არასოდეს მყოლია!

- იტყუები, რომ შვილი არასოდეს გყოლია!

მერე, ერთმა ბებერმა ბოზმა ბოთლი აიღო და “ძერას” ესროლა, აგინა, შვილს ხელი როგორ კარიო... “ძერა” კი ბღაოდა, სიმულიანტობს ვიღაცაააო... დიდი ჩხუბის მერე, დავტოვე იქურობა.

ორი დღე გავიდა... “ძერა” მესტუმრა... დიდხანს ვილაპარაკეთ. აღიარა, რომ მისი შვილი ვიყავი... სიმართლე გითხრა, არც კი მიკითხავს, რატომ მიმატოვა, უბრალოდ, ჩავთვალე, რომ “მიზედმეტა” და მომიშორა... მხოლოდ ერთი რამ

მაინტერესებდა, მამა ვინ იყო. არ ვიციო... იმ თვეში იმდენი კაცი მყავდა, მაგას ვერ გამოვთვლიდიო. ბოლოს, მითხრა:

- ძალიან მგავხარ, ბოზობაშიც კი უბადლო ყოფილხარ, ჩემსავითო...

ეს არ იყო “კოლეგიალური” საუბარი, ეს იყო ჩვეულებრივი კახპა დედა-შვილის საუბარი. ჩვენ ერთი ხელობა გვაქვს - მხოლოდ ბოზები ვართ... მარტო ერთ რამეს ვნანობ: ვერასოდეს ვერ გავიგებ, ვინ იყო მამაჩემი...

იმ თვეში გადამიცდა, აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. სამშობიაროში აბორტის გაკეთება არ ვისურვე. გავბრაზდი, რომ ბავშვის მამა არ ვიცოდი, ვინ იყო... დედაჩემივით, მივხვდი, რომ ბავშვი ჩემს ცხოვრებაში ზედმეტი ტვირთი იქნებოდა, მისი ადგილი, უბრალოდ, არ იყო იმ ეტაპზე. წარმოვიდგინე, როგორ ვიმშობიარებდი მიტოვებულ მშენებლობაზე, მერე, ბავშვს შევხედავდი თვალებში და რომელიმე ბავშვთა სახლს დავუტოვებდი, მერე, ის გაიზრდებოდა და სადმე ბებერი ბოზების “სასტავში” მიპოვნიდა, ეს უკვე აღარ მომეწონა...

იმ ღამეს “ატვიორკა” გავაცხელე გაზზე, მერე, სპირტით გავწმინდე და ისე მოვიშორე მუცელი!

სამი დღე, პრაქტიკულად, სიკვდილს ვებრძოდი - სეფსისის რისკი იზრდებოდა. გადავრჩი და მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან დავიღალე..

რაც ამ წლების განმავლობაში მეშოვნა, სანდო ბოზს ჩავაბარე, პირველივე  კლიენტს შევუთანხმდი და თბილისის ზღვაზე ავიყვანე. მერე კი, იცი, რაც მოხდა... ახლა აქ ვარ და ვისვენებ, პირადობაც გამიკეთეს, მაჭმევენ და თბილადაც მძინავს. გარეთ რომ გავალ, “ძერას” მოვძებნი და მადლობას გადავუხდი, რომ არ მომკლა. მერე, წავალ ამ ქვეყნიდან და მთელი ცხოვრება რასაც ვიშოვი, დედაჩემს, რომელსაც “ძერას” ეძახიან, “ბოზების პენსიასავით”  დავუნიშნავ და მშვიდ სიბერეს ვაჩუქებ. ჩემი პირველი კაცი მართალი იყო, როცა მითხრა, მადლობა უნდა გადაუხადო დედას იმიტომ, რომ მოგავლინა ამ ქვეყნადო...

“ძერა” შვილს ხშირად უგზავნიდა “პერედაჩს”. ოღონდ არასოდეს ეწერა ამანათს, რომ დედამ გამოაგზავნა. უბრალოდ, ეწერა: “მეგობარს მეგობრისგან!”