რომელი პარტიის საარჩევნო კამპანია დაფინანსდა ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული 2 მილიონით

რომელი პარტიის საარჩევნო კამპანია დაფინანსდა ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული 2 მილიონით

რა ნარკოტიკული საშუალებააბიოპლანი“, რომლის შეძენაც თავისუფლად იყო შესაძლებელილილოს ბაზრობაზე”, ნარკოტიკის რამდენი მომხმარებელია საქართველოში და არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ნარკომანია დაღუპული წამლის ზედმეტი დოზის მიღებით? - „ქართული სიტყვა“ “საქართველოს ანტინარკოტიკული მედია-კლუბისხელმძღვანელ ნინო ბურჭულაძეს ესაუბრა.

 

- ქალბატონო ნინო, ბოლო რამდენიმე წელი, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები თითქოს არ იყო. ახლა კი, ისევ გამოჩნდა. რატომ?

- 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში, პრაქტიკულად, ნულამდე იყო   დაყვანილი ნარკოტიკების შემოდინება, რაც ბევრი უცხოელი ექსპერტის გაკვირვებას იწვევდა, რადგან  ქვეყნები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ, რომ საკუთარ ქვეყნებში  ნარკოტიკების შემოდინება შეზღუდონ, ამ შედეგს ვერ აღწევენ. იმის გამო, რომ საქართველო ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა არაა და ნარკოტიკების შემოტანაც შეწყდა, ნარკობაზარი, პრაქტიკულად, აღარ არსებობდა, თუმცა ნარკოტიკების მოწოდების შემცირებით, სამწუხაროდ, ნარკოტიკებზე მოთხოვნა არ შემცირებულა. პირიქით, რაღაც ეტაპზე  გაიზარდა კიდეც. საქართველოში ე.წ. ტრადიციული ნარკოტიკების გამოჩენას შეიძლება, ბევრი მიზეზი ჰქონდეს დაწყებული ძალოვანი სამსახურის არაეფექტური მუშაობიდან, დამთავრებული ნარკობიზნესში ახალი მოთამაშეების გამოჩენით, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკა ნაადრევია. ვფიქრობ, ამას დრო გამოაჩენს.

- სტატისტიკით, საქართველოში ნარკოტიკის რამდენი მომხმარებელია?

- სამწუხაროდ, ნარკომანიის პრობლემებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. 2012 წლამდე არ არსებობდა, თუნდაც, მიახლოებული მონაცემი ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ, ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეულ გარდაცვალების სტატისტიკაზე. ორი წლის წინ საზოგადოებრივმა გაერთიანება „ბემონმა“ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ დღეს საქართველოში 44 000 ნარკომანიით დაავადებული პირია, თუმცა ეს ციფრი, შესაძლოა, 70 000-მდე მერყეობდეს. წლების განმავლობაში, ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობად 300 000 მიიჩნეოდა (ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2007 წლის მონაცემებია, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს რიცხვი ქართული მედიასაშუალებებიდან იყო აღებული). წინა ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ნარკოტიკების შემოტანის შეზღუდვით, საქართველოში ნარკომანიის პრობლემას საბოლოოდ დაამარცხებდა, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან ნარკოტიკების მომხმარებელთა მრავალათასიანი არმია კუსტარული ნარკოტიკის მოხმარებაზე გადავიდა და  “სააფთიაქო ნარკომანია” მივიღეთ.

„სააფთიაქო ნარკომანიის“ პირველი ტალღა 2008 წლის ომის შემდეგ, შიდა ქართლიდან დაიწყო. მაშინ კუსტარულად დამზადებული “ვინტი” და “ჯეფი” იმდენად იაფი და ხელმისაწვდომი იყო, რომ ბევრი ალკოჰოლიკი მის მოხმარებაზე გადავიდა, ანუ ისე მოხდა, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს  ალკოჰოლის მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დაემატა. ამან, შესაბამისად, ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა გაზარდა. სამწუხაროდ, გაიზარდა ქალ მომხმარებელთა რიცხვიც. “სააფთიაქო ნარკომანიამ” ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სააფთიაქო ქსელებს კი, მილიონობით ლარის მოგება მოუტანა.

- როგორ ფიქრობთ, „სააფთიაქო ნარკომანიისაკრძალვით, ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი შემცირდება?

- ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხშირად აცხადებს, რომ სააფთიაქო ქსელებზე შესაბამისი კონტროლის დაწესებით, “სააფთიაქო  ნარკომანიას”  საბოლოოდ დავამარცხებთ. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ დიდი მოლოდინი არ უნდა  გვქონდეს, რადგან აკრძალვის მიუხედავად, აფთიაქებში ნარკომომხმარებლებისთვის მაინც ხელმისაწვდომია ფსიქოტროპული და კოდეინის შემცველი პრეპარატები. ეს განსაკუთრებით თბილისის გარეუბნებში შეიმჩნევა, სადაც, სავარაუდოდ, აფთიაქებზე კონტროლი მინიმალურია. გარდა ამისა, “სააფთიაქო ნარკომანიის” შეზღუდვით, ნარკოტიკებზე მოთხოვნა არ შემცირდება: ნარკოტიკის მომხმარებელთა ნაწილი ალკოჰოლის მოხმარებაზე გადავა, ნაწილი ნარკოემიგრაციაში წავა მეზობელ ქვეყნებში - თურქეთსა და საბერძნეთში, სადაც ნარკოტიკები ადვილად ხელმისაწვდომია, ნარკოპოლიტიკა კი, შედარებით ლიბერალური. ნარკოტიკების მომხმარებელთა დიდი ნაწილი უკვე ე.წ. ტრადიციული ნარკოტიკების (მაგ. “ჰეროინი”) გადავა. საინტერესოა, რომ 2013 წლიდან საქართველოში იმატა ნარკოტიკების კონტრაბანდამ. მართალია, ჯერჯერობით, ნარკომომხმარებლებს პირადი მოხმარებისთვის  მოაქვთ, მაგრამ თუ კი გაჩნდება მოთხოვნა ნარკოტიკზე და აუცილებლად გაჩნდება, მაშინ ასე ქაოტურ შემოდინებას, არ არის გამორიცხული, ორგანიზებული სახეც მიეცეს, რაც თავისთავად ნარკობაზრის წარმოშობას შეუწყობს ხელს, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყანაში კორუფციის არსებობის  მაჩვენებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრადიციული ნარკოტიკების მაღალი ფასის გამო, ქვეყანაში მოიმატებს ე.წ. ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულიც, მაგალითად, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ავტომანქანების გატაცება და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, “სააფთიაქო ნარკომანიასთან” ბრძოლის პარალელურად, უნდა გაიზარდოს ნარკომანიით დაავადებულ პირთა სამკურნალო პროგრამები, რაც ამ ეტაპზე ძალიან შეზღუდულია, ან საერთოდ არ არსებობს.

- საქართველოში გამოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ..ბიოპლანი“, რომელიც სხვადასხვა სახეობით იყიდება და ნებისმიერი მოქალაქისთვისაა ხელმისაწვდომი...

- საქართველოსთვის, რუსეთისა და უკრაინისგან განსხვავებით, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკის მოხმარების კულტურა, წლების განმავლობაში, უცხო იყო (ამ სახის ნარკოტიკების რეცეპტები ხშირად ამ ქვეყნების სასჯელაღსრულების ადგილებში „იწერება“). პირველად (მასიურად) კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკის მოხმარება საქართველოში 2003 წლის გაზაფხულიდან შეიმჩნევა. მხედველობაში მაქვს ყაყაჩოს თესლიდან დამზადებული ნარკოტიკი. იმ დროს საქართველოში „ტაილანდური სამზარეულოს“ ბრენდით, მაღაზიებსა და ბაზრებში ყაყაჩოს თესლი გამოჩნდა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგისტრირებული იყო, როგორც კვების პროდუქტი. მისი გამოჩენიდან ცოტა ხანში, ნარკოტიკების მომხმარებლებმა მისი გამოყენება დაიწყეს. მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ  შესაძლებელი იყო, ნარკომომხმარებლებს „ტაილანდური სამზარეულოს“ მოხმარების იდეა ვიღაცამ „მიაწოდა“, თორემ ქართველ ნარკოტიკის მომხმარებელს თავში არასდროს მოუვიდოდა მისგან „წამალი“ გაეკეთებინა.  მალე ყაყაჩოს თესლის მოხმარების მასშტაბები იმდენად გაიზარდა, რომ  დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სკოლაში 12 წლის ბავშვსაც კი ჰქონდა მიღებული. როდესაც ნარკოლოგებმა განგაში ატეხეს, გაირკვა, რომ ყაყაჩოს თესლი ხელოვნურად იყო გამდიდრებული ჰეროინის ხსნარით. პაკეტზე მითითებული მისამართი საერთოდ არ არსებობდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ყაყაჩოს თესლის რეალიზაციით მიღებული ფულით (2 მილიონი ლარი) ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო კამპანია დაფინანსდა.

რაც შეეხება „სპაისებს“, რომელსაც ჩვენში „ბიო“-თი მოიხსენიებენ, ის ევროპაში წლების წინ გამოჩნდა, ძირითადად, ჩინეთიდან და თავდაპირველად, ისე გამოიყენებოდა, როგორც საკმეველი. ისინი მრავალფეროვანი და  სხვადასხვა მცენარისგან იყო დამზადებული. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ მცენარეები, რომლისგანაც საკმეველი შედგებოდა, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავდნენ.

“სპაისები” ორ ჯგუფად იყოფა: ნატურალური და ხელოვნურად დამზადებული. როდესაც „ბიოზე“ ვსაუბრობთ, ეს არის ხელოვნურად დამზადებული პროდუქტი.  მეცნიერმა ჯორჯ ჰოფმანმა, აშშ-ში კვლევის შედეგად, მიიღო სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც 5-ჯერ ძლიერია, ვიდრე მისი ნატურალური ანალოგი. შეიძლება, მეცნიერი არც ფიქრობდა, რომ ამის გამოყენებას მასიური ხასიათი ექნებოდა. როდესაც ევროპაში - საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში, „სპაისების“ მოხმარებით მძიმე შედეგები დადგა, ზემოჩამოთვლილმა ქვეყნებმა  ისინი აკრძალა. როგორც კი ევროპაში აიკრძალა, “სპაისების” მეორე ტალღა ჩვენთან გამოჩნდა. ერთი პერიოდი, „სპაისების“ გამოწერა ინტერნეტით ხდებოდა, შემოდიოდა ფოსტით. „ბიოს“ - სინთეზური ანაშის მოხმარების მასშტაბების ზრდა, 2013 წლიდან განსაკუთრებით საგანგაშო გახდა. ჩემი აზრით, „ბიოს“ მოხმარების ზრდა „კრაკადილის“ მოხმარების შემცირებას მოჰყვა. გარდა იმისა, რომ „ბიო“ ფინანსურად ხელმისაწვდომია, მისი დაფიქსირება ანალიზში ვერ ხერხდებოდა. ვინაიდან საქართველოში „ბიო“-ს შემოტანა-რეალიზაცია აკრძალული არ იყო, მისი შემოტანა თავისუფლად ხდებოდა. შემდეგ, პარლამენტმა მიიღო კანონი “სპაისების” ზოგიერთი სახეობის აკრძალვის შესახებ და საქართველოშიც დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ შეეჩერებინათ “სპაისების“ ექსპანსია. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თუ ამანათში, გახსნისას, აღმოჩნდებოდა “სპაისი”, უკანვე გაეგზავნათ გამომგზავნისთვის. მაშინ ფიქრობდნენ, რომ ამ ღონისძიებით „სპაისების“ ინტერნეტ-გამოწერა შემცირდებოდა. ამასობაში კი, „ბიო“ განსაკუთრებით მოდური ახალგაზრდებში გახდა. ამბობენ, რომ ის უფრო პოპულარულია, ვიდრე - კლუბური “ექსტაზი”. მოზარდები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ „ბიო“ მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი სწორედ კლუბებშია, თუმცა კონკრეტულად, ვინ ეწევა მის რეალიზაციას, უცნობია. “ექსტაზის” გაყიდვაში, ტრადიციულად, დიჯეები და ბარმენები არიან შემჩნეულნი.

„ბიო“ საქართველოში მხოლოდ ფოსტით არ აღწევდა. ლილოში მოვაჭრეებისგან შევიტყვე, “ბიო” თურქეთში, სარფთან ახლოს, სავაჭრო ცენტრებში, დახლქვეშ თავისუფლად იყიდება და იქაური ქართველებისგან ხშირად გაიგონებდით, “ბიოს” წაღებას არ ინანებთო. ამაში მალე თავად მოვაჭრეებიც დარწმუნდნენ, როცა ერთხელაც, ქალის თეთრეულის ნაცვლად, “ბიო” ჩამოიტანეს საქართველოში. თავიდან ყველა - მომხმარებელიც და ჩამომტანიც ფიქრობდა, რომ „ბიო“ იყო ე.წ. პლანი, ოღონდ - კარგად შეფუთული და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა საფრთხის შემცველი იყო მისი გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ნარკომანიის პრობლემა საქართველოში თითქმის ყველა მესამე ოჯახის პრობლემად იქცა, მოსახლეობა არ არის ჯეროვნად ინფორმირებული მათი მავნებლობის შესახებ.

- ვინ არეგულირებდა ნარკობაზარს 2003 წლამდე და რას იტყვით ნარკოსატრანზიტო მარშრუტებზე?

- 2003 წლამდე ნარკობაზარი, ჰეროინს ვგულისხმობ, მართლაც, რეგულირებადი იყო - ყველამ იცის, რომ ამაში, პირდაპირ თუ ირიბად, შსს იყო ჩართული. ცნობილი ფაქტია, რომ იყიდებოდა „სამინისტროსა“ და „სამმართველოს წამალი“. რაც შეეხება ქვეყანაში ნარკოსატრანზიტო მარშრუტებს, მას  ყოველთვის აკონტროლებს სახელმწიფო, ან ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაცია, ან მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფებები. რადგან ბოლო ორი ჩვენში არ არის, რჩება სახელმწიფო, ანუ ხელისუფლების მაღალი ეშელონები.

- დასაწყისში აღნიშნეთ, რომ საქართველოში ნარკოტიკების შემოდინება არ ხდებოდა. რის ხარჯზე მოხდა ნარკოტიკების შემოდინების შეწყვეტა?

- ვფიქრობ, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ხარჯზე. მოგეხსენებათ, თუ ოპერატიულ ინფორმაციას არ ფლობ, ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წყალობით, ათასობით ნარკომომხმარებელი იქნა დაკავებული და ციხეში გამწესებული, შესაბამისად, პოლიცია ახერხებდა ინფორმაციის “ამოღებას”, თუმცა, ამგვარი პოლიტიკის გამო, საქართველოში გაჩნდა ახალი ცნება - ნარკომიგრაცია - უამრავი მომხმარებელი, რომელსაც არ სურდა „სააფთიაქო ნარკომანიის“ მსხვერპლი, ან პოლიციის დევნის სამიზნე გამხდარიყო, თურქეთში წავიდა, სადაც ნარკოემიგრანტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

- რამდენი ადამიანია გარდაცვლილი ნარკოტიკული საშუალებით?

- როგორც აღვნიშნე, ზუსტი მონაცემი არ გვაქვს. როდესაც ხდება ზედოზირებით ადამიანის გარდაცვალება, უნდა მოხდეს ცხედრის ექსპერტიზა. შემდეგ, ტოქსიკოლოგებმა უნდა დაადგინონ, იყო თუ არა ამის მიზეზი ნარკოტიკი და რა სახის ნარკოტიკი. ვინაიდან ჩვენში მიუღებელია გაკვეთა, ჭირისუფლები უარს ამბობენ ექსპერტიზის ჩატარებაზე და ხშირად გარდაცვალების მიზეზად გული სახელდება.

- საზოგადოების ნაწილი მარიჰუან დეკრიმინალიზაციას ითხოვს.

- სამედიცინო წრე მარიჰუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია და ამას ღიად აფიქსირებს. თუ მათ ყურს დავუგდებთ, კარგი იქნება. ჩვენს საზოგადოებას კარგად არ აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა ზიანი მოაქვს მარიჰუანას (ეს არაინფორმირებულობის ბრალია). მავანნი მარიჰუანას მსუბუქ ნარკოტიკად მიიჩნევენ, მე კი, დანაშაულად მიმაჩნია ნარკოტიკის დაყოფა „მსუბუქ“ და „მძიმე“ ნარკოტიკად. არ არსებობს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი, ნარკოტიკი ნარკოტიკია.

სტატისტიკურად, მარიჰუანას 10 მომხმარებლიდან 8, გარკვეული პერიოდის მერე, სხვა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ხდება. ამის გამო მარიჰუანას  ნარკოტიკების კარიბჭეს უწოდებენ.

ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს მკაცრად გაწერილი სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის სტრატეგია, მუშავდება დოკუმენტი, რომელიც ვერა და ვერ მიიღეს. ქვეყანაში, სადაც ასე მწვავედ დგას ნარკომანიის პრობლემა, “პრევენციის” ცნება ხელისუფლებას საერთოდ დავიწყებული აქვს.

- არ არსებობს უფასო პროგრამები?

- არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც “დეტოქსის კურსს” აფინანსებს, მაგრამ წელიწადში მხოლოდ 300 პაციენტისთვისაა ხელმისაწვდომი. იმის გამო, რომ თავად დეტოქსიკაციის კურსი საკმაოდ ძვირადღირებულია, ის მრავალი ათასი პაციენტისთვის ფინანსურად ხელმიუწვდომელი რჩება. არის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები. მაგრამ არ არის გათვლილი ყველა ტიპის მომხმარებელზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით, პროგრამებში ჩართვა შეჩერებულია, რის გამოც უამრავი ნარკოდამოკიდებული პირი, ჯანმრთელობის მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რეაბილიტაციის გარეშე ნებისმიერი სამკურნალო თუ მხარდაჭერითი პროგრამა უშედეგოა, მათში გადახდილი ფული კი, წყალში გადაყრილია. სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ბაზალეთის ტბაზე უნდა აშენებულიყო და რომლისთვისაც სახელმწიფოს ფული ჰქონდა გამოყოფილი, შეჩერებულია. ასეთ სიტუაციაში დეკრიმინალიზაციაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია.

- თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანია მომხრე.

- ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს - როგორც თავის დროზე იტალიაში მოხდა, ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მარიჰუანას დეკრიმინალიზაცია. 

- კონტროლდება თუ არა საქართველოს საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა?

- არა. საქართველოში ნარკოტიკული საშუალება შემოდის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ანუ ჩვენი საზღვრები დაუცველია ნარკოტიკების შემოდინებისგან, არცერთ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ დგას სპეციალური სკანერი, რომელიც დააფიქსირებს საზღვარზე ნარკოტიკების უკანონოდ გადმოტანას. არც სასაზღვრო და არც საბაჟო სამსახურს არ აქვს ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის სამსახური. არადა, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.