ბრძოლა ყირიმისათვის - პირველი მარტი (VIDEO)

ბრძოლა ყირიმისათვის - პირველი მარტი (VIDEO)

მეხუთე დღეა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია არა მარტო კიევის, არამედ ყირიმისკენაც, სადაც შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფებმა ალყაში მოაქციეს სევასტოპოლისა და სიმფეროპოლის აეროპორტები და ხელში ჩაიგდეს ყირიმის რადას შენობა. ეს ყველაფერი შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო სწავლების გააქტიურების ფონზე ხდება.

11.37 ყირიმული  გამოცემა Blacksea News-ის რედაქტორი ანდრეი კლიმენკო „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: სიმფეროპოლი, უახლესი ინფორმაცია! შეიარაღებულმა პირებმა, ფრანკოს ბულვარის რაიონში, დაბლოკეს კვარტალი, სადაც შსს-ს ყირიმის სამმართველო მდებარეობს.

 11.12  გერმანელი პოლიტოლოგი ანდრეას უმლანდი მიიჩნევს, რომ უკრაინას ყირიმის შენარჩუნებისთვის რესურსი არ გააჩნია და მხოლოდ ევროკავშირის დახმარებით შეძლებს ამას.

„უკრაინა ვერ შეაჩერებს ყირიმის გამოყოფის პროცესს, მით უმეტეს, თუ რუსეთი ამ სეპარატისტულ მისწრაფებებს წააქეზებს. ერთადერთი რაც ამ პროცესს შეაჩერებს რუსეთზე ევროკავშირის წნეხია"-განაცხადა უმლანდმა.

ევროკავშირი პროცესებში ჯერ არ ერევა, იმიტომ, რომ ასეთი ტემპით მიმდინარე პროცესებზე სწრაფ რეაგირებას ვერ ახერხებს „ ევროკავშირი მომხდარ ფაქტებს არ ეხმაურება, მაგრამ უნდა გაითვალისწონოთ, რომ პროცესები ახალი დაწყებულია და ძალიან სწრაფად ვითარდება, ევროკავშირი ნელი ორგანიზაციაა და ასე უცებ კრიზისულ სიტუაციებში ვერ ჩაერევა"-ხაზი გაუსვა უმლანდმა.

10.57 ქერჩის საზღვაო სადგურის სიახლოვეს, საბორნე გადასასვლელთან, რუსულ ნომრიანი ექვსი „ურალი" გამოჩნდა. იქვეა რამდენიმე ათეული სამხედრო, „კალაშნიკოვის" ავტომატებითა და ოპტიკურსამიზნიანი შაშხანებით. შემჩნეულია ტყვიამფრქვევებიც. როგორც „ქერჩфм"- იუწყება, სამხედროები გუშინ საღამოს ფეოდოსიის მხრიდან მოვიდნენ.

10.51 რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო გემმა „ნიკოლაი ფილჩენკოვმა" სევასტოპოლში შვიდასი შეიარაღებული სამხედრო ჩაიყვანა, სავარაუდოდ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარის კონტინგენტი.  ინფორმაციას, სევასტოპოლში სამხედრო წყაროზე დაყრდნობით,   „униан-ი" ავრცელებს. მისი თქმით, გემი კაზაკთა ყურეში შევიდა, სადაც რ.ფ-ის  შავი ზღვის ფლოტის საზღავო ქვეითების დისლოკაციის პუნქტია განლაგებული. ბოლო დღეებში ყირიმში რუსეთიდან 6000 სპეცრაზმელი გადმოსვეს, რომლებიც ყირიმში და სევასტოპოლის  ხვადასხვა რაიონებში განლაგდნენ.

10.45 თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენიუხმა  მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ „ყირიმში დაკავებულია რ.ფ-ის საზღვაო ქვეითი  და მიმდინარეობს მისი დაკითხვა".

10.42 რადიოსადგურ „ЭХО МОСКВЫ-ს" მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა თავის „TWITTER-ზე" დაწერა :

„ უკრაინისგან ყირიმის ჩამოცილების მცდელობა ჩვენი ქვეყნის მხრიდან დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომელიც რუსეთისთვის ნეგატიურ შედეგებს მოიტანს".

10.29 „ ამჟამად  ყირიმში რუსი სამხედროების ყოფნა  ეწინააღმდეგება უკრაიანის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის  შავი ზღვის ფლოტის დროებით განთავსების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს",-განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა და რუსეთის მხარეს მოუწოდა „სასწრაფოდ გაიყვანოს სამხედროები და შეწყვიტოს შეტაკების პროვოცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთშეტაკებაზე პასუხისმგებლობა მთლინად რუსულ მხარეს და პირადად ქვეყნის ხელისუფლებას დაეკისრება".

10.20 კიევში დაიწყო მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც ყირიმში შექმნილი ვითარება განიხილება. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა  რუსეთის ჯარის ნაწილების ნახევარკუნძულზე შემოჭრა დაუშვებლად მიიჩნია.

10.17 ლვოვის მაიდანზე ყირიმელი თათრების  დროშა ააფრიალეს

10.14 გუშინ, გვიან ღამით, ყირიმის უმაღლესმა რადამ, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად,  შექმნა „ბერკუტის" სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას დაემორჩილება. ინფორმაცია ყირიმის პირველმა ვიცე-პრემიერმა რუსტამ ტემირგალიევამ გაავრცელა.

09.57 შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა „TWITTER-ს" საკუთარ გვერდზე დაწერა: „ როგორც ეტყობა, ეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაა, რომლის სავარაუდო მიზანი ყირიმში მარიონეტული პრო-რუსული ნახევრად სახელმწიფოს შექმნაა".

09.51 რუსეთის პრეზიდნეტი ვლადიემრ პუტინი ამტკიცებს, რომ ყირიმში სამხედრო სწავლებები, უკრაინაში ვითარების დაძაბვამდე  დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ მან განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან საუბრისას- იტყობინება „როიტერი" კემერონის წარმომადგნენელზე დაყრდნობით.

09.45 კიროვსკის რეგიონული მეჯლისის მეთაური ეკრემ აბდულვაპოვი  იტყობინება, რომ სამხედრო აეროდრომის დაკავების მცდელობა აღკვეთეს. ყირიმის ტერიტორიაზე ჯარისკაცებით დატვირთული ოცი სამხედრო სატვირთო მანქანა შევიდა რამდენიმე „ჰამერის" თანხლებით. განგაშზე დაცვის თანამშრომლებმა პოზიციები დაიკავეს.მოლაპარაკებები ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჯავშანტექნიკამ კიროვსკის აეროდრომი დატოვა.

09.11 უკრაინაში ვითარების გართულებასთან დაკავშირებით მოწვეულმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამ უკრაიანის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი და ყველა მხარეს პოლიტიკური დიალოგისკენ და საერთაშორისო ხელშეკრულებების ,მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის ,შესრულებისკენ მოუწოდა.

08.30 ყირიმის მინისტრთა საბჭოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ -სერგეი აქსიონოვმა ყველა ძალოვანი სტრუქტურა და საგადასახადო სამსახური თავის დაქვემდებარებაში გადაიყვანა.

„ყველა მეთაური უნდა დაემორჩილოს მხოლოდ ჩემს ბრძანებებს, ვინც არ მეთანხმება-შეუძლია შინ წავიდეს. ვიღებ რა პასუხისმგებლობას მოქალაქეთა უსაფრთოხებასა და სიცოცხლეზე, მივმართავ რუსეთის პრეზიდენტსვლადიმერ პუტინს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს".

02.00 უკრაინამ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, ქვეყანაში ვითარების ესკალაციის წინააღმდეგ  მიიღოს სასწრაფოდ ზომები. გაეროში უკრაიანის წარმომადგენელმა იური სერგეევმა რუსეთის ქმედებები აგრესიად მოიხსენია.

01.33 ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენელმა კონსტანტინ ელისეევმა თხოვნით მიმართა ქეთრინ ეშტონს, რათა სასწრაფო წესით გამართოს  ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომა ყირიმში რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად.

10.45  აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა თეთრ სახლში  გამართულ ბრიფინგზე აფრთხილებს რუსეთს, უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავის შეიკავოს.  მან ხაზი გაუსვა, რომ „დიდად შეწუხებულია" უკრაინაში რუსეთის ჯარის გადაადგილებით და დაუმატა „რუსეთს უკრაინაში ნებისმიერი ინტერვენციისთვის პასუხისგება მოუწევს".

28 თებერვალი პარასკევი

ყირიმი უკრაინული კრიზისის ეპიცენტრად რჩება. ღამით შეიარაღებულმა  პირებმა ალყა შემოარტყეს  სევასტოპოლისა სიმფერუპოლის აეროპორტებს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა აღნიშნა, რომ ეს რუსი სამხედროები არიან და მომხდარს ოკუპაციის მცდელობად აღიქვამს.

ქალაქებში შემჩნეულია რუსული სამხედრო მანქანები და ჯავშანტექნიკა. სამოქალაქო ტანსაცმელშ გამოწყობილმა პირებმა ხელში ჩაიგდეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები და რუსეთის დროშები გამოფინეს. საღამოს ადგილობრივმა რადას წევრებმა , შეიარაღებული პირების მეთვალყურეობის  ქვეშ მხარი დაუჭირეს რეფერენდუმის გამართვას  და დაითხოვეს ანატოლი მოგილიოვის მთავრობა. ახალ პრემიერად „რუსკოე ედინსტვოს" ლიდერი სერგეი აქსიონოვი აირჩიეს, რომელმაც განაცხადა , რომ მხოლოდ გადამდგარ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს დაემორჩილება.

  ამავე დროს რუსეთის დუმაში ამზადებენ კანონპროექტს , რომლის ძალითაც  რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტების გაწევრიანება გამარტივებული წესით მოხდება, ანუ საკმარისი იქნება რეფერენდუმის წესით ხალხის ნების გამოხატვა.

 ყირიმში მიმდინარე პროცესებზე შეშფოთება გამოთქვეს ევროპის ქვეყნებმა, აშშ-მა, თურქეთმა,  ნატომ და კრემლს კეთილგონიერებისკენ  მოუწოდეს.