“დიდი ახვლედიანობა” ვანში

“დიდი ახვლედიანობა” ვანში

ნოდარ დუმბაძისმე, ბებია, ილიკო და ილარიონიხომ გახსოვთ? - აი, ზურიკელა რომ ამბობს, მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებითო. ჰოდა, ამ გურულმა ოცნებამ ფრთები, თურმე, იმერეთში შეისხა. ყოველ შემთხვევაში, როგორცქართულ სიტყვასეუბნებიან, ვანის მუნიციპალიტეტის ყველა საპასუხისმგებლო თუ ნაკლებსაპასუხისმგებლო თანამდებობაზე ერთი გვარის წარმომადგენლები არიან დასაქმებულნი.

საერთოდ, ვანი “ქართული ოცნებისთვის” ერთგვარი აქილევსის ქუსლია - სხვა თუ არაფერი, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არჩევნები პირწმინდად წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიონის მაჟორიტარი “ნაციონალი” პაატა ლეჟავა გახდა.

არჩევნების შემდეგაც, კარგა ხნის განმავლობაში, ვანს “ნაციონალები” აკონტროლებდნენ. მართალია, ბოლო დროს “მიშისტების” პოზიციები შესუსტდა, მაგრამ ხალხისთვის, როგორც ადგილობრივები ამბობენ, რეალურად, არაფერი შეცვლილა, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, “ნაციონალების” კლანი ვანის მუნიციპალიტეტში, თურმე, ახვლედიანების გვარმა ჩაანაცვლა.

აი, მაგალითად, მუნიციპალიტეტის გამგებელი 69 წლის მურად ახვლედიანია, რომელმაც ახლახან, მოადგილედ, თურმე, მოგვარე გია ახვლედიანი დაინიშნა. ეს უკანასკნელი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის აქტივისტი იყო. თავად გამგებელ მურად ახვლედიანს კი თავის დროზე “ქართუ ჯგუფში” მთავარ ინჟინრად უმუშავია. ამასთან, ხმა დადის, რომ მურად ახვლედიანის ქალიშვილი საპარლამენტო არჩევნების დროს გელა ხვედელიძესთან მუშაობდა.

ცნობისთვის: გელა ხვედელიძე მაშინ “ოცნების” რეგიონულ პოლიტიკას წარმართავდა. არჩევნების შემდეგ კი, შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა თანამდებობა სკანდალურად დატოვა - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებისთვის კაბინეტში დააკავეს. სასამართლომ კი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა...

“არ ვიცით, როგორ მოხვდა მურადი გამგებლის პოსტზე. რაიონის წინაშე რამე დამსახურება რომ ჰქონდეს, კიდევ თვალს დავხუჭავდით, მაგრამ ვიდრე გამგებელი არ გახდა, მის შესახებ მოსახლეობის უმეტესობამ არაფერი იცოდა. პატარა ბიჭი არ არის და გვეგონა, ხალხისთვის რამეს გააკეთებდა, მაგრამ მხოლოდ ნათესავებისა და მოგვარეების დაწინაურებით არის დაკავებული, პროფესიონალებსა და ძირძველ ვანელებს კი გასაქანს არ აძლევს”, - უთხრა “ქართულ სიტყვას” ერთ-ერთმა ვანელმა, რომელიც, ასევე, ამბობს, რომ ვანის ძველი დიდებიდან აღარაფერია დარჩენილი და მხოლოდ რაიონი კი არა, თავად ქალაქი ვანიც შუასაუკუნეების დასახლებას ჰგავს.

შუასაუკუნეებია, აბა, რა არის, როცა რაიონში საავადმყოფო და სამშობიარო არ ფუნქციონირებს!

“გზა, საავადმყოფო, სამშობიარო და სამუშაო რომ არ გვაქვს, ამას უკვე შევეგუეთ, მაგრამ ხომ შეიძლება, გამგებელმა იმაზე მაინც იზრუნოს, ვთქვათ, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გახსნას, ახალგაზრდობა რაიონიდან რომ არ გაიქცეს? ვანში რომ ჩამოხვიდეთ, უკაცრიელი ქალაქი გეგონებათ - მხოლოდ ახალგაზრდობა კი არა, ხანშიშესულებიც იმაზე ფიქრობენ, სად წავიდნენ. არ დამცინოთ, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ვანში ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეა. ვანის გამგებელი და მისი გუნდი იმას კი არ ცდილობენ, რომ რაიონისთვის რამე გააკეთონ და ხალხს გაჭირვებული ცხოვრება ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ, არამედ, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებიან, მაგრამ ავიწყდებათ, რომ თუ მოსახლეობას არ მიხედავენ, არჩევნებში მაგათ ხმას არავინ მისცემს”,  - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც, პრევენციის მიზნით, საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

შეკითხვაზე, თუ რატომ მალავს ვინაობას, მით უმეტეს, ახლა, როცა “ნაციონალური ტერორი” წარსულს ჩაბარდა და საზოგადოებამაც შიშის სინდრომი დაძლია, “ქართული სიტყვის” ინკოგნიტო რესპონდენტი ორაზროვნად იღიმის და ლამის ჩურჩულით ამბობს.
- “ნაციონალები” კი წავიდნენ და ისიც ვიცი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებებს არასოდეს შებღალავს, მაგრამ ახვლედიანები მას არ ემორჩილებიან. ვანელ ახვლედიანებს იმერეთის ახალი გუბერნატორი მფარველობს და ამიტომაც, ახვლედიანებს ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა - ქალამნადო?!

შეგახსენებთ, ვიდრე გუბერნატორი გახდებოდა, ზაზა მეფარიშვილი სუს-ის, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალურ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

ერთი სიტყვით, თუკი, მართლაც, გვაროვნული მმართველობაა, მაშინ სახეზეა, მინიმუმ, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რაც ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას, ალბათ, ყურადღების მიღმა არ დარჩება და ამ ვარაუდის  დადასტურების შემთხვევაში, ვანში ფესვგამდგარ ნათესაურ-მეგობრულ მმართველობას წერტილს დაუსვამს.

საერთოდ, ვანი გამონაკლისი არაა - რაიონებსა და რეგიონებში, როგორც ამბობენ, ზოგიერთი “ოცნებელი” “თავს წავიდა”. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ადგილებზე ვითარებას გააკონტროლებს და ადგილობრივი არჩევნების წინ, ცალკეულ ელემენტებს იმის საშუალებას არ მისცემს, რომ ხალხმა თითო-ოროლა ახალი კარიერისტის “ჩინოვნიკური ვნებანი” განაზოგადოს...    

შეიძლება, ვინმემ იკითხოს, გასაგებია, რომ გამგებელიც ახვლედიანია და მისი მოადგილეც, მაგრამ ეს ხომ კლანი არ არისო. მართლაც, კლანი უფრო ფართო მცნებაა, მაგრამ ვანელები “ახვლედიანების გვარის” კიდევ ერთ წარმომადგენელზე, ვინმე გუგაზე საუბრობენ, რომელსაც, თურმე, რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების კურატორად უპირებენ დანიშვნას. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ამ ვინმე გუგას ახლახან სამართალდამცავებთან რაღაც პრობლემა შეექმნა, მაგრამ “დინასტიის” დახმარებით, პრობლემა მოაგვარა.

“მართალია, ახვლედიანი არ არის, მაგრამ ახვლედიანების საგვარეულოს რუხი კარდინალია პაატა სულაბერიძე, რომელიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო... ისე, ვერ გავიგე, არჩევნებს რა აზრი ჰქონდა? - თუ ადრე ყველგან “ნაციონალები” და მათი ნათესავები იყვნენ დასაქმებულები, ახლაც იგივე ხდება, უბრალოდ, “ნაციონალები” ახვლედიანების წარმომადგენლებმა შეცვალეს. კერძო ორგანიზაციები რომ იყოს, ამას ყურადღებას არ მივაქცევდით, მაგრამ ვანში მხოლოდ გამგეობა მუშაობს და ხალხმა აღარ იცის, პურის ფული როგორ იშოვოს”, - ამბობს ერთ-ერთი ვანელი. მისივე თქმით, გამგებელი მურად ახვლედიანი ხალხს პროფესიონალიზმისა და ვანელობის კი არა, ნათესავ-მეგობრობის ნიშნით აწინაურებს.

ის, თუ რატომ წააგო “ქართულმა ოცნებამ” ვანის მუნიციპალიტეტში 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ცალკე საუბრის თემაა. თუკი ადგილობრივებს დავუჯერებთ, ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი, ანუ “ოცნების” ცენტრალურ, ესე იგი, თბილისის ოფისს მაჟორიტარობის ისეთი კანდიდატი შესთავაზეს, რომელსაც ხალხი, თურმე, არ იცნობდა.

“არადა, იყო შანსი, რომ ვანიდან “ნაციონალები” საერთოდ ამოგვეძირკვა, მაგრამ ხალხმა რომ გაიგო, “ოცნებიდან” კენჭს ვინმე გოდერძი ტყეშელაშვილი იყრიდა, ამჯობინა, ხმა ისევ “ნაციონალების” კანდიდატ პაატა ლეჟავასთვის მიეცა... გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე “ოცნების” შტაბის ზოგიერთი წევრი “ნაციონალებთან” ფარულად თანამშრომლობდა”, - აღნიშნავს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ინკოგნიტო რესპონდენტი.

სხვათა შორის, ხმა დადის, რომ ვანის ამჟამინდელ გამგებელს, მურად ახვლედიანს, თავის დროზე, გარკვეული ურთიერთობა “სახელგანთქმულ” “ნაციონალებთანაც” ჰქონდა. მოგეხსენებათ, საქართველოში “გონივრული ეჭვი” როგორი მოდურია. ჰოდა, ამ “გონივრული ეჭვის” საფუძველზე ზოგიერთი ვანელი არც იმას გამორიცხავს, რომ “ნაციონალებმა” ახვლედიანების თემის ამუშავება სცადონ და ამ გზით ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ვანის თავზე კვლავ “ნაციონალური” დროშა ააფრიალონ!

ასეა თუ ისე, ვანში დიდ პოლიტიკურ ბატალიებს ელოდებიან. ამასთან, “ქართული სიტყვის” წყარო ამბობს, რომ მალე ვანელ ახვლედიანებზე შეიძლება, ისეთი კომპრომატების გამომზეურება დაიწყოს, რომ ადამიანს თმა ყალყზე დაუდგეს... არადა, იყო დრო, როცა ეს ისტორიული ქალაქი გარკვეულწილად საქართველოს დიდებასთან ასოცირდებოდა - ვანმა აყვავებას ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ძველი წელთაღრიცხვის III-I საუკუნეებში მიაღწია...

დღეს?

დღეს კი, ვანელები უკეთეს მომავალზე ოცნებასაც ვეღარ ბედავენ და თავის მოწონებას ვანის “წარსული დიდებით” ცდილობენ.