"ნაციონალური მოძრაობა" და კახა კალაძე კიდევ ერთხელ შეიბნენ - 2012 წლის ზაფხულის შემდეგ ისინი ასე მძაფრად აღარ დაპირისპირებიან ერთმანეთს. კალაძის განცხადებამ ისე გაამწარა ნაცმო, რომ მათ "ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს 2 ავტოგოლი გაახსენეს. კალაძე ამ ავტოგოლებზე არასდროს არ ნერვიულობდა, მით უმეტეს როცა ამას ყოფილი ხელისუფლება აძახებს - ის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ქვეყნისთვის აქვს ავტოგოლები გატანილი, ფეხბურთში კი ავტოგოლები მოსული ამბავია", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით კახა კალაძე: "ნაციონალები იდიოტიზმისა და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაში გადავიდნენ!"
"არჩევნების წინ, 2012 წლის ივლისში კალაძე სხვა მეოცნებეებთან ერთად გორის რაიონის მოსახლეობასთან შესახვედრა ჩავიდა. კარალეთში მათ ადგილობრივი ზონდერები დახვდნენ და ქვების სროლა აუტეხეს, რის გამოც რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მხარეები კარგა ხანს ბორგავდნენ. არჩევნების წინ კი ნაცმოძმა კალაძეზე "კომპრომატები" გამოაქვეყნა - გვიმტკიცებდნენ, რომ ის კანონიერ ქურდებთან იყო ჩახუტებული. ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის მართლაც იცნობდა ქურდებს და მისი ნაცნობი ქურდები მერაბიშვილი და სააკაშვილი იყვნენ. მას შემდეგ ისინი ერთმანეთს მწარედ აღარ დასტაკებიან. ახლა კი, ეტყობა, მათ შორის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. ნაცმოძის განრისხება ენერგეტიკის მინისტრისა და იმავდროულად ვიცე-პრემიერის განცხადებამ გამოიწვია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კალაძეს ნაციონალების განცხადებების შემდეგ მოუვიდა მუზა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების არაადეკვატურ ქცევას ბოლო არ უჩანს", - აღნიშნავს გამოცემა.
"საზოგადოებისადმი მიმართვაში კალაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის აგორებას. "სააკაშვილის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა - მომხვეჭელობა, კანონის საკუთარ თავზე მორგება, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტის, დასვენებისა და კეთილდღეობის მოგვარება - ესაა სააკაშვილისა და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე. იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებსა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაღვევას, როგორც ყოველთვის, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ჩვეული, ისტერიკული განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, წარმოშობილი პრობლემისა გაღრმავებასა და დესტრუქციას. "ნაციონალური მოძრაობის თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები სასაცილოს ფაზიდან უკვე გადავიდა იდიოტიზმისა და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე", - აცხადებს ვიცე-პრემიერი, რომლის განმარტებით, მცოცავი ოკუპაციისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხე უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას", დასძენს გამოცემა.
"ვიცე პრემიერის განცხადება მწვავედ გააკრიტიკა უმცირესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმაც, რომელსაც გონივრული ეჭვი აქვს, რომ კალაძე პოლიტიკაში თავის ადგილს ვერ პოულობს: "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ცნობილია, მაგრამ ისინი მაინც ვერ გაექცევიან იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც მოსახლეობას წინასაარჩევოდ მისცეს. როგორც ჩანს, კალაძე ქართულ პოლიტიკაში ადგილს ვერ პოულობს და ცდილობს განსაკუთრებული გამოხდომებით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. ეს მომდინარეობს იქიდან, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილიც აკეთებდა მსგავს განცხადებებს, რომ მას არ სურს "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში იხილოს. ამას აკეთებდა ღარიბაშვილიც. ახლა კალაძეც მსგავს განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა კუბლაშვილმა, რომლის თქმით, "რაც არ უნდა იყოს მათი სურვილი, მაინც მოუწევთ "ნაციონალური მოძრაობის" მეშვეობით კიდევ გაახსენონ, თუ რას დაპირდნენ ისინი მოსახლეობას", - წერს სტატიის ავტორი.