ნიკა გილაური პოლიტიკაში აქტიური აღარაა, მაგრამ მაინც უამრავ ფულს ხარჯავს ლობისტებზე. ეს ფაქტი უცნაური იქნებოდა და კითხვებს აღძრავდა, რატომ ყრიდა სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, განათლებით ეკონომისტი და ფინანსისტი, ამდენ ფულს ლობისტებში, მას ხომ ფულის ყადრი ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა?! მისი გააქტიურება ხომ არ უკავშირდება პოლიტიკაში განმეორებით შემოსვლის ინტერესს? შემთხვევითი არაა მის შესახებ გავრცელებული ვერსია, რომ 2024 წელს გილაურის კანდიდატურას ოპოზიციის ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილავდა ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი. ამიტომაც შეხვდა ზურაბიშვილი გილაურს ათონელის რეზიდენციაში დახურულ კარს მიღმა.
უფრო ადრე, 2023 წელს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებდა, რომ გილაური ივანიშვილის დავალებით „ქართული ოცნების“ სატელიტ პარტიას ქმნიდა მელია-დეკანოიძესთან ერთად. მაშინ გილაურმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ ბოლო ათი წელია, პოლიტიკისგან სრულიად დისტანცირებულია.
თუმცა რანაირად არის პოლიტიკისგან დისტანცირებული, როცა სააკაშვილისდროინდელი ეს ყოფილი პრემიერი 2020 წელსაც „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატად განიხილებოდა. უბრალოდ, ეს საკითხი მაშინ მოიხსნა, რადგან ნაცმოს პრემიერად დასახელდა სააკაშვილი.
„ფარას“ მოთხოვნის შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა.
ნიკა გილაური ამტკიცებს, რომ მისი სურვილი იყო სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესგარემოს გაძლიერება. გილაურის თქმით, მისი კომპანია „რეფორმატიკსი“ (და არა უშუალოდ თვითონ) თანამშრომლობს „Continental Strategy“-სთან, რომელიც მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო კომპანიაა ამერიკის კონტინენტზე. მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი კარლოს ტრუხიო კი ტრამპის მრჩეველია.
გილაურის მეცენატობის არ სჯერათ „ქართულ ოცნებაში“. მმართველ გუნდს ახსენდება, რომ სწორედ ლობისტებში ფლანგავდნენ ფულს სააკაშვილის დედა, რომელმაც მილიონი დოლარი გადაუხადა ამ სფეროს წარმომადგენლებს, ასევე, კეზერაშვილი, რომელმაც 500 ათასი დოლარი გადაიხადა და ახლა უკვე ნიკა გილაური.
„თუ ნიკა გილაურს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის სურვილი აქვს, თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ის განწირულია მარცხისთვის“, - ამბობს კახა კალაძე და გილაურის არაპოპულარობის მიზეზსაც ასახელებს. კალაძის თქმით, გილაური წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლებას, იყო პრემიერ-მინისტრი მაშინ, როცა ყველაზე დიდი უბედურება ხდებოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების, ბიზნესის რეკეტის თვალსაზრისით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მოღალატეთა უცნაური კლასტერი ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატში აქეთ უხდიან ლობისტებს ასობით ათასს, ზოგჯერ მილიონობით დოლარს. ეს საქართველოს დასაზიანებლად კეთდება, იქნება ეს კეზერაშვილი თუ გილაური.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ არავის სჯერა, თითქოს გილაურის მიერ ლობისტებზე გაღებული ფული „დიად სტრატეგიულ მიზნებს“ უნდა მოხმარებოდა, სინამდვილეში, ეს ფული ნიკა გილაურის პირად პიარსა და ავანტიურისტულ მიზნებზე იყო მიმართული.
„საინტერესოა, საიდან ჰქონდა ნიკა გილაურს ამდენი ფული. ის საჯარო მოხელე იყო, პრემიერ-მინისტრი. თუკი საჯარო მოხელეებისთვის არაფერს წარმოადგენს ნახევარი მილიონი, მილიონი და უფრო მეტი თანხა, მაშინ დანგრეულა ეს ქვეყანა. თუ ახლა თავს გაიმართლებს, რომ ვიღაცამ გადაურიცხა ეს თანხები, ესეც სასაცილოა, რადგან მიზანი არ არის რეალურად ახსნილი, ანუ რა იყო მისი კერძო პიარის მიზანი. რას წარმოადგენს ეს ადამიანი? ის არის ყოფილი თანამდებობის პირი, გასაგებია, რომ დიდი თანამდებობა ეკავა, მაგრამ ის ახლა არ არის პოლიტიკურ პარტიაში, ან ისეთ ორგანიზაციაში, რომ რაღაცის გასაკეთებლად უცხოეთის ლობირება სჭირდებოდეს“, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
რაც შეეხება პოლიტიკაში გილაურის ხელმეორედ შემოსვლის სურვილს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამის შესახებ არსებობდა მოარული ხმები, რომ ზურაბიშვილი უპირებდა პრემიერ-მინისტრად დასახელებას, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანები თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, ისინი დამოკიდებულნი არიან უცხოელებზე, უცხოურ მესიჯებზე, უცხოურ გეგმებზე. მათ არ აინტერესებთ ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები, ესაა მათი დიდი უბედურება.
„საქართველოში არის გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავს ქვეყანას, არიან კიდევ რაღაც ძალები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ, რეალურად, ჩვენ ვერ ვხედავთ ოპონირების რეჟიმს. თუკი ეს ხელისუფლება არ მოსწონთ, მაშინ ხომ უნდა გვითხრან, თვითონ რას გააკეთებდნენ უკეთესად? ამის პასუხი არავის აქვს ოპოზიციაში, გარდა პოპულიზმისა, რომ თითქოს 1000-ლარიან პენსიას გასცემენ, თითქოს ნატოში შეგვიყვანენ. საიდან ნიშნავენ ამხელა პენსიას, ბიუჯეტი იძლევა ამის საშუალებას? ან კიდევ, ნატოში გვღებულობენ, თუ არ გვღებულობენ? ესაა პოპულიზმი, სიტყვების რახარუხი. მათ არ გააჩნიათ პროგრამა, გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ლიდერებიც დაკარგეს. არც ის იციან, ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ თუ არა. დღეს თამარ მეფეს მიამსგავსეს ეს ქალი, წარმოიდგინეთ, რამხელა მკრეხელობაა, მერე თქვეს, ცუდი ადამიანიაო. ის ქალიც გაურკვევლობაშია. რაზეა ლაპარაკი, როცა მთავარი ოპოზიციური პარტია ცენტრალურ ოფისს ყიდის, არც ის აქვთ გადაწყვეტილი, მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში“, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ კითხვებს იწვევს არა მარტო გილაურის 600 000 დოლარის წარმომავლობა, არა მარტო კეზერაშვილის თანხების წარმომავლობა, არამედ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებიც, როდესაც „ქართული ოცნების“ ზოგიერთ მაღალჩინოსანს თურმე მამა უხდის ფულს, ზოგს ბიძაშვილი არჩენს. არა მარტო პრემიერები და მთავრობის წარმომადგენლები, არამედ პარლამენტის წევრებიც ფუფუნების უფლებას აძლევენ საკუთარ თავს და ეს პროცესი არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინწინ, დიდი ხანია, ასეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ. თუ ლაპარაკია ვინმეს ქონებაზე, უნდა დავიწყოთ დღევანდელი ხელისუფლებიდან და გავიდეთ ბოლოში - შევარდნაძის ხელისუფლებამდე. ყველა პარლამენტარის, მთავრობის წევრის დეკლარაცია უნდა ვნახოთ, რა ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლამდე და რა აქვთ ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ. თუ ჩვენ გვინდა, გავასუფთაოთ პოლიტიკური სპექტრი ქრთამებისგან, ეს მძიმე სამუშაო უნდა შევასრულოთ.
„ცხადია, გილაურის თანხები კითხვის ნიშნებს იწვევს, მაგრამ გილაური გამონაკლისია? სხვას არ აქვს ფული? ვერ გეტყვით, რისთვის დაიქირავა გილაურმა ლობისტები, ცხადია, დიდი დამაჯერებლობა არ აქვს, თითქოს საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად დაიქირავა. საქართველოში, ერთი შეხედვით, ყველა „იბრძვის“ ქვეყნისთვის და, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება, რომ ყველა საკუთარი თავისთვის იღწვის. რაც შეეხება გილაურს, იყო თუ არა პოპულარული, პოპულარული პრემიერები საქართველოს არ ჰყოლია. „ნაცმოძრაობასა“ და მის წარმომადგენლებზე დიდი აზრის არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმავეს ვფიქრობ დღევანდელ და შევარდნაძის ხელისუფლებებზეც, მე ქრონიკული ოპოზიციონერი ვარ. ნაცები რომ გვამადლიან, სახელმწიფო შექმნა სააკაშვილმაო, რეალურად, მან ისეთი სახელმწიფო შექმნა, რომელმაც იგი დაიჭირა. ივანიშვილს ვერ დავაბრალებთ, რომ ეს სისტემა მისი მოგონილია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბრისას.