საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ორგანიზებული პროგრამა PPRD East-ის ეგიდით გამართული მთავარი დამაგეგმარებელი კონფერენცია და სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიში წარმატებით დაასრულეს. პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ.
დამაგეგმარებელ კონფერენციაზე საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლებმა ფართომასშტაბიანი კატასტროფისთვის საერთო სამაშველო ოპერაციები დაგეგმეს და ჰუმანიტარულ-ტექნიკური მომარაგების მეთოდებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს საერთაშორისო მედიის მოქმედების გეგმა და სხვადასხვა ქვეყნის პრესსამსახურების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. მონაწილეებმა სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიშის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო სიტუაციებში ჩართულობის საერთო გეგმა და მხარდამჭერი ქვეყნების კონცეფცია შეიმუშავეს. აღნიშნული გეგმა აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებში განსახორციელებელი სამაშველო და ჰუმანიტარული ღონისძიებების ეფექტურობას უზრუნველყოფს.