"26 მაისის პროცესზე მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეს სტრასბურგის სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა. არსებობს თუ არა პრაქტიკაში, რომ ჯერ კიდევ დაუსრულებულ საქმეს რამე სტატუსი მიანიჭოს? რისთვის დასჭირდათ ადვოკატებს ამის თქმა? "ალიას" ესაუბრება ადვოკატი მამუკა ნოზაძე", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა მეთოდით ცდილობენ ადვოკატები მერაბიშვილის გადარჩენას?
"როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს არ აქვთ გამოცდილება ევროპის სასამართლოში საქმის წარმოებისა, რადგან, როდესაც ევროპის სასამართლოდან მოდის წერილი, მას აწერია "პრიორიტარე", რაც ნიშნავს, რომ წერილი წამოვიდა დაჩქარებული წესით და არაფრის დიდებით არ გულისხმობს იმას, რომ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი. ასეთ დროს, ევროპულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს, რომ ევროპის სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლის თანახმად, მიენიჭა პრიორიტეტი ამა თუ იმ საქმეს. ევროპული სასამართლო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ანიჭებს საქმეს პრიორიტეტს, ასეთი მდგომარეობაა, მაგალითად, მძიმე ავადმყოფობა და ის სათანადო მტკიცებულებებით უნდა იყოს წარდგენილი. ასეთ დროს ანიჭებს საქმეს პრიორიტეტს ევროპული სასამართლო და იხილავს დაჩქარებული წესით, მაგრამ ეს დაჩქარებული წესით განხილვა არის დაახლოებით 5-6 წელი. როდესაც ევროპის სასამართლო საქმეს ანიჭებს პრიორიტეტს, ხდება დაჩქარებული წესით კომუნიკაცია, სახელმწიფოსადმი კითხვების დასმა, სახელმწიფოს ამ კითხვებზე საპასუხოდ აძლევენ 3-თვიან ვადას, შემდგომ მთავრობის მოსაზრებებს უგზავნიან ადვოკატებს. დაუსვა ევროპის სასამართლომ სახელმწიფოს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი მიიღეს ადვოკატებმა? თუ ასეა, რატომ არ ასაჯაროებენ? იმიტომ, რომ ასე არ ყოფილა. ძალიან ბევრი საქმეა ისეთი, რომელსაც 2008-2009 წლებში პრიორიტეტი მიენიჭა, მაგრამ დღემდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული", - აცხადებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.
"მერაბიშვილის ადვოკატები ან იტყუებიან, ან ძალიან არაკვალიფიციურები არიან და მოუვიდათ შეცდომა. კონვერტზე წაწერილი "პრიორიტარე", რომელიც დაჩქარებულ კომუნიკაციას გულისხმობს, ჩათვალეს, რომ არის საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება. როდესაც საქმეს პრიორიტეტი ენიჭება, მოსულ წერილში წერია, რომ პალატის თავმჯდომარემ ამა და ამ მუხლის შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით განიხილოს საქმე და პარალელურად კითხვებსაც უსვამს სახელმწიფოს. რატომ არ არის ეს შეკითხვები გასაჯაროებული? ეს არის მოსამართლეებზე ზეწოლის მიზნიღ გაჟღერებული დეზინფორმაცია. ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი ხერხია იმისთვის, რომ ვთქვათ, თუ რაიმე კითხვები და საჭოჭმანოა საქმეში, მოსამართლემ გადაწყვიტოს ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მოსამართლეებზე არ მოქმედებს არანაირად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, მათი პოზიცია მაინც მნიშვნელოვანია, რათა მომავალში ქართველი მოსამართლეები არ გახდნენ ევროპული სასამართლოს მხრიდან კრიტიკის მიზეზი", - აღნიშნავს მამუკა ნოზაძე გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
"მერაბიშვილის ადვოკატების მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ასევე, პიარისთვის და სასამართლოზე ზეწოლისთვის გამოიყენონ ეს დეზინფორმაცია. ევროპული სასამართლო ყოველთვის აპელირებს შემდეგით: რეგლამენტის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილში არის, რომ არ შეიძლება ადამიანს ყოველთვის შეუფარდო წინასწარი პატიმრობა და რომ სასამართლო ყოველთვის უნდა ეცადოს, ადამიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდოს გირაო, ან თავდებით გაათავისუფლოს, მაგრამ ვანო მერაბიშვილის საქმეში დევს ფაქტი, რომ ის ცდილობდა სხვისი პასპორტით საქართველოს ტერიტორიის დატოვებას. ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ ქართულ სასამართლოს გამოეჩინა წინდახედულობა და დასაბუთებულად და მოტივირებულად დაეკმაყოფილებინა პროკურატურის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე", - დასძენს რესპონდენტი.
"თუკი ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეს პრიორიტეტს მიანიჭებდა, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს უნდა მოსვლოდა ევროსასამართლოდან შეკითხვები საქმეზე. როგორც "ალიას" იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ სხილაძემ განუცხადა: "ახალი პროცედურებით სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე წელია, პრიორიტეტის მინიჭების კლასიკური პროცედურა აღარ არსებობს. ერთადერთი, ვინაიდან საქმე ქვეყნის ყოფილ პრემიერს ეხება, შესაძლოა, დაჩქარებული წესით განიხილონ. თუ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავრობას, როგორც მხარეს, ამის შესახებ ეცნობება ადვოკატებისთვის მიწოდებული ინფორმაციის პარალელურად, რაც არ მომხდარა".