სანდრო თვალჭრელიძე: “ვფიქრობ, ტრამპი პრეზიდენტობას არ დაასრულებს კარგად...”

სანდრო თვალჭრელიძე: “ვფიქრობ, ტრამპი პრეზიდენტობას არ დაასრულებს კარგად...”

“ტრამპის მოქმედებები, სამწუხაროდ, ანგრევს იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც დღემდე აშშ-ის სიძლიერესა და პირველობაზე იდგა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, მას არა აქვს გრძელვადიანი სტრატეგია და მხოლოდ ტაქტიკურად მოქმედებს, დაახლოებით ასე - რაც მოეპრიანება, იმას აკეთებს. მერე აღმოაჩენს, რომ ეს არ ამართლებს, და ცვლის და ა.შ., თანაც ამერიკის პრეზიდენტის სიტყვამ დაკარგა ძალა, ერთ დღეს ამბობს, რომ ზელენსკი დიქტატორია, მეორე დღეს უკვირს, მე ვთქვი ეგ? არ ვიტყოდიო... რუსეთს ჯერ ლამის მშვიდობის მტრედად აცხადებს, მეორე დღეს კი სანქციებით ემუქრება. ისე, მე არ მჯერა, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. მეტიც, იმ ოქროს ბარათების 5 მილიონ დოლარად გაყიდვის ინიციატივით, ფაქტობრივად, რუს ოლიგარქებს მიეცემათ საშუალება თავისუფლად იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში და ყოველგვარ სანქციებს აუარონ გვერდი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვფიქრობ, ტრამპი პრეზიდენტობას არ დაასრულებს კარგად და...”

“ამასთანავე, ტრამპი რუსეთზე დამუქრებით ცდილობს ერთგვარი ხარკი გადაუხადოს იმ კონგრესმენებსა და სენატორებს, ვინც მის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ხომ ნახეთ, უკვე რესპუბლიკელი კონგრესმენები აუჯანყდნენ და გამოვიდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მოთხოვნით. მოკლედ, იმ ძირითად დოქტრინებს - ადამიანის უფლებებს, მის თავისუფლებას და ა.შ., რაზეც დგას აშშ-ის დემოკრატია, ტრამპი ფარატინა ქაღალდად აქცევს. ამიტომაც მგონია, რომ ტრამპის პრეზიდენტობა არ დასრულდება კეთილად. არ გამოვრიცხავ, მისი იმპიჩმენტიც ვიხილოთ. თუ ასე გააგრძელა, მასა და ამერიკელების მნიშვნელოვან ნაწილს შორის დიდი ბზარი გაჩნდება, რაც რღვევად შეიძლება გადაიქცეს. ჩემი აზრით, ტრამპის გაპრეზიდენტება ნეგატიური, მეტიც, ანტიამერიკული მოვლენა იყო, რაც ცხადყოფს თვითონ ამერიკელ საზოგადოებაში არსებულ ძალიან დიდ პრობლემებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მამუკა თვალჭრელიძე.

“რომის პაპის ტახტი ცარიელი არასდროს რჩება” - საფრანგეთსაც აქვს თავისი ამბიციები და მაკრონმა რაკი დაინახა, რომ ტრამპის ხელში აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიცია ირყევა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საფრანგეთს ერთგვარად ნაპოლეონისებური მნიშვნელობა დაუბრუნოს. ნებისმიერ მოვლენას, როგორც იანუსს, ორი სახე აქვს - კარგი და ცუდი. ტრამპის პოლიტიკის ნათელი მხარე სწორედ ის არის, რომ ევროპა გამოაღვიძა. დღეს მიდის ევროპის შეკავშირება. ნახავდით, ალბათ, რომ მაკრონის ოპონენტმა მარინ ლე პენმაც კი დაგმო ტრამპის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება და ევროპის გადაიარაღებას დაუჭირა მხარი. მხოლოდ ორბანი რჩება ჯერჯერობით განზე, დანარჩენი ევროპა კი ერთიანდება - მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ულტრამემარჯვენეები თუ ულტრამემარცხენეები იმ აზრს იზიარებენ, რომ ევროპამ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად თავის დაცვა, თუ ამის საჭიროება ოდესმე დადგება დღის წესრიგში. პირადად მე გადაჭარბებული მგონია მოლოდინი, რომ პუტინი ოდესმე გაბედავს ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ამისთვის ევროპის მზადება, ჩემი აზრით, სწორია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთს თავისი პირობები აქვს, რაც სრულიად მიუღებელია უკრაინისა და ევროპისთვის. მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ გამოვა. უკრაინამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ დათანხმდეს ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპმა მშვიდობის დამამყარებლად იგრძნოს თავი. რუსეთის პოზიცია იყო და არის ყოვლად უგუნური. საბოლოოდ პუტინი იმას მიაღწევს, რომ ევროპამ შეიძლება ბირთვული იარაღი გადასცეს უკრაინას. უამრავი ადამიანი დაკარგა რუსეთმა ამ ომში, მაგრამ ეს კრემლისთვის არაფერს ნიშნავს, ადამიანის სიცოცხლე რუსეთისთვის არასდროს არაფერს ნიშნავდა, მათთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო არა ადამიანი და სახელმწიფო, არამედ რაღაც ეკლექტიკური წარმონაქმნი, რასაც ისინი “დერჟავას” ეძახიან. დიახ, რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცდილობდა და ცდილობს იმპერიის ახლებურად შექმნას. ეს ყველაფერი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია. მაკრონი მართალია, რომ ამბობს, რუსეთი არ გაჩერდებაო. კრემლს ამ ეტაპზე უკრაინასთან ომის შეჩერება, სავარაუდოდ, უფრო დიდი უბედურებისთვის მოსამზადებლად სურს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“აი, ამიტომაც სჭირდება უკრაინას უსაფრთხოების ძალიან მყარი გარანტიები. არ შეიძლება რუსეთს ვინმე სიტყვაზე ენდოს. ამაზე მუხთალი სახელმწიფო ძნელად წარმოსადგენია და აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, როგორი მმართველობაა რუსეთში, ვთქვათ, მტკიცედ ტოტალიტარული თუ მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, როგორიც ელცინის მმართველობისას იყო. რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები არ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე. არსებობს ვარლამ შალამოვის მოგონებები - როდესაც ის გულაგში იყო, მასთან ერთად იჯდა ერთი თეთრგვარდიელი, რომელიც თურმე აღფრთოვანებული იყო სტალინით. როდესაც მისთვის უკითხავთ, რატომ მოგწონს, დღეს თუ ხვალ მისი ბრძანებით დაგხვრეტენო? - ამ უკანასკნელს უპასუხია, ეგ არაფერი, მთავარია, ის იმპერიას ავითარებსო. აი, ეს არის რუსეთის მთავარი ამბიცია. ამიტომაც მისგან საფრთხეები სრულიად რეალურია. ეს საფრთხეები გაქრება იმ შემთხვევაში, თუ ეს იმპერია დაიშლება და რუსეთი დარჩება სადღაც ურალამდე. ამ შემთხვევაში შესაძლოა ევროპულ სახელმწიფოდაც კი იქცეს. სხვათა შორის, ბჟეზინსკის სტრატეგიაში ეს შედიოდა”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“რაც შეეხება 100 დღიან სახალხო პროტესტს, ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” ძალაუფლება შეიძლება ერთ დღეს ბანქოს სახლივით ჩამოიშალოს... ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ტრამპი მათ დაუჭერს მხარს, ამბობენ, ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გასაბმელად, მაგრამ მაინც მოუწევთ არჩევნების იმ წესებით ჩატარება, რასაც სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია უკარნახებს. მეეჭვება, ტრამპმა აიტანოს აქ ხელისუფლება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ჩვენს პარტნიორობას. ისე, გასაოცარია ჩვენი ხელისუფლება, ტრამპის ყოველ მოქმედებას და ნათქვამს ტაშით ხვდებიან, საკუთარ წარმატებად მიიჩნევენ უკრაინის წარუმატებლობას, აბსოლუტურად არეული აქვთ ორიენტირები. ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში არიან. აგერ გასულ კვირას “საერთაშორისო მნიშვნელობის უდიდესი ვიზიტით” ბრძანდებოდა პრემიერი ირაკლი კობახიძე უზბეკეთში, შემდგომ კი თურქმენეთში გაემგზავრა... ერთხელ ვთქვი ვითომ პრეზიდენტ ყაველაშვილზე, ტაჯიკეთის იქით ვერსად წავა-მეთქი და კობახიძეც მაგ დღეშია, მალე ამათ სომხეთშიც აღარ ჩაესვლებათ. ივანიშვილმა მოახერხა და საკუთარი ხელისუფლება ჩიხში მოაქცია, თავი გენიოსი კი ჰგონია, მაგრამ ცუგცვანგის პოზიციაში აღმოჩნდა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამათ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც არ უნდა გააკეთონ, ხალხის პროტესტს ვერაფერს მოუხერხებენ. მათი ყველანაირი ცდა ფუჭია. თითქმის დარწმუნებული ვარ, წელს თუ არა, გაისად მაინც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება”, - დასძენს თვალჭრელიძე.