,,კლიჩკოს, არჩევნებში გამარჯვების სხვაზე მეტი შანსი აქვს, თუმცა სააკაშვილის კონსულტანტად აყვანას ნამდვილად არ ვურჩევდი!’‘

,,კლიჩკოს, არჩევნებში გამარჯვების სხვაზე მეტი შანსი აქვს, თუმცა სააკაშვილის კონსულტანტად აყვანას ნამდვილად არ ვურჩევდი!’‘

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას საგანგებო ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი გაჩნდა, თუმცა უკრაინის მოვლენების ფონზე, რა მიმართულებით გაგრძელდება ყველაზე დიდ პარტნიორ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, რატომ გამოცხადდა შავ ზღვაში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე განგაში და გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მომავალი პრეზიდენტის კონსულტანტი, ,,ვერსიას’‘ ფრაქცია ,,ქართული ოცნების’‘ თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ესაუბრა.

- საქართველოს პრემიერ- მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ვფიქრობ, ეს შეხვედრა შემდგომი ურთიერთობისთვის დიდ იმპულსს მოგვცემს, რადგან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არათუ განელდა, ბევრად გაიზარდა და, მომავალში, ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება.

- ორი ქვეყნის მეთაურებს შორის საგანგებო ფორმატში გამართული შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ხომ არ დააჩქარა?

- მოგეხსენებათ, ასეთი დონის შეხვედრები ორ-სამ დღეში არ მზადდება - ეს მთელი რიგი ღონისძიებებისა და მუშაობის შედეგია. ასე რომ, უკრაინაში განვითარებული მოვლენები აშშ-ში გამართული შეხვედრის მთავარი მიზეზი არ გამხდარა. აშშ-სთვის საქართველო კავკასიაში მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა და ასეთი მაღალი დონის შეხვედრაც პროცესების განვითარების გარკვეულმა ეტაპმა განაპირობა.

- ამ ფონზე, უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც შეაფასეთ, უკვე განსაზღვრულია, რა მიმართულებით გეგმავს ოფიციალური თბილისი ახალ უკრაინასთან თანამშრომლობას?             

- პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ და ახალ უკრაინასთან ვითანამშრომლოთ იმ პირობით, რომელიც ჩვენ გვაკმაყოფილებს - საერთო- ევროპული ინტეგრაციის პროცესების გაძლიერებასა და, ადრე თუ გვიან, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ვგულისხმობ, რასაც ევროპაცა და აშშ-ც მუდმივად გვკარნახობს. უკრაინაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელია, რადგან იანუკოვიჩი თავს გადამდგარად თვლის თუ არა, ფაქტია, იგი დუმამ გადააყენა. ახლა საქართველოსთვის, როგორც უკრაინის მოკავშირე ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია, ვინ ჩაუდგება სახელმწიფოს სათავეში ან ახალი ლიდერი რამდენად შეძლებს, რეალურად, დაშლის საფრთხის წინაშე მყოფი უკრაინის გაერთიანებას.

- ევრომაიდნის წარმატების ფონზე, უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსული მიტინგები იმართება და პუტინიც რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე საუბრობს. პარალელურად, შავ ზღვაში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო- საზღვაო ძალების გემებზე განგაში გამოცხადდა. ამ ფონზე, უკრაინის დაშლის საფრთხეებზე რომ საუბრობთ, ომის დაწყების შესაძლებლობას გულისხმობთ?

- ომის დაწყება გამორიცხულია! სავარაუდოდ, შიდადაძაბულობა კულმინაციას მიაღწევს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ყველა მხარე შეთანხმდება, რომ მოლაპარაკების დაწყებას ალტერნატივა არ გააჩნია. ვფიქრობ, დაძაბული პროცესების დიალოგის ფორმატში გადასაყვანად სერიოზული ძალებიც ჩაერთვებიან.

- კი, მაგრამ რუსეთის პირველი პირების განცხადებების ფონზე, დიალოგზე საუბარი არარეალურად არ გეჩვენებათ?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ირანთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ახლახან დაიწყეს. არადა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, არავინ იცოდა, ,,ნაღმი’‘ რა დროს აფეთქდებოდა. სირიაშიც მოლაპარაკების პროცესი უამრავი ადამიანის სისხლისღვრის შემდეგ დაიწყო, რადგან ამ შემთხვევაშიც ყველამ გაიაზრა, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. შესაბამისად, იმისათვის, რომ უკრაინის დაშლის საფრთხე უფრო რეალური არ გახდეს, პუტინი იქნება თუ ვინმე სხვა, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. უკრაინაში დაძაბული ვითარება პუტინსაც არ აწყობს - ეს სახელმწიფო მისი მეზობელია და ევროპაში რუსული ბუნებრივი რესურსებიც სწორედ უკრაინისა და ბელორუსის გავლით გადის, თუმცა, მეორეს მხრივ, ისიც ფაქტია, რომ პუტინი მხარეა, რომელსაც ამ პროცესში დაძაბულობის კულმინაცია აწყობს, რათა თავისი პირობების დასაყენებლად მეტი შანსი გაუჩნდეს. მოსახლეობას დავიცავთ, ყირიმს არ დავთმობთ - რუსეთი მსგავსი განცხადებებით საკუთარი წესებით თამაშს შეეცდება, რადგან ვითარების დაძაბვა მისი სტილია.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთის ,,პირობებში’‘ ჩვენ მოვიაზრებით ან რა გავლენას მოახდენს უკრაინის სცენარი საქართველოზე?

- საქართველო ვალდებულია, მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შესაძლებლობის პროგნოზირება შეძლოს. სამწუხაროდ, საოკუპაციო მავთულხლართების გამო, რუსეთთან პოლიტიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან ვიწრო ჩარჩოშია მოქცეული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, დაძაბულობის ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ. თანაც, ეს მხოლოდ ქართულ- რუსული ურთიერთობების თემა არ არის, საქართველოში მშვიდი პოლიტიკური ვითარება, ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას ნიშნავს. საქართველოში სტაბილურობა კი აუცილებელია იმ ინვესტორებისთვისაც, რომლებიც ქვეყანაში ჩამოსასვლელად მზად არიან. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირში კონსულტაციები გაიმართა, სადაც საქართველოსა და რუსეთს, ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, დიალოგისკენ მოუწოდეს. ითქვა ისიც, რომ თუ ორივე მხარე საჭიროდ ჩათვლის, სასურველია, პროცესში მათთვის მისაღები სახელმწიფო შუამავლის სტატუსით ჩართონ. ჯერჯერობით, ევროკავშირის მოწოდების შესასრულებლად მუშაობა არცერთი მხრიდან დაწყებულა. თანაც რუსეთთან დიალოგი რეალურად მეჩვენება თუ არა, ჩვენი სტრატეგია ასეთი უნდა იყოს. ფაქტია, საქართველოსა და რუსეთთან ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, ამაზე მეტი რა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ იმ ჩიხიდან გამოსვლას ვცდილობთ, რომელშიც საქართველო მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა.

- ისე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ უკრაინის მომავალი პრეზიდენტი ვიტალი კლიჩკო გახდა, მის კონსულტანტად მიხეილ სააკაშვილი დაინიშნება. ამ შემთხვევაში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობა კითხვისნიშნის ქვეშ ხომ არ დადგება?

- კლიჩკოს სააკაშვილის კონსულტანტად დანიშვნას ნამდვილად არ ვურჩევდი, რადგან ამ ადამიანს მოღვაწეობის პერიოდში ერთი სწორი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. თანაც სააკაშვილის სინდისზე 26 მაისის სისხლიანი დარბევაა. სხვათა შორის, დღემდე ვერ გავიგეთ, რა პოზიცია უკავია მიხეილ სააკაშვილს ფლეთჩერის უნივერსიტეტში. რეალურად, დეკანია თუ სხვა საქმიანობას ეწევა, არავინ იცის. ზოგადად, ვფიქრობ, დიდ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ადგილი არ არსებობს. ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებსგარეთ არსებული პრობლემები, სწორედ მისი სტრატეგიული ხედვების შედეგია. რაც შეეხება უკრაინის მომავალ ლიდერს, ვფიქრობ, არჩევნებში გამარჯვების შანსი ტიმოშენკოსა და იაცენიუკზე მეტი, კლიჩკოს აქვს, თუმცა სხვა პროგნოზს, ამ ეტაპზე, ვერ გავაკეთებ.