შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მომსახურების სააგენტოს მთავარი კონსულტანტი თეიმურაზ შალიკიანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ შალიკიანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქუთაისში მდებარე, ყოფილი „საგრენაჟო ქარხნის“ ტერიტორიის (6500 კვ.მ) და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობების აუქციონის წესით შეძენაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 600 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 25 თებერვალს თეიმურაზ შალიკიანმა იმ დროს დააკავეს, როდესაც მან წინასწარ აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 70 000 აშშ დოლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).