მთავრობა ძლიერ საშუალო ფენას აყალიბებს... მხოლოდ კონცეფციაში

მთავრობა ძლიერ საშუალო ფენას აყალიბებს... მხოლოდ კონცეფციაში

[გიორგი ბექაური]

იმ ქვეყანაში, სადაც ძირითადად ორი სოციალური ფენა - მდიდრები და ღარიბები - არსებობენ, ხოლო შუალედური, ფაქტობრივად, არ არსებობს და თუ არსებობს, მხოლოდ მინიმალური რაოდენობით, ცხადია, რომ სოციალური მდგომარეობა არასასურველი იქნება. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, მთავრობა ახალი ინიციატივითაც გამოდის და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის პირობებში ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას აპირებს. თუმცა, რამდენად შეძლებს ის ასეთი „რეფორმის“ გატარებას, მეორე საკითხია.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის თანახმად, საქართველოს სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია ეკონომიკის რეფორმირების პირობებში ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია უმუშევრობის დონის შემცირება ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და სოციალური მობილურობის გაზრდა.

ამავე კონცეფციის თანახმად, მნიშვნელოვანია საპენსიო და სოციალური დაცვის სისტემის შემდგომი რეფორმირება; სოციალური დაზღვევის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა.

საქართველოს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას საბაზრო ეკონომიკის, გამჭვირვალე წესების, ასევე ეფექტური სოციალური პოლიტიკის გატარების საფუძველზე.

იმ ფონზე, როდესაც 4-მილიონიან ქვეყანაში მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანია, ასეთი კონცეფციის შექმნა და იმაზე ზრუნვა, რომ ძლიერი საშუალო ფენა შეიქმნას, ცხადია, მისასალმებელია. სხვა საკითხია რამდენად მოხერხდება ამის გაკეთება, რადგან ბოლო წლებია საქართველოში მდიდრები უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი უფრო მეტად გაღარიბდნენ.

შედარებისათვის, აშშ-ში ღარიბად ითვლება ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 22 000 დოლარს, ხოლო საშუალო ამერიკული ოჯახის წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 50 000 დოლარია. გარდა ამერიკისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ფენის განმსაზღვრელად გარკვეული სტანდარტები არსებობს. ამ კატეგორიას განეკუთვნება ის ადამიანი, რომელსაც საბანკო ანგარიშზე აქვს 18 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა, ჰყავს მანქანა, აგარაკი და კვირაში ერთხელ ოჯახთან ერთად რესტორანში საუზმობს ან ვახშმობს.

ქართულ რეალობაში იმისათვის, რომ საშუალო ფენას განეკუთვნებოდეს სულ მინიმუმ საბანკო ანგარიზშე 2 736 ლარი უნდა გქონდეს (საარსებო მინიმუმი ჩვენთან 152 ლარია, 18 თვის ოდენობა კი ზუსტად 2 736 ლარია). რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, როგორიცაა აგარაკი, მანქანა და ა.შ. ესეც ქართველების უდიდეს ნაწილს არ აქვს, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, საშუალო ფენას არ განეკუთვნებიან, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში საშუალო ფენა ძალიან მცირერიცხოვანია და, აქედან გამომდინარე, ამინდს არ ქმნიან. საერთოდ კი, საზოგადოება ითვლება ჩამოყალიბებულად და არ ექვემდებარება რაღაც რყევებს და მოწოდებებს, თუ იქ არის საშუალო კლასი, დაახლოებით, 50-60%. ჩვენთან ეს ციფრი სადღაც 7-8%-ის ფარგლებშია, მაქსიმუმ - 10%. ეს კი ოპტიმალურთან შედარებით, დაახლოებით, 6-ჯერ დაბალი მაჩვენებელია.

უფრო მეტიც, მაგალითად, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ქართულ საზოგადოებას არა 3, არამედ 5 ფენად ჰყოფს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობენ მდიდრები, შეძლებულები, საშუალო ფენა, ღარიბები და ღატაკები. მისივე გათვლებით, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია, აქედან 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების სტანდარტს.

ასეთი სხვაობის ფონზე, ჩვენ უნდა ვებრძოლოდ არა მდიდრებს და სიმდიდრეს, არამედ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს. ამიტომ, სიმდიდრე არ უნდა იყოს სოციალური პროტეტის თემა, ეს მიგვიყვანს საბჭოთა კავშირამდე და შევალთ ჩიხში. ეკონომიკური პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ ღარიბების რაოდენობა ქვეყანაში მიგრაციით ან სიკვდილიანობით კი არ შემცირდეს, არამედ გაუმჯობესდეს სიტუაცია და ისინი თანდათანობით გადავიდნენ სხვა ეკონომიკურ კატეგორიაში. უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი დაიწყოს და ასეთმა ტენდენციამ მიიღოს სწრაფი და შეუქცევადი ხასიათი“, - მიაჩნია არჩვაძეს.