”უნდა ვუთხრა, ჩააბი თოკი შენს ცოლ-შვილს და ბალახის საძოვრად დააბი მეთქი”

”უნდა ვუთხრა, ჩააბი თოკი შენს ცოლ-შვილს და ბალახის საძოვრად დააბი მეთქი”

დევნილთა სამინისტროს წინ თავდამწვარი ნანა ფიფიას ოჯახი, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საეჭვო გარემოებებზე ალაპარაკდა.

ნანას დედის, ხათუნა ფიფიას თქმით, იმ აზრს, რომ შეიძლება ნანას სიკვდილი ვინმეს აწყობდა და ფატალური შედეგიც სწორედ ამიტომ დადგა, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. შვილმკვდარმა ქალბატონმა რამდენიმე საეჭვო დეტალი მხოლოდ “ალიას” გაანდო.

 

ისიც გვითხრა, - იმის მიუხედავად, რომ თითქოს გამოძიება დაიწყო, რეალურად არაფერს არ იძიებენ, მაგრამ ჩვენ სიმართლეს მაინც გავარკვევთო. ნანას ოჯახს, ამ ექსკლუზიურ გამოძიებაში, ყველაზე მეტად ”ალიას” თანადგომის იმედი აქვს და ასეც იქნება. ნანამ უკანასკნელი წერილით რომელიც ჩვენ დაგვიტოვა, დევნილებს ერთად დგომისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა. დედამისს გული იმაზეც წყდება, რომ ნანას ეს მოწოდება და თავგანწირვა უშედეგო აღმოჩნდა და დევნილებმაც არაფრად არ ჩააგდეს მისი შვილის ეს რისკიანი ნაბიჯი.        

 

ხათუნა ფიფია, ნანა ფიფიას  დედა: ნელი, თქვენ დაგიტოვათ ჩემმა შვილმა უკანასკნელი წერილი და იცით, რომ თავი მხოლოდ საკუთარი გაჭირვებისა და უბედურებისთვის არ დაუწვავს. იქაც წერდა, დაე მოვკვდე, თუ ქვეყანასა და ჩემს დევნილებს რაიმე ეშველებათო. დევნილთა სამინისტროს წინ რომ სხედან, ან აქციებზე რომ გამოდიან მათაც ის პრობლემა აწუხებთ რაც ნანას აწუხებდა. მე მგონი ყველა დევნილს აქვს ერთნაირი პრობლემა და ჩემი შვილის ეს საქციელი ხომ მაინც არ უნდა გამხდარიყო ჩვენი გაერთიანების საბაბი?! მაგრამ ასე არ მომხდარა. დაკრძალვის დღეს ორი კაცი მოვიდა და თქვეს, დევნილთა აქციიდან ვართ, ნანას მოწოდებას შევასრულებთ, დევნილების უზარმაზარი არმია გვიდგას უკან, ამიერიდან ნანას გზით ვივლით, ვინც ნანა ამ ზომამდე მიიყვანა, მის დასჯასაც აუცილებლად მივაღწევთო, მაგრამ ეს იყო და ეს, აღარავინ არც გამოჩენილა და არც შეგვხმიანებია. თუ დევნილების არმია გვყავს, სად იყო გასვენებაში ეს არმია დედა, ხომ უნდა თქვან არა?!

 

ამბობენ, ხელისუფლებამ დევნილებს გამოუცხადათ, ფიფიას გასვენებას ვინც დაესწრება, ჩვენ არაფერი აღარ მოგვთხოვოსო. ეტყობა შეეშინდათ ფქვილი და ზეთი არ დაეკარგათ. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- სიმართლე მიყვარს მეც დედა ნანასავით და ვერ დავმალავ რაც მოხდა. ჩვენი ნაქირავები სახლის გვერდით ცხოვრობენ შესახლებული დევნილები და მათ გვითხრეს, გასვენების წინა დღეებში შავი მანქანით იყვნენ მოსულები. გვითხრეს დევნილთა სამინისტროდან ვართ და გაფრთხილებთ, ვინც ფიფიას გასვენებაში მივა, დენსაც შეგიჭრით და გაზსაცო. სწორედ იმ დღეებში, როცა შვილის ცხედარი სახლში მესვენა, ტელევიზიით გამოდიოდნენ დევნილები და სუბელიანს მადლობებს უხდიდნენ, უფასოდ გაზი შემოგვიყვანაო დედა. რისი მადლობა, რა მადლობა, შვილის გასვენება ხომ უნდა ეცლიათ და მადლობები მერე ეხადათ ამ ჯალათებისთვის.

 

ჩემმა შვილმა თავი იმიტომ დაიწყა, ამ სუბელიანებისა და ტუღუშების გადამკიდე თავს ადამიანად რომ არ გრძნობდა. სხვებსაც ხომ ასე ექცევიან დედა. ხომ ნახა ყველამ, როგორ შეყარეს უფანჯრებო დიდ მანქანაში ბარგიანად და არაადამიანებივით წაიყვანეს სადღაც და რამ გააჩუმა ეს ხალხი, პირდაპირ გაოცებული ვარ. ვის რას ეხმარებიან დედა მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ.

 

აგერ ნახეთ (თან მაჩვენებს, - ნ.ვ.) ჩვენი დევნილყა საბუთები. მე, ჩემს სამ შვილს და შვილიშვილს ერთი კოდი გვაქვს, - 62001. ბევრი ოჯახი სპეციალურად გაიყო დახმარებები ცალ-ცალკე რომ მიეღოთ, მაგრამ ჩვენ ასეთი რამე არ გაგვიკეთებია. 17 წლის განმავლობაში მხოლოდ ქირით ვცხოვრობდით და 6 ბინა გვაქვს გამოცვლილი. არანაირი დახმარება არ ვიცით ამათგან, შვილის სულს გეფიცებით. ჩემმა ბიჭმა ხერხემლის უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა, ხერხემალი 15 სანტიმეტრზე ჩაუხერხეს და დახმარებისთვის მხოლოდ მაშინ მივმართეთ დევნილთა სამინისტროს. 5 თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი, მაგრამ ისე ჩახლართეს ყველაფერი, თავი დავანებეთ.

 

ჩვენი ერთ-ერთი საცხორებელი ბინის გვერდით, ძველ გასტრონომში, დევნილებისთვის დახმარებების დასარიგებელი პუნქტი და საწყობი ჰქონდათ გახსნილი. საკუთარი თვალით ვხედავდით რაც იქ ხდებოდა. ერთ დღეს რასაც დაარიგებდნენ დაარიგებდნენ, მეორე დღე დევნილებს ეუბნებოდნენ დაგაგვიანდათ მოსვლა და დახმარებები გათავდაო. ღამით კი მაღაზიის საწყობიდან სავსე კამაზებით გაჰქონდათ დევნილებისთვის გამოგზავნილი ფქვილი და ამერიკული ზეთები. გასაყიდად გაჰქონდათ, სხვა რისთვის გაიტანდნენ?! ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვუყურებდით შვილი და ამისთანა ხალხთან კიდევ როგორ მივიდოდით დახმარების სათხოვნელად?. თავადაც კარგად იცოდნენ რომ დევნილები ვიყავით.

 

ოტობაიაში ქმარი აფხაზებმა დამიხვრიტეს. ცელოფანში შეხვეული დავმარხეთ და ერთი წლის შემდეგ ძლივს შევძელით მიწას ნორმალურად მიგვებარებინა. რა გვქონდა, დახმარება რომ არ გვდომებოდა, მაგრამ თავი არავის შეუწუხებია და ჩვენთვის გამოგზავნილ დახმარებებსაც ცხადია ისე იჯიბავდნენ, როგორც მოგიყვით. ამათი არაფერი არც ახლა არ მინდა, ოღონდ ჩემი ნანა მყავდეს ისევ ცოცხალი.

 

თბილსშიც იმიტომ ვართ და აქ იმიტომ ვტრიალებთ დედა, ჩემი ნათესავები რომ აქ ცხოვრობენ. როცა გვიჭირს, ან ცუდად ვართ, ისინი გვეხმარებიან. ამ გაუბედურებულებს ექიმის დახმარებაშიც კი არ გვაქვს არანაირი შეღავათი და ენა როგორ უბრუნდებათ, როგორ ამბობენ ვეხმარებით დევნილებსო, ვერ გამიგია. რომ მოეხედათ ან ნორმალური პასუხი გაეცათ  ჩემი შვილისთვის, ნანა ასე ხომ არ გააკეთებდა არა?! ძაღლადაც რომ არ გვთვლიან, ამიტომ გააკეთა ასე. ჩემი შვილი აქამდე რომ მიიყვანეს ბოდიშიც არავის უთქვამს, საერთოდ არავინ მოსულა ჩვენთან დედა სუბელიანის  სამინისტროდან.

 

ან დავითაია რომ შებრძანდა პარლამენტში ჩვენით, მოიკითხა, რითი გვიდგას სული?! ცისკარიშვილმა რომ თქვა, ჩვენამდე 14 ლარი იყო დევნილებზე და ჩვენ 28 ლარი გავუხადეთ, მეტი რა ვქნათო, რატომ არ კითხა, 28 ლარით შენ ცხოვრობ, ამ ხალხმა რომ იცხოვროსო?! იმიტომ არ ეკითხებიან დედა, რომ ჩვენსავით არ არიან გაჭირვებულები და ყელამდე არიან უკვე. სხვისი დარდი კიდევ არ აქვთ. უნდა ვნახო სუბელიანიც და ის გრიგორ ტუღუშიც, ჩემი შვილი ამ ზომამდე ვინც მიიყვანა. უნდა ვუთხრა, ჩააბი თოკი შენს ცოლ-შვილს და ბალახის საძოვრად დააბი მეთქი. სხვა რა ვქნა დედა, ან დევნილი და ან ვინმე ვინ დაგიდგება გვერდით რაიმეს რომ მიაღწიო?!

 

ჩემი შვილის გასვენებაზე აფხაზეთიდან, ოტობაიადან ჩამოვიდა ორი მარშუტკა ხალხი და აქედან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მოვიდა. იცით რას ამბობენ აფხაზეთში ვინც ცხოვრობს? აქ ნელ-ნელა სიკვდილს, იქ ტყვიით სიკვდილი გვირჩევნიაო და მართლებიც არიან დედა. ნეტავ ჩემი შვილიც გადასულიყო აფხაზეთში და ეს არ გაეკეთებინა. რომ უთხრეს, თუ გადახვალ ერის მოღალატედ გამოგაცხადებენო, ახლა მითხრან ამ ხალხმა, იმათ რატომ არ თვლიან მოღალატეებად, ვინც ნანა ამ მდგომარეობამდე მიიყანა.

 

გამოვიდნენ ახლა და თქვან, რომ ესენი არიან სწორედ მოღალატეები თუ მაგრები არიან, მაგრამ.. რუსთავი -2-ის ჟურნალისტის ნახვაც მინდა დედა. მათ თქვეს ჩემს შვილზე, შეურაცხადი იყო და ასე იმიტომ გააკეთაო. სინდისი სად აქვს ამ ხალხს, სად?! ასეთ რამეს რომ ამბობ ადამიანზე, ხომ უნდა გამოიკვლიო, შეამოწმო. შეურაცხადი ამის მთქმელი თავად იყო დედა. არ ვიცოდი ასე საშინლად თუ ექცეოდნენ ჩემს შვილს იმ დავსილ სამინისტროში და ხელისუფლებაში. გულნატკენი კი იყო, მაგრამ არ ვიცოდი დედა იმ საშინელმა ტუღუშმა თუ უთხრა, ბალახი ჭამეო, თორემ სახლიდან არ გავუშვებდი ჩემს შვილს. ამ ხალხს გული ხომ არ აქვთ შვილო. ათასმა კაცმა კიდევ რომ დაიწვას თავი, ყველას მაინც იგივეს გააკეთებენ. სუბელიანს რა ეტყობა ღმერთთან ახლოს რომ იყო და მას ემსახურებოდა?! ან დედამისი რომ არის მონაზონი, ეტყობა ამ კაცს?! უგულავასაც სასულიერო აკადემია ჰქონია დამტავრებული, მაგრამ ამათი ქცევიდან ის ჩანს, ეს ხალხი იქაც სხვა რამეს რომ ემსახურებოდა და არა უფალსა და სარწმუნოებას დედა.

 

მიჭირს ამ კითხვის დასმა, მაგრამ ამბობს, ნანას დიაგნოზი სასიკვდილო არ იყოო. ამას ალბათ თქვენც გაიგონებდით?

- ვაი ნანა, ვაი დედა, რაზე მიწევს საუბარი შვილო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. ექიმები თავიდანვე გვეუბნებოდნენ, მესამე (ბ) კატეგორიის, ღრმა დამწვრობააო. ვერ ვიტყვი, რომ გადარჩენის დიდ იმედს გვაძლევდნენ, მაგრამ საეჭვო რაც იყო იმასაც გეტყვით. ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ტელეფონს იმ დღის შემდეგ ექო ჰქონდა და ისმინებოდა. ესმინათ რამდენიც უნდოდათ, ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებაზე ხომ არ ვლაპარაკობდით, მაგრამ საავადმყოფოში მუდმივად იყო რამდენიმე საეჭვო ადამიანი. ჩემებმა უთხრეს კიდევაც ადამიანურად, რა გინდათ, თავი დაგვანებეთო, მაგრამ იცით რა უპასუხეს, დევნილთა სამინისტრომ გამოგვაგზავნა აქ, რაიმე საჭიროება რომ იყოს, ინფორმაცია უნდა მივაწოდოთო.

 

დღეს ხომ არ არის ის დრო, წერილებს რომ უგზავნიდნენ ერთმანეთს ნელი. რა უნდა სამინისტროდან საავადმყოფოში დარეკვას იმის გასაგებად რა ხდება იქ, მაგრამ ესენი იქ სხვა რამის გამო იდგნენ. ვინ მოდიოდა ჩემს შვილთან, რა ხდებოდა  და რას ვაპირებდით, ამის გაგება უნდოდათ. ვინმე რომ მოვიდოდა არა, ეს ბიჭები გაიქცეოდნენ ექიმებთან და ახლობლებს ნანასთან სანახავადაც არ უშვებდნენ. ექიმებთან დაპირისპირება მაშინ არ გვაწყობდა, მათ ხელში იყო ჩემი შვილი, მაგრამ საშინელება გამოგვატარეს. საავადმყოფოს მედპერსონალიც დაპროგრამებულებივით გვექცეოდნენ. სახეზე ეტყობოდათ სხვის აზრებს რომ გვეუბნებოდნენ და გვატყუებდნენ ყველაფერს, მაგრამ მათ იქით სხვა გზა არ გვქონდა?! აშკარად ზეწოლის ქვეშ იყო საავადმყოფო და როგორ გამოვრიცხავთ, რომ მართლაც რაიმე არ დამართეს ჩემს შვილს?!

 

ანუ ეჭვი გაქვთ, ნანა დევნილთა სამინისროსთან და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული რადგან იყო, მისი გადარჩენა ამიტომ არ აწყობდათ?

- ჩემს ბიჭს თავიდანვე ეშინოდა ამისი. იმ ე.წ. დევნილთა სამინისტროდან იქ მყოფ ბიჭებს უთხრათ კიდევაც, მაგრამ უპასუხეს, გამორიცხეთ, არავის აწყობს მისი სიკვდილიო, მაგრამ ახლა რასაც გეტყვით, აბა თქვენც დაფიქრდით და მერე მიხვდებით რაც ხდება.

 

სისხლის სამართლის საქმე ვითომ მაშინვე აღიძრა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში. გამომძიებელი ზურა ლაფანაშვილი კარგა ხნის შემდეგ დაგვიკავშირდა და იცით რა გვითხრა, ნანას ბენზინი კი არა, თურმე რასტვარიწელი გადაუსხიაო. ამდენ ხანს ამას აზუსტებდა გამომძიებელი და რას გამოიძიებს, ხომ ხვდებით არა?! იმას რატომ არ იძიებს, ვინ მიიყვანა ჩემი შვილი აქამდე?! ახლა ყველაფერს ვაანალიზებთ და ბევრი საეჭვო მომენტია, ძალიან ბევრი.. ახლობლებს რომ ენახათ ნანა, ამაზე სულ იყო შეზღუდვები.

 

ერთხელ გამომძიებელი მოვიდა იქ. ამ დროს ჩვენი ბიძაშვილებიც იყვნენ ნანას სანახავად მოსულები, მაგრამ მედპერსონალი გვეუბნებოდა, შეხვევაზე არის გაყვანილი, კარგა ხანს ვერ მორჩება და ნახვაც ვერ მოხერხდებაო. გამომძიებელი კი მაშინვეე შეუშვეს ნანასთან სალაპარაკოდ, ანუ გვატყუებდნენ, რომ შეხვევაზე ჰყავდათ. არც ის გვითხრეს ნანა რომ უნდა დაეკითხათ და ამიტომ გააკეთეს ეტყობა ასე, ჩვენც რომ არ მოგვეთხოვა დასწრება. არ უნდა გაგვეგო რას ეტყოდა ნანა გამომძიებელს. ამ კაცმა მაშინ გვითხრა, უბრალო საუბარი გვქონდა, არაფერი არ დაგვიწერიაო, მაგრამ სანიტარმა ჩუმად გაგვიმხილა, ჩვენება აიღოო. დღემდე არ ვიცით რა ჩვენება მისცა ნანამ და ამათ რა დაწერეს. ან ნანას ოჯახის წევრები არ უნდა დაეკითხეთ?!

 

იმ ღამეს, როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, საუბედუროდ სახლში ვიყავი წამოსული. ღამის 4 საათზე დაგვირეკეს და მოგვახალეს, დაიღუპა, რესპუბლიკურის მორგში არის უკვე გადაყვანილი და იქ მიაკითხეთო. ძლივს მოძებნა ჩემმა ბიჭმა მორგი იმ შუაღამეს, მაგრამ ვიღაც კაცი გამოვიდა და გვითხრა, 11 საათზე გამომძიებელი მოვა და მერე გაგატანთ მიცვალებულსო. 11-ზე კი არა, საღამოს 6 საათამდე არ იკადრა ამ ლაფანაშვილმა იქ მოსვლა. გაკვეთის გარეშე რომ არ გამოგვატანეს მიცვალებული, გვითხრან რა აინტერესებდათ?! როგორც გვეუბნებოდნენ, ეს დიაგნოზი სიკვდილს ნიშნავსო, თუ მართლა ასე იყო, გაკვეთა რატომღა ჩათვალეს საჭიროდ?! მერე გავიგეთ, რომ ჩემი შვილი ღამის 1 საათზე გარდაიცვალა, მაგრამ საავადმყოფოდან იქამდე არ შეგვატყობინეს, სანამ მორგში არ გადაიყვანეს. ფაქტიურად გაიტაცეს ჩემი შვილი და რაც თვითონ უნდოდათ, ის გაუკეთეს. ახლაც რატომ არ გვეუბნებიან რა აღმოჩნდა ამ გაკვეთით?

 

გამოძიება ასე რომ გექცევათ, თქვენ რის გაკეთებას აპირებთ?

- ამათი გამოძიება რომ არაფერს გაარკვევს და სიმართლეს არ იტყვის, ეს უკვე ვიცით. ჩემი შვილის სიკვდილის გამო არავინ დაისჯება და ამასაც ვხვდებით, მაგრამ ჩვენ თავად გავარკვევთ სიმართლეს ნელი. ამ საქმეში ”ალიას” თანადგომის იმედი ნამდვილად გვაქვს, სხვების კი აბა რა მოგახსენოთ. ზოგმა პოლიტიკოსმა თუ ცნობილმა ადამიანმა იცით რა იკადრა და თქვა, თითქოს ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით სამძიმარზე ან გასვენებაზე ვინმე რომ მოსულიყო და ამიტომ ვერ მივედითო. ამის მკადრებელი ხალხი რომ არ ვართ, ეს მგონი თქვენ უკვე იცით. შვილის სულს გეფიცებით, ასეთი რამ არავისთვის გვითქვამს და შეურაცყოფას მაინც ნუ მოგგვაყენებენ, ხომ შეიძლება არა?                           

   

გამომძიებელ ზურა ლაფანიშვილთან დაკავშირება და რამდენიმე კითხვის  დასმა ჩვენც გადავწყვიტეთ, მაგრამ ამ ხალხს რომ საკუთარი ჩრდილისაც ეშინიათ და მხოლოდ დამკვეთების ზარებს პასუხობენ, ამჯერად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ლაფანაშვილმა ჩვენს ზარებს ცოცხალი თავით არ უპასუხა. ”ალია” და ”ქრონიკა” არაერთხელ წერდა, რომ ნანა ფიფიამ, სანამ თავს დაიწვავდა ბოლო ინტერვიუ სწორედ ჩვენ მოგვცა, თავის დაწვიდან რამდენიმე საათში ჩვენ მოვახერხეთ მას საავადმყოფში რომ დავლაპარაკებოდით, უკანასკნელი წერილიც სწორედ ”ალიას” დაუტოვა, სადაც დევნილებს ერთიანობისკენ მოუწოდებდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, გამომძიებელს ჩვენი არა თუ დაკითხვის, ტელეფონზე დალაპარაკების სურვილიც არ გასჩენია და ამის შემდეგ გამოძიების ობიექტურობაზე როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ, ალბათ მკითხველიც მშვენივრად მიხვდება.