ახალი სკანდალი - როგორ მოხვდა ნაციონალების სიაში მარიამ საჯაია?

ახალი სკანდალი - როგორ მოხვდა ნაციონალების სიაში მარიამ საჯაია?

როგორ მოხვდა ნაციონალების სიაში მარიამ საჯაია?- ამ სათაურით აქვეყნებს სკანდალურ სტატიას გაზეთი "პრაიმტაიმი" დეპუტატ მარიამ საჯარიას "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში მოხვედრასთან დაკავშირებით.

გაზეთის ინფორმაციით, მარიამ საჯაიას გადეპუტატება მამამისის გარდაცვალებას უკავშირდება.

"დიდხანს ეძებდნენ პასუხს კითხვაზე, რა დამსახურებებით მოხვდა 21 წლის მარიამ საჯაია პარლამენტში, ისიც სწორედ იმ წელს, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და დეპუტატის ქვედა ზღვრული ასაკი 25-დან სწორედ 21 წლამდე დაიწია. როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი აქვს ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს, ადვოკატ ზურაბ თოდუას, რომელიც სტუდენტი გოგონას გადეპუტატებას მამის გარდაცვალებამდე საქმიანობას და მის ბურუსით მოცულ სიკვდილს უკავშირებს.

"პრაიმტაიმის" წინა ნომერში მკითხველს მოვუთხრობდით ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ ილია დალაქიშვილის შესახებ, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების 6-მილიონნახევრიანი ქონება წაართვეს. ისტორია, რომელიც მარიამ საჯაიას მამას უკავშირდება, ამ თემის ერთგვარი გაგრძელებაა. თუ მკითხველს, რომელიც ახლა ამ პუბლიკაციას ეცნობა, დალაქიშვილის შესახებ არაფერი სმენია, ისტორიის იმ ნაწილს შევახსენებთ, რომლითაც ლოგიკურად დღევანდელ თემაზე უნდა გადავიდეთ. მისი ნაამბობიდან ირკვევა, რომ უკვე ციხეგამოვლილმა და არაერთგზის "გაწეწილმა" ბიზნესმენმა, ახალი საქმის წამოწყება სცადა და შექმნა კომპანია, რომელიც მყარი ნარჩენების გადამუშავებით ნავთობპროდუქტს იღებდა. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც ბათუმის ყოფილი ნევთობბაზის ტერიტორიის ნარჩენებისგან განთავისუფლებას შეეხებოდა, მას ისევ დასდეს ბრალი და ფინანსურმა პოლიციამ ამჯერად ის საბაჟო კონტროლის წესების დარღვევაში, ფულის გათეთრებასა და ა.შ. დაადანაშაულა. სწორედ აქედან იწყებს თხრობას მისი ადვოკატი ზურაბ თოდუა იმ ისტორიის შესახებ, რომელსაც მარიამ საჯაიას მამის, დემურ საჯაიას კომპანიამდე მივყავართ:

– რევიზიები რომ ჩაატარეს, იმ კომპანიების შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ილია დალაქიშვილისგან ჰქონდათ წაღებული საქონელი. იმათ გაჰყვნენ კუდში. "ზუგდიდის საგზაო სამმართველოს" გადამუშავებული ნარჩენები, ანუ ბიტუმი ჰქონდა მისგან ნაყიდი, რომელიც საგზაო მშენებლობისთვის არის გამოსადეგი.

კანონდარღვევა რაში მდგომარეობდა?

– წაიღო, დავუშვათ, 30-ტონიანი მანქანა და ჩაწერა 40 ტონა. ეტყობა, რაღაც გაბერა. ჩაუტარეს ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ, თუ სწორად მახსოვს, 350 ათასი ლარი ჰქონდა სახელმწიფოსთვის დამალული. ამიტომ ორჯერ დაიბარეს მარიამის მამა ფინანსურ პოლიციაში. მასთან რომ არაფერი გამოუვიდათ, დაიჭირეს მისი თანამშრომელი, თუ არ ვცდები, მოადგილე იყო, ილია ქვარცხავა.

ექსპერტიზა ვინ ჩაატარა?

– ფინანსურმა პოლიციამ. ვვარაუდობ, რომ, როდესაც დემურ საჯაიას იბარებდნენ, იქ იყო საუბარი რაღაც თანხებზე, რომ შეეტანა ბიუჯეტის სასარგებლოდ, სანაცვლოდ შეეშვებოდნენ. მესამედ ის აღარ დაუბარებიათ და დაიჭირეს ილია ქვარცხავა, რომელსაც ბრალად ყალბი ანგარიშფაქტურების შედგენა წაუყენეს. მახსოვს, მისი წინასასამართლო სხდომა 2012 წლის 27 იანვარს იყო ჩანიშნული და ის 26 იანვარს გარდაიცვალა.

რა პირობებში? ციხეში?

– ჩემ მიერ გამოთხოვილი მასალებით აღმოჩნდა, რომ გარდაიცვალა ღუდუშაურში. ეტყობა, ძალიან მძიმედ იყო, რაკი ციხიდან ღუდუშაურში გადაიყვანეს. ჩემ მიერ გამოკითხული პატიმრებისგან ვიცი, რომ ეს ადამიანი ძალიან გულჩათხრობილი, არაკონტაქტური იყო. თვითონ პატიმრებმაც კი არ იცოდნენ, რატომ იყო ეს ადამიანი ციხეში. ისინი მიამბობდნენ, რომ ქვარცხავა ხშირად გაჰყავდათ საკნიდან. ბრუნდებოდა შეწუხებული და ჩაფიქრებული. არავისთან შედიოდა კონტაქტში. როცა ეს ადამიანი გაჰყავდათ, მალევე ვიგებდით ყვირილსო. ესენი ვარაუდობდნენ, რომ მას ურტყამდნენ. ამის მეც მჯერა, რომ ეს ადამიანი ცემაში შემოაკვდათ, ან ამ ცემამ გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც ის საბოლოოდ გარდაიცვალა.

თქვენ რატომ დაინტერესდით ამ საქმით?

– იმიტომ, რომ, ჩემი ვარაუდით, ამ ადამიანისგან ითხოვდნენ, მიეცა ჩვენება დემურ საჯაიას წინააღმდეგ. მას ასეთი ჩვენება არ მიუცია. საქმეში ასეთი რამ არ არსებობს. სწორედ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გაუსკდა გული მარიამ საჯაიას მამას. აი, ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში მარიამ საჯაია ნაციონალების სიის პირველ ათეულში ხვდება.

ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან შეიძლება რამე კავშირში იყოს?

– ჩემი ვარაუდით, ნაზი არონია არ არის ის პატარა ჩიტო, რომელსაც, ან რომლის ოჯახსაც შეიძლება ვიღაცამ წამოუთაქუნოს. ეტყობა, ამ ოჯახმა და თვითონ ნაზი არონიამაც იაქტიურა. ქვარცხავას გარდაცვალება დღეს ბურუსით არის მოცული. ექსპერტიზაც არ აქვს ჩატარებული. ეს მე უფრო მეტ საფუძველს მაძლევს ეჭვისთვის, რომ ამ საქმის გაუხმაურებლობისთვის შესაძლოა, დაუსვეს საკითხი სააკაშვილს – აი, შენმა ფინანსურმა და შენმა პროკურატურამ რა გააკეთა და თუ გინდა, რომ ჩუმად ვიყოთ, რამე პირობები შემოგვთავაზეო. არ გამოვრიცხავ, რომ მარიამ საჯაია სწორედ ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ეგზეკუციის მასალების არგახმაურებისთვის იყოს წარმოჩენილი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი საქართველოში. ჩემი სამართლებრივი ანალიზი და მტკიცებულებები მაძლევს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს.

მარიამ საჯაია ტელეეკრანებზე პირველად 2012 წლის თებერვალში გამოჩნდა განათლების სამინისტროს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერის ამპლუაში. 21 წლის 2012 წლის 15 მარტს გახდა. მაისში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით დეპუტატის ქვედა ზღვრული ასაკი 25-დან 21 წელზე ჩამოვიდა და მალევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის არჩევნებისთვის წარმოდგენილი სიის პირველ ათეულში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი სწორედ მისი სახით წარმოადგინა. ექსპერტები ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მაშინ პოლიტიკაში სწორედ ყოფილი ნაციონალი დეპუტატის, ნაზი არონიას ქალიშვილის, მარიამ საჯაიას გამოჩენას უკავშირებდნენ.

იმავე წელს მარიამის ძმა, ნიკოლოზ საჯაია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი ხდება. მან 1 აგვისტოს 30 ათასი ლარი გადაურიცხა პარტიას. ვინაიდან დეპუტატი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება სასწავლებლად, "პრაიმტაიმმა" ვერ შეძლო მასთან ინტერვიუს ჩაწერა იმასთან დაკავშირებით, რაც ზემოთ უკვე გიამბეთ. ამიტომ, კომენტარისთვის ქალბატონ ნაზი არონიას დავუკავშირდით:

–მე ვერ გეტყვით, ჩემი მეუღლე ბიტუმს ვისგან ყიდულობდა, ან პრობლემა ჰქონდა, თუ არ ჰქონდა. ასეთ დეტალებში არ მახედებდა.

ჩვენი რესპონდენტი მოგვითხრობს, რომ ბატონი დემური ფინანსურ პოლიციაში ორჯერ დაიბარეს, შემდეგ კი მისი მოადგილე, ქვარცხავა დაიჭირეს, რომელიც პატიმრობის დროს გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი თქვენი მეუღლეც გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია რამეზე მიგანიშნებთ?

– ჩემს მეუღლეს არ ჰყოლია მოადგილე, გვარად ქვარცხავა. ვიღაცა ახლა ჭორაობს რაღაცას. ვინ არის ზურაბ თოდუა, რომელმაც თურმე რაღაც იცის ჩემი მეუღლის საქმიანობის შესახებ? მე არ ვიყავი ჩახედული და ის საიდან ფლობს ამ ინფორმაციას? ჩემს მეუღლეს არავითარი პრობლემა არ ჰქონია ფინანსურთან და არც კავშირი ჰქონია ვინმე ქვარცხავასთან, რომელიც დაიჭირეს და მოკვდა. სულ ჭორებია. ვინ კადრულობს გარდაცვლილზე ასეთ ჭორაობას? ჩემს მეუღლეს ყოველთვის ყველაფერი გამართული ჰქონდა. საგზაო სისტემაში მას ყველა იცნობდა. ახლაც, როცა ხელისუფლება შეიცვალა, დღესაც მას აფასებენ, როგორც კეთილსინდისიერ ადამიანსა და კეთილსინდისიერ მეგზევეს.

კარგად გვესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის მტკივნეულ თემას შევეხეთ, თუმცა, "პრაიმტაიმს" აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც 2011 წლის 27 დეკემბრით არის დათარიღებული. გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს დოკუმენტიდან:

1. გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შპს ზუგდიდის საგზაო სამმართველოზე შპს XGის, შპს „ნატურის“ და შპს „ამირომის“ მიერ 6 ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით 134 198 ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების მიწოდება რეალურად არ განხორციელებულა. შესაბამისად, სახეზეა უსაქონლო ოპერაციები, რომელთა შედეგად შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველომ დღგ-ში მიიღო 20 471 ლარის უკანონო ჩათვლა.

2. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შპს ზუგდიდის საგზაო სამმართველოზე შპს XGის მიერ 225 960 ლარის ღირებულების მიწოდების 15 ოპერაციაზე გამოწერილია ყალბი ანგარიშფაქტურები და ადგილი აქვს ფიქციურ გარიგებას. რამდენადაც საგადასახადო ანგარიშფაქტურები დასახელებული საქონლის "ლეალური წყლის", "ლამის სახით ნავთობის ნარჩენის", "მეორადი ზეთისა" და ნავთობპროდუქტების ნარეცხი ნარჩენების“ ნაცვლად რეალურად განხორციელებულია სხვა დასახელების პროდუქციის – ნედლი ნავთობის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია. ბუნებრივია, ჩვენი ფორმატი ვერ დაიტევს მთელი აქტის შინაარსის გადმოცემას, თუმცა, ვფიქრობთ, მკითხველისთვის ტენდენცია უკვე გასაგები უნდა იყოს.
"პრაიმტაიმი" გარდაცვლილი ილია ქვარცხავას მეუღლეს, ქალბატონ ნინოსაც დაუკავშირდა:

ჩვენი ინფორმაციით, თქვენს მეუღლეს ციხეში აიძულებდნენ, რომ დემურ საჯაიას წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. არსებობს ეჭვი, რომ ის სასტიკად სცემეს, რამაც საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია. თქვენ შეგიძლიათ ამ ინფორმაციის დადასტურება?

– მე ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან არ მინდა ამ საკითხზე საუბარი.

თუმცა, პატიმრები ამბობდნენ, რომ ის გაჰყავდათ საკნიდან და ამის შემდეგ მათ ყვირილი ესმოდათ.

– სწორად გამიგეთ, ჩემი კოლეგა ხართ და ამ საკითხზე კოლეგიალური მოსაზრებების გამო მაინც გაგცემდით პასუხს, მაგრამ ეს ჩემთვის უსაზღვროდ მტკივნეული თემაა და არ შემიძლია ამაზე საუბარი. რომ გავიგო, რომ ჩემი ქმარი მოკლეს ასე უპატრონოდ, შესაძლოა, ჩემს ნამოქმედარზე პასუხი აღარ ვაგო. ამიტომაც მირჩევნია, ეს ყველაფერი არ ვიცოდე. მირჩევნია, ვიცოდე, რომ გული გაუსკდა და ასე მოკვდა. თანაც, სამი ბიჭი ეზრდება და არ მინდა, რომ ბავშვებმაც რამე ბოღმა ჩაიდონ გულში.

ბატონი ილია დემურ საჯაიას მოადგილე იყო?

– არა. უბრალოდ, ჩემს ქმარსა და დემურ საჯაიას რაღაც ეტაპზე საერთო ბიზნესინტერესები ჰქონდათ. ჩემს ქმარს სხვა კომპანია ჰქონდა. მაგრამ რაზეც დაიჭირეს, ეს სისულელე იყო და შეთითხნილი. არსად მისი ხელმოწერა არ იყო და საერთოდ, რის საფუძველზე დაიჭირეს, ვერც ამას ვხვდებოდი.

ოფიციალურად რა არის ცნობილი, რა დიაგნოზით გარდაიცვალა?

– არც ეს მინახავს. მშობლებს აჩვენეს ეს დიაგნოზი.

ერთი სიტყვით, ილია ქვარცხავას გარდაცვალების ფაქტი კვლავაც დახურული თემაა. ამის თქმა შეგვიძლია პირდაპირი მნიშვნელობითაც და გადატანითიც, ვინაიდან ადვოკატმა ზურაბ თოდუამ პროკურატურას ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა, პასუხად გასული წლის ოქტომბერში მიღებულ წერილში ამოიკითხა: ".რაც შეეხება ბრალდებულ ილია ილიას ძე ქვარცხავას გარდაცვალების ფაქტს, გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებული ილია ქვარცხავას ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმღებში გარდაცვალების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე შეწყდა გამოძიება 2012 წლის 21 ივნისს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ვინაიდან საექსპერტო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალება მოხდა ბუნებრივი მიზეზით".