ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა უმეტესად ცხოვრების წესზე, სწორ კვებასა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული.Aმსოფლიო პრაქტიკაში არსებობს პროფილაქტიკური მედიცინის სამსახური, რომელიც ცდილობს, დაიცვას მოქალაქეები უამრავი საფრთხისგან... ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფი კვების ობიექტები, კერძოდ, საშაურმეები ხალხს ვირის ხორცით უმასპინძლდებიან. ამასთან, კახელმა მონადირეებმა ვირების სასაკლაო აღმოაჩინეს. სპეციალისტები კატეგორიულად გამორიცხავენ ვირის ხორცის ადამიანის საკვებად გამოყენებას... სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ შემოწმებით, საშაურმეებში ვირის ხორცი არ აღმოჩნდა და მხოლოდ სანიტარული ნორმების დარღვევა დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა, ხორცის უვნებლობაზე ყალბი ცნობის გაცემის გამო, რამდენიმე ექსპერტი დააკავა, მათ შორის, - სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ-ექიმები. ,,ქართული სიტყვა” შპს “გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის” ლაბორატორიის ხელმძღვანელ ქეთევან დადიანს ესაუბრა.
- ქალბატონო ქეთევან, რა სამსახურები აკონტროლებენ სურსათის უვნებლობას და კვების ობიექტების უსაფრთხოებას?
- 2005 წელს დამტკიცდა კანონი ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის” შესახებ და დღეს ქვეყანაში სურსათის უვნებლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ,,სურსათის უვნებლობის სააგენტო” არეგულირებს. ამასთან, სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის წესებს, პასუხისმგებლობას, ვალდებულებასაც განსაზღვრავს. სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლსაც ეს სააგენტო ანხორციელებს.
- როგორ ხორციელდება მონიტორინგი?
- გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებით, თუმცა ამ სააგენტოს ძალიან მცირე საწარმოების ინსპექტირება შეუძლია.
- რატომ?
- მხოლოდ სურსათის სფეროში დარეგისტრირებული ბიზნესოპერატორების რაოდენობა 40 ათასზე მეტია. დღევანდელი რესურსებით კი, წელიწადში ოთხასიდან შვიდასამდე ბიზნესოპერატორის საქმიანობის რეგულარული შემოწმებაა შესაძლებელი. როგორ წარმოგიდგენიათ, ინპექტირების ამ ტემპებით როდის მოხდება მრავალათასიანი ობიექტების გადამოწმება? შეიძლება, საწარმო ისე გაიხსნას და დაიხუროს, რომ ინპექტირებამ არც მოუწიოს.
- როგორ ხდება სურსათში მომუშავე ობიექტების დარეგისტრირება?
- აქამდე შპს დარეგისტრირდებოდა ჩვეულებრივად, ანუ არა სურსათის ეროვნულ სააგენტოში, არამედ, საჯარო რეესტრში.Aამ ორ უწყებას ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდა. სასიამოვნოა, რომ მიდგომები შეიცვალა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ კანონპროექტს ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, ყველა ბიზნესოპერატორი და მაღალმთიან რეგიონებში განთავსებული ოჯახური მეურნეობები აუცილებლად სურსათის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებიან. როგორც ვიცი, ინსპექტორთა რიცხვიც იზრდება. კადრების შერჩევა კი, კონკურსის წესით მოხდება.
- რა სპეციალობის ადამიანები იქნებიან ინპექტორები?
- ინპექტორთა შორის ვიხილავთ არა მხოლოდ სან-ჰიგიენისტებს, არამედ, ვეტერინარებს, ბიოლოგებს, ქიმიკოსებს, ტექნოლოგებს. ისე, დღეს ვალდებულება მხოლოდ ბიზნესოპერატორს აწევს, არადა, პირველადი პროდუქციის მწარმოებელიც პასუხისმგებელია.
- რა ითვლება პირველად პროდუქციად?
- ნაყოფის მოყვანა მოკრეფამდე, რძე, ვიდრე ფერმერი ჩამოწველის. ადრე მათზე კანონი არ ვრცელდებოდა. ახალი კანონპროექტი კი მათაც მოიცავს.
- წლებია, ზედმეტად პესტიციდირებულ პროდუქტებზე ლაპარაკობენ...
- პესტიციდები, ზედმეტი დოზით, მდგრადი დამაბინძურებლები არიან. მათი დაშლის პერიოდი საკმაოდ დიდია, ზოგი, დაშლის მერეც, ნიადაგში ოც წელიწადს ინახება, გადადის გრუნტის წყლებში, აბინძურებს გარემოს. მათი ნარჩენების სამარხების სწორად შერჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
- როგორ დონეზეა პესტიციდების ლაბორატორიული კვლევა?
- ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, სურსათში მხოლოდ რამდენიმე სახეობის პესტიციდი უნდა გამოვიკვლიოთ, ანუ დღევანდელი კანონმდებლობით, სავალდებულო არ არის ყველას გამოკვლევა. არც გვაქვს საიმისო ბაზა. ჩვენი ნორმატივებით, დღეს, შეიძლება, 30-40 პესტიციდი იქნეს გამოკვლეული, ეს კი ზღვაში წვეთია. ცოტა ხნის წინ, გერმანელი ექსპერტი გვეწვია, რომელმაც რეკომენდაცია მოგვცა, რომ ლაბორატორიული კვლევები ოთხას პესტიციდზე ვაწარმოოთ. ჩვენთვის ეს წარმოუდგენელია. თუ მოვახერხეთ და დავამკვიდრეთ ასეთი კვლევები, მეწარმეს 8 000 ლარამდე გადასახადი მოუწევს. სხვა შემაფერხებელი ფაქტორიც არსებობს. საქმე ისაა, რომ კვლევა ეყრდნობა ფერმერის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, თუ რა პესტიციდი გამოიყენა, რა რაოდენობით, რომელ ეტაპზე. თუკი ფერმერი იყენებს იაფფასიან, კერძო პირის მიერ შემოტანილ არარეგისტრირებულ პესტიციდს, ამას არ გაამხელს. კვლევა კი რეზონანსული მხოლოდ ზუსტი ინფორმაციის შემთხვევაშია.
- საკვებდანამატებზე რას იტყვით?
- ევროკავშირის ქვეყნებშიც ასეულობით საკვებდანამატი გამოიყენება. ჩვენთან აკრძალულია ხუთი საკვებდანამატი, რომელთაც საღებავების, კონსერვანტების სახით იყენებენ, ანუ ამატებენ პროდუქციას, რომ მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ განვითარდეს და პროდუქტის შენახვის ვადა გახანგრძლივდეს. მაგალითად, ასეთია ფორმალდეჰიდი, ფქვილის გამაუმჯობესებელიKკალიუმის და კალციუმის ბრომატი. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის ფარგლებში, 2012 წელს უნდა დაემთავრებინათ კანონპროექტზე, მათ შორის, საკვებდანამატებზე, მუშაობა, მაგრამ კანონი ჯერ არ ჩანს.
- კიდევ რა სახის კვლევები ტარდება თქვენს ლაბორატორიაში?
- ვაწარმოებთ მიკრობიოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, პარაზიტოლოგიურ კვლევებს. ასევე, ვატარებთ კვლევას ტოქსინებზე, პესტიციდებზე, ნიტრატებზე, რადიოლოგიურ მაჩვენებლებზე, მძიმე მეტალებზე, მაგრამ ჩვენი მომსახურება მეწარმეებისთვის ძვირია, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ ამ თანხის გადახდა. მხოლოდ მიკრობიოლოგიური კვლევების ერთჯერადმა თანხამ შეიძლება, ჯამში, 250 ლარი შეადგინოს.
- რა სახის საფრთხეები არსებობს ამ კვლევების გარეშე?
- ძირითადად სამი საფრთხეა: ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური. ეს უკანასკნელი უფრო “ყვირის” - საკვებითი მოშხამვა სახეზეა. ქიმიური მოწამლვა კი, ნელი მოქმედების ნაღმია - აკუმულაციის უნარი აქვს, წლობით გროვდება ორგანიზმში, რაც პირველ რიგში, ღვიძლს აზიანებს და მერე, ადამიანს სუსტ წერტილზე ურტყამს. ფიზიკურ საფრთხეს მიეკუთვნება რადიოლოგიური დაბინძურება, საკვებში სხვადასხვა გზით მოხვედრილი ლურსმანი, ტარაკანი და სხვა უცხო სხეული.
- ბოლო დროს საზოგადოება ვირის ხორცთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეაშფოთა...
- დასამალი არაა, რომ ზოგჯერ დაცემულ საქონელს ატყავებენ, აბარებენ და რა გასაკვირია, რომ შაურმა ვირის ხორცით მზადდებოდეს?! სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მუშაობისას, ბევრ სამწუხარო შემთხვევას გადავაწყდი.
- მაგალითად?
- 2005 წელს ფინანსურმა პოლიციამ ელევატორიდან დასაფქვავად გამზადებული ხორბალი შემოიტანა გასასინჯად. ნიმუში სავსე იყო ჩიტის, ვირთხის ექსკრემენტებით. საკუთარი მწარე გამოცდილებაც მაქვს - მაღაზიაში ნაყიდი პურის ძირზე უზარმაზარი გამომცხვარი მატლი ვიპოვე. ამის შესახებ ვაცნობე მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტ მადონა კოიძეს. ერთსაც გავიხსენებ: სოფელში, ჩემმა მეზობელმა ხბო დაკარგა, ორი დღის ძებნის შემდეგ, სარზე ჩამომხრჩვალი იპოვა, გაატყავა და ძეხვის საამქროს ჩააბარა. ჩემი აზრით, სოსისსა და ძეხვს ყველაზე დაბალი ხარისხის ხორცით ამზადებენ!
- გამოდის, რომ პრობლემას მოსახლეობის უპასუხისმგებლობაც ამწვავებს, არა?
- რა თქმა უნდა. ყველამ მშვენივრად იცის, რაც წერია ჰიგიენის წესებში. კვების ობიექტებში მომუშავე პერსონალი ვალდებულია, დროულად განაცხადოს, თუკი მას სიცხე, ან დიარეა აქვს, რაც ინფექციური დაავადების კლინიკური ნიშანია. თავის მხრივ, ხელმძღვანელი შეუძლოდ მყოფ თანამშრომელს უნდა უშვებდეს სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, მაგრამ ამას არავინ აკეთებს, რადგან უმუშევრობის, სამსახურის დაკარგვის ეშინია. შესაძლოა, ჯანმრთელობის დამადასტურებელი ფორმა 100 ადრე ფორმალურად კეთდებოდა, იყო კორუფციის წყაროც, მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორ დაძლია ქვეყანამ ყველაზე კორუმპირებული სამართალდამცავი სისტემა, სრულიად შესაძლებელია, რომ ესეც აღმოიფხვრას და თანამედროვე რელსებზე გადავიდეს. სან-ჰიგიენური სამსახურები პირდაპირ გაუქმდა და მორჩა, არავინ არაფერზე ზრუნავს.
- ესე იგი, პროდუქტის დაბინძურების წყარო შეიძლება, ე.წ. საზკვების ობიექტების მომსახურე პერსონალი გახდეს, არა?
- პირად ჰიგიენაში მხოლოდ ხელების დაბანა, უნიფორმა, თავსაბური კი არა, პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედის. პანარიციუმი, ხელზე ნაიარევი სტაფილოკოკური ინფექციის პროდუქტში მოხვედრის საშიშროებას იწვევს. რატომღაც ჩვენთან არ დამკვიდრდა ხელთათმანის გამოყენება.
- კიდევ რა ქრონიკული დაავადებებია საშიში კვების ბლოკებში?
- ტუბერკულოზი, სამწუხაროდ, წინა საუკუნის მიერ წარმატებით დამარცხებული ვერაგი დაავადება გააქტიურდა. განსაკუთრებით საშიშია ფილტვისმიერი ფორმა. ვენერიული დაავადებები, რომლებიც საყოფაცხოვრებო გზით არ გადადის, მაგრამ ათაშანგი საშინელი საფრთხეა. ასევე, პირის ღრუს დაავადებები - საუბრის დროს ნერწყვის ამოფრქვევა ხდება. საწარმოებში მომუშავე პერსონალი დეკრეტირებულ კონტიგენტს მიეკუთვნება, რომლის შესახებაც ჯანდაცვის მინისტრის აქტი დიდი ხანია, გაუქმებულია. ბევრია ისეთი, ვისაც დაავადების კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება, მაგრამ ბაცილმატარებელია.
- ქალბატონო ქეთევან, სანიტარული წიგნაკები გაუქმდა, მის სანაცვლოდ რამე ახალი ხომ არ შექმნილა?
- სანიტარული წიგნაკები აღარ არსებობს, არც მისი ანალოგიები შექმნილა, თუმცა ნებისმიერ ბიზნესოპერატორს შეუძლია, მიმართოს სამედიცინი ექსპერტიზის სამსახურს და თავისი თანამშრომლების გადამოწმება მოითხოვოს. მეწარმე ვალდებულია, გამოუშვას უსაფრთხო პროდუქცია, ეს მისი ტვირთია. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი სწორედ თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაა. დეკრეტირებული კონტიგენტი საფრთხის პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა და ყველაზე უფრო მკაცრი მოთხოვნები წაეყენებოდა სურსათის, საყოფაცხოვრებო ობიექტებში, ბავშვთა დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს.
- საყოფაცხოვრებო ობიექტებიც ყურადღების მიღმაა...
- სილამაზის სალონები, სადაც თმას, ფრჩხილებს და სახეს იწესრიგებთ, რისკ-ფაქტორთა ჯგუფს მიეკუთვნება - არავინ ამოწმებს, როგორ დეზინფიცირდება იარაღები, როგორ ინახება.
- დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე...
- ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოყვანილია ისეთ გარემოში, სადაც დაბინძურების საშიშროება არ არსებობს. გავიხსენოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო: მაგისტრალების ახლოს, სადაც ინტენსიური სამანქანო მოძრაობაა, ოცდაათ მეტრამდე პერიმეტრში მოყვანილი პროდუქცია დაბინძურებულად ითვლება. მანქანებიდან გამოფრქვეული ტოქსიკური ნივთიერებები ნიადაგში მაგრდება და ხილსა და ბოსტნეულში ხვდება. მიწაზე მოყვანილი ბოსტნეულის გარდა, ტრასის პირას კვების ობიექტების, საცხობების და კაფეების ე.წ. ღია მაგიდები ყოვლად დაუშვებელია. საზღვარგარეთ ასეთ რამეს ვერ ნახავთ. თვით საბჭოთა პერიოდშიც კაფე-რესტორნები გზიდან მხოლოდ ორმოცდაათი მეტრის მოშორებით იყო განლაგებული.
- რა ხდება სასურსათო ბაზრებში?
- ეს ჩვენი აქილევსის ქუსლია. განსაკუთრებით, გარე ვაჭრობა. სურსათის სააგენტოს არ აქვს უფლება, გარე მოვაჭრეები შეამოწმოს, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც მათ არსებობას აკანონებს. რეალობა კი ასეთია: მთელი დღის განმავლობაში, ქუჩაში გასაყიდად დადებულ ყველს პირდაპირ ეფრქვევა ეთილირებული ტყვიის შემცველი ბენზინის ნარჩენები. რაც შეეხება შიგნით, ბაზრებში გამართულ ვაჭრობას, წესით, ბაზარი კერძო სტრუქტურაა და მისი მფლობელი ბიზნესოპერატორია. ამიტომ, თავის ტერიტორიაზე სურსათის უვნებლობაზე პასუხს თავად აგებს. რამდენიმე წლის წინ, სასაკლაოების თემა მუსირებდა. მიმაჩნია, რომ საქონელი უნდა იკვლებოდეს სასაკლაოზე და ხორცის ვარგისიანობას ვეტერინარი ადგილზევე ამოწმებდეს. თუკი კეთილსინდისიერ მეწარმეებს კონკურენტუნარიანი გარემო არ ექნებათ, მოგებას ვერ ნახავენ. ერთი ლაგოდეხელი ფერმერი, რომელსაც 200 სული საქონელი ჰყავდა და პროდუქციას აწარმოებდა, იძულებული გახდა, ფერმა გაეყიდა, რადგან წარმოება ძვირი ჯდებოდა. გაცილებით იაფია სოიოს კონცენტრატსა და ცხიმზე დამზადებული ძეხვეული და იყიდება კიდეც.
- პროდუქციის ნიშანდებაც მოსაგვარებელია, არა?
- პროდუქტზე ინგრედიენტების ჩამონათვალი აუცილებლად უნდა იყოს დატანილი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, მაგალითად, რძის ნაწარმი რითაა დამზადებული - რძის ფხვნილით თუ ფერმერისგან შეძენილი რძით. გერმანელი სტუმარი გვყავდა, რომელმაც გაოცებით შენიშნა, რომ უმი რძის ყიდვა ვერსად შეძლო. პირადად მე, წარმოუდგენლად მიმაჩნია საქართველოში უმი რძე მივირთვა. ისეა მოდებული საქონლის დაავადებები - ჯილეხი, ბრუცელოზი, თურქული, ციმბირის წყლული, რომ მირჩევნია, წყალსა და ფხვნილზე დამზადებული პროდუქცია მივირთვა. აღარაფერს ვამბობ გარე მოვაჭრეების მიერ შემოთავაზებულ პლასტმასის ბოთლებში ჩასხმულ რძე-მაწონზე. ყველას გინახავთ, როგორ იქექებიან გაჭირვებული ადამიანები ნაგვის ბუნკერებში, გადაყრილ ბოთლებს აგროვებენ და აბარებენ.
- თერმული დამუშავება არ შველის რძის პროდუქტებს?
- სამწუხაროდ, - არა. განსაკუთრებით საშიში ჯილეხით დაავადებული ხორცია, რომელსაც განადგურების გარდა არაფერი შველის, ბრუცელოზით დაავადებული საქონლის რძე თერმოლაბილურია, პასტერიზაციის შედეგად აქტიურდება. ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ლიტვაშიც, ყველა ცხოველს ნომერი აქვს მინიჭებული - ყურზე ნიშანი ადევს და შეყვანილია კომპიუტერულ ბაზაში, სადაც აღნიშნულია, რითი აიცრა, სადაა განთავსებული. საქართველოშიც, სერიოზული ფინანსების მქონე მეწარმეები ცდილობენ, საერთაშორისო სტანდარტებს უპასუხონ. არის საკონსულტაციო ფირმებიც, რომლებიც ეხმარებიან მეწარმეებს საკითხების მოგვარებაში, მაგრამ ყველაფერი ეს საკმაოდ ძვირი ჯდება.
- კახეთში ჩასახლებულმა ინდოელებმა და ჩინელებმა საფერავის გამოშვება დაიწყეს - სასმელს, თურმე, ძალიან სწრაფი ტემპით ამზადებენ.
- მსოფლიოში არსებობს არაერთი მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას, დამზადდეს პროდუქცია შენახვის პროლანგირებული ვადების დაცვით. ასე რომ, არაფერია გასაკვირი.
ია განუგრავა, შპს “გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტის” გენერალური დირექტორის მოადგილე, დოქტორი: - სანიტარული ჰიგიენა, პროფილაქტიკური მედიცინის უძველესი დარგია, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს. როგორც სამართლებრივი კუთხით იცავენ ადამიანის უფლებებს ქვეყნის შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენლები, ასევე უნდა იცავდნენ სანიტარული ინსპექტორები ჩვენს უსაფრთხოებას. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ყველა ქალაქში სანეპიდსადგური ფუნქციონირებდა, სადაც ყოველწლიურად თბილისის სამედიცინო სასწავლებლის 100 კურსდამთავრებული საქმდებოდა. ინსპექტორების მრავალათასიანი არმია კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული, სწორედ ამ მიზეზით გააუქმა წინა ხელისუფლებამ ეს სამსახური, მაგრამ სამაგიერო არ შემოგვთავაზა. გაუქმდა სან-ჰიგიენური სამსახური და ბევრი სფერო დარჩა რეგულირების გარეშე. მაგალითად, ტექსტილის წარმოება, კაცმა არ იცის რა სახის საღებავებს იყენებენ და რამდენად უსაფრთხოა ის ბავშვებისთვის. ბევრ სამშენებლო მასალაში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის მიუღებელი ნივთიერება. ზოგჯერ აგური, ბეტონი რადიაციული გამოსხივების წყაროს წარმოადგენს. ზოგჯერ კი, იატაკის ხელოვნური საფარის საღებავია მიუღებელი. ყველაფერი ეს საფრთხეს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც მუდმივად შენობებში იმყოფებიან. ხშირად ამ საკითხების გადაჭრა საწარმოს გადაიარაღებას ექვემდებარება, რაც თანხებთანაა დაკავშირებული.
- სკოლის შენობები ბავშვებისთვის უსაფრთხოა, ან რამდენად მისაღებია სკოლის ბუფეტში შეტანილი საკვები?
- არავის აქვს სტატისტიკა, თუ რა მდგომარეობაშია სკოლის ბუფეტები, სად ფასოვდება ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილის მიერ ევროპაში დახარჯული არამიზნობრივი ხარჯების შესახებ. კი ბატონო, გასაგებია, რომ საჭიროა კულტურის განვითარება, მაგრამ როცა ასეთი პრობლემები გაქვს, ზოგიერთ რამეზე თავი უნდა შეიკავო. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება სკოლებში ელემენტარული თხევადი საპნის შეტანას, რომ ბავშვებმა ტუალეტიდან გამოსვლისას და ბუფეტში შესვლის წინ, ხელი დაიბანონ, ამით ბევრი ინფექციის გავრცელებას შევაკავებთ. გარდა ამისა, გასარკვევია, ასაკობრივად რამდენად სწორადაა დაბეჭდილი სასკოლო წიგნები. მოსწავლეები სხედან სწორ მერხებზე, ეს კი ხერხემლის დაავადებებს იწვევს, თუნდაც ფიზკულტურის გაკვეთილების განრიგი, რომელიც სხვა საგნების პედაგოგების გაკვეთილების ცხრილზეა მორგებული.
- არც ბაგა-ბაღებშია უკეთესი მდგომარეობა, არა?
- ბაღებში არ ხდება პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება. როცა ვირუსული ინფექციებით დაავადებული ბავშვი მიჰყავს მშობელს ბაღში, იმაზე არ ფიქრობს, რომ შეიძლება, სხვა დაავადდეს, რადგან უმუშევრად დარჩენის ეშინია, იმედი არ აქვს, რომ ბიულეტინს მისცემენ. წესით, ბაღში მისულ ყველა ბავშვს დილით მედდა უნდა ამოწმებდეს, რომ დასნებოვნებულმა პატარამ სხვაც არ დააავადოს. ამ საკითხით განათლების მინისტრიც უნდა დაინტერესდეს და ბავშვთა უფლებების დაცვის სხვა სტრუქტურაც.
- რა საკითხებს დააყენებდით პარლამენტში, როგორც სან-ჰიგიენის სამსახურის წარმომადგენელი?
- სასიცოცხლოდ აუცილებელია ლაბორატორიების შექმნა, კადრების აღზრდა, უცხოეთიდან მოწვეული ტრენერები. საზღვარგარეთ გაგზავნილი სინჯები ანალიზებისთვის იმდენად ძვირი ჯდება, ჯობს, ეს თანხები ადგილზე იქნას გამოყენებული. ხუთი წელია, სამედიცინო უნივერსიტეტი არ აცხადებს მიღებას სანიტარულ-ჰიგიენურ ფაკულტეტზე, იგი ჩაანაცვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტმა, რადგან წლების განმავლობაში არ იყო მოთხოვნა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვა თავისი საქმითაა დაკავებული, სან-ჰიგიენას კი, ვერავინ შეცვლის. ცნობილი ,,პრიხვატიზაციის” ეპოქაში, ყველა საწარმო განადგურდა, ხალხი თვითდასაქმებაზე გადავიდა, ლუკმა-პურის საშოვნელად ქუჩებს შეესია. თითქმის ყველა ქალაქში მოეწყო ბაზრობა, ღია დახლები, ჯიხურები, სადაც კაცმა არ იცის, რა სახის პროდუქტი იყიდებოდა. ერთია, პროდუქციის შექმნა, მეორეა, მისი ტრანსპორტირება. ყველას გვახსოვს მანქანების ღია ძარებში ჩაყრილი პურ-ფუნთუშეული, მაგრამ ეს დრომ მოიტანა - ხუთი მილიონი ადამიანი იყო გადასარჩენი.
- ანუ, ამ უკონტროლობამ რაღაც ეტაპზე გაამართლა?
- დიახ, რაღაც ეტაპზე მთავრობისკენ მიმართული აგრესიული ტალღა შეაკავა, ლტოლვილებმა და შეჭირვებულებმა თავი გადაირჩინეს, მაგრამ დრო მოვიდა და სისტემის გაახალგაზრდავების მაგიერ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურის დერეგულაცია მოახდინა. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ამან ხელი შეუწყო ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში - სისტემა უცხოელ ინვესტორებს ხელს უწყობდა, მაღალი მოგება ენახათ. ამჯერად სიტუაცია შეიცვალა: მთავრობას შეუძლია, პოლიციის მსგავსად, ამ სფეროშიც ჩაატაროს რეფორმა და ახალ რელსებზე გადაიყვანოს, რასაც სწორედ ევროკავშირთან მიახლოების პოლიტიკა გვკარნახობს.
- როგორც ჩანს, რთული პერიოდი დგება ქვეყნის ეკონომიკისათვის. ადვილი არ იქნება რეგულაციების შესრულება?
- როგორც კი რეგულაციები შეიცვალა, ხორცი გაძვირდა. დღეს ქალაქში მრავლადაა პატარ-პატარა საცხობი. ამ საცხობებმა მუშაობა ხაჭაპურით დაიწყეს, ახლა კი, 15 დასახელების პროდუქტს უშვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ პროდუქტზე მეწარმემ სერთიფიკატი უნდა აიღოს, შეამოწმოს სასმელი წყალი, შენობის პარამეტრები, პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ საკითხების გადასაჭრელად თვეში, შესაძლოა, 2 ათასი ლარი დახარჯოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხაჭაპურის ფასი ორჯერ გაიზრდება, მომხმარებელი შემცირდება და საცხობი გაკოტრდება.