"პუტინი უკრაინაში დამარცხდა. რუსეთმა მაიდანზე არა მხოლოდ უკრაინასთან წააგო, არამედ საქართველოსთანაც"

"ვიქტორ იანუკოვიჩი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტად ითვლებოდა, თუმცა მისივე ქმედებებმა ეს ლეგიტიმაცია დააკარგვინა. რამდენიმე დღის წინ ვიყავი კიევში და შემიძლია გითხრათ, ისინი არც ნაციონალისტები არიან და არც რადიკალები, როგორც ზოგიერთი უწოდებს. გარდა იმისა, რომ ისინი ევროპულ არჩევანს და შვილების მომავალს იცავენ, ყელში ამოუვიდათ უკრაინაში დამკვიდრებული ოლიგარქიული მმართველობა. ამგვარი მმართველობით ეს ხალხი რა დონეზე გაამწარეს, ყველამ კარგად დავინახეთ. იმ ტრაგედიაში, რაც უკრაინაში მოხდა, იანუკოვიჩისა და პუტინის პასუხისმგებლობა 50/50-ზეა. იანუკოვიჩმა ვერ გაუძლო რუსეთის ზეწოლას და რაც იკადრა თავისი ხალხის მიმართ, ამას შეფასებაც არ სჭირდება", - აცხადებს ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გარანტიების შექმნის მიზნით / "რუსეთმა კიევის მაიდანზე არა მხოლოდ უკრაინასთან წააგო, არამედ საქართველოსთანაც".

"ასევე, სახეზეა რუსეთის მიერ უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევა და სუვერენიტეტის შელახვა. შინაარსობრივად მნიშვნელობა არ აქვს, ამას პირდაპირი სამხედრო ინტერვენციით გააკეთებ, თუ რუსი სნაიპერებითა და "ტიტუშკებით". პუტინი ასე მხოლოდ იმიტომ კი არ იქცევა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენისა და ევრაზიული კავშირის მანიაკური იდეები აწუხებს, არამედ, მასში თვითგადარჩენის ინსტინქტმა გაიღვიძა. კარგად იცის, თუ რუსეთის მეზობლად დემოკრატიული ფასეულობები გაიმარჯვებს, ეს ძირს გამოუთხრის პუტინის მმართველობას რუსეთში. იანუკოვიჩის ბიოგრაფიას ვიცნობ და ის სულელი ნამდვილად არ არის, უკრაინის პრეზიდენტი საკმაოდ პრაგმატული პიროვნებაა. არ ვიცი, ალბათ, პუტინისგან შანტაჟმა და პანიკამაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. თუმცა სიმართლე გითხრათ, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ სნაიპერები თუ "ტიტუშკები" იანუკოვიჩს ექვემდებარებოდნენ. მოვლენების შემდგომი შესწავლა ნათელს მოჰფენს, რა ხდებოდა უკრაინის ხელისუფლების კულუარებში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ჟღენტი.

"შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რუსული სპეცსამსახურები ჩართული იყვნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს უკრაინაში დიდი მეხუთე კოლონა ჰყავს. არ გამოვრიცხავ, რომ უშუალოდ მოსკოვიდან მოდიოდა ინსტრუქციები, მაგრამ ვისი მეშვეობით ხდებოდა მისი შესრულება - შს მინისტრის, უშიშროების საბჭოს მდივნის თუ პრეზიდენტის - ეს უკვე შესწავლის საგანია. მდგომარეობას გლობალურად თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინაში ყველაფერი დამთავრდა. უბრალოდ, ამ დასასრულის გაფორმებას რამდენიმე კვირა ან თვეც კი დასჭირდება. სხვათა შორის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინაში ყველაფერი დამთავრდა. პუტინი უკრაინაში დამარცხდა. შესაძლოა, გარკვეული ექსცესები კიდევ მოხდეს, მაგრამ წლის ბოლომდე პუტინის ავანტიურა უკრაინაში საბოლოოდ დასრულდება", - განაგრძობს ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი. 

"პუტინი უკრაინას ვერ დაშლის. ტრაგიკულმა მოვლენებმა უკრაინელი ხალხი, დასავლეთის თუ აღმოსავლეთის რეგიონებიდან, გააერთიანა. ევრომაიდანზე ერთად იდგნენ კიეველები, ლვოველები, დონეცკელები თუ ყირიმელები. უბრალოდ, შეიძლება არსენ იაცენიუკმა, ვიტალი კლიჩკომ და იულია ტიმოშენკომ ცალ-ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა უკრაინის მომავალი ხელისუფლება პროდასავლური იქნება. უკრაინა საქართველო არ არის, ის უზარმაზარი ქვეყანაა მძლავრი შეიარაღებული ძალებით. არ გამოვრიცხავ, პუტინს ჰქონდეს ქვეყნის დაშლის მცდელობა, თუმცა ეს წარუმატებლად დასრულდება. გამოვრიცხავ იმას, რომ ყირიმი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. მე უფრო ის მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები ყირიმში ბაზირებული რუსული ფლოტის გარშემო. საერთაშორისო ნორმებით, როდესაც რუსეთი უკრაინის საშინაო საქმეებში ჩაერია, მან თვითონვე დაარღვია ის ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე ფლოტის ყირიმში ბაზირებასთან დაკავშირებით გაფორმდა. ასე რომ, უკრაინის ახალ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება, აქვს სრული უფლება, გადახედოს რამდენიმე წლის წინ მედვედევსა და იანუკოვიჩს შორის გაფორმებულ შეთანხმებას", - განმარტავს რესპონდენტი. 

"საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდავეთისთვის ევროპა ერთადერთი გამოსავალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპას ნაკლი არ აქვს. აშშ-ზეც მინდა ვთქვა, პასიურობა და თავის დროზე ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობა, მასზე კარგად არ მეტყველებს. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ევროპა და ამერიკა გამოფხიზლდნენ. ბარაქ ობამამ თავის გამოსვლაში პირდაპირ ახსენა პუტინი, რაც მეტად ნიშანდობლივია. რუსეთმა კიევის მაიდანზე არა მხოლოდ უკრაინასთან წააგო, არამედ საქართველოსთანაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვი გულხელდაკრეფილი დაჯდება. ის ჩვენთვის პრობლემების შექმნას შეეცდება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობების კუთხით. ასევე, შეეცდება ხელი შეუწყოს პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რთული იქნება. რაც მთავარია, რუსეთი შეეცდება ხელი შეუწყოს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას. თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა არ დაუშვა, რუსეთი მიზანს ვერ მიაღწევს", - მიიჩნევს მამუკა ჟღენტი.

"მაპ-ის მისაღებად მხოლოდ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და სამხედრო კომპონენტი არ კმარა. ვგულისხმობ იმას, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველო აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სამშვიდობო მისიაშიც იქნება წარმოდგენილი. თუმცა ვიმეორებ - მარტო ეს საკმარისი არ არის, ნატო პირველ რიგში, ფასეულობათა ორგანიზაციაა და საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი ვალდებულების შესრულება მოუწევს დემოკრატიისა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. თუმცა ჩვენს შანსებს ზრდის ის, რომ რუსეთის აგრესიის შემხედვარე იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც მოსკოვის გაბრაზებას ერიდებოდნენ, შესაძლოა, უფრო თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტში პირველი ანგარიშით წარდგა. მან ხაზი გაუსვა, რომ 2013 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და თავი აარიდა პოლიტიკურ ოპონენტთა დევნას. ეს კი სამართლებრივი ქვეყნის აშენების საფუძველია", -პასუხობს:

"იმ ადამიანებმა, რომელთაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. როგორც ვიცი, ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ქონებრივად დაზარალდნენ. მათთვის ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია ქონების დაბრუნება და კანონიერი უფლებების აღდგენა, ვიდრე ის, რომ მაგალითად, მერაბიშვილს პატიმრობა მიესაჯა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არანაირი სიახლე არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნა-არდევნას, გარკვეულწილად ბალანსს არღვევს გამგებლების დაკავება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, თუმცა მეორე მხრივ, თუ ჩადენილი აქვთ დანაშაული, პასუხიც უნდა აგონ და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია - ადამიანმა პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ მოტივით აიცილოს, რომ რომელიმე პარტიის წევრია".