"იანუკოვიჩი გაიქცა, უკრაინა თავისუფალია!"
უკრაინელმა მესაზღვრეებმა მას საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. მაშასადამე არც იურიდიულად, არც პრაქტიკულად იგი პრეზიდენტი აღარ არის.
ყველაზე შემზარავი და, იმავდროულად კომიკური იმის წარმოდგენაა, რას «უზამს» ახლა მას ციხიდან ტრიუმფით გათავისუფლებული იულია ტიმოშენკო, რომელიც იანუკოვიჩმა რამდენიმე წლის წინ რუსეთთან უპასუხისმგებლოდ და ბრიყვულად გაფორმებული გაზის კონტრაქტისთვის განამწესა ციხეში.
ის კონტრაქტი მართლა დანაშაულებრივად ბრიყვული იყო, მაგრამ იულეჩკა იმ მომენტში ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა და ოღონდ რუსეთთან დაპირისპირება არ იყოსო - ყველაფერს ხელს აწერდა.
მაგრამ ეს ამჟამად ვის აინტერესებს? იანუკოვიჩს ქალურად სასტიკი საჯელი ელის. ისევე, როგორც მიშას - ნინოსგან, თუ «ხელში ჩაიგდო». ნება რომ მისცე, კასტრაციაც არ ასცდება. ციხე და კამერა - მინიმუმია. აკი თქვა კიდეც «უკრაინული რევოლუციის დედოფალმა» მაიდანზე მისვლისთანავე: იანუკოვიჩი სახალხო სასამართლომ უნდა განსაჯოსო. ეს სახალხო სასამართლო რაღაა? ალბათ რაღაც საშუალედო - რევოლუციურ ტრიბუნალსა და ლინჩს შორის.
არადა, მაიდნელები, რომლებიც თვეების განმავლობაში, სიცივეში, თოვლსა და ყინვაში, ტყვიების ზუზუნსა და მწვავე ცეცხლში, მართლა სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძოდნენ, ახლა რა თქმა უნდა არ აცნობიერებენ, რომ 90-იან წლებში გაქსუებულ ამ ოლიგარქ დედაკაცს, სინამდვილეში, იანუკოვიჩზე ათჯერ მეტი ფული აქვს ნაშოვნი იმავე გაზპრომთან სპეკულაციებითა და თაღლითური გარიგებებით. თუმცა, რევოლუციურ პროცესში ასეთ წვრილმანებს ყურადღებას უკვე აღარავინ აქცევს: აკი ჩამოყალიბდა დედოფლად და მისი ფოტო ბოლო დრომდე ეკიდა რომის კაპიტოლიუმზე.
იანუკოვიჩზე კი ნამდვილად ახია. მისი რეალური შეცდომა ის არ არის, რასაც რუსი კომენტატორები აბრალებენ: ძალა დროზე რატომ არ გამოიყენაო. როგორ არ გამოიყენა? ამაზე მეტი რაღა უნდა გამოეყენებინა - ყველა ბრძანება გასცა და ყველა სპეცდანიშნულების რაზმიც გამოიყვანა ქუჩებში, ბოლოს ცეცხლსასროლი იარაღიც დაურიგა.
ზუსტად ასე ამბობდნენ 2003 წელს შევარდნაძეზეც: უი, ძალა არ იხმარა ხალხის წინააღმდეგო. სინამდვილეში ძალა აღარ გააჩნდა და ოჯახის წევრებიც არ უჭერდნენ მხარს. მისთვის მსროლელი ვინღა იყო? თორემ ბრძანებებიც გასცა და საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა, მაგრამ მისი გემი უკვე იძირებოდა და ვირთხებმაც ტყაპა-ტყუპით იწყეს ხტომა, როგორც იანუკოვიჩის რეგიონთა პარტიიდან, რომელმაც რევოლუციონერებს ისევე დაუკანონა ყველა გადაწყვეტილება პარლამენტში, როგორც ვიტალი ხაზარაძის უმრავლესობამ - ჩვენს «რევოლუციურ ტრიუმვირატს» 2003 წელს.
სინამდვილეში, იანუკოვიჩის საბედისწერო შეცდომა ის იყო, რომ მან უარი თქვა ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. რა ამოძრავებდა ამ დროს? არა ის, რომ პუტინმა «იყიდა», არამედ სიბრიყვემდე პრიმიტიული გათვლა: ხელმოწერა ნიშნავს რუსულ ემბარგოს, ბლოკადას, საწარმოების გაჩერებას, მილიონობით უკრაინელის უმუშევრად დატოვებას, გაჭირვებას და ლამის შიმშილს 50 მილიონიან ქვეყანაში, იგივე ევროპა კი, რაღაც მათხოვრულ 15 მილიარდი დოლარის კრედიტზე მეუბნება უარს. ამასობაში, პუტინი მთავაზობს იმავე 15 მილიარდს და გაზის გაიაფებას, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა არ არის მზად გადაიხადოს ისეთი ფასი ევროინტეგრაციისა და რეფორმებისათვის, როგორიცაა კომუნალური ტარიფების ზრდა, მრავალწლიანი გაჭირვება, ცხოვრების წესის შეცვლა და ასე შემდეგ.
აქედან გამომდინარე, იანუკოვიჩს ეგონა, რაკი უკრაინელთა საბრალო, ობივატელური უმრავლესობა სწორედ ყოველდღიური პურით და მისი ოდენობით განსჯის ხელისუფლებას, იგი შეძლებდა ამ უმრავლესობის მხარდაჭერა მოეპოვებინა იმ პასიონარულ უმცირესობასთან ბრძოლაში, რომელიც რა თქმა უნდა წინააღმდეგი იქნებოდა რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის და ევროპულ იდეაზე უარის თქმისა.
სწორედ ეს იყო კატასტროფული შეცდომა! სინამდვილეში, ერის ისტორიას მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის და არა ობივატელური უმრავლესობა: მაიდანზე გამოსულნი უკრაინელი ხალხის დიდი უმცირესობა იყო, თუმცა აქტიური და თავგანწირული უმცირესობა. ისინი მზად იყვნენ, დიახაც, თავი გაეწირათ საკუთარი ღირებულებებისთვის და ბოლოს, აიძულეს კიდეც უმრავლესობა, მიეღო, ეღიარებინა და დამორჩილებოდა მათ ღირებულებებს.
მაიდანს ჰქონდა ლეგიტიმური იდეა, ქვეყნის განვითარების მკაფიო პროექტი, რომელიც ევროპის ცივილიზაციურ მიმზიდველობას ეფუძნება. უკრაინელთა პრორუსულ უმრავლესობას კი რა იდეა გააჩნია? «ევრაზიული კავშირი» და პუტინის რუსეთი ვერანაირ იდეად ვერ იქცევა. მისით შეუძლებელია იმ ინტენციის ლეგიტიმაცია-«გაპრავება», რომ სინამდვილეში, უკრაინელთა, ისევე როგორც ქართველთა უმრავლესობას მშვიდი ცხოვრება და მაძღარი შვილები ურჩევნია მითიურ ევროპულ პერსპექტივას.
უკრაინაში რომ თავისუფალი (!) რეფერენდუმი ჩაატარო: «რუსეთი თუ დასავლეთი?» - შედეგი ერთმნიშვნელოვნად პრორუსული აღმოჩნდება. ისევე, სხვათა შორის, როგორც დღევევანდელ, დაღლილ - დაქანცულ, გატეხილ და მშიერ საქართველოში, მაგრამ ელიტა, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტის მატარებელია და სწორედ პასიონარულ უმცირესობას ეყრდნობა, ამგვარ რეფერენდუმს, რა თქმა უნდა, არავის ჩაატარებინებს.
ისე, უკრაინელებმა ღმერთს მადლობა შესწირონ, რომ ასეა და ალტერნატიული იდეა, ალტერნატიული პროექტი ქვეყანაში არ არსებობს, თორემ თუ ასეთი იდეა გაჩნდა, ანუ პრორუსულობამ არა მხოლოდ მაძღარი შვილების, არამედ ღირებულებითი დატვირთვა შეიძინა, ამ ვეეებრთელა ქვეყანას ისეთი მძვინვარე სამოქალაქო ომი ელის, რომელთან შედარებითაც იუგოსლავია ბავშვურ თამაშებად მოგვეჩვენება.
მტრისას და ავისას, უკრაინაში თუ სამოქალაქო ომი დაიწყო - ეს ხომ ლეგენდარული ანარქისტის, ნესტორ მახნოს ქვეყნაა!
თუმცა, აქვე უნდა ითქვას: პუტინს მაინც აქვს შანსი, უკრაინაში სამოქალაქო ომი გააჩაღოს იმით, რომ პრორუსულობა არა მერკანტილური არჩევანის (ოჯახური მყუდროებისა და მაძღარი შვილების), არამედ ეთნიკურ რუსთა «სისხლით ერთობის» იდეად აქციოს, როგორც ეს ადოლფ ჰიტლერმა გააკეთა გასული საუკუნის 30-იან წლებში. ნაცისტური იდეის საფუძველზე კი ნამდვილად შესაძლებელია პასიონარული ერთობის შექმნა აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმიში, რომლის წევრები, ისევე, როგორ კიეველები და «ზაპადენცები», მზად იქნებიან, იარაღით ხელში იბრძოლონ თავისი ღირებულებებისთვის. პუტინი ამას თუ გაბედავს - მხოლოდ იმავე ევროპის პასიურობის, დანაშაულებრივი გულგრილობისა და, მთლიანობაში, მთხლეობის, აგრეთვე გერმანელი ანჟელიკას პოლიტმეძავობის წყალობით.
ჯერ - ჯერობით კი, აღმოსავლეთ უკრაინაში არაფერი იმის მსგავსი არ ხდება, რაც კიევსა და დასავლეთ უკრაინის რეგიონებში, სადაც პასიონარული, იდეალისტური უმცირესობა ცხოვრობს. პასიონარული, იდეური, თავგანწირული უმცირესობა ამარცხებს საბრალო, ობივატელურ უმრავლესობას, აიძულებს მას მიიღოს მისი ღირებულებები და დაემორჩილოს უალტერნატივო პროექტს - ევროპულ ინტეგრაციას, რაკი რუსეთი, როგორი ეკონომიკური პრეფერენციებიც არ უნდა დააწესოს, რამდენჯერაც არ უნდა დააკლოს გაზის ფასს, - მიმზიდველი პროექტი და აღმაფრთოვანებელი იდეა არ არის. იგი წარსულია. ევროპა კი - სიახლე და მომავალი.
მხოლოდ ამან შეიძლება გადაარჩინოს უკრაინა სამოქალაქო ომსა და უბედურებას - ანუ (ვიმეორებ) პასიონარული, იდეალისტური, მკაფიო პროექტით შეაიარაღებული უმცირესობის საბოლოო გამარჯვებამ საბრალო, უტყვ და უიდეო უმრავლესობაზე.
და უკრაინული მოვლენები იმასაც ადასტურებს, რომ ე.წ. «ბალანსირება» რუსეთსა და ევროპას შორის, რასაც ცდილობდა იანუკოვიჩი და წარმატებით ახორციელებდა გარკვეულ დრომდე მისი წინამორბედი ლეონიდ კუჩმა (საქართველოში კი ედუარდ შევარდნაძე), გრძელვადიან პერსპექტივაში არ გამოვა! ქვეყანას, არათუ ნორმალური განვითარების, არამედ, ზოგადად, არსებობისთვის, მკაფიო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი სჭირდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყანა ან დაიშლება, ან მრავალწლიან სამოქალაქო ომში ჩაეფლობა.