“გამორჩეულად ფინანსური პოლიციის თანამშრომლების წინ წამოწევა - ეს, ალბათ, უფრო ფარცხალაძისთვის ხარკის გადახდაა”
„პრემიერის“ კითხვებს საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უპასუხა
- მოგესალმებით. პირველ რიგში, როგორ გრძნობთ თავს?
- ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ხერხემლის პრობლემა არ მაძლევს საშუალებას, სისტემატურად დავესწრო სასამართლო პროცესებს, განსაკუთრებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომებს. მრავალსაათიანი მგზავრობა ქუთაისში აუტანელ ტკივილებს იწვევს.
ვანო მერაბიშვილი: თქვენ მიერ გამოგზავნილი შეკითხვები “მუხროვანის ვიდეოს” გამოქვეყნებამდე მივიღე. ამიტომ შევეცდები, ვუპასუხო შეკითხვას, რომელსაც თქვენ, სავარაუდოდ, დამისვამდით.
- “მუხროვანის ვიდეოს” გამოქვეყნების შემდეგ ჩემ მიმართ გაისმა ბრალდება, რომ მე მკვლელობა შევუკვეთე. მინდა მოვიყვანო რამდენიმე არგუმენტი, რომელიც ამ შეფასებას უარყოფს.
მუხროვანის მოვლენების დროს, არ მომხდარა არც ერთი გასროლა. არც ამ “ჩანაწერებამდე” და არც მის შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ამ “დავალების მიცემის” შემდეგ რამდენიმე ადამიანი იქვე მუხროვანის ტყეში იქნა დაკავებული ყოველგვარი გასროლის გარეშე.
ოპონენტები ცდილობენ, რომ 2009 წლის 5 მაისის “ვიდეოჩანაწერი” 21 მაისის სპეცოპერაციას დაუკავშირონ. მინდა შეგახსენოთ, რომ 5 მაისიდან 21 მაისამდე მიმდინარეობდა ამბოხების ორგანიზატორების დევნა. დაწესებული იყო ჯილდო ამ პირების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ჯილდო ოთანაძის ადგილსამყოფლის დადგენაზე იყო დაწესებული. ამ ჯგუფის დაკავებისას პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნა იარაღი. თუმცა დაკავების შედეგები ცხადყოფს, რომ პოლიციის მიზანი არ ყოფილა ამ ჯგუფის ლიკვიდაცია. ის არგუმენტი, რომ ოთანაძეს რვა ჭრილობა ჰქონდა მიღებული, უსაფუძვლოა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ რვა ჭრილობიდან მხოლოდ ერთი იყო მუცლის ღრუში, ხოლო დანარჩენები კიდურებში, ანუ ხელებსა და ფეხებში. ის ფაქტი, რომ პოლიციამ მას თითქმის ყველა ჭრილობა კიდურებზე მიაყენა, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიციის მიზანი იყო მისი გაუვნებელყოფა და არა ლიკვიდაცია.
ჩემ მიერ გაკეთებულ განმარტებას, ორი რუსი “მრჩევლის” გვამის ძებნის თაობაზე, უპირისპირებენ არგუმენტს, რომ ეს საკითხი სასამართლოს მასალებში ნახსენები არ ყოფილა. მინდა შეგახსენოთ, რომ სასამართლოში ბრალდების მიერ ხდება მხოლოდ მტკიცებულებების წარდგენა. აჯანყების დროს, ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაცია რუსი “მრჩევლების” შესახებ არ დადასტურდა და შესაბამისად, ამბოხების მონაწილეების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში ეს ფაქტი არ მოხვდა.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, არის დაჭრილი მეამბოხეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საავადმყოფოში მათი დაჩქარებულად გადაყვანა. ჩემი უშუალო მითითებით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სპეციალური ზომები მიიღო სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის.
დაბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ვიდეომასალიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან არის, მოხდა სპეციალურად შერჩეული სიტყვების კონტექსტიდან ამოჭრა და სოციალურ ქსელებში “გაჟონვა”. ამის მიზანი იყო ჩემ მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის შექმნა იმ დროს, როდესაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება უარს აცხადებს ფარცხალაძის მიერ ჩემი ციხიდან გაყვანისა და ჩემზე ზეწოლის მოხდენის ფაქტის გამოძიებაზე, ხოლო მეორე მხრივ თებერვალში სრულდება ჩემი წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა და საბოლოო განაჩენების გამოტანის წინ სასამართლოზე ხორციელდება დამატებითი ზეწოლა.
- წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ბოლო ინტერვიუდან, მაშინ მახსოვს გკითხეთ, როგორია პირველი 23 ნოემბერი, როდესაც ხელისუფლებაში არ ხართ-მეთქი. ახლა მიწევს გკითხოთ, 2013 წლის 23 ნოემბერს რა გრძნობა გქონდათ, როდესაც “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედი საკანში შეხვდით მას?
- რა თქმა უნდა, არასასიამოვნო განცდა მქონდა. ამასთანავე, ვამაყობ, რომ ვიყავი “ვარდების რევოლუციის” და მის შემდეგ განხორციელებული რეფორმებისა და აღმშენებლობის თანამონაწილე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიმდინარეობს გასულ წლებში განხორციელებული ცვლილებებისა და მიღწეული წარმატებების სრული დისკრედიტაცია, “ვარდების რევოლუციის” კვალი მაინც არ წაიშლება. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო თვალსაჩინო იქნება ამ რეფორმების შედეგები.
- ჩვენ მაშინაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას შეცვლიდით. ნათქვამია, პატიმარს ფიქრის დიდი დრო აქვსო. დღევანდელი გადასახედიდან რას შეცვლიდით, ამის შესაძლებლობა რომ იყოს?
- ამ შეკითხვაზე ასე გიპასუხებთ: მე არ ვნანობ, რომ პროცესებში ვმონაწილეობდი. მზად ვარ, ვიყო პატიმრობაში. იმ დროს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეუნიღბავი დევნა მიმდინარეობს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მე მეკისრება და მზად ვარ, ვაგო პასუხი. თუმცა ვთვლი, რომ ჩემი პატიმრობა უსამართლოა. რაც არ უნდა განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს ჩემი და “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ, მიმაჩნია, რომ მე არ ვარ ყველაზე უარესი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ისტორიაში. ამავე დროს მე ვარ ერთადერთი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც სასჯელს საპატიმროში იხდის.
- ბოლო თვეების განმავლობაში ბევრ თქვენს თანამებრძოლს შევხვდი, ისინი უფრო კონტაქტურები გახდნენ. ვხუმრობ ხოლმე - გაადამიანურდნენ. თუმცა ბევრს ისევ ძველებურად უჭირავს თავი, ანუ თავს არ გვიყადრებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მრავალი პოზიტიური საქმის მიუხედავად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკარგა ადამიანი, მოქალაქე და სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი მრავალისთვის “ნაცების” შესაძულებლად?
- შესაძლოა, ასეც იყოს. იმედი მაქვს, ოპოზიციაში ყოფნა მხოლოდ გააძლიერებს “ნაციონალურ მოძრაობას”.
- თქვენ კვლავ რჩებით პარტიის გენერალურ მდივნად. თქვენთან ხშირად დადიან თანამებრძოლები. როგორ ფიქრობთ, არ დადგა ის დრო, როდესაც პარტიაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, არა მხოლოდ სტრუქტურულად, არამედ შინაარსობრივად და თვისობრივადაც?
- ჯერ ერთი, 8 თვის განმავლობაში, რაც მე დაკავებული ვარ, თანაპარტიელებს მხოლოდ ორჯერ მიეცათ ჩემთან შემოსვლის საშუალება. ბოლო 6 თვის განმავლობაში პარლამენტის არც ერთ წევრს არ აძლევენ ჩემთან საპატიმროში შემოსვლის უფლებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას სიმბოლურად ვიკავებ. ეს არის პარტიის გადაწყვეტილება, მორალური მხარდაჭერა გამომიცხადოს. აქედან გამომდინარე, პარტიის საქმიანობაში სრულფასოვნად ვერ ვმონაწილეობ.
მახარებს, რომ პარტიაში მიმდინარეობს განახლების შეუქცევადი პროცესი. საპრეზიდენტო პრაიმერისის ჩატარებამ დასაბამი მისცა პარტიაში კონკურენციის დანერგვის პროცესს. როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის კანდიდატების შერჩევაც სწორედ პრაიმერისით მოხდება. იმედი მაქვს, ეს ბევრ ახალ სახეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს პარტიის განახლებაში. შესაბამისად, ახალი სახეები პარტიის ახალი სახის შექმნაშიც მიიღებენ მონაწილეობას.
- და მაინც, გაიყვანეს თუ არ გაიყვანეს მერაბიშვილი საკნიდან? მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეზე გამოძიება არ იწყება და მოკვლევის შედეგებიც ცნობილია, საზოგადოებაში მაინც ძირითადად სამი ვერსია მუსირებს - არ გაუყვანიათ, რადგან იცოდა, რომ ჩანაწერი არ არსებობდა ამით ისარგებლა, მეორე - “წამოიკიდა” ფარცხალაძე და მესამე - გაიყვანეს. ოდესმე შეძლებთ “თქვენი სიმართლის” დამტკიცებას?
- ის ფაქტი, რომ საქმე არ აღიძრა და გამოძიება არ დაიწყო, უკვე ადასტურებს ჩემი ნათქვამის სიმართლეს. ჩემი საპატიმროდან გაყვანის პროცესში მინიმუმ 10 ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული და კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანს ირიბი შეხება ჰქონდა. ასე რომ, ეს საქმე ადრე თუ გვიან გაიხსნება. ვინ დაიჯერებს, რომ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში არსებული 50-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერი მხოლოდ 24 საათი ინახება? 24-საათიანი ჩანაწერის სტანდარტი საერთოდ არ არსებობს. ზოგადად, ვიდეოჩანაწერები (არამარტო საპატიმროებში) მინიმუმ ერთი თვე ინახება.
- საინტერესოა, თქვენი აზრით, მაშინ როდესაც თქვენს ხელისუფლებას ახალი ხელისუფლება ედავება, რომ მოსახლობას 6 მილიარდამდე ქონება წაართვით, როგორ და რატომ ხდება, რომ მთავარ პროკურორებად და სხვა საკვანძო თანამდებობებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ინიშნებიან?
- თავისთავად ის ფაქტი, რომ ძველი თანამშრომლები დღესაც ინიშნებიან თანამდებობებზე, ნორმალურია. წლებმა აჩვენა, რომ ჩვენს დროს შეიქმნა კარგი ბიუროკრატიული აპარატი. რაც შეეხება უამრავ ბრალდებას, რაც დრო გადის, მით უფრო თვალნათელი ხდება, რომ ჩვენ მიმართ წამოყენებული ბრალდებების ძირითადი ნაწილი უსაფუძვლოა და “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული.
რაც შეეხება გამორჩეულად ფინანსური პოლიციის თანამშრომლების წინ წამოწევას, ეს, ალბათ, უფრო ფარცხალაძისთვის ხარკის გადახდაა.
- თქვენი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ დასაქმების საქმეს პროკურატურა წააგებს. მაგრამ 26 მაისის საქმეზე არაფერი გაქვთ სათქმელი? ანუ ადამიანები, რომლებიც ბრალდების მხარის მოწმეები არიან, დღეს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, მაგრამ ისინი მაშინ უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ მიტინგის დაშლას, გეგმის შედგენიდან მის განხორციელებამდე. თქვენ იყავით ინფორმირებული რისკებზე? ანუ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ყოფილიყო მსხვერპლი? მათ, ვინც დღეს მოწმეები არიან და გეგმა შეადგინეს და მისი რეალიზება მოახდინეს, მოგახსენეს ამაზე?
- სწორედ 26 მაისის საქმეზე არის პროკურატურის ბრალდება ყველაზე სუსტი. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვან ერთ ფაქტს - მსგავსი საქმის განხილვისას სასამართლოს განაჩენისთვის სჭირდება საექსპერტო შეფასებები და/ან მოწმე, რომელიც ჩემს ბრალეულობაზე მიუთითებს. ამ საქმეში პროკურატურას არც ერთი აქვს და არც მეორე. თავის მხრივ, დაცვის მხარეს აქვს ორი საექსპერტო დასკვნა, ერთი მომზადებული ამერიკული “დენსუსის” მიერ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით, ხოლო მეორე მომზადებული ევროპელი ექსპერტების მიერ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაშლის გეგმა, ისევე როგორც პოლიციის ქმედებების უმეტესობა, იყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ამავე დროს, ხელმძღვანელობის განკარგულებები და ქმედებები იყო სწორი. რაც შეეხება ცალკეული პოლიციელების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას, ეს ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც მათ მიერ გეგმიდან და მითითებებიდან გადახვევა. ფაქტს, რომ ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომებსა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, არც ჩვენ არ უარვყოფთ.
დაცვის საექსპერტო დასკვნის გასაბათილებლად, პროკურატურას არ აქვს არც ერთი, თუნდაც ნაკლებად კვალიფიციური დასკვნა. სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს ვერ ექნება საფუძველი ჩემი და მიტინგის დაშლის ხელმძღვანელების წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქმეში არ არსებობს არც ერთი ფაქტი ან მოწმე, რომელიც ზემოაღნიშნულ გადაცდომებთან ჩემს კავშირს დაადასტურებს. ამ საქმეში პროკურატურა ძირითადად დაკავებულია ჩემ მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებით და ამ გზით ცდილობს, სასურველ მიზანს მიაღწიოს.
- მე მომიწია ჟვანიას საქმის შესწავლამ. შევხვდი უამრავ ადამიანს. ამ საკითხზე მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია. ამის მიუხედავად, უნდა გკითხოთ: თუ საქმეში არის რამე სახის გადაცდომა, ეს არის იმის გამო, რომ არ შებღალულიყო ზურაბ ჟვანიას სახელი?
- ჟვანიას საქმეში არ არის არც ერთი გადაცდომა და არც ერთი საეჭვო ნაწილი. მე მიკვირს, აქამდე რატომ არ წყვეტს ახალი ხელისუფლება ამ საკითხით მანიპულირებას. მათ საკმარისი დრო ჰქონდათ, რათა გასცნობოდნენ საქმის ყველა მასალას და გადაემოწმებინათ ყველა ინფორმაცია. ის ფაქტი, რომ ამ ხნის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ ვერაფერი ახალი ვერ თქვა, ამტკიცებს, რომ ჩვენ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში არაფერი ყოფილა დამალული.
- ერთ-ერთი ვერსიით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, მეტიც, გამწვავდა, როდესაც საკითხი დადგა, ვინ იქნებოდა პირველი სააკაშვილის შემდეგ. რამდენად ახლოსაა ეს ვერსია სიმართლესთან?
- ამ საკითხთან დაკავშირებით მე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. მგონია, რომ დავით ბაქრაძემ კარგი შედეგები აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს მნიშვნელოვანი შედეგია, ვინაიდან “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა.
- ხშირად საუბრობენ თქვენსა და ახალაიებს შორის დაპირისპირებაზე. ჰქონდა თუ არა ადგილი ფაქტს, რომ ახალაიებმა თქვენი დაჭერა გადაწყვიტეს. თქვენ მართლა გაუშვით დაცვა და ახალაიებს შეუთვალეთ, მარტო ვარ და მნახეთო?
- მე მგონია, რომ მსგავსმა ჭორებმა საფუძველიც და აქტუალობაც დიდი ხანია დაკარგა.
- ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” დააფუძნა. როგორ შეაფასებთ მის ამ ნაბიჯს?
- მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის იმიტაცია მოახდინა, საზოგადოებისთვის ის კვლავაც რჩება დღევანდელი ხელისუფლების რეალური ხელმძღვანელი.
- ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიგატოვათ და ზოგიერთი თქვენი განცხადება სწორედ მისი მისამართით გაჟღერდა. ეს სიმართლეა?
- მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რაც უნდა გადაედგა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოლიტიკური კარიერა არ არის დასრულებული. სააკაშვილი კიდევ ითამაშებს გადამწყვეტ როლს საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის.
- თქვენ თითქმის ყველა განცხადებაში აღნიშნავთ, რომ პირადად ივანიშვილის ბრძანებით ხართ ციხეში, თუმცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოსვლისას მხოლოდ თქვენ გახსენებდათ პოზიტიურად. ცნობილია ისიც, რომ თქვენ მას არაერთხელ შეხვედრიხართ. მაშინ რა არის თქვენი განცხადების არგუმენტი?
- ივანიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ჩემი იზოლირება და მარგინალიზება აუცილებელი იყო “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურების გასანადგურებლად. თუმცა, მისმა გეგმამ არ გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარდა, სხვა პარტიული ლიდერების წინააღმდეგაც მიმდინარეობს შეუნიღბავი დევნა, პარტია მაინც რჩება ძლიერ და ეფექტურ სტრუქტურად.
- მოდით, პირდაპირ გკითხავთ, რა მოხდა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის, რამაც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა?
- დღეს უკვე შეგვიძლია, ეს პირდაპირ და მოკლედ ვთქვათ - ივანიშვილს უნდოდა, რომ ეს ქვეყანა მისი პირადი საკუთრება გამხდარიყო. უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეულწილად მან ამ მიზანს მიაღწია. თუმცა, საქართველო მუდმივად ვერ იქნება უბრალო ქონება ან აქცია, რომელიც ერთი ადამიანის საკუთრებაში დარჩება. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ ქვეყანა გრძელვადიანად ერთი კაცის საკუთრება ყოფილიყოს. ეს შეუძლებელია, მით უმეტეს თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში.
- ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავთ? მახსოვს, ერთხელ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ოპოზიცია “დაიწუნა” და მათი დისკრედიტაციის მიზნით, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, ის რომ ოპოზიციაში იყოს, “ამ ხელისუფლებას 3 თვეში დაამთავრებდა”... ამის შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ღიად საუბრობდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას დიდი ფული დაამარცხებდა. თქვენი აზრით, რა არის ის, რაც დაამარცხებს ამ ხელისუფლებას?
- ამ შეკითხვაზე ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. მიხეილ სააკაშვილი როდესაც დაბრუნდება საქართველოში, 3 თვეში შეძლებს ამ ხელისუფლების დამარცხებას. ეს ამბავი იცის ივანიშვილმაც და ამიტომ ამ ხელისუფლების ყოველდღიური მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ინფრასტრუქტურის სრული განადგურებაა. არ არსებობს “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული არც ერთი ინიციატივა, განცხადება თუ ქმედება, რომელიც მიმართული არ იქნება ერთადერთი ოპონენტის წინააღმდეგ.
- მადლობა.