რატომაა ირაკლი ოქრუაშვილი ლაჩარი და რატომ ვერ ბრუნდება საქართველოში ყოფილი გუბერნატორი?

რატომაა ირაკლი ოქრუაშვილი ლაჩარი და რატომ ვერ ბრუნდება საქართველოში ყოფილი გუბერნატორი?

ცოტა ხნის წინ, შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ ქარელმა მის მობილურზე მისული მუქარის შემცველი მესიჯი გაასაჯაროვა. ყოფილი ჩინოსანი ირწმუნება, რომ შეტყობინება რუსეთიდან არის გამოგზავნილი. ტექსტის შინაარსი კი ასეთია: "კარგად წაიკითხე და დაფიქრდი, რასაც გწერთ. 1. თუ ოდესმე იკა­ზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით, ან ტელევიზიით, შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ, შენს სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში რო ჩამოხვალ, აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი, ჰოდა, ნუ აჰყვები იმ ვოლკს, თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ, თუ არასწორად იფიქრებ. არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი".

მიხეილ ქარელი ყოფილი მინისტრისკენ, ირაკლი ოქრუაშვილისკენ იშვერს ხელს და მუქარაში მას ადანაშაულებს. როგორც ჩანს, ძველ მეგობრებს შორის დიდი ხანია, ურთიერთობა დაძაბულია და ამან უკვე პრესის ფურცლებზეც გადმოინაცვლა. არადა, იყო პერიოდი, როცა ქარელის კარიერულ წინსვლას სწორედ ოქრუაშვილთან მეგობრობას უკავშირებდნენ. რა ვერ გაიყვეს მეგობრებმა და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს მომავალში გახდება ცნობილი. ბრალდებებზე პოზიციას არ აფიქსირებს თავად ირაკლი ოქრუაშვილი. ის პასუხის გაცემას არ ჩქარობს. 
უფრო მეტი დეტალის გასარკვევად ყოფილ გუბერნატორს საფრანგეთში დავუკავშირდით.

- ბატონო მიხეილ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაგემუქრათ. იქნებ უფრო კონკრეტულად გვიამბოთ, რა დავაა თქვენ შორის?
-
 მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქონებრივი და მატერიალური დავა მასთან არ მაქვს. ჩვენი უთანხმოება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რისი საფუძველიც ოქრუაშვილის უღირსი ქმედებები იყო. ეს გამოიხატებოდა მეგობრების, თანამებრძოლების მიმართ მის დამოკიდებულებაში. ამ ადამიანს არ შეუძლია რეალობის აღქმა. ყოველთვის მზად იყო, პირადი ინტერესების სანაცვლოდ სამშობლოც კი გაეყიდა. ოქრუაშვილმა სრული იგნორი გაუკეთა იმ ადამიანებს, რომელსაც თავად ეყრდნობოდა, რადგან არ სურდა, ის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები გაეთავისებინა, რაც ამ ადამიანების მიმართ წლების განმავლობაში წარმოიშვა. ოქრუაშვილის სიბეცით ათეულობით ადამიანი იქცა დევნილად და ათეულობით ადამიანი მოხვდა ციხეში, რომლებიც არც იქ მოუკითხავს და ციხიდან რომ გამოვიდნენ, მაშინაც არ დაურეკავს. აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის ციხის კართან უნდა დახვედროდა ამ ბიჭებს გათავისუფლების დღეს და მათთვის ბოდიში და მადლობა მაინც უნდა ეთქვა. ეს ადამიანები ნაწამები არიან, მათ დენზე აერთებდნენ, ჯანმრთელობა შერყეული აქვთ და საჭიროებენ მკურნალობას. ეს ბიჭები ცდილობდნენ ოქრუაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ ის თავს არიდებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ 40 ოჯახს ინახავდა, რაც სრული სიცრუეა. დაასახელოს ერთი ოჯახი მაინც, ვისაც ის ინახავდა, გარდა მის გარშემო მყოფი კრიმინალური ბანდისა, რომლის გამოყენებით საკუთარი ბინძური მიზნების რეალიზებას ახდენდა. ოქრუაშვილის განცხადება ემსახურება მზრუნველი ადამიანის იმიჯის შექმნას. სინამდვილეში მისთვის მეგობრობა არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მეგობარი უბრალო ნივთია. ეს "ნივთი" თუკი ოდესმე დაზიანდა მისი უგუნური საქციელით და თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მისთვის ღირებული აღარაა და 

მოშორებაზე ფიქრობს. მეგობრებისა და თანამებრძოლების 99%-ს ირაკლი ოქრუაშვილი ასე მოექცა. ის ერთი პროცენტი კი არის მისი ბიძაშვილი, იოსებ გიგუაშვილი, რომელსაც ხელჩაკიდებული დაატარებს, ბინძური საქმეებისთვის იყენებს და რომელიც ზემოთ ხსენებულ კრიმინალურ ბანდას ხელმძღვანელობს.

- ეს სერიოზული ბრალდებებია. გაქვთ სამხილი?
-
 რასაც ვამბობ, სრული სიმართ­ლეა. 

- რა ბიზნესი გქონდათ ერთად და რის გადაფორმებას ითხოვდა? 
-
 სამწუხაროდ, ადამიანებმა ისე გაიგეს, თითქოს ჩვენ შორის დავა ბიზნესინტერესიდან წარმოიშვა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი ბიზნესი არასოდეს მქონია, მით უფრო, ოქრუაშვილთან ერთად. საქმე ეხება "ერთიანი საქართველოსთვის" ათონელის 27-ში შეძენილ საოფისე ფართობს. ეს იყო პარტიის ოფისი, რომელიც 2007 წელს 11-მა კაცმა შევიძინეთ. არასოდეს დამიმალავს, რომ მქონდა ჩემი წილი და ვიყავი თანამესაკუთრე, რაც 2007 წლის დეკლარაციაშიც აღვნიშნე. 2009 წელს ეს ოფისი უკანონოდ ჩამოგვართვეს, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 12 დეკემბერს, სასამართლომ ეს ქონება რეალურ მფლობელებს დაგვიბრუნა. ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ქონების ხელში ჩაგდება ერთპიროვნულად მოინდომა და დაიწყო მისთვის ჩვეული წესით, დანარჩენ მფლობელებზე ზეწოლა. როდესაც დარწმუნდა, რომ არ ვაპირებდი მისთვის ჩემი კუთვნილი წილის გადაფორმებას, ამის შემდეგ დაიწყო მუქარა. 

- ამ მუქარას რა კონფლიქტი უძღვოდა წინ? 
-
 5 წელია, საფრანგეთში ვცხოვრობ. აქედან 4 წელია, რაც ოქრუაშვილი არ მინახავს. შესაბამისად, არც ურთიერთობა მქონია მასთან და არც ამის სურვილი. როგორც გითხარით, ჩვენი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი თანამებრძოლებისადმი გულგრილობა და მათი პირადი მიზნებისათვის გამოყენებაა, რის გამოც ჩვენ შორის წარმოიშვა კონფლიქტი. რაც შეეხება მის არაადეკვატურობას, ამის მაგალითი ძალზე ბევრია და მოყოლა რომ დავიწყო, ერთი ინტერვიუ არ ეყოფა.

- სერიოზულ ბრალდებას უყენებთ ოქრუაშვილს. როგორ დარწმუნდით, რომ მესიჯი ნამდვილად მან გამოგიგზავნათ? 
-
 კარგი კითხვაა. ასეთი მეთოდებისთვის ოქრუაშვილს ხშირად მიუმართავს, ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას. ძალიან ბევრ ადამიანს ემუქრებოდა ანგარიშსწორებით, სახლის დაწვითა და განადგურებით. როგორც წესი, იგი ადამიანებთან ურთიერთობის ასეთ ფორმას ირჩევდა. იასონ ჩიხლაძე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უსწორდება ის ადამიანებს, რომლებიც მის სურვილს შეეწინააღმდეგებიან. იასონ ჩიხლაძეს მან სახლი დაუწვა, რაც ჩემთვის გამოგზავნილ მესიჯში აღიარა კიდეც. ჩემთვის მთავარი ის არაა, ვისი ნომრით გამოგზავნა მესიჯი და ვინ დააჭირა ღილაკს ხელი. ჩემთვის მთავარია, რომ ამ მესიჯის ავტორი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელმაც ბევრჯერ მოითხოვა, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა რადგან პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს, ის თვლის, რომ მე მისი პოლიტიკური მიზნებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოვადგენ.

- სხვა მტერი არ გყავთ? იქნებ სხვა დაგემუქრათ? 
-
 მტერი ხმამაღალი ნათქვამია. მტერი ნამდვილად არ მყავს. 

- ვინ არის თეო, რომელზეც საუბარია მესიჯში, მას იცნობთ?
-
 რა თქმა უნდა, ვიცნობ. საუბარია თეო ტლაშაძეზე. სწორედ თეო ტლაშაძე გახლდათ ამ პროცესებში აქტიურად ჩართული. ალბათ მკითხავთ, ამას როგორ ვადასტურებ და გეტყვით, რომ ტლაშაძის ამ პროცესში მონაწილეობა დასტურდება იმითაც, რომ მას ჰქონდა მიმოწერა ერთ-ერთ მესაკუთრესთან, დავით კეკელიშვილთან. სთხოვდა მას, დაჰკავშირებოდა ირაკლი ოქრუაშვილს. ეს მიმოწერა გამოქვეყნდა ერთ-ერთ ქართულ გამოცემაში. ასე რომ, ოქრუაშვილის გზავნილში ნახსენები ვინმე თეო არის თეო ტლაშაძე. როგორც გავიგე, ტლაშაძე არ ადასტურებს ამ გზავნილთან ოქრუაშვილის კავშირს და ამბობს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ოქრუაშვილის დისკრედიტაციას. ოქრუაშვილი დიდი ხანია, ისედაც დისკრედიტირებულია.

- რა გარანტია არსებობს, რომ ოქრუაშვილმა მუქარა სისრულეში არ მოიყვანოს?
-
 უშუალოდ ოქრუაშვილი ამას ვერ შეძლებს, რადგან ლაჩარია. ამისთვის მას შეუძლია, თავისი კრიმინალური ბანდა გამოიყენოს. თუ გავითვალისწინებთ, იასონ ჩიხლაძის სახლი როგორ დაიწვა, ასევე ერთ-ერთი ადამიანის 60 ჰექტარზე მოყვანილი, უკვე ასაღებად გამზადებული ხორბალი, რა თქმა უნდა, გარანტია არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მან 2013 წელს ჩაიდინა. მისი ბიძაშვილი, იოსებ გიგუაშვილი ურეკავდა ადამიანებს და მათგან ქონების გადაფორმებას ითხოვდა. ტექსტი იყო ასეთი: - ამდენი წლის განმავლობაში თქვენ ფული აკეთეთ, ჩვენ კი ძალიან გვიჭირდაო. აი, ამ ფორმით ცდილობდნენ ქონების წართმევას. რამდენადაც ვიცი, ვიღაცებს წაართვეს კიდეც ქონება. ისინი სამწუხაროდ, გაჩუმებას არჩევენ დღემდე, რადგან მათ ოჯახის განადგურებით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთ ადამიანს 200 ათასი მოსთხოვა, ვიღაცას - 150 ათასი და ა.შ. ვისაც მისი მუქარის არ შეეშინდა, იმათ სახლ-კარი დაუწვა. ოქრუაშვილი ლაჩარია, ამბობდა, - მოვა დრო, სააკაშვილს თვალებში ჩავხედავო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მეტიც, საქართველოში დაბრუნებულმა ოქრუაშვილმა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი განცხადების გაკეთებაც კი ვერ გაბედა. ახალი ხელისუფლების მიმართ უმადურმა ოქრუაშვილმა კი მადლიერების ნაცვლად, რომ საქართველოში დაბრუნების შანსი მიეცა, ირონია არ დაიშურა.

- ყველამ იცის, როგორი კარგი ურთიერთობა იყო თქვენ შორის. თქვენს კარიერულ წინსვლას ოქრუაშვილთან თქვენს მეგობრობას უკავშირებდნენ, ხომ ასე იყო რეალურად?
-
 ჩემი მთავარი პრინციპი არის მეგობრობა, ერთგულება და ღირსება. ეს ძალიან ღირებულია ჩემთვის. ოქრუაშვილი იმდენად დახვეწილად ფარისევლობდა, რომ ამის შესახებ საფრანგეთში შევიტყვე. ოქრუაშვილს არათუ გორში, არამედ ტყვიავშიც არ იცნობდნენ ნორმალურად. იშვიათად, ზაფხულობით თუ ჩამოვიდოდა ტყვიავში. ჩემზე და ჩემი მეგობრების მხრებზე გადავიდა მისი გადეპუტატება, როდესაც 2003 წელს გორის მაჟორიტარი გახდა. სხვათა შორის, თავად თეო ტლაშაძეც კი ჩემი მოყვანილია. ადამიანური რესურსი ჩვენ მიერ იქნა მოძიებული, რამაც ოქრუაშვილი დეპუტატი გახადა. არჩევნების დამთავრების შემდეგ შტაბის წევრებმა იცოდნენ, რომ საფრანგეთში ვაპირებდი წასვლას სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ რევოლუცია მოხდა, ოქრუაშვილმა მთხოვა, არ მიმეტოვებინა. სააკაშვილმა თავად დამირეკა, - გუბერნატორად დაგნიშნავო. ეს გახდა ჩემი საქართველოში დარჩენის მიზეზი. ვთვლი, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. ახლა დასკვნა მკითხველმა გააკეთოს, რა წვლილი აქვს მას ჩემს კარიერაში. იქნებ პირიქით მოხდა და მე მის კარიერულ წინსვლაში შევასრულე დიდი როლი? 

- საფრანგეთში რას საქმიანობთ? როგორია თქვენი ერთი დღე? 
-
 ვცხოვრობ პარიზში, ამჟამად ვსწავლობ. ვცხოვრობ ზუსტად ისევე, როგორც სხვა ემიგრანტები. საკუთარი შრომით ვირჩენ თავს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარიზში ფუფუნებით ვცხოვრობ, ძალიან ცდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომინახულა და ნახეს, რომ ჩემი დღევანდელი მატერიალური მდგომარეობა შორსაა ფუფუნებისგან. სამწუხაროდ, მუდმივი სამსახური არ მაქვს.

- აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას? 
-
 რა თქმა უნდა. საქართველო, მით უმეტეს ჩემი კუთხე, ჩემი მოსახლეობა, მეგობრები, ოჯახი ძალიან მენატრება. არის ობიექტური მიზეზები, რის გამოც ჯერჯერობით ვერ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას.

- თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გულისხმობთ? რას იტყვით ამ ბრალდებების შესახებ? ხომ არ მიმართეთ პროკურატურას საქმის გადასინჯვის მოთხოვნით? 
-
 პროკურატურამ გადაგზავნა საქმე სასამართლოში, მაგრამ სასამართლო დუმს, ისევე როგორც სხვა საქმეებზე.

- რას შეცვლიდით თქვენს წარსულში, დღეს რაზე გწყდებათ გული? 
-
 გული მწყდება, რომ ჩემი პოლიტიკური კარიერა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და ოქრუაშვილის რეჟიმს უკავშირდება, რომელიც მკვლელობასთან, უკანონობასთან, ქონების ჩამორთმევასა და კორუფციასთან ასოცირდება.